ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრი.

გონიერების კრიზისი

გონიერების კრიზისი

“დანგრეული ქვეყანა ჩავიბარეთ, დანგრეული ქვეყანა პირდაპირი მნიშვნელობით“. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.

1776 წელს, ინგლისიდან ამერიკაში ორიოდე წლით ადრე ემიგრირებულმა თომას ფეინმა გამოაქვეყნა XVIII საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური პამფლეტი სახელწოდებით Common Sense-ი, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ამერიკის მიერ დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვებაში. რომ არა Common Sense-ის ავტორის კალამი, ჯორჯ ვაშინგტონის მიერ ხელში აღებული მახვილი ვერას გახდებოდაო, წერდა მოგვიანებით ამერიკის შეერთებული შტატების მეორე პრეზიდენტი, ჯონ ადამსი.

Common sense-ი (სიტყვასიტყვით, „საერთო აზრი“) უხეშად ითარგმნება, როგორც „საღი აზრი“. უფრო ფართო გაგებით, ეს სიტყვათშეთანხმება შეიძლება მოვიაზროთ, როგორც „გონიერება“. Common sense-ი – ეს არის ადამიანის უნარი, ელემენტარულ დონეზე აღიქვას და განმარტოს რეალობა იმგვარად, რომ ერთნაირად გასაგები და მისაღები („საერთო“) გახადოს საშუალოსტატისტიკური სულიერისთვის, დამატებითი ცოდნისა და ახსნა-განმარტების გარეშე. Common sense-ი საბაზისო აზროვნების უნარია, ადამიანის თანდაყოლილი თვითგადარჩენის ინსტინქტის ნაწილი…

Common sense-ი გვკარნახობს, რომ, მაგალითად, გოგონასთვის თავის მოსაწონებლად ზოოპარკში ვეფხვის გალიაში არ უნდა შევძვრეთ, მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად (ან მათ გარეშე) ავტომანქანებით გადატვირთულ ქუჩაზე არ უნდა გადავიდეთ, საჭესთან ნასვამი არ უნდა დავსხდეთ, „შელაპარაკების ნიადაგზე“ კონფლიქტში არ უნდა შევიდეთ და ა.შ. ადამიანები, რომლებიც ასე იქცევიან (ასეთი კი საქართველოში მრავლადაა), საფრთხეში აგდებენ საკუთარ და სხვის სიცოცხლეს და, ხშირად, იღუპებიან კიდეც. მაგრამ ის, რაც ერთი შეხედვით შეიძლება უპასუხისმგებლობად მოგვეჩვენოს, სინამდვილეში თვითგადარჩენის ინსტინქტის უკიდურეს დაქვეითებასა და საბაზისო აზროვნების არარსებობაზე მიანიშნებს. პასუხისმგებლიანი ან უპასუხისმგებლო შეიძლება მხოლოდ ის იყოს, ვინც აცნობიერებს საკუთარი საქციელის შესაძლო შედეგებს. ჩვენს შემთხვევაში კი საქმე აზროვნების პროცესის ტოტალურ არარსებობასთან გვაქვს.

საქართველოში უგუნური, ირაციონალური, უანგაროდ მავნე ან თვითდესტრუქციული ქცევით ვერავის გააკვირვებ. ქარაფშუტული თვითიმედოვნება ბევრისთვის ცხოვრების წესია. აშკარაა გონიერების მწვავე კრიზისი, რომელიც დაღს ასვამს ჩვენი ცხოვრების უკლებლივ ყველა სფეროს.

ღარიბაშვილი, როგორც ასეთი

გაგიკვირდებათ და ამ ფონზე, თომას ფეინის პამფლეტი, მისი ერთი შეხედვით ბანალური სათაურით „საღი აზრი“, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბოლოდროინდელმა განცხადებებმა გამახსენა.

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ბერლინში ვიზიტისას, სატელევიზიო პრესკონფერენციის დროს თუ BBC-თვის მიცემულ ინტერვიუში, ივანიშვილის მიერ ერთპიროვნულად ხელდასხმულმა მემკვიდრემ (მისივე სიტყვებით, „ბიჭმა, რომელსაც ორჯერ არაფრის გამეორება არ სჭირდება“) მთელი რიგი, პირდაპირ რომ ვთქვათ, სულელური, ზიანის მომტანი და საღი აზრისგან განუზომლად დაშორებული განცხადებები გააკეთა. მოდი, ერთად გავიხსენოთ საქართველოს ფორმალური ლიდერის ნაღაღადევი (ზუსტი ციტატები შეგნებულად არ მიძებნია და მეხსიერებაში დალექილი „best of“-ით შემოვიფარგლე):

1. პრემიერმა განაცხადა, რომ აფხაზეთში მიმდინარე პროცესები (რომელთა შედეგად რუსეთმა ანქვაბის მარიონეტული რეჟიმი თავისთვის უფრო სასურველი ფაშისტური ძალებით ჩაანაცვლა) არის „ჩვეულებრივი საკადრო გადაადგილება“;

2. პრემიერისთვის გაუგებარი ყოფილა, თუ რატომ არ აღინიშნა 2014 წლის 17 მაისს ტრანსფობიასა და ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე და რატომ გაუჩნდათ დაუცველობის განცდა 17 მაისის აქციის მონაწილეებს;

3. პრემიერი ხშირად ახსენებდა ორ ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანს მის ცხოვრებაში – ერთს, რომლისადმი ირაციონალური სიძულვილიც განსაზღვრავს მას, როგორც პოლიტიკოსს („ის სულელი კაცი“) და მეორეს, რომლისადმი უსიტყვო მორჩილებაც განსაზღვრავს მას, როგორც ადამიანს („ეს ბრძენი კაცი“);

4. გურიაში პრემიერმა ბოლომდე აუშვა აფრები და ინატრა: „მიშა უნდა მოვიყვანოთ და ვამუშაოთ პლანტაციებში… ეგენი, ნაციონალები, დავაგროვოთ და ვამუშაოთ“. შემდგომში მან დააკონკრეტა, რომ ეს იყო „შეთავაზება“, რომელშიც არაფერი არაკორექტული არ ყოფილა;

5. პრემიერმა განაცხადა, რომ არ დაუშვებდა არც ერთ რაიონში სხვა პოლიტიკური ძალის გამარჯვებას. ვიცე-პრემიერმა კალაძემ ეს სიტყვები მექანიკურ შეცდომად მონათლა, თუმცა მომდევნო დღეს ღარიბაშვილის მიერ იმავე აზრის გამეორებამ დაადასტურა, რომ „მექანიკური შეცდომა“ სისტემური ხასიათისა ყოფილა;

6. „ვერ დამისახელებთ ვერც ერთ დაპირებას, რომელიც არ შევასრულეთ“, – დაიკვეხნა ერთგან პრემიერმა და, თავს დავდებ, არ ხუმრობდა;

7. პარალელურად, პრემიერი გვარწმუნებდა, რომ:

(ა)        „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა „პირდაპირი მნიშვნელობით“ დანგრეულ მდგომარეობაში ჩაიბარა;

(ბ)        „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში საქართველოში არ არსებობდა „რეალური ეკონომიკა“;

(გ)        კრიმინალის სტატისტიკა ადრე გაყალბებული იყო და რომ ახლა რეალურად მდგომარეობა გაუმჯობესდა, მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკა აღარ ქვეყნდება;

(დ)      „ნაციონალური მოძრაობა“ პრაქტიკულად აღარ არსებობს;

(ე)        „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განგებ წამოაყენა ისეთი კანდიდატები, რომლებსაც არ უნდოდათ არჩევნებში მონაწილეობა, რათა შემდგომ მათ მიერ საკუთარი კანდიდატურების მოხსნით ჩირქი მოეცხო ხელისუფლებისთვის;

(ვ)        რუსეთი კონსტრუქციულად პასუხობს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რიტორიკის შეცვლას და კონსტრუქციულ ნაბიჯებს (ანუ 1801 წლიდან მოყოლებული, პრობლემა საქართველოს ხელისუფლებებში ყოფილა. ცალკე საკითხია, რომ, პრემიერის აზრით, სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტი შეიძლება რიტორიკის – ანუ „შელაპარაკების“ – შედეგი იყოს. ამით ის საკუთარ ქუჩურ მენტალობას ავლენს, რომლისთვისაც „შელაპარაკება“ კონფლიქტის ლეგიტიმური წყარო შეიძლება იყოს);

(ზ)       რუსეთი არ აპირებს ხელი შეუშალოს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას;

(თ)      რუსეთი არ აპირებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ანექსიას, ვინაიდან ეს რეგიონები დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან (!);

(ი)       საქართველომ მიაღწია „იდეალურ ბალანსს“ რუსეთსა და დასავლეთთან ურთიერთობაში.

განათლება vs აზროვნება

რამდენიმე წლის წინ, მართლმსაჯულების განვითარებისკენ მიმართული მრავალმილიონიანი პროექტის უცხოელი დონორები იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებს შეხვდნენ, რათა ეკითხათ, თუ რომელი დისციპლინის დაუფლება სჭირდებოდათ ყველაზე მეტად მომავალ ქართველ იურისტებს. შეხვედრის მონაწილეები მაშინ შეთანხმდნენ, რომ გვჭირდებოდა არა განსხვავებული საგნების სწავლება, არამედ საგნების განსხვავებულად სწავლება – სწავლება, რომელიც ორიენტირებული იქნებოდა კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე. ითქვა, რომ იურიდიულ პროფესიას და მთლიანად საქართველოს განათლება კი არა, გონიერება „გადაარჩენს“, რაც სასწავლებლებში ცალკე საგნად არ ისწავლება…

განათლება და აზროვნება ორი სხვადასხვა რამაა. პირველი შედარებით მარტივად, გარკვეული წესებისა და პროცედურების დაცვით შეგვიძლია მოვიპოვოთ. მეორეს გაცილებით მეტი დაძაბვა და ძალისხმევა სჭირდება. განათლება ხშირად მხოლოდ ნედლი ინფორმაციაა, რომელსაც ვიღებთ და არ ვამუშავებთ. აზროვნება ფილტრია, რომლის მეშვეობითაც ინფორმაციას გამოყენებად ცოდნად ვაქცევთ. განათლება აზროვნებას ვერ ჩაანაცვლებს. განათლება არ არის ადამიანის გონიერების ინდიკატორი.

ფორმალური განათლების კუთხით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს თითქოს ყველაფერი წესრიგში აქვს. მეორე მხრივ, კითხულობ მის ნააზრევს და ხვდები – ის, რაც შესაძლოა აქამდე იდეოლოგიური სხვაობები გვგონებოდა, სინამდვილეში განსხვავებაა ელემენტარულ გონიერებასა და პროზაულ უგუნურებას შორის. ჩნდება კითხვა – ნუთუ ოლიგარქის მოურავი მართლაც ასე გამრუდებულად აღიქვამს რეალობას? ნუთუ მას საღი აზრის ნატამალი არ გააჩნია?

ასეა თუ ისე, ზემოხსენებული აზრები ნათელყოფს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გონიერების კრიზისის დღესდღეობით ყველაზე თვალსაჩინო და საშიში გამოვლინებაა (თუ არ ჩავთვლით „იმ ბრძენ კაცს“) და რომ ის სრულიად შეუფერებელია დაკავებული თანამდებობისთვის.

დასკვნის მაგიერ

„დრო გაცილებით მეტ ადამიანს მოაქცევს, ვიდრე გონიერება“ (Time makes more converts than reason) – წერს თომას ფეინი „საღი აზრის“ შესავალში. ისტორიამ ამ თეზისის სისწორე არაერთგზის დაადასტურა. ადამიანები ჯიუტად და, როგორც წესი, მხოლოდ ემპირიულ ფაქტორებზე დაყრდნობით იცვლიან აზრს. საქართველოს შემთხვევაში, დრო და პირადი გამოცდილებაა საჭირო, რათა გავაცნობიეროთ ის, რაც, წესით, ივანიშვილის პირველი წერილის წაკითხვისთანავე აშკარა უნდა ყოფილიყო – საჭიროა ვიხილოთ რუსთაველზე გამოსული მეტი კიტოვანი, მეტი დაჯილდოებული სოსო ალავიძე, წითელი სიძულვილის ამბიონიდან მოქადაგე მეტი რეზო ამაშუკელი, მეტად გარღვეული ბიუჯეტი, მეტი ფუფუნება და თვეში 40-ათასიანი პრემიები უუნარო ჩინოვნიკებისთვის, მეტი გაჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტი, გაქცეული ინვესტორი და, შედეგად, უსამსახუროდ დარჩენილი ამომრჩეველი, მეტი კრიმინალი ჩვენს ყოველდღიურობაში, კიდეც უფრო გაძვირებული საკვები, წამლები და საწვავი, გაუფასურებული ლარის ფონზე და, რაც მთავარია, მეტი გაგება და სითბო ოკუპანტის მიმართ.

გონიერი, კანონმორჩილი მოქალაქეებისთვის ყველაზე რთული იმ პერიოდის გამოზამთრებაა, როცა საღი აზრი მარგინალიზებულია, ხოლო სიბრიყვე მეინსტრიმად ქცეულა. თუ ისტორია რაიმეს გვასწავლის, გავა არც ისე დიდი დრო და ამ რეალობის შემქმნელი პერსონაჟები ოდიოზურ კარიკატურებად, ისტორიის კურიოზად (გინდაც – ამოხველებად) მოგვეჩვენება. მაგრამ ვიდრე ეს მოხდება, წინ რთული გზა გველის. როგორც თომას ფეინის პამფლეტით შთაგონებულმა ამერიკელებმა გვაჩვენეს თითქმის ორ-ნახევარი საუკუნის წინ, საღი აზრი და თავისუფლება უბრძოლველად არ მოიპოვება.

გააზიარე