ჰონგ კონგი კვლავ საფრთხეშია!

აშშ-სა და ჩინეთს შორის მზარდი დაპირისპირების, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ჩინეთის მიმართ დასმული ლეგიტიმური და მწვავე შეკითხვების ფონზე, გასულ პარასკევს დაწყებული ჩინეთის სახალხო კონგრესის გამხსნელ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს, უფრო სწორად გახმიანებულ ინიციატივებს, კიდევ უფრო სერიოზული აფეთქების ეფექტი ჰქონდა.

ცხადია, გახსოვთ, რომ 2019 წელს საერთაშორისო არენაზე ერთ-ერთი მთავარი და მწვავე თემა, ჰონგ კონგის ავტონომიისთვის ბეიჟინიდან შეთავაზებული არადემოკრატიული საკანონმდებლო ინიციატივებით გამოწვეული საყოველთაო პროტესტი იყო. პრაქტიკულად მთელი წლის განმავლობაში, მილიონობით ჰონგ კონგელი დაუღალავად აპროტესტებდა ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ შეთავაზებულ და ჰონგ კონგის ხელისუფლების მიერ ინიცირებულ კანონმდებლობას, რომლის მიღების შემთხვევაში  ჩინეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი და განსხვავებული აზრის მქონე პირების დაკავებისა და ჩინეთში ექსტრადირების სამართლებრივი საფუძველი ჩნდებოდა. ჰონგ კონგელმა ხალხმა თავისუფლების (8000 ადამიანი აღმოჩნდა საპატიმროებში), საკუთარი კეთილდღეობის (ათეულობით მილიარდი დოლარის ზარალი განიცადა ჰონგ კონგის ეკონომიკამ და პირველად შევიდა რეცესიაში) და ფიზიკური უსაფრთხოების (ყველას გვახსოვს მშვიდობიანი დემონსტრანტების პოლიციისა თუ ზონდერ ჯგუფების მიერ დარბევის მძიმე კადრები) ფასად, შეძლო და ჰონგ კონგის ხელისუფლებას ეს კანონმდებლობა არ გაატანინა. მისი განხილვა ჯერ გადავადდა, ხოლო შემდეგ საერთოდაც გაიწვიეს საკანონმდებლო ორგანოდან.

ამაყ და თავისუფლების მოყვარულ ჰონგ კონგელებს კიდევ ჰქონდათ მოთხოვნები (უკლებლივ ყველა დაკავებულის გათავისუფლება და დარბევებისთვის პასუხისმგებელი პირების დასჯა) და მათი დაკმაყოფილებისთვის განაგრძობდნენ კიდეც ბრძოლას, რომ არა გლობალური ეპიდემია, რამაც არა მხოლოდ ჰონგ კონგელების, არამედ მთელი მსოფლიოს დღის წესრიგი თავდაყირა დააყენა. როგორ, რა ვითარებაში და ვისი პასუხისმგებლობით გავრცელდა ვირუსი, რომელმაც მილიონობით ადამიანი დაასნეულა და ასეულ ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ამის თაობაზე, იმედია, დამოუკიდებელი გამოძიება გაგვცემს პასუხებს. ეს გადაწყდა გასულ კვირას გამართულ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პირველ ვირტუალურ სამიტზე.

პოლიტიკური ბრძოლა აშშ-სა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიას შორის გავრცელების პირველწყაროდ უჰანის დასახელების, ვირუსის “ჩინურ ვირუსად“ მონათვლისა და ინფორმაციის დროულად არ გავრცელებისთვის, უკვე საკმაოდ სერიოზულ მასშტაბებს იძენს და ეპიდემიის თემის მიღმა სულ უფრო მეტად ითრევს ისეთ მნიშვნელოვან სფეროებს, როგორიც არის ვაჭრობა, კომუნიკაციები და ტექნოლოგიები, საფონდო ბირჟები და ა.შ. ეს ბრძოლა აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო მეტად გამწვავდება, თუმცა, დღეს ყველაზე თავგადაკლული ჩინელი ოფიციალური პირი, მ.შ. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი და ჩინელი ელჩები (მათ ახალი თობის ელიტად მოიაზრებენ, უფრო პროაქტიულად და აგრესიულად მიჩნევენ და “მეომარ მგლებსაც“ კი უწოდებენ) ვერ და არ უარყოფს, რომ  ვირუსი ჩინეთიდან დაიწყო; რომ ყველა სახის ქვეწარმავლებისა, ცხოველებისა და ფრინველების დაგემოვნება, პლანეტარული მასშტაბით სიცოცხლისთვის სახიფათოა და ა.შ.

პროპაგანდისტულ ფრონტზე იმდენად სერიოზული ბრძოლა ჰქონდათ (და აქვთ) გაჩაღებული ჩინეთის კომუნისტური პარტიის “იდეოლოგიური განყოფილების“ მამებს, რომ თითქოს საინფორმაციო სივრცის მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ, ჩინეთის მიერ პანდემიის დამარცხებაში მიღწეული წარმატების,  ვაქცინის გამოგონების პირველობისთვის გაჩაღებულ სრბოლაში, ჩინელი მეცნიერების მიღწეული პირველი შედეგების და, რაც ასევე უმნიშვნელოვანესია, ჩინური ეკონომიკის სწრაფად და მძლავრად გაცოცხლების შესახებ სიახლეები უნდა იკავებდეს. ნურას უკაცრავად!

ჩინეთის კომ.პარტიის მიერ დაანონსებული ჰონგ კონგის უსაფრთხოების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივების პაკეტის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა სადამსჯელო ზომებს აჯანყების, ამბოხებისა და დაუმორჩილებლობის მცდელობისათვის. აგრეთვე, ჩინეთის უსაფრთხოების სამსახურების ჰონგ კონგის ტერიტორიაზე საქმიანობის ლეგალიზაციას. ეს კანონი, საყოველთაო შეფასებით, ფაქტიურად ნიშნავს ამ დრომდე არსებული “ერთი ქვეყანა ორი სისტემის“ მოშლას და ჰონგ კონგის ავტონომიის დასამარებას. “გლოვის ზარები!“ - ასეთი შეფასება მისცა ჩინეთის კომუნისტური პარტიის ამ ინიციატივას აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ. რთულია არ დაეთანხმო პოლიტიკოსებს, უფლებადამცველებს და ეკონომისტებს, რომლებიც ამ კანონდმებლობის მიღების შემთხვევაში ჰონგ კონგის, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ჰაბის და საბაზრო ეკონომიკის ცენტრის დასასრულს წინასწარმეტყველებენ.  ჰონგ კონგის საფონდო ბირჟამ ამ ინციატივას პირველივე დღეს 5%-იანი ვარდნით უპასუხა. სხვა აზიური ფინანსური ბაზრებიც ამ სამწუხარო ცნობას ნეგატიური მაჩვენებლებით და დაბნეულობით შეხვდნენ.

როგორც მოსალოდნელი იყო, ჰონგ კონგის მოსახლეობის რეაქცია იყო უაღრესად მწვავე. მიუხედავად იმისა, რომ მასობრივი შეკრებები პანდემიის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცრებული ზომების ფარგლებში აკრძალულია, სოციალური ქსელებისა და სხვადასხვა საინფორმაციო პლატფორმების მეშვეობით კვლავ დაიწყო ხალხის დარაზმვა მასიური პროტესტებისთვის და დაიგეგმა პირველი მსხვილი აქციის ჩატარება კვირა დღეს. ჰონგ კონგის ხელისუფლების მხრიდან რეაქცია საპროტესტო ღონისძიების ჩატარებაზე ხისტი და რადიკალური იყო (მითუმეტეს, როცა საგანგებო ვითარებაში კანონმდებლობით ხელ-ფეხი გაქვს გახსნილი).

მოსალოდნელია, რომ ჰონგ კონგში ვითარება სერიოზულად დაიძაბება და ოფიციალურ ბეიჟინთან დაპირისპირება ახალ სიმძლავრეებზე გავა. არ შეიძლება არცერთი სცენარის გამორიცხვა. თუკი ჩინეთი გადაწყვეტს, რომ დროა დაამყაროს სრული კონტროლი ჰონგ კონგში და არაფრად ჩააგდოს საერთაშორისო შეთანხმებები თუ აღიარებული ნორმები, ჰონგ კონგელი ხალხის ინტერესების დასაცავად დემოკრატიულ თანამეგობრობას მოუწევს სერიოზული ზომების მიღება. ეს აღარ იქნება უკვე აშშ-ჩინეთის დაპირისპირება ან თუნდაც აშშ-ს საპრეზიდენტო კამპანიის ჭრილში დანახული თემა. ეს იქნება უსერიოზულესი გამოწვევა დემოკრატიული საზოგადოებისთვის. ჩინეთთან ღია დაპირისპირებას, გასაგები მიზეზების გამო, ამ დრომდე ძირითადად ყველა ერიდებოდა. უფრო მეტიც, ზოგი ეწინააღმდეგებოდა კიდეც. დარწმუნებით არც ახლა შეიძლება იმის თქმა, რომ თუ მაინც მოხდა ე.წ. უსაფრთხოების კანონმდებლობის მიღება და ბეიჟინის ჰონგ კონგზე სრული კონტროლის დამყარება, მთელი დემოკრატიული თანამეგობრობა დაირაზმება და “შეუტევს“ ჩინეთის კომუნისტურ პარტიას სანქციებით, რეზოლუციებითა თუ სხვა შემზღუდავი ზომებით (მავანნი "გზისა და სარტყლის ინიციატივას“ ებარებოდნენ!).

ერთი რაშიც შეიძლება ვიყოთ დარწმუნებული, დონალდ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის მხრიდან ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ აშშ კვლავ წარმოჩინდეს, როგორც დემოკრატიული ფასეულობების მთავარი დამცველი, ანუ მსოფლიოს "პირველი პოლიციელი“. როდის და რა შედეგით დასრულდება ეს ბრძოლა, ასევე ძნელი სათქმელია, მაგრამ ბევრისთვის, რომ ჭეშმარიტების მომენტი კიდევ ერთხელ დადგება, ცხადზე ცხადია.

წინა სტატია

როგორ გამდიდრდა “სამსუნგი”?
22 მაისი, 2020

შემდეგი სტატია

Mr. Motivator
25 მაისი, 2020
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია
რეიტინგი | ოქტ, 01, 2020
ქართული სტარტაპების რეიტინგი მოზიდული ინვესტიციებით
რეიტინგი | ოქტ, 05, 2020
ყველაზე ცუდი გარიგება
მოსაზრება | ოქტ, 03, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker