როგორ გამდიდრდა ჯორჯ სოროსი?

ჯორჯ სოროსის ქონება 8.3 მილიარდი აშშ დოლარია. ის სიმდიდრით მსოფლიოში 162-ე ადგილზეა, მაგრამ ბევრ, მასზე მდიდარ ადამიანებზე მეტად ცნობილია. მისი პოპულარობა სოციალურ საკითხებში აქტიურობით და ქველმოქმედებით არის განპირობებული. მას ქველმოქმედებაში 32 მილიარდ დოლარზე მეტი აქვს დახარჯული.

ჯორჯ სოროსი 1930 წელს უნგრეთში, ებრაელების ოჯახში დაიბადა. მისი თავდაპირველი სახელი და გვარი დიორდ შვარცია. სიმდიდრით მისი მშობლები საშუალო ფენას მიეკუთვნებოდნენ. ანტისემიტიზმისგან თავდასაცავად 1936 წელს მისმა ოჯახმა გვარი, სოროსად გადაიკეთა.

ჯორჯი 13 წლის იყო, როდესაც გერმანიამ უნგრეთი დაიპყრო და ებრალების გენოციდი დაიწყო. მისი ოჯახი გადარჩა, რადგან მამამისმა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ოჯახი ქრისტიანებად წარმოაჩინა. გერმანელებმა უნგრეთში 500 ათასი ებრაელი მოკლეს.

გერმანიისგან გათავისუფლების შემდეგ ებრაელებს მშვიდი ცხოვრების საშუალებას კომუნისტები არ აძლევდნენ. 1947 წელს 17 წლის სოროსი ინლისში გადავიდა საცხოვრებლად და ლონდონის ეკონომიკის სკოლაში ჩააბარა.  აქ მისი ლექტორი იყო ცნობილი ფილოსოფოსი კარლ პოპერი, რომელმაც ჯორჯის მსოფლმხედველობაზე დიდი გავლენა მოახდინა. მაგისტრის და დოქტორის ხარისხიც, ლონდონის ეკონომიკურ სკოლაში მიიღო. სწავლის პარალელურად, სოროსი შავ სამუშაოებზე მუშაობდა, ცოტა მოგვინებით კი სხვდასხვა პროდუქტებით ვაჭრობდა.

1954 წელს, ჯორჯმა ინგლისში კომერციულ ბანკში დაბალ თანამდებობაზე დაიწყო მუშაობა. 1956 წელს აშშ-ში, ნიუ იორკში გადავიდა სამუშაოდ, კერძოდ, ფასიანი ქაღალდებით მოვაჭრე საბროკერო კომპანიაში. 1961 წელს აშშ-ის ხელისუფლებაში ჯონ კენედი მოვიდა და ფინანსურ ოპერაციებზე გადასახადები გაზარდა. სოროსის ბიზნესი ძველებური წარამტებით ვეღარ ვითარდებოდა და საცხოვრებლად ისევ ევროპაში დაბრუნდა.

1966 წელს, 100 ათასი დოლარის კაპიტალით საკუთარი საინვესტიციო ფონდი დააფუძნა. ფონდი საკმაოდ მომგებიანად მუშაობდა და 1969 წელს ჯორჯმა უკვე 4 მლნ დოლარიანი ახალი ფონდი “დაბლ იგლს“ დაარსა, სადაც მისი წილი 250 ათასი დოლარი იყო. 1973 წელს, ფონდის აქტივები უკვე 12 მლნ დოლარი იყო. სოროსი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ინვესტორად იქცა ფასიანი ქაღალდების ბაზარზე. აღნიშნული ფონდი მოგვიანებით “ქვანტუმ“ ფონდმა ჩაანაცვლა და მისი აქტივები 1981 წლამდე 400 მლნ დოლარამდე გაიზარდა. სწორედ, ამ ფონდს უკავშირდება სოროსის მიერ განხორციელებული ცნობილი სპეკულაციური ოპერაციები. ყველაზე გამორჩეულია 1992 წლის 16 სექტემბერი, როცა ბრიტანული ფუნტი სტერლინგის გაცვლითი კურსის კლებით, ერთ დღეში მილიარდი დოლარი იშოვა.  მას შემდეგ ფინანსური კრიზისების დროს და სხვადასხვა ქვეყნის ვალუტების კურსის მერყეობისას, ხშირად ჩნდებოდა კონსპირაციული თეორიები, რომ ამ ყველაფრის უკან სოროსი დგას.

სოროსი ისე ერეოდა ფინანსური ბაზრების მუშაობაში და აკეთებდა ფულს, რომ კანონებს არ არღვევდა. მხოლოდ ერთხელ, საფრანგეთში მოუწია სამართალდამცავებთან შეხება ჰქონოდა, როცა სახელმწიფო მოხელეებისგან ინფორმაციის მიღებას ედავებოდნენ. საბოლოოდ, 3 მლნ დოლარამდე ჯარიმის გადახდა მოუწია.

1991 წელს სოროსმა უნგრეთში ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი დაარსა, სადაც სხვადასხა ქვეყნიდან ჩასული სტუდენტები  მისი სტიპენდიით სწავლობენ.

1980-იანი წლებიდან ფუნქციონირებს სოროსის საქველმოქმედო ფონდი “ფონდი ღია საზოგადოება“, რომლის მიზანი ღია, განვითარებული საზოგადოების შექმნაა. მისი თქმით, მან ნახა დახურული, ფაშისტური საზოგადოება 1930-1940-იან წლებში და ღია საზოგადოება აშშ-ში, მოგვიანებით ევროპაში. მას წარმატების მიღწევის საშუალება ღია საზოგადოებამ მისცა, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა განვითარებად ქვეყნებს ასეთი საზოგადოების შექმნაში დახმარებოდა.

 

 

წინა სტატია

Mr. Motivator
25 მაისი, 2020

შემდეგი სტატია

ფოთი ანაკლიის სანაცვლოდ?
26 მაისი, 2020
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
"ან მდიდარი უნდა იყო, ან მდიდრის მეზობელი" – უმსხვილესი თურქი ინვესტორის, გალიფ ოზთურქის გეგმები საქართველოში
ინტერვიუ | ივლ, 07, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker