რას ნიშნავს G7+X=D10?

მე-100 საიუბილეო ბლოგი ნამდვილად არ ეძღვნება არც მათემატიკას, არც ქიმიას და მისი სათაურიც არ წარმოადგენს (სამწუხაროდ) ფორმულას, რომელიც შექმნის ვაქცინას და დაამარცხებს პანდემიას. კეისარს კეისრისა...

მართლაც რომ! აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კანავერალის სრუტედან წარმატებით გააცილა ასტრონავტები კოსმოსში, თავად ავიდა “Air Force 1“-ს ბორტზე და... გადადო დიდი შვიდეულის (G7) სამიტი. კოსმონავტების გაფრენის გადადებაში თუ ბუნებრივი ძალები ჩაერიენ და ამინდის გამო მოუწია, ილონ მასკს ზეიმის 48 საათით გადაწევა, დიდი შვიდეულის გაურკვეველი ვადით გადადებას ჰქონდა გაცილებით უფრო მიწიერი მიზეზები, თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანი დედამიწისთვის, ვიდრე ამინდია კოსმოსში გაფრენისთვის.

ცოტა ხნის წინ აშშ-ს პრეზიდენტმა დაანონსა დიდი შვიდეულის სამიტის ვაშინგტონში ჩატარების იდეა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს იქნება საუკეთესო გზავნილი მსოფლიოსთვის (ბუნებრივია, ტრამპი ამბობდა მსოფლიოს და პირველ რიგში გულისხმობდა ამერიკის შეერთებულ შტატებს) პანდემიის დამარცხების, ქვეყნების და ეკონომიკების გახსნის და ჟამიანობამდელ ცხოვრებაში დაბრუნების თვალსაზრისით. სჭირდება, ძალიან სჭირდება, აშშ-ს 45-ე პრეზიდენტს “ოპტიკა“ და “პიარი“, როგორც გლობალური მასშტაბის ლიდერად ამომრჩევლის (და არა მხოლოდ, მაგრამ პირველ რიგში ამერიკელი ამომრჩევლის) თვალში ჩასაბეჭდად, ისე ამერიკული ეკონომიკის გასაცოცხლებლად (რაც ასევე ამერიკელი ამომრჩევლის გულის მოგებას გულისხმობს). აკი თქვა კიდეც თავად: როდესაც სამიტის ახალ ვადებთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვეს, პასუხად დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისთვის კარგი იქნება, თუკი სამიტი ნოემბრის არჩევნებამდე ჩატარდება, მაგალითად სექტემბერში, ტრადიციულად დაგეგმილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის გამართვამდე ან მის შემდეგ 1 კვირის ვადაში. თუმცა, არც ის გამორიცხა, რომ არჩევნების შემდეგ ჩაატარებს სამიტს (ესმის საგანი: სწამს საკუთარი ძალების და იცის, რომ ნოემბრის შემდეგ სწორედ ის ჩაატარებს ამ სამიტს).

          

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებამდე სამიტის ჩატარების ხიბლის გარდა, დონალდ ტრამპისთვის მსოფლიო ლიდერების ამერიკის შეერთებულ შტატებში შეკრებას კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს. როგორც თავად განაცხადა, სამიტის განსახილველ მთავარ თემად უნდა იყოს ჩინეთი. ჩემი მოკრძალებული აზრით, გარდა წმინდა პროტოკოლური და პერსონალური მიზეზებისა, სწორედ ჩინეთის განხილვა იყო  გერმანიის კანცლერ, ანგელა მერკელის მხრიდან გახმიანებული ოფიციალური უარის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი. მართალია, ოფიციალურ მიზეზად გერმანიის ხელისუფლების მეთაურმა, ეპიდემიასთან და ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები დაასახელა, მაგრამ ნამდვილად არ უნდა დაგვავიწყდეს, ისეთი მნიშვნელოვანი გარემოებებიც, როგორიც არის რუსული “ნორდსტრიმ 2“-სთვის, აშშ-ს მხრიდან სანქციების დაწესებით გამოწვეული დაძაბულობა, სავაჭრო ტარიფებთან და ნატო-ს ბიუჯეტის დაფინასებასთან დაკავშირებით არსებული უთანხმოებები და ა.შ.  ყველასთვის ცნობილია, რომ აშშ-სა და გერმანიას შორის წლებია უკვე ნამდვილად არ არის ის დონე ურთიერთობების, რომელიც ჩვენ გაგვიხარდებოდა, თუმცა ორი ქვეყნის ლიდერებს შორის იდეალური “ქიმიის“ არსებობის შემთხვევაშიც კი, რთულად წარმომიდგენია სიტუაცია, რომელიც დონალდ ტრამპს უფლებას მისცემდა, წინასწარი დიპლომატიური სამუშაოების ჩატარების გარეშე სამიტის გამართვის იდეა დაეანონსებინა და გამოცხადებულ თარიღებში ლიდერები შეეკრიბა. მართალია, პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა, მაგრამ მაინც: ასე სამიტები არ ინიშნება და არ ტარდება; არ ტარდებოდა და მომავალშიც არ ჩატარდება. ყველაფერს აქვს თავისი წესი, რაც არ უნდა მოძველებულ დიპლომატიურ კლიშედ მოეჩვენოთ ძლიერთ ამა ქვეყნისა.

          

გერმანიის კანცლერის უარის შემდეგ, სავარაუდოდ განაწყენებულმა, მაგრამ კოსმოსში მასკის “დრაკონის“ წარმატებული სტარტით გახარებულმა, დონალდ ტრამპმა დიდი შვიდეულის გადავადება ფორმატის განახლების აუცილებლობით ახსნა და მისი გაფართოების იდეით გამოვიდა. კერძოდ, აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ წამყვანი ინდუსტრიული ქვეყნების ურთიერთობის ფორმატი მოძველებულია და მის გასაჯანსაღებლად/გასაცოცხლებლად საჭიროა ავსტრალიის, სამხრეთ კორეის, ინდოეთის და რუსეთის მოწვევა. ჩემი (და ცხადაია, არა მხოლოდ ჩემი) აზრით, ამ უკანასკნელს არც წამყვან დემოკრატიულ ქვეყნებში ესაქმება რამ (ძალიან სწორად გააძევეს 2014 წელს უკრაინაში შეჭრის გამო) და არც ინდუსტრიულად არის ისეთი განვითარებული, რომ დიდი შვიდეულის ქვეყნების გვერდით ეკავოს ადგილი. რუსეთს, ადრეც იმიტომ დაუძახეს, რომ რუსეთის ბირთვული არსენალის, ენერგორესურსების მარაგების და ბაზრის სიდიდის გათვალისწინებით ფიქრობდნენ ლიდერები, იქნება და რამე “გამოვადნოთ“ მისგან (“რესტარტი“ არ გამახსენოთ) და ახლაც კონკრეტული მიზნები ამოძრავებს დონალდ ტრამპს: რუსეთის ჩინეთის ვასალობის არდაშვება (მართალია, მყარად ადგას რუსეთი მაგ გზას, მაგრამ იმედია აუხდება დიდი ზბიგნევ ბზეჟინსკის წინასწარმეტყველება და მაინც მიეტმასნება ბოლო ბოლო ევროატლანტიკურ სივრცეს). შეიძლება სწორიც იყოს, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ რუსეთს ერთადერთი ძალის ენა ესმის. #წერტილი.

რაც შეეხება დემოკრატიულ სახელმწიფოებს, სამხრეთ კორეისა და ავსტრალიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა უკვე განაცხადეს, რომ მზად არიან ამ შეთავაზების განსახილველად. გასაცემი იქნება კიდევ ერთ კითხვაზე პასუხი: არის ეს ერთჯერადი მოპატიჟება თუ მუდმივ წევრობას გულისხმობს აშშ-ს პრეზიდენტი. შესაძლოა, სიცხადე ერთი-ერთზე შეხვედრების დროს გაჩნდეს, რომელსაც, მიუხედავად პანდემიისა და სამიტის გადადებისა, მაინც გეგმავს აშშ-ს პრეზიდენტი. ჩემი ღრმა პატივისცემა მინდა დავუდასტურო ავსტრალიასაც და სამხრეთ კორეასაც, თუმცა, გასაგები მიზეზების გამო უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ინდოეთის პოზიცია (სხვათაშორის, ტერიტორიული უთანხმოების გამო ინდოეთსა და ჩინეთს შორის კვლავ დაიძაბა ურთიერთობა. აქაც სცადა დონალდ ტრამპმა შუამავლის როლის მოპოვება, თუმცა ესეც, როგორც ჩანს, მოუმზადებლად გაკეთდა და მის ინიციატივას მხარეებისგან პოზიტიური გამოხმაურება არ მოჰყოლია).

გერმანიასთან ერთად, როგორც ჩანს, დანარჩენი ევროკავშირიც არ ილტვის, აშშ-სთან ჩინეთის საკითხის განხილვისკენ. ევროპელი მინისტრების მიერ, ჰონგ კონგთან დაკავშირებული მოვლენების თაობაზე გაკეთებული განცხადებებიდან ნათლად გამოჩნდა, რომ უპირატესობა ჯერ კიდევ ჩინეთთან "საინვესტიციო“ პროექტების განხორციელებას ენიჭება (((.

სხვა საქმეა დიდი ბრიტანეთი. აი ჩვენი დღევანდელი ბლოგის სათაურის გამოცანამდეც მივედით. გახსოვთ ალბათ, დიდმა ბრიტანეთმა მიმდინარე წლის იანვარში ნებართვა რომ მისცა 5G განზომილებაში (ამ თემას კიდევ ცალკე ბლოგი სჭირდება) ნაწილობრივი საქმიანობის შესახებ ჩინურ სატელეკომუნიკაციო გიგანტს "ჰუავეი“-ს, რამაც აშშ-ს პრეზიდენტის სერიოზული წუხილი გამოიწვია. მაშინ საკმაოდ ხისტი იყო ოფიციალური ლონდონის პასუხი, თუმცა გავიდა ხანი და.... დიდი ბრიტანეთი გამოდის ინიციატივით, დიდი შვიდეულის G7-ის ბაზაზე შეიქმნას დემოკრატიული სახელმწიფოების დიდი ათეული D10, რომელსაც დაემატება ავსტრალია, ინდოეთი და სამხრეთ კორეა (გაუმარჯოს სტრატეგიულ მოკავშირეობას!) და კოორდინირებულად წინ აღუდგება ჩინური "ჰუავეი“-ს საქმიანობას (მართალია, დიდი ბრიტანეთის "ჰუავეი“-სთან ურთიერთობა სრულად 2023 წლამდე ვერ შეწყდება, მაგრამ ეს ნაბიჯი მაინც დასასრულის დასაწყისია). ამ ინიციატივას უკვე მიესალმნენ, მსოფლიოს წამყვანი პოლიტიკოსები, მ.შ. ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი, რომელმაც გამოთქვა იმედი, რომ ეს არ იქნება მხოლოდ კოალიცია კონკრეტული საფრთხის გასანეიტრალებლად, არამედ გარდაიქმნება დემოკრატიული სახელმწიფოების სრულფასოვან ფორმატად.

          

აქვს თუ არა მომავალი G7+3=D10 ფორმატს, ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა ამ იდეის შესასისხლხორცებლად მხოლოდ ტვიტების წერა და განცხადებების კეთება, რომ საკმარისი არ იქნება, ეს უკვე მკაფიოდ გამოჩნდა. არ ესწავლება არც ჩემგან და არც არავისგან ჩემს მეგობარ ამერიკელ დიპლომატებს, როგორ მიაღწიონ დასახულ მიზანს. ასე რომ, მე ფსონს ახალი ფორმატის შექმნაზე გავაკეთებ.

წინა სტატია

How to handle project scope creep
29 მაისი, 2020

შემდეგი სტატია

როგორ გამდიდრდა “ჯენერალ ელექტრიკი“?
02 ივნისი, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი აქვს Adjarabet-ს
ახალი ამბები ქართულად | სექ, 18, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker