სტრატეგიული მენეჯერი, პარალელური კლასის დამფუძნებელი.

ადაპტაციის სტრატეგია

ადაპტაციის სტრატეგია

როდესაც ბიზნეს გარემო სწრაფად იცვლება, არაპროგნოზირებადია და ბაზარზე უპირატესობის მოპოვება მხოლოდ მცირე დროით არის შესაძლებელი, წარმატების მისაღწევად კომპანიებს უწევთ სწრაფად ადაპტაცია, რაც გულისხმობს ცვლილებებზე მყისიერ რეაქციას, რათა მოხდეს ახალ პირობებთან შეგუება და შესაძლებლობების გამოყენება.

ადაპტაციაზე ორიენტირებული სტრატეგია წარმოადგენს ციკლს, რომელიც გადის სამ ძირითად ეტაპს: ცვლილებებზე ფოკუსირება, სასურველი მიმართულების შერჩევა და სწრაფი განვითარება შერჩეული მიმართულებით. წარმატების მოსაპოვებლად საჭიროა კონკურენტებზე სწრაფად და ეფექტურად მოხდეს აღნიშნული ციკლის გავლა. ამიტომ, ანალიზის, კვლევების და დაგეგმარების ნაცვლად, რაც აქტიურად გამოიყენება კლასიკური მიდგომის დროს, ადაპტაციის სტრატეგია ორიენტირებულია ექსპერიმენტებსა და სწრაფ მოქმედებაზე. მსგავს მიდგომას გააჩნია მნიშვნელოვანი უპირატესობა სწრაფად ცვალებად გარემოში, როგორშიც გვიწევს ცხოვრება. მაგალითად, News Corporation-ის გენერალური დირექტორი Rupert Murdoch აღნიშნავს – “სამყარო იცვლება ძალიან სწრაფად. დიდი ვეღარ ამარცხებს პატარას. ჩვენს რეალობაში სწრაფი ამარცხებს ნელს“.   

ადაპტაციის სტრატეგიის უპირატესობაში დასარწმუნებლად გადავხედოთ Zara-ს ბიზნეს მოდელს.

Zara ესპანური კომპანიაა, რომელიც მოდის და ტანსაცმლის სექტორში ლიდერ პოზიციას იკავებს ადაპტაციის სტრატეგიის გამოყენებით. ისტორიულად, აღნიშნულ სექტორში მოღვაწე კომპანიები, დამოკიდებულები არიან კვლევებსა და მოლოდინებზე, თუ რა ტიპის, ფერის ან მატერიის სამოსზე იქნება მოთხოვნა მომდევნო სეზონის განმავლობაში. ამიტომ, მათი უმეტესობა ხშირად განიცდის დანაკარგებს არასწორი პროგნოზების გამო.

Zara-მ უარი თქვა მსგავს მიდგომაზე და იყენებს ადაპტაციის მეთოდს. რაც გულისხმობს მომხმარებელთა მოთხოვნებზე სწრაფ რეაგირებს, პროგნოზების გაკეთების ნაცვლად. აღნიშნულის მისაღწევად განხორციელდა ორი მნიშვნელოვანი ცვლილება. პირველი, მიწოდების ჯაჭვის შემცირება – ამისთვის Zara-მ საწარმოო ობიექტები მაქსიმალურად ახლოს შეინარჩუნა მომხმარებელთან, რაც კონკურენტებთან შედარებით, მცირედით ზრდის საწარმოო დანახარჯებს, მაგრამ ამცირების მიწოდების დროს.  დიზაინის ცენტრებიდან მომხმარებლებამდე ტანსაცმლის მიწოდებას Zara ახერხებს მაქსიმუმ ოთხ კვირაში, მაშინ როდესაც ინდუსტრიის საშუალო მაჩვენებელი შეადგენს ხუთ თვეს.

მეორე მნიშვნელოვანი მიდგომა რომელსაც კომპანია იყენებს, არის პროდუქციის რეალურ დროში ტესტირება. Zara-ს ბაზარზე გამოაქვს დიდი რაოდენობით ტანსაცმლის მოდელები მცირე პარტიებად. მოთხოვნის შესაბამისად სეზონის განმავლობაში აფართოებს წარმატებული მოდელების წარმოებას, სანამ ტრენდი პიკს მიაღწევს, რაც საშუალებას აძლევს კომპანიას, თავი აარიდოს მცდარი პროდუქციის დანაკარგებს. აღნიშნულის შედეგად Zara იკავებს ლიდერ პოზიციას ინდუსტრიაში მოგების კოეფიციენტის მიხედვით.  

ადაპტაციის სტრატეგია, აქტიურად გამოიყენება ისეთ გარემოში, სადაც პროგნოზის გაკეთება არასაიმედოა, დაგეგმილ და რეალურ მონაცემებს შორის სხვაობა მნიშვნელოვანია, არ მოიპოვება საჭირო ინფორმაცია, სწრაფად იცვლება ინდუსტრიაში გამოსაყენებელი ტექნოლოგიები და მომხმარებელთა მოთხოვნა. ასეთ შემთხვევაში ცვლილებებთან ადაპტირება გადარჩენისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მიუხედავად გაურკვევლობისა და ინფორმაციის სიმცირისა, სტრატეგიის განსახორციელბლად საჭიროა გარემო პირობებზე მუდმივი დაკვირვება, ცვლილებების სწრაფად აღმოჩენა და შემუშავებული მიდგომების პრაქტიკაში დატესტვა.

მაღალი ცვალებადობის და გაურკვევლობის პირობებში ზუსტი შედეგების პროგნოზირება შეუძლებელია, შესაბამისად კომპანიებმა თავი უნდა აარიდონ “ყველა კვერცხის ერთ კალათაში მოგროვებას“ და ინვესტიციები განახორციელონ სხვადასხვა პროექტებში, როგორც ZARA აკეთებს მრავალი მოდელის გამოტანას ბაზარზე მცირე მოცულობებით. ამ შემთხვევაში, შეცდომების შედეგად მიღებული ზარალი მცირეა და კომპანიას მნიშვნელოვან ზიანს ვერ მიაყენებს. საჭიროა ბევრი იდეა და ექსპერიმენტი, მაგრამ პროექტები უნდა იყოს მოკლევადიანი და ნაკლებხარჯიანი. ადაპტაციის დროს სისწრაფე ხარისხზე მნიშვნელოვანია. Tom Peters-ის სიტყვებს თუ მოვიშველიებთ, ეს არის – “სწრაფი ტესტირება, სწრაფი მარცხი და სწრაფი კორექტირება“.

პრაქტიკაში, მენეჯერები ხშირად საკმაოდ სკეპტიკურად უყურებენ ადაპტაციის სტრატეგიას – გეგმის გარეშე ხომ შეუძლებელია ბიზნესში რაიმეს კეთება? როგორ შეიძლება ინვესტიციების განხორციელება ისეთ პროექტებში, რომლის შედეგების წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია? როგორ შეიძლება მარცხი და შეცდომები დაშვებული იყოს? ……

მიუხედავად მსგავსი კრიტიკისა, ვერ გავექცევით ფაქტს, რომ ჩვენი ცოდნა, გამოცდილება და თეორიები არის შეზღუდული. არსებობს მომავლის განვითარების უამრავი შესაძლებლობა, რომლებსაც შეუძლია ჩვენი გეგმები მნიშვნელოვნად შეცვალოს. შესაბამისად ადაპტაციის სტრატეგია არ გვთავაზობს მზა რეცეპტების კრებულს, ან უნიკალურ ფორმულას, რომელიც წარმატებას მოგვიტანს. ის ორიენტირებულია გარემო პირობებზე, და ამტკიცებს რომ მაქსიმალურ მოგების მიღება შეუძლია მას, ვინც ყველაზე სწრაფად მოერგება ახალ რეალობას.

ადაპტაციის ყველაზე ნათელ მაგალითს ისევ ბუნება გვაძლევს. დააკვირდით წყალს, მას შეუძლია ყველანაირი ფორმის მიღება, მუდმივად იცვლის მდგომარეობას კალაპოტის და გარემო პირობების მიხედვით, არასოდეს ჩერდება და რაც უფრო სწრაფად მოძრაობს, წყალი მით უფრო სუფთა ხდება.

 

გააზიარე