როგორ გამდიდრდა “ჰუავეი“?

“ჰუავეიმ“ 2019 წელს, 123 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, მოგებამ კი 9 მილიარდი დოლარი შეადგინა. ელექტროტექნიკის სექტორში შემოსავლების მიხედვით “სამსუნგის“ და “ეფლის“ შემდეგ ის მესამე ადგილზეა მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლიდან აშშ-ის ტერიტორიაზე მისი პროდუქციის გაყიდვა შეიზღუდა. დასაქმებული ჰყავს 194 ათასი ადამიანი. კომპანიის აქტივები 122 მილიარდი დოლარია.

1978 წლიდან ჩინეთის “ეკონომიკური სასწაული“ დაიწყო, რისი მთავარი მიზეზი, ჩინეთში კერძო ბიზნესის დაშვება იყო. 1987 წელს ჩინეთს უკვე ამბიცია გაუჩნდა დროს ჩამორჩენილი და დაბალგანვითარებული ტელეკომუნიკაციის სექტორის მოდერნიზაცია დაეწყო. ჩინელ მეცნიერებს დაევალათ, პირველ რიგში სატელეფონო ტექნოლოგიების განვითარებაზე ემუშავათ. ამ პერიოდში უკვე დაშვებული იყო დასავლურ ბიზნესთან თანამშრომლობა და ჩინელი მეცნიერები აქტიურად ეცნობოდნენ იაპონურ, ამერიკულ და ევროპულ ტექნოლოგიებს.

1987 წელს, ჩინეთის ქალაქ შენჯენში, ჩინეთის განმათავისუფლებელი არმიის ყოფილმა ოფიცერმა რენ ჟენგ ფეიმ კერძო კომპანია “ჰუავეი“ დააარსა, რომლის მესაკუთრეები მასთან ერთად კომპანიაში დასაქმეული ადამიანები იყვნენ. თავიდანვე კომპანიის მიზანი იმპორტირებული ტექნიკის ადგილობრივით ჩანაცვლება იყო.

პირველ წლებში კომპანია ფაქტობრივად ჰონგ კონგიდან შემოტანილი სატელეფონო დანადგარების გადაყიდვით იყო დაკავებული, თუმცა ამავე დროს მნიშვნელოვან ინვესტიციებს დებდა კვლევებსა და განვითარებაში, რათა საკუთარი ტექნოლოგიები და პროდუქტები განევითარებინა. კომპანიას რაც კი მოგება დარჩებოდა ან თანხას მოიზიდავდა, ყველაფერს კვლევებში ხარჯავდა.

1990 წელს, “ჰუავეის“ უკვე 600 ადამიანი ჰყავდა დასაქმებული მეცნიერულ კვლევებში და განვითარებაში. ამ დროს კომპანია უკვე აწარმოებდა ფიქსირებულ ტელეფონებს და სასტუმროებს თუ პატარა კომპანიებს აწვდიდა. დიდ ქალაქებში უკვე კონკურენცია იყო ტელეკომუნიკაციების სფეროში და რთული იყო დიდი კომპანიებისთვის კონკურენციის გაწევა. ამიტომ “ჰუავეი“ პატარა ქალაქებში და პროვინციებში ყიდდა პროდუქციას.

1994 წელს, “ჰუავეიმ“ დაკვეთა მიიღო ჩინეთის განმათავისუფლებელი არმიიდან, რომლის მიხედვით პირველი ეროვნული ტელეკომუნიკაციების ქსელი უნდა შეექმნა. ჩინეთის მთავრობის აზრით, უსაფრთხოების მხრივ, მნიშვნელოვანი იყო, ტელეკომუნიკაციების ქსელი სანდო ჩინურ კომპანიას შეექმნა.

1995 წელს, კომპანიის წლიური შემოსავალი 400 მლნ დოლარამდე იყო. კომპანიისთვის მნიშვნელოვანი იყო 1996 წელიც, როდესაც ჩინეთის მთავრობამ ადგილობრივი სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების მწარმოებელი კომპანიების მხარდაჭერა დაიწყო და სხვა ქვეყნების კომპანიებს ბაზარზე წვდომა შეუზღუდა. “ჰუავეის“ ამ დროს ჩინეთის მთავრობისთვის “ეროვნული ჩემპიონი“ იყო.

მოგვიანებით კომპანიის დამფუძნებელმა და დღემდე მმართველმა რენ ჟენგ ფეიმ აღნიშნა, რომ “ჰუავეის“ წარმატებაში ყველაზე დიდი როლი, ჩინეთის ეკონომიკურმა ზრდამ ითამაშა, ბაზარი ძალიან სწრაფად იზრდებოდა, მოთხოვნა მიწოდებას უსწრებდა და შესაბამისად, თავდაუზოგავი შრომა უწევდათ.

1997 წელს, “ჰუავეი“ პირველად გავიდა ქვეყნიდან, როდესაც ჰონგ კონგურ კომპანიას მიაწოდა პროდუქცია. ამავე წელს მობილური ტელეფონების წარმოებაც დაიწყო.

1999 წელს, კვლევით ცენტრი ინდოეთშიც გახსნა, 2000 წელს შვედეთში, 2001 წელს კი აშშ-ში. 2002 წელს უკვე ჩინეთის გარეთ ნახევარი მილიარდი დოლარის პროდუქცია გაყიდა. ამავე დროს “ჰუავეის“ მენეჯერები აშშ-ში, IBM-ში სტაჟირებას გადიოდნენ, თუ როგორ უნდა ემართათ კომპანია წარმატებულად. კონსულტანტებს საათში 600 დოლარამდე უხდიდნენ. რენ ჟენგ ფეი ფიქრობდა, რომ დასავლური მენეჯმენტის სწავლის გარეშე, ქაოსში დარჩებოდა და ვერ განვითარდებოდა.

2005 წელს, კომპანიის საზღვარგარეთულმა შემოსავლებმა, ჩინეთში გამომუშავებულ თანხას გადააჭარბა. 2009 წელს კომპანიის შემოსავლები 20 მილიარდი დოლარი იყო და მომდევნო 10 წელიწადში 6-ჯერ გაიზარდა. 100 მილიარდს პირველად 2018 წელს გადასცდა. ამავე წელს 200 მლნ-ზე მეტი ტელეფონი გაყიდა.

“ჰუავეის“ თავისი წარმატების მთავარი მეთოდი დღემდე არ უარყვია. 2018 წელს კვლევებში და განვითარებაში 15 მილიარდი დოლარი დახარჯა. მასზე მეტს მხოლოდ “ამაზონი“, “ალფაბეტი“ (გუგლი) და “სამსუნგი“ ხარჯავენ.

2019 წელი, “ჰუავეიმ“ წარმატებით დაიწყო, მაგრამ აშშ-მა კომპანიის მუშაობას ეროვნული უსაფრთხოების კუთხით საფრთხის შემცველად მიიჩნია და მის ტერიტორიაზე კომუნიკაცია აეკრძალა. ასევე, გუგლმა ანდროიდის სისტემაზე წვდომა შეუზღუდა. კომპანია აშშ-ის მთავრობასთან დღემდე სასამართლოში დავობს. აშშ-ს მთავრობასთან დაპირისპირებამ და მისადმი ნდობის დაკარგვამ შეაფერხა “ჰუავეის“ შემუშავებული 5G ტექნოლოგიების დანერგვა, რაზეც ბოლო წლებში კომპანია აქტიურად მუშაობდა.

წინა სტატია

Reassembling the strategy
10 ივნისი, 2020

შემდეგი სტატია

ესსე ფეხბურთზე და პოლიტიკაზე
14 ივნისი, 2020
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
"ან მდიდარი უნდა იყო, ან მდიდრის მეზობელი" – უმსხვილესი თურქი ინვესტორის, გალიფ ოზთურქის გეგმები საქართველოში
ინტერვიუ | ივლ, 07, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker