ყურადღება! იძებნება აფრო-ამერიკელი ქალი ... ვიცე-პრეზიდენტად!

ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მარტში, აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა დემოკრატიული პარტიიდან, ბარაქ ობამას პრეზინდეტობის დროს ვიცე პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საჯაროდ აიღო ვალდებულება, რომ მისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ქალი იქნებოდა. მაშინვე საარჩევნო ექსპერტებმა და სტრატეგებმა ღიად განაცხადეს, რომ ჯო ბაიდენის გამარჯვების შანსებს კიდევ უფრო მეტად გაზრდიდა აფრო-ამერიკული წარმომავლობის ქალის, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელება. იმთავითვე გახმიანდა საკმაოდ სერიოზული კანდიდატურები, მ.შ. საპრეზიდენტო კამპანიაში მონაწილე კალიფორნიელი სენატორი კამალა ჰარისი, აგრეთვე, პრეზიდენტ ობამას მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, სიუზან რაისი, ახლო წარსულში გავლენიანი კონგრესმენი ჯორჯიიდან, სთეისი აბრამსი და სხვები. მათთან ერთად აქტიურად განიხილებოდა (და ჯერ კიდევ განიხილება) თეთრკანიანი მასაჩუსტსელი სენატორის, პროგრესულებში პოპულარული, ელისაბედ უორენისა და მინესოტელი სენატორის, ემი კლობუჩარის (რომელიც ყველაზე დიდხანს შემორჩა ქალი კანდიდატებიდან დემოკრატიულ საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიას) კანდიდატურები.

მაშინ,  მსოფლიოში კოვიდ-19 მძვინვარებდა და არა აფროამერიკელი, ჯორჯ ფლოიდის მინეაპოლისელი პოლიციელების მიერ ძალის გადამეტების შედეგად დაღუპვით გამოწვეული საპროტესტო აქციები. პანდემიამ უკან კი დაიხია, მაგრამ არსად წასულა. უფრო მეტიც, საპროტესტო აქციების პერიოდში მთელ რიგ შტატებში, მ.შ. ნიუ იორკში მკვეთრად იმატა კიდეც. ხოლო რაც შეეხება პროტესტს, “შავის სიცოცხლე ღირებულია“ კამპანიამ აშშ-ს და ევროპის დიდი ქალაქები მოიცვა. მშვიდობიანი საპროტესტო აქციები, თავდაპირველად პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების, შემდგომ კი რასიზმის წინააღმდეგ მიმართული, რადიკალური ექსტრემისტული ჯგუფების მიერ “კარგად“ ორგანიზებული ვანდალიზმის, ძალადობისა და ძარცვა-გლეჯვის ტალღამ გადაფარა. ბუნებრივია, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებამდე 5 თვით ადრე, ამ ყველაფერმა ერთობლიობაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა და სამწუხაროდ ამ დრომდეც საკმაოდ პოლარიზებული ამერიკული საზოგადოება კიდევ უფრო მეტად გახლიჩა. აშშ-ს მტრებსაც რა უნდოდათ მეტი. რუსეთის, ირანის და ჩინეთის პროპაგანდისტული მანქანები, ტროლების ფაბრიკები და ჰაკერული დაჯგუფებები მთელი დატვირთვით ამოქმედდნენ. მათ გარეშეც ყველასთვის ცხადია, რომ რასიზმის პრობლემა ბოლომდე აღმოფხვრილი არ არის; მათი აპოკალიპტური ფანტაზიის გარეშეც ვიცით, რომ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება, მეტწილად შავკანიანი ამერიკელების მიმართ, პრობლემაა ამერიკის შეერთებული შტატების უმრავლესობისთვის, მაგრამ მტერი რისი მტერია -  ამ დღეების განმავლობაში ისეთ სათაურებს ნახავდით და ისეთ ციტატებს მოისმენდით სხვადასხვა დროს გადაღებული ძალადობის აქტების ფონზე, რომ ზოგიერთი თქვენგანი, რომელსაც აქამდე “თავის თავს მიხედონ ურჩევნიათ“ “სიამაყის“ (რეალურად სხვა რამე ჰქვია, მაგრამ თავს შევიკავებ ზუსტი შეფასებისგან) ბაცილამ ვერა რა დაგაკლოთ, სავარაუდოდ გულში მაინც ფრთხილად გაიფიქრებდით: ყველაზე ძლიერ დემოკრატიულ სახელმწიფოშიც კი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით გასაკეთებელი აშკარად ჯერ კიდევ ბევრია (ასე ამბობდნენ ჯერ კიდევ კომუნისტები თავის დროზე).

რა დასამალია და,  ძალიან მწვავე იდეოლოგიური ბრძოლა მიდის წინასაარჩევნოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს დაპირისპირება მნიშვნელოვნად გასცდა საპროგრამო თემებს (ჯანდაცვა, თავდაცვა, საგარეო პოლიტიკა და სხვ.) და ლამის ყოფნა/არყოფნის ხარისხში არის აყვანილი (საოცრად დაემგვანა ჩვენი და მათი სიტუაცია არჩევნების ეგზისტენციალური დატვირთვის თვალსაზრისით. თუ ჩვენთან ყველა არჩევნები სასიცოცხლო მნიშვნელობის არის, აშშ-ში პირველად მიეცა ასეთი შეფასება (ჩემი აზრით, მაინც გადაჭარბებული, იქაც და აქაც). ამერიკელი პოლიტოლოგები, ჟურნალისტები და ექსპერტები ხშირად ავლებენ პარალელს 1968 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან. მინდა გითხრათ, არცთუ უსაფუძვლოდ. იმ წელს, 4 პარილს მოკლეს ლეგენდარული მარტინ ლუთერ კინგი, რის გამოც საპროტესტო ტალღამ, ძალადობამ და ვანდალიზმმა მოიცვა ამერიკის შეერთებული შტატები. პოლიტიკურ შეფასებებთან ერთად, ერთი საინტერესო დაკვირვებაც შემხვდა ამასთან დაკავშირებით. მშვიდობიანმა პროტესტმა დამატებითი ხმები მოუტანა პრეზიდენტობის კანდიდატს დემოკრატიული პარტიიდან ჰუბერტ ჰამფრის, ძალადობასთან წარმატებით გამკლავებამ კი მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რესპუბლიკელი რიჩარდ ნიქსონისთვის “მერყევ“ / გადამწყვეტ შტატებში გამარჯვების მოპოვების თვალსაზრისით (გამოგიტყდებით და ძალიან მომწონს, რომ ამერიკელებს ყველაფერი დათვლილი და დახარისხებული აქვთ არჩევნებთან დაკავშირებით - სქესის, მრწამსის, წარმომავლობის, ასაკის, პროფესიის მიხედვით).

ასე იქნება ამჯერადაც. პანდემიის შედეგად გამოწვეული სირთულეები და ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო დაწყებული პროცესები (მართული თუ უმართავი, ნუ ვიმსჯელებთ აქ) აუცილებლად გავლენას იქონიებს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი დემოკრატების კანდიდატის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვან გავლენას უკვე ახდენს. ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე 77 წლის ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობისთვის შესაძლო რჩეულებს შორის აშკარად დაწინაურდა კალიფორნიელი სენატორი, ამავე შტატის ყოფილი გენერალური პროკურორი, აფრო-ამერიკული წარმოშობის კამალა ჰარისი (ასაკისთვის შემთხვევით არ გამისვამს ხაზი. გამარჯვების შემთხვევაში, ჯო ბაიდენი 2024 წლისთვის იქნება 82 წლის. შესაბამისად, ვიცე პრეზიდენტის კანდიდატურა მომავალი საპრეზიდენტო კანდიდატის ჭრილშიც განიხილება). მართალია, ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ ჯო ბაიდენი თავადაც ღიად საუბრობს კამალა ჰარისის, როგორც ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის ძლიერ მხარეებზე. ყველაფერ სიკეთესთან ერთად (საარჩევნო ხმების რაოდენობის თვალსაზრისით კალიფორნია უმნიშვნელოვანესი შტატია), გასულ კვირას საარჩევნო კამპანიის თანხების მოსაზიდ ღონისძიებაზე კამალა ჰარისმა ყველაზე მაგარი შედეგიც დადო. ერთ საღამოში კამპანიისთვის 3.5 მლნ დოლარი შეგროვდა. კამალა ჰარისი ერთადერთი შავკანიანი ქალი სენატორია 116-ე მოწვევის სენატში (სულ 3 აფროამერიკელი სენატორია) და სწორედ მისი ინიციატივით დარეგისტრირდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პოლიციის საქმიანობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. ერთი, აშშ-ს პოლიტიკისთვის არცთუ უმნიშვნელო დეტალი: ჰარისების და ბაიდენების ოჯახებსაც მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს.

ასე რომ, ზემოთჩამოთვლილის გათვალისწინებით, ვიცე-პრეზიდენტობისთვის უკეთეს კანდიდატურას ვერ მოიფიქრებს კაცი. თუმცა, არის კამალი ჰარისის კანდიდატურასთან დაკავშირებით უფრო ფრთხილი შეფასებებიც. კერძოდ, მართალია, თავად კ. ჰარისი კალიფორნიის გენერალურ პროკურორად მუშაობას მის უპირატესობად მიიჩნევს, მაგრამ ასე შეიძლება არ ფიქრობდეს საპროტესტო განწყობის მქონე ამომრჩეველი. მიუხედავად იმისა, რომ კამალა ჰარისი აქტიურად არის ჩართული საპროტესტო მოძრაობაში (მისი სიტყვებით, ეს არ არის მომენტი! ეს არის მოძრაობა! ინგლისურად კარგად ირითმება “It’s not a moment, but it is a movement“) შესაძლოა, მის მიმართ გააქტიურდეს პრეტენზიები, რომ შავკანიანი ამერიკელების დაკავების და მათ მიმართ მოპყრობის თვალსაზრისით შტატის გენერალური პროკურორი, კამალა ჰარისი არასაკმარისად ეფექტური იყო. ჯო ბაიდენის საარჩევნო შტაბს არც ის გამოეპარებოდა, რომ ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე, შესაძლო ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატებზე მსჯელობისას სულ ხშირად გამოითქმება მოსაზრება, რომ ჯო ბაიდენს სჭირდება პოლიტიკური და თანამდებობრივი წარსულის დატვირთვის გარეშე პიროვნების შერჩევა (მომინდომეს ამათმაც დიმიტრი გელოვანი :)). ზოგადად, რთული სათქმელია, ექნებოდა თუ არა უპირატესობა აფრო-ამერიკელ კანდიდატს, რომ არა ჯორჯ ფლოიდის მკვლელობით გამოწვეული პროცესები (დემოკრატი ამომრჩეველი კი დღემდე უდიდეს პატივს სცემს პირველ შავკანიან პრეზიდენტს ბარაქ ობამას, მაგრამ შეიძლება ასე სულაც არ ფიქრობდეს შუაში მდგომი ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილი).

ასეა თუ ისე, გადაწყვეტილების მისაღებად დრო სულ უფრო ნაკლები რჩება. ჩემი აზრით, მაინც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჯო ბაიდენის არჩევანი ვინმე, პოლიტიკური გამოცდილების არ მქონე კანდიდატურაზე გაჩერდეს. ალბათ, არცთუ ისე ძალიან გავრისკავ,  თუ ვიტყვი, რომ მაღალი ალბათობით მისი რჩეული აფრო-ამერიკული წარმოშობის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება. ამას დრო გვიჩვენებს, მაგრამ ერთი რამე უკვე ფაქტია: ეს იქნება აშშ-ს ისტორიაში ქალი ვიცე-პრეზიდენტით საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების მესამე მცდელობა (როგორც მცოდნე ხალხი ამბობს, ჯონ მაკკეინს სარა პეილინი რომ არ შეერჩია, შეიძლება არჩევნები სხვგვარად დასრულებულიყო).

მართლაც რომ, უკვდავია ალექსანდრ დიუმას გამოთქმა “შერშე ლა ფამ“!

ყველგან და ყველაფერში, ცხოვრებისეულ თუ პოლიტიკურ არჩევანში, ეძებეთ ქალი!

წინა სტატია

ესსე ფეხბურთზე და პოლიტიკაზე
14 ივნისი, 2020

შემდეგი სტატია

როგორ გამდიდრდა ნეტფლიქსი?
16 ივნისი, 2020
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
"ან მდიდარი უნდა იყო, ან მდიდრის მეზობელი" – უმსხვილესი თურქი ინვესტორის, გალიფ ოზთურქის გეგმები საქართველოში
ინტერვიუ | ივლ, 07, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker