ბლოგი ბიზნესსა და სამართალზე

სერია: 6 "რატომ ვერჩით მედია ბიზნესს?!“

ამბავი რომელსაც მოგიყვებით არახალია, მეტიც, კარგად დავიწყებული ძველია.

30 იგრიკა, 2020 წელი, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია იღებს გადაწყვეტილებას და ცვლილება შეაქვს მაუწყებლების შესავსებ ფორმაში 1.7. ფორმა ცვლილებით ერთი შეხედვით უწყინარია და ითხოვს მაუწყებლებისგან, არც მეტი არც ნაკლები, ინფორმაციას რეკლამის დამკვეთების შესახებ, კერძოდ:

  • ვინ გახლავთ რეკლამის[1] საბოლოო დამკვეთი ფიზიკური/იურიდიული პირი და არა სარეკლამო კომპანია,
  • რა ოდენობის ფული დახარჯა დამკვეთმა თვეში და
  • დამკვეთის პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი, ფაქტობრივი მისამართი და საკონტაქტო რეკვიზიტები.

კომისიამ იმსჯელა და დაადგინა, რომ ეს ფორმა უნდა შევსებულიყო მაუწყებლის მიერ ამა წლის 1 აპნისიდან.

მახვილი თვალი იკითხავს, ალბათ, ხელეწიფება თუ არა მაუწყებელს ეს ინფორმაცია? მოგახსენებთ.

არსებობს სარეკლამო ბაზრის რამდენიმე ტიპი: ერთი, სარეკლამო კომპანია მოქმედებს რეკლამის საბოლოო დამკვეთის დავალების საფუძველზე, შესაბამისად, რეკლამის საბოლოო დამკვეთი პირდაპირ ან სარეკლამო კომპანიის მეშვეობით შეიძენს მაუწყებლისგან/მაუწყებლის გაყიდვების სახლიდან სარეკლამო დროს/მომსახურებას; მეორე, სარეკლამო კომპანია რეკლამის საბოლოო დამკვეთს უწევს რეკლამის განთავსებისა და სხვა თანმდევ მომსახურებას და შესაბამისად, სარეკლამო კომპანია ყიდულობს და ყიდის მაუწყებლისგან/მაუწყებლის გაყიდვების სახლიდან შეძენილ სარეკლამო დროს/მომსახურებას; და მესამე, შერეული ტიპი. 

ქართული სარეკლამო ბაზარი მეორე ტიპს მიეკუთვნება, შესაბამისად, ქართულ სარეკლამო ბაზარზე მაუწყებელს არ მოეპოვება ინფორმაცია, ფორმა 1.7-ით მოთხოვნილი სახით, მაშინ როდესაც ფორმის წარუდგენლობაზე კანონი სწორედ მაუწყებელს აკისრებს პასუხისმგებლობას. გამოდის, რომ მაუწყებელმა/მაუწყებლის გაყიდვების სახლმა უნდა დაავალდებულოს სარეკლამო კომპანია, ხოლო, თავის მხრივ, სარეკლამო კომპანიამ უნდა აუხსნას და თანხმობა აიღოს თავისი კლიენტისგან, რეკლამის საბოლოო დამკვეთისგან რომ მიაწვდის მის პირად, პერსონალურ, კომერციულ ინფორმაციას მაუწყებელს, ხოლო მაუწყებელი კომისიას?!

და მთავარი, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ფორმა 1.7-ი ექვემდებარება გასაჯაროებას: “კომისია ანგარიშგების ფორმების მიღებიდან 7 დღეში აქვეყნებს .... მაუწყებელთა მიერ შევსებულ ანგარიშგების ფორმებს.“

მივედით „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან, რომელიც კომისიის გადაწყვეტილების წყაროა.

წყარო ამბობს, რომ „კომისია ადგენს ანგარიშგების ელექტრონულ ფორმებს. ანგარიშგების ფორმებში, გარდა ამ კანონით განსაზღვრული სხვა ინფორმაციისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს ინფორმაცია ....“ და ადგენს ჩარჩოს, საზღვრებს, რომლის ფარგელბშიც კომისიამ უნდა დაადგინოს ელექტრონული ფორმები, რომლებიც ექვემდებარება გასაჯაროვებას. გარდა ამისა, კანონი პირდაპირ განსაზღვრავს თუ ვისი ვინაობა უნდა გაასაჯაროვოს კომისიამ „პირის ვინაობას, რომლის მიერ მაუწყებელში ბოლო 3 თვის განმავლობაში განთავსებული რეკლამის ან ტელეშოპინგის, სპონსორობის ან გაწეული მომსახურების ღირებულებამ ან განხორციელებულმა შემოწირულებამ შვიდი ათას ლარზე მეტი შეადგინა.“

          

          

რას იტყვით, გასცდა კომისია კანონის ფარგლებს?

გახსენდებათ რომ „ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი მიიღება (გამოიცემა) მხოლოდ ნორმატიული აქტის საფუძველზე და მის მიერ დადგენილ ფარგლებში“?

გახსენდებათ „კანონის უკუძალის აკრძალვა“? ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას უკუძალა არ აქვს?!

გახსენდებათ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლი? „ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად“?!

გახსენდებათ რომ სამართლებრივი სახელმწიფო გვქვია?!

„ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით, ღვთისა და ქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.“

თუმცა, ბევრს არ ახსოვს...

ზემოთ გითხარით რომ ეს ამბავი კარგად დავიწყებული ძველია... წყარო ელექტრონული ფორმის შემუშავებას 2013 წლის თიბათვიდან ითხოვს, რომლის საფუძველზეც კომისიამ რამდენიმეჯერ მიიღო წყაროს საპირისპირო მიმართულებით მცურავი გადაწყვეტილება... მაშინ რამდენიმე ფხიზელმა და კანონსტიტუციისა და კანონის სადარაჯოზე გულანთებულმა ახალგაზრდამ ეულად შემოიარა სასამართლოს ყველა ინსტანცია სამართლის და სამართლიანობის ძიებაში...

და შვიდი წლის თავზე იყო 2020 წლის, 30 იგრიკა... და ნაოჭშეპარული გულანთებული „ახალგაზრდები“, შემცირებული შემადგენლობით, მაგრამ ისევ ისე სჯერათ რომ კონსტიტუცია და კანონი უზენაესია.

„ძვირ-ძვირად ზღვეულნი, შიშითა განილევიან და ირყევიან, ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა...“ ამ ბოლო დროს სულ იმაზე მეფიქრება, ხომ არ დადგა დრო თვალი აეხილოს სამარლიანობის ქალღმერთს ცნობილს როგორც Iustitia, ან Themis და Dike?! მგონი რომ ხმლის მოქნევა მაინც თვალგახელილზე ჯობია. სულ ცოტა, თვალს მაინც გავუსწორებთ სამართლიანობის ქალღმერთს.

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

[1] რეკლამა, სპონსორობა, ტელეშოფინგი, მაუწყებლის მფლობელის შემოწირულობა, სხვა პირების შემოწირულობა, ინტერაქტივი, განცხადებები, კონტენტის რეალიზება, გადაცემის განთავსება, ტექნიკური მომსახურება, საეთერო დროის გაყიდვა, სხვა.

წინა სტატია

Characteristics of shareholders’ lawsuits and some recommendations to improve appropriate legislative mechanism
16 ივნისი, 2020

შემდეგი სტატია

როგორ გამდიდრდა “სვაროვსკი“
19 ივნისი, 2020
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
"ან მდიდარი უნდა იყო, ან მდიდრის მეზობელი" – უმსხვილესი თურქი ინვესტორის, გალიფ ოზთურქის გეგმები საქართველოში
ინტერვიუ | ივლ, 07, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker