როცა სცენა შენია

სიტყვის მნიშვნელობაზე ჯერ კიდევ დემოსთენე  წერდა, როდესაც დიპლომატების უმთავრეს იარაღად სიტყვა მიაჩნდა საბრძოლო გემებისა თუ ძლიერი ქვეითი ჯარის ნაცვლად. სიტყვებისგან შემდგარმა კომუნიკაციამ, ევოლუცია ადამიანის განვითარებასთან ერთად გაიარა. კომუნიკაციის ენა, რომელიც სიტუაციიდან გამომდინარე თავისდაუნებურად იცვლება, სიტყვებსაც შესაბამისს ნახულობს. გარემოებისა თუ განწყობის შესაბამისად მივმართავთ ადრესატს, სათქმელი, პიროვნებიდან გამომდინარე,  გონებაში თავისთავად ლაგდება.  სიხარული თუ აღტაცება, პროტესტი თუ აგრესია ემოციებს სიტყვების ნაკადად აქცევს. სიტყვა,  რომელიც უკან არასოდეს ბრუნდება, ხშირად ფიქრსაც გვასწავლის, ფიქრი კი თავის მხრივ, ცხოვრებას. არაფორმალური თუ ფორმალური, ვერბალური თუ არავერბალური კომუნიკაცია გასაზიარებელ ინფორმაციას გარკვეულ ჩარჩოში აქცევს.

კომუნიკაცია საჯარო გამოსვლისას ხშირად ერთგვარ სოციალურ რისკად აღიქმება, რომლის წარმატება თუ წარუმატებლობა სპიკერის  რეპუტაციაზე აისახება. “თუ გსურს გადალახო საჯარო გამოსვლის შიში, შეწყვიტე ფიქრი საკუთარ თავზე“ – Harvard Business Review აღელვების უმთავრეს ფაქტორად ადამიანის შინაგან პროტესტს განიხილავს, მაშინ როდესაც “ყველა გიყურებს“. ამ მოვლენის მიზეზები სტატიის ავტორის აზრით ჯერ კიდევ პრეისტორიულ პერიოდში უნდა ვეძებოთ, როდესაც “თვალის კონტაქტი“ ეგზისტენციალურ (ცოცხლად შეჭმის) საფრთხესთან ასოცირდებოდა ადამიანებისთვის და ემოციების კონტროლზე პასუხისმგებელი ტვინის სტრუქტურა ამიგდალა, მოსალოდნელ საფრთხეზე მყისიერად რეაგირებდა, რაც თავის მხრივ სტრესის ძლიერ განცდას იწვევდა. ფიზიოლოგიურად აუდიტორიას საფრთხის შემცველ “მტაცებლად“ აღვიქვამთ და შესაბამისადაც ვრეაგირებთ “თავდასხმის“ მოლოდინში. როგორ შეიძლება გადავლახოთ “მოსალოდნელი საფრთხის“ შიში? ავტორის აზრით პრეზენტაციის მომზადების დროს პირველ რიგში აუდიტორიაზე უნდა ვიფიქროთ: ვის ვესაუბრებით? რა შეკითხვებზე სურთ პასუხის მიღება ადამიანებს? ჩვენი გზავნილი, მათ კონკრეტულ საჭიროებას უნდა პასუხობდეს. პრეზენტაციისას კი მნიშვნელოვანია მოვახდინოთ ტვინის რეფოკუსირება და ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ შევძლებთ აუდიტორიის დახმარებას, როგორ შევცვლით მათ რეალობას უკეთესობისკენ. ეს განწყობა კი სტრესს ამცირებს.

TedEx პროდიუსერს, ტრისია ბრუქს, ტელევიზიაში, თეატრში, კინოინდუსტრიასა თუ ივენთ მენეჯმენტში მუშაობის 27 წლიანმა გამოცდილებამ, ცნობილ სპიკერებთან და მსახიობებთან თანამშრომლობამ აჩვენა, რომ ისინი გარკვეულ, წინასწარ შერჩეულ ტექნიკას იყენებენ აუდიტორიასთან კომუნიკაციისას, რაც ემოციური კავშირის დამყარების ალბათობას ზრდის. პროდიუსერის შეხედულებით მთავარია გაიაზრო, თუ რატომ უზიარებ აუდიტორიას ამა თუ იმ კონკრეტულ მოსაზრებას. “იდეის ჩამოყალიბება 15 სიტყვაში უნდა შეგეძლოს“ - ამბობს ექსპერტი. მისი აზრით მსმენელის გონება ჩვეულებრივ ფიქრით არის მოცული, რაც ართულებს გრძელი ტექსტის მოსმენის შედეგად დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას. აუდიტორია, რომელსაც მივმართავთ სასურველია წინასწარ შევისწავლოთ და სალაპარაკო ენაც მას მოვარგოთ.  წარმატების მთავარი წინაპირობა ავთენტურობაშია - ჩვენი “ნამდვილი მეს“  შენარჩუნებაში.

სცენაზე წარდგენის წინ თეატრის მსახიობებისთვის კარგად ნაცნობი აქსიომა  „იპოვე შენი სინათლე“ ერთგვარ მეტაფორადაც შეიძლება გამოვიყენოთ ამ შემთხვევაში. აუდიტორია ყურადღებას მხოლოდ მას აქცევს ვინც სცენის ბნელი კუთხიდან - იქ სადაც არ ჩანხარ, ნათელ მხარეს შეაბიჯებს.  “სინათლეში დგომის“ დისკომფორტი, იქ სადაც ყველაზე კარგად ჩანს ჩვენი ინდივიდუალიზმი, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა საჯარო გამოსვლისას, რომლის გადალახვაც  ექსტროვერტებისთვის უფრო მარტივია ვიდრე ინტროვერტებისთვის, თუმცა წინასწარ მომზადების პრაქტიკა თავისუფლებას და თავდაჯერებას ორივე შემთხვევაში გვანიჭებს.

ცნობილი ავტორი და სპიკერი საიმონ საინეკი, რომელიც მიიჩნევს, რომ ბუნებით  მორიდებულია თვლის რომ მისი, როგორც სპიკერის წარმატება შიშის გადალახვის, შეცდომებზე სწავლის და დაუღალავი პრაქტიკის შედეგია. ის პრეზენტატორებს ორ კატეგორიად ჰყოფს: “გამცემი” და “მიმღები”. სპიკერს, რომლის პრეზენტაციაც ცალსახად კომერციულ მიზანს ემსახურება, მალევე ცნობს აუდიტორია. ადამიანები, როგორც “სოციალური ცხოველები“ დისტანციაზეც ვხვდებით სპიკერის ჩანაფიქრს და ჩვეულებრივ ვენდობით “გამცემს“, მას ვინც ფასეულობას ქმნის, გვასწავლის, შთაგვაგონებს.

ბიზნეს კომუნიკაციის მნიშვნელოვანი ნაწილი პრეზენტაციის მომზადების ტექნიკაა, რომლის შესახებაც Business Insider  საინტერესო მონაცემებს აქვეყნებს:

  • სასურველია დროის 70% პრეზენტაციის წინასწარ სტრუქტურირებას დავუთმოთ. ციფრებით და ვიზუალური ელემენტებით 20%-ით გავზრდით მისი შინაარსის დამახსოვრების ალბათობას. პრეზენტაციის შემადგენელი ნაწილები მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ასე ფასდება აუდიტორიის მიერ: 7% შინაარსი, 38% პრეზენტატორის ხმა, 55% არავერბალური კომუნიკაცია.

არავერბალური კომუნიკაციის მნიშვნელობის ერთ-ერთი ცნობილი მაგალითი, ამერიკის ისტორიაში პირველი საპრეზიდენტო დებატებია, რომელიც 1960 წლის 26 სექტემბერს შედგა დემოკრატ სენატორ, ჯონ კენედისა და რესპუბლიკელ ვიცე პრეზიდენტ, რიჩარდ ნიქსონს შორის. დებატებს 70 მილიონი ამერიკელი ადევნებდა თვალყურს. მათი აზრით ვინც დებატები რადიოში მოისმინა ნიქსონმა გაიმარჯვა, ხოლო ვინც ტელევიზიით უყურა - კენედიმ. საბოლოო ჯამში კი ყველაფერი არავერბალური კომუნიკაციის ეფექტი აღმოჩნდა - კენედის დამაჯერებლობა, პირდაპირი მიმართვა კამერაში, თავისუფალი საუბრის სტილი, ვიზუალური მხარე (მაკიაჟი, რუჯი, რაც  “სიჯანსაღის“ განცდას ქმნიდა), მისი გამარჯვების წინაპირობა გახდა. ნიქსონი დებატების დღეს გადაღლილი, ფერმკრთალი იმიჯით არცთუ დამარწმუნებლად გამოიყურებოდა. ამერიკის ოცდამეთხუმეტე პრეზიდენტი, ჯონ კენედი, დღემდე ითვლება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ორატორად. მისი ცნობილი სიტყვა We Choose to Go to the Moon ამერიკელებისთვის მთვარეზე ექსპედიციის დაგეგმვის ერთ-ერთი მთავარი სტიმული აღმოჩნდა.

  • პრეზენტაციის წინ, ჩვენი მღელვარების 90% მომზადების ნაკლებობით არის გამოწვეული. სასურველია წინასწარ მოვახდინოთ ყველაზე უარესი სცენარის ვიზუალიზაცია და წარმოვიდგინოთ, როგორ მოვიქცეოდით ასეთ შემთხვევაში - “თავდაცვითი პესიმიზმი“ ადამიანებს ხშირად ეხმარება მღელვარების დაძლევასა და პრეზენტაციის უკეთესად წარდგენაში.
  • რეალურ ცხოვრებისეულ გამოწვევებზე და მათი გადალახვისთვის ბრძოლაზე გულწრფელი საუბარი მეტი ნდობით განაწყობს აუდიტორიას, ვიდრე სიტუაციის იდეალური წარმოჩენა.
  • დროის 40% სასურველია პრეზენტაციის წარდგენას დაეთმოს, 60% კი განხილვას.
  • აუდიტორია სამოქმედო ინსტრუქციის მოსმენას, ყოველთვის მათზე მორგებული დახმარების რჩევის მოსმენას ამჯობინებს.
  • პირველ შთაბეჭდილებას, პირველ 30 წამს, “აუდიტორიის ყურადღების დაჭერისთვის“  ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს.
  • კარგი პრეზენტაცია ფილმივითაა - მსმენელი საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილების პრეზენტაციის სთორისთან იდენტიფიცირებას უნდა ახდენდეს. რის შედაგადაც ჩნდება სპიკერის მიმღებლობის, აღიარების და ემპათიის განცდა.

 

წინა სტატია

მომავალი ეკუთვნის რევოლუციონერებს!
24 ივნისი, 2020

შემდეგი სტატია

რას ნიშნავს სერტიფიცირება პროექტების მართვაში
26 ივნისი, 2020
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
ახალი გათვლები
მენეჯერები | აგვ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker