როგორ გამდიდრდა ლარი ელისონი?

ლარი ელისონი სიმდიდრით მსოფლიოში მე-6 ადგილზეა, მისი ქონება 74 მილიარდ აშშ დოლარამდეა. ლარი ელისონის გამდიდრება კომპანია “Oracle“-ს უკავშირდება. 2012 წელს ელისონმა ჰავაის ერთ-ერთი კუნძული ლანაი შეიძინა 300 მლნ დოლარად, სადაც მდიდრული საცხოვრებელი და გასართობი სამყარო მოაწყო. ელისონს აქვს მსოფლიოში სიდიდით მე-4 იახტა, რომელიც 200 მლნ დოლარი ღირს.

     

ლარი ელისონი 1944 წელს აშშ-ში, ქალაქ ნიუ იორკში დაიბადა. დედა ებრაელი, მამა კი იტალიელი, თუმცა ისინი დაქორწინებული არ იყვნენ. ლარი 9 თვის იყო, როდესაც მწვავე პნევმონიით გახდა ავად. მარტოხელა დედა მიხვდა, რომ შვილის აღზრდა გაუჭირდებოდა და ჩიკაგოში ნათესავებს, ლილია ელისონს და ლუის ელისონს მიაშვილა. ლარიმ მათი გვარი მიიღო და ბიოლოგიური დედა 48 წელი აღარ უნახავს. მოგვიანებით ლარი ელისონი აღნიშნავდა, რომ ებრაელების ოჯახში აღზრდამ მას ინოვაციური სულისკვეთება გამოუმუშავა.

ლარი მათემატიკისა და მეცნერებების მიმართ განსაკუთრებული ინტერესით და ნიჭით 5 წლის ასაკიდან გამოირჩეოდა. უმაღლესი განათლება ილინოისის უნივერსიტეტში მიიღო  და მუშაობა კომპანია “Ampex“-ში დაიწყო პროგრამისტის თანამდებობაზე. “Ampex“-ში შექმნა დიდი მოცულობის მონაცემთა ბაზა, ამერიკული სპეცსამსახურებისთვის.

1977 წელს ელისონმა და რობერტ მინერმა კომპიუტერული უზრუნველყოფის ლაბორატორია შექმნეს (Software Development Laboratories - SDL). ელისონზე დიდი გავლენა მოახდინა IBM-ის ცნობილი პროგრამისტის დოქტორ კოდის შრომებმა, რაც ძირითადად მონაცემთა ბაზებს უკავშირდებოდა. ამავე წელს, ლარიმ და მისმა პარტნიორებმა მონაცემთა მართვის სისტემები შექმნეს. კომპანიის ერთ-ერთი პირველი მსხვილი კლიენტები აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ბაზა და ცენტრალური დაზვერვის სამმართველო იყვნენ.

1979 წელს კომპანია SDL-მა შექმნა მონაცემთა ბაზის პროგრამა, რომელიც SQL-ს (Structured Query Language) იყენებდა და ამ პროგრამას “Oracle“ ეწოდა. პროგრამა ძალიან სწრაფად გახდა პოპულარული. 1983 წლიდან კომპანიას “ Oracle Systems Corporation“ დაარქვეს, 1995 წლიდან კი “Oracle Corporation“ და დღემდე ასე ქვია.

1980-იანი წლების დასაწყისში კომპანიაში 10-მდე ადამიანი მუშაობდა, თუმცა მოგება მილიონ დოლარს აღწევდა. კომპანიის წარმატების პარალელურად, ლარი ელისონიც მდიდრდებოდა. 1986 წელს “Oracle Corporation“ საჯარო კომპანია გახდა, ანუ აქციები განათავსა. 1987 წელს უკვე მსოფლიოში ყველაზე დიდი კომპანია იყო მონაცემთა მართვის სექტორში. 1986 წელს ელისონი “ფორბსის“ ფურცლებზე გამოჩნდა, მაშინ მისი ქონება 185 მლნ დოლარი იყო.

1990-იანი წლების დასაწყისში აუდიტმა კომპანიაში ფინანსური დარღვევები აღმოაჩინა, კომპანიის აქციების ფასი მნიშვნელოვნად დაეცა. 1992 წელს ელისონმა კომპანიის მენეჯერები და მართვის სისტემა შეცვალა, რამაც “Oracle“-ს ფინანსური სიჯანსაღე დაუბრუნა.

     

“Oracle“ ერთ-ერთი პირველი კომპანია იყო, რომელმაც ინტერნეტზე მორგებული პროგრამები განავითარა. ელისონის ქონებამ მილიარდ დოლარს მიაღწია. 2000-იანების დასაწყისში კომპანიამ კონკურენტების შეძენა დაიწყო. ლარი სილიკონ ველიში ძალიან ცნობილი და დაფასებული პიროვნება გახდა. მას პატივს სცემდნენ, როგორც წარმატებების, ასევე მართვის სტილის გამო. 2005 წელს 8.5 მლნ დოლარის შემოსავალი ელისონმა მხოლოდ ხელფასის სახით მიიღო კომპანიისგან, ხოლო 2007 წელს მისმა ხელფასმა და ბონუსებმა ჯამში, 61 მლნ დოლარი შეადგინა.

2014 წელს ლარი ელისონმა “Oracle Corporation“-ის მთავარი აღმასრულებელი ოფიცრის (CEO) თანამდებობა დატოვა, თუმცა მთავარი ტექნოლოგიური ოფიცრის თანამდებობა დაიკავა.

2018 წელს ელისონმა “ტესლას“ 2%-მდე აქციები შეიძინა და კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა.

ლარი ელისონმა ოთხჯერ იქორწინა, თუმცა ამჟამად მეუღლე არ ჰყავს.

წინა სტატია

კანცლერ მერკელის ბოლო მისია
13 ივლისი, 2020

შემდეგი სტატია

ბლოგი ბიზნესსა და სამართალზე
16 ივლისი, 2020
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | ივლ, 20, 2020
ბათუმის ახალი პერსპექტივა
ბიზნესი | ივლ, 21, 2020
ყველაზე შემოსავლიანი აუდიტორული კომპანიები
რეიტინგი | ივლ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker