ბლოგი ბიზნესსა და სამართალზე

სერია 7: “სამედიცინო ბიზნესი?!“

გასულ უქმეებზე მცირე ველო-ტრავმით დამტოვეს რა კლინიკაში ექიმებმა და საკუთარმა ნეფროლოგმა დამ (დაჟინებული მოთხოვნით, დისტანციურად), ჩემი ფიქრი სწორედ ამ რიტორიკულმა კითხვამ წაიღო “სამედიცინო ბიზნესი?!“

და მერე წაიღო და წაიღო...

“ვფიცავ აპოლონ მკურნალსა, ასკლეპიოსსა, ჰიგიენასა და პანაცეას, და ყველა ღმერთსა და ქალღმერთსა, მოწმეებათ ვრაცხ რა მათ, რომ კეთილსინდისიერად, ჩემის ძალ-ღონისა და ჩემის მიხვედრილობის შესაბამისად აღვასრულო ქვემორე აღთქმა და წერილობითი ვალდებულება:

....

ჩემი ძალ ღონისა და მიხედულობის შესაბამისად მხოლოდ და მხოლოდ სასარგებლო  განწესება დაუდგინო ავადმყოფს და ავარიდო ყოველგვარ ვნების მიყენებას და უსამართლობას.

...

და მე განუხრელად შემსრულებლისა ფიცისა, ბედნიერება მხვდეს ცხოვრებაში და ჩემსა ხელოვნებაშიც, და მადიდონ კაცთა უკუნითი უკუნისამდე, ხოლო უკეთუ დავარღვიო ფიცი ანდა ცრუ აღთქმა დავდო, პირუკუ მომეგოს მე.”

ეს უძველესი ფიცი ჰიპოკრატემ, “მედიცინის მამამ“ დატოვა როგორც  საექიმო პროფესიის მორალური კოდექსი და დღემდე ახალგაზრდა ექიმები, სიმბოლურად, სწორად ამ ფიცის დადებით შედიან პროფესიაში.

დღეს, მაღალ მორალურ ღირებულებებზე დაფუძნებულმა სამედიცინო საქმიანობამ სამედიცინო ბიზნესის ფორმა მიიღო, რაც ცუდი სულაც არ არის. პირიქით, სწორი, ზომიერი და ეფექტიანი რეგულირების და ჯანსაღი კონკურენციის პირობებში სამედიცინო თუ სხვა ბიზნესის განვითარება გარდაუვალია. მოდუნებული რეგულირების პირობებში, ჩვენ, ადვოკატები, “ჩასაფრებულნი“  შევყურებთ სამედიცინო მუშაკებს, ვცდილობთ მათ შეცდომებში გავერკვეთ და დაზარალებულებს დავეხმაროთ მატერიალური, თუ მორალური ზიანის ანაზღაურებაში.

ამ თვალსაზრისით, გარდამტეხი აღმოჩნდა ქართულ სამოქალაქო სამართალსა და სასამართლო პრაქტიკაში, მკათათვის 19, 2018, სტრასბურგი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით, კანონმდებლობა მომჩივანს, დედას, არ აძლევდა არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას საექიმო შეცდომით შვილის გარდაცვალების გამო. უზენაესი სასამართლო, მათ შორის, აღნიშნავდა რომ სარჩელი არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ იყო მკაცრად პირადი[1], შესაბამისად, მომჩივანის სარჩელი წარუმატებლობისთვის იყო განწირული, ხოლო სასამართლო ამბობდა: "სადავოს არ წარმოადგენს ის, რომ მშობელს ადგება ზიანი ახალგაზრდა შვილის გარდაცვალების შემთხვევაში, მაგრამ ეს არ შეიძლება ანაზღაურდეს, იმის გათვალისწინებით, რომ ეს პირდაპირ არ არის განსაზღვრული მოქმედი კანონმდებლობით.“

საქმეზე “სარიშვილი-ბოლქვაძე საქართველოს წინააღმდეგ“,[2] სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებამ, ჩემი მასწავლებლის, პროფესორ ანგელიკა ნიუსბერგერის თავმჯდომარეობით, სრულიად შეცვალა ზემოთმოცემული პრაქტიკა.

მოკლედ რომ გითხრათ, საქმე ეხებოდა დედის საჩივარს, რომლის შვილიც დაიღუპა საექიმო შეცდომის გამო. ამასთან, ფიქსირდებოდა მკურნალობაში არალიცენზირებული ექიმების მონაწილეობა. დედამ, რომელიც უჩიოდა კლინიკას, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, საქართველოს სასამართლო სისტემაში მიაღწია მხოლოდ მატერიალური ზიანის, მაგრამ არა მორალური ზიანის ანაზღაურებას.

სტრასბურგში წასული დედა ჩიოდა, რომ საქართველოს მთავრობამ ვერ უზრუნველყო ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლით (სიცოცხლის უფლება) გათვალისწინებული "პოზიტიური ვალდებულების შესრულება მისი შვილის სიცოცხლის დასაცავად, კერძოდ, ვერ შეძლო ეროვნულ დონეზე ადეკვატური სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფა.“

სტრასბურგის სასამართლომ იმსჯელა რომ:

  • “სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების ფარგლები შეზღუდულია რეგულირების ვალდებულებით, რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა დააწესოს სამედიცინო დაწესებულებების ეფექტური რეგულირების მკაცრი ჩარჩო, მიუხედავად იმისა, ისინი კერძო სტრუქტურებია თუ სახელმწიფოს დაქვემდებარებაში იმყოფებიან, შეიმუშაოს შესაბამისი ზომები პაციენტის სიცოცხლის დასაცავად;
  • სახელმწიფოს პასუხისმგებლობა კონვენციის მე-2 მუხლის მატერიალური მხარის ფარგლებში შეიძლება ასევე დადგეს ჯანმრთელობის დაცვის მიმწოდებელთა ქმედებებისა თუ დარღვევების გამო, მხოლოდ ძალიან იშვიათ შემთხვევაში, მათ შორისაა, ...
  • ... საავადმყოფოს სერვისის სისტემური ან სტრუქტურული არასათანადო ფუნქციონირება პაციენტს ართმევს სიცოცხლის შენარჩუნებისთვის საჭირო სასწრაფო დახმარების მიღების შესაძლებლობას და ხელისუფლებამ იცის, ან უნდა იცოდეს, ამ რისკის შესახებ და ვერ უზრუნველყოფს საჭირო ზომების გატარებას ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, შესაბამისად, პაციენტების სიცოცხლეს, მათ შორის, კონკრეტული პაციენტის სიცოცხლესაც აყენებს საფრთხის ქვეშ.“

სტრასბურის სასამართლომ დაასკვნა, საქმეზე “სარიშვილი-ბოლქვაძე საქართველოს წინააღმდეგ“ ადგილი ჰქონდა სახელმწიფოს (მატერიალური) პოზიტიური ვალდებულებების დარღვევას, რადგან არ იყო უზრუნველყოფილი “მოქმედ რეგულაციებთან შესაბამისობა, რომლებიც, თავის მხრივ, შემუშავებული იყო პაციენტთა სიცოცხლის დასაცავად.“

ასევე, სასამართლომ დასძინა რომ დარღვეული უფლების აღდგენისთვის ხელმისაწვდომი სამართლებრივი დაცვის საშუალება, მათ შორის, მოიცავს არაქონებრივი ზიანის სათანადო ოდენობით ანაზღაურებას. შედეგად და იმის გათვალისწინებით, რომ ადგილობრივი სასამართლოს მიერ დადგენილი იყო მომჩივანის „უდავოდ“ განცდილი ფსიქოლოგიური სტრესი მისი ახალგაზრდა შვილის გარდაცვალების გამო, სტრასბურის საამართლომ დაადგინა რომ “უპირობო საკანონმდებლო შეზღუდვით მომჩივანს გაუმართლებლად წაერთვა შესაძლებლობა, სასამართლოს გზით მოეთხოვა კომპენსაციის მიღება არაქონებრივი ზიანის სანაცვლოდ, როგორც მისთვის ხელმისაწვდომი სამოქალაქოსამართლებრივი დაცვის საშუალება. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ვალდებულების დარღვევას.“

და ბოლოს, ამას წინათ, ჩემმა მეგობარმა და კოლეგამ, წარმატებით დაასრულა სამოქალაქო საქმე მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ და ერთ-ერთ კერძო კლინიკას, სადაც შვილებმა დედა საექიმო შეცდომის გამო დაკარგეს, დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება ასი ათასი ლარის ოდენობით.

[1] საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით “სამოქალაქო კოდექსი 413-ე მუხლის მე-2 პუნქტი შეეხებოდა მხოლოდ მსხვერპლის ჯანმრთელობისთვის მიყენებულ ზიანს და არ ვრცელდებოდა მისი ნათესავების მიერ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე მისი გარდაცვალების შემთხვევაში (საქმე Nას-593- 568-2016, სამოქალაქო საქმეთა პალატა, 2017 წლის 14 ივლისი).
 
[2] CASE OF SARISHVILI-BOLKVADZE v. GEORGIA (საჩივარი N 58240/08); ბლოგში მითითებული ტექსტი რომელიც მოცემულია ბრჭყალებში, წარმოადგენს ამონარიდს მითითებული საქმიდან.

წინა სტატია

როგორ გამდიდრდა ლარი ელისონი?
14 ივლისი, 2020

შემდეგი სტატია

Brief description of representative authority of the director and conflict of interest
16 ივლისი, 2020
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | ივლ, 20, 2020
ბათუმის ახალი პერსპექტივა
ბიზნესი | ივლ, 21, 2020
ყველაზე შემოსავლიანი აუდიტორული კომპანიები
რეიტინგი | ივლ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker