თურქეთის “ლურჯი სამშობლოს“ დოქტრინა მოქმედებაში

არცთუ ისე დიდი ხნის წინ, თურქეთის ნაციონალისტური განწყობების მქონე მაღალი რანგის სამხედრო პირებმა, ადმირალ ჯიჰათ იაიჯის თაოსნობით (რომელიც, სხვათაშორის, სულ ცოტა ხნის წინ გადადგა - როგორც ამბობენ, გავლენიანი ადმირალი შიდაუწყებრივ ინტრიგებს ემსხვერპლა) “ლურჯი სამშობლოს“ დოქტრინა შეიმუშავეს, რომელიც მიზნად ეგეოსის, შავ და ხმელთაშუა ზღვებში თურქეთის დომინირების გეგმის რეალიზებას ისახავს.

2019 წელს, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაეპ ერდოღანის მიერ “ლურჯი სამშობლოს“ დოქტრინის გახმიანებას საკმაოდ მძაფრი რეაგირება მოჰყვა საერთაშორისო თანამეგობრობიდან და სერიოზული მხარდაჭერა ქვეყნის შიგნით. რა თქმა უნდა, დოქტრინაში ასახული იდეების რეალიზება მნიშვნელოვანწილად საშინაო მოხმარების დატვირთვას ატარებს, მაგრამ  რეგიონული ძალთა ბალანსის გათვალისწინებით, თურქეთის პრეზიდენტის მტკიცე ნაბიჯები აღნიშნული იდეის განხორციელების თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.

თუ შავი ზღვის მიმართულებით თურქეთის ხელისუფლების აქტიურობა ტრაბზონის მიმდებარედ გაზის საბადოების ბურღვითა და თურქეთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო-საზღვაო წვრთნებით შემოიფარგლება (წვრთნები ასევე მიმდინარეობდა ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვებში), აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში, კვიპროსის მახლობლად მდებარე გაზის საბადოებზე თურქეთის მიერ გასულ წელს დაწყებულმა ბურღვითმა სამუშაოებმა (თურქული სამხედრო გემების მხრიდან უსაფრთხოების უზრუნველყოფით) ევროპელების სერიოზული შეშფოთება გამოიწვია. ევროკავშირის წევრი საბერძნეთისა და კვიპროსის ძალისხმევით თურქეთი ევროკავშირის კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. გასულ კვირას ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე (ევროპელი დიპლომატები პანდემიის დაწყებიდან პირველად შეიკრიბნენ ფიზიკურად) ყველაზე დიდი დრო თურქეთს და მის ქმედებებს დაეთმო. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ხოსეპ ბორელმა, ისევე როგორც თავმჯდომარე ქვეყნის გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა კვლავ  მოუწოდეს თურქეთს, შეწყვიტოს სამუშაოები და უარი თქვას ევროკავშირის წევრ-ქვეყნებთან ვითარების ესკალაციაზე. ბატონმა მაასმა ბოლო ვადაც კი დაასახელა სანქციების მიღებაზე გადაწყვეტილების მიღებისთვის. მისი თქმით, სექტემბრამდე თუ ვითარება არ განიმუხტება და თურქეთი განაგრძობს საერთაშორისო ხელშეკრულებების იგნორირებასა და უხეშად დარღვევას, ევროკავშირი აუცილებლად იმსჯელებს სანქციების შემოღებაზე.

რით პასუხობს მათ თურქეთი? როგორც “ლურჯი სამშობლოს“ დოქტრინიდან ჩანს, თურქეთი საერთოდ აღარ აპირებს პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ მიღებული საერთაშორისო შეთანხმებების აღიარებას და აცხადებს პრეტენზიას ძალიან დიდი ფართობის ტერიტორიებზე (ოჰ ეს წარსულის იმპერიული ამბიციები!!). კერძოდ, ნაცვლად ვითარების დეესკალაციისა, თურქეთის მიერ დაანონსებულმა გეგმებმა ბერძნული კუნძულების კრეტას და როდოსის მიმდებარედ ნავთობის საბადოების დამუშავების შესახებ კიდევ უფრო მეტად გაამძაფრა სიტუაცია და ექსპერტები თურქეთსა და საბერძნეთს  შორის შესაძლო ომზეც კი აალაპარაკა მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანი ნატო-ს წევრ-სახელმწიფოებს წარმოადგენს.

თურქეთის პრეზიდენტისთვის, დასახული მიზნის განხორციელების გზაზე ნატო-ს წევრ სახელმწიფოებთან დაძაბულობა რომ დაბრკოლებას შეიძლება არ წარმოადგენდეს, კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა, როდესაც ლიბიისთვის დაწესებული იარაღის ემბარგოს აღსრულების პროცესში ნატო-ს წევრ-სახელმწიფოსთან - საფრანგეთთან ხმელთაშუა ზღვაში ორი ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალებს შორის რამდენიმე საათის განმავლობაში არცთუ ისე მარტივი ურთიერთობების გარკვევა მიდიოდა.

ლიბიასთან მიმართებაში მნიშვნელოვანი იქნება ნატო-ს კიდევ ერთი წევრი სახელმწიფოს - იტალიის პოზიცია. ჩვენს მკითხველს მინდა შევახსენო, რომ 1911-1912 წლებში ლიბია იყო უკანასკნელი კოლონია, რომელიც იტალიასთან დამარცხების შემდეგ ოსმალეთის იმპერიამ დაკარგა. ტრიპოლიტანიას (ასე ეწოდება ლიბიის სამიდან ერთ-ერთ რეგიონს) ბედ-იღბალი როგორც ეკონომიკურ, ისე გეოპოლიტიკურ ჭრილში, რა თქმა უნდა, იტალიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდამდე იტალია პოზიციონირებდა, როგორც გაერო-ს მიერ აღიარებული ხელისუფლების მხარდამჭერი,  ეგვიპტის აქტიური ჩართვის გათვალისწინებით, მისი დამოკიდებულება დაპირისპირებული მხარეებისადმი სულ უფრო ბუნდოვანი ხდება. საკითხში სიღრმისეულად გარკვეული და რეგიონის მცოდნე პროფესიონალი ექსპერტების აზრით (მადლობა მათ), ლიბია, გარდა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის მარაგებისა და უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური მდებაროებისა, თურქეთისთვის ისტორიულ ჭრილშიც განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ამიტომ, ნაციონალისტურ და ისლამისტურ ძალებთან შეამხანაგებული მმართველი პარტია ლიბიაში (განსხვავებით სირიისგან) გავლენების აღდგენისთვის ყველაფერზე წამსვლელია, მ.შ. სრულმასშტაბიან ომზე ეგვიპტესთან.

მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2013 წელს ეგვიპტის სათავეში მყოფი სუნიტური ისლამისტური ორგანიზაცია “მუსლიმთა საძმოს“ არჩევნების გზით გამარჯვებული,  მოჰამედ მორსის ჩამოგდებით, რასაც ეგვიპტის მაშინდელი შეიარაღებული ძალების უფროსი და ამჟამად მოქმედი პრეზიდენტის, აბდულ ფათაჰ ალ სისი ხელმძღვანელობდა, თურქეთის ამბიციურ გეგმებს სერიოზული ზიანი მიადგა და კარდინალურად შეცვალა, ცხადია გაუარესებისკენ, თურქეთის დამოკიდებულება ეგვიპტის მიმართ. ალ სისის უკვე მიმართა დახმარების თხოვნით ნავთობით მდიდარ აღმოსავლეთ ნაწილში განლაგებულმა პარლამენტის ნაწილმა. ეგვიპტის პრეზიდენტმაც არ დააყოვნა პასუხი. მისი თქმით, ეგვიპტე არ აპირებს გულხელდაკრეფილი ჯდომას და თუ ალ სარაჯის მთავრობა დაუყოვნებლივ არ შეწყვეტს შეტევას სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი ქალაქის, სირთეს მიმართულებით და არ მიუჯდება მოლაპარაკების მაგიდას, ის აუცილებლად გაგზავნის სამხედროებს ლიბიაში.

თავის მხრივ, ოფიციალურმა ანკარამ არაკანონიერად შეაფასა ეგვიპტის პრეზიდენტისადმი გაგზავნილი თხოვნა და თავად დაიწყო დამატებითი ძალების შეყვანა ლიბიაში. გარდა 1500 თურქი ჯარისკაცისა, ლიბიის მთავრობის მხარეს 11 ათასი დაქირავებული სირიელი იბრძვის. მათ რიცხვს კიდევ 3500 მებრძოლი შეემატება უახლოეს პერიოდში. ამას თუ დავუმატებთ ლიბიაში მოქმედ თურქულ სამხედრო ავიაციასა და მრავალრიცხოვან დრონებს, უნდა ვივარაუდოთ, რომ სარაჯის მთავრობა (უფრო ზუსტად კი პრეზიდენტი ერდოღანი) არც კი ფიქრობს ხელი აიღოს სირთეს გათავისუფლების გეგმებზე.

თურქეთისთვის რომ ლიბია უმნიშვნელოვანესია იქიდანაც გამოჩნდა, რომ თურქულმა დრონებმა სულ რაღაც 1 თვის წინ გაანადგურეს რუსული “პანცირ“-ის ტიპის ჰაერსააწინააღმდეგო თავდაცვის რამდენიმე ერთეული და “კუდით ქვა ასროლინეს“ აწგანულებული პრეზიდენტ, პუტინის საყვარელი მზარეულის პრიგოჟინის კერძო სამხედრო კომპანიის “ვაგნერის“ დაქირავებულ მკვლელებს. სხვა რისი გაკეთება შეეძლოთ პრიგოჟინის “ბიჭებს“, თუ არა ტრიპოლის, მისი მიდამოების და აღმოსავლეთში მდებარე სირთეს ქუჩებისა და შემოგარენის დანაღმვა. ამ კონკრეტული მავნებლობის გამო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პრიგოჟინთან აფილირებული კიდევ 8 ორგანიზაცია და კერძო პირი შეიყვანა სანქციების სიაში (თავად პრიგოჟინი ისედაც სანქცირებულია ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან). ჰო, კიდევ “ვაგნერის ბოევიკებმა“ პრაქტიკულად ნავთობ-მომპოვებელი ინფრასტრუქტურის  პარალიზება მოახდინეს და ისედაც პანდემიისგან დაზარალებული და, შესაბამისად, ნავთობზე ფასების ვარდნით შერყეული ლიბიის ერთდროს აფრიკის კონტინენტზე ყველაზე ძლიერი ეკონომიკა, პრაქტიკულად კოლაფსის პირას მიიყვანეს.   

ასე და ამგვარად: თურქეთის “ლურჯი სამშობლოს“ დოქტრინა მოყვანილია მოქმედებაში. ვნახოთ, ვის როგორ გამოუვა, ხელი შეუშალოს პრეზიდენტ ერდოღანს მისი გეგმების აღსრულებაში. ცხადია, ჩვენი ქვენის მნიშვნელოვანი პარტნიორის, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საქმეში ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ მხარდამჭეს თურქეთს წინ სერიოზული გამოწვევები მოელის. იქნება თუ არა თურქეთის “ლურჯი სამშობლოს“ დოქტრინა? საკითხავი ახლა სწორედ ეს არის.

მშვიდობას გისურვებთ ყველას!             

წინა სტატია

როგორ გამდიდრდა კომპანია “British Petroleum“?
17 July, 2020

შემდეგი სტატია

როგორ გამდიდრდა კომპანია “ჰონდა“?
21 July, 2020
უნიკალური პროექტი გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტზე - “მაუნთინ რეზორტს სოლუშანსის“ წარმატების ისტორია
ინტერვიუ | Jan, 08, 2021
Life Without Limits
Forbes Georgia in English | Jan, 14, 2021
2021 წლის ყველაზე ძლიერი პასპორტები მსოფლიოში - რომელ ადგილზეა საქართველო?
ახალი ამბები ქართულად | Jan, 14, 2021
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker