როგორ გამდიდრდა კომპანია “ჰონდა“?

კომპანია “ჰონდამ“ 2019 წელს 137 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, მოგებამ კი 6 მილიარდ დოლარამდე შეადგინა. კომპანიის აქტივები 180 მილიარდი, საბაზრო კაპიტალიზაცია კი 45 მილიარდი დოლარია. 2019 წელს “ჰონდამ“ 5.3 მლნ ავტომობილი გაყიდა. გაყიდვების მიხედვით, “ჰონდა“ მსოფლიოში მე-7 ადგილზეა, იაპონიაში კი მესამეა “ტოიოტას“ და “ნისანის“ შემდეგ. კომპანია დღემდე ლიდერობს მსოფლიოში მოტოციკლების გაყიდვით, 2019 წელს 20 მლნ-ზე მეტი გაყიდა.

“ჰონდა“ ლეგენდარულ იაპონელ გამომგონებელ, სოიჩირო ჰონდას უკავშრდება. სოიჩირო ღარიბი იაპონური ოჯახიდან იყო და მუშაობის დაწყება ბავშობიდან მოუწია. მას სკოლაც კი არ დაუმთავრებია, 16 წლიდან ოკიოს ავტოსარემონტო სახელოსნოში შეგირდათ დაიწყო მუშაობა. 1928 წელს, როდესაც 22 წლის იყო, ცდილობდა ახალი გამოგონებები დაეპატენტებინა. ერთ-ერთი ასეთი იყო ავტომობილის ბორბლების ხის ჩხირების ლითონით ჩანაცვლება. ამავე წელს ავტომობილების და ველოსიპედების პირველი სარემონტო გახსნა.

                                      

ჰონდას სახელოსნო იზრდებოდა, მაგრამ ჯერ მეორე მსოფლიო ომმა დააზარალა და შემდეგ, 1945 წელს ძლიერმა მიწისძვრამ, სახელოსნო დაუნგრია. ამ დროს უკვე ავტომობილების დეტალებსაც აწარმოებდა და საწარმოდან რაც გადარჩა “ტოიოტას“ მიჰყიდა.

1946 წელს, სოიჩირო ჰონდამ 12 თანამშრომელთან ერთად 16 კვადრატულ მეტრ ფართობზე ველოსიპედების სახელოსნო გახსნა, რომელსაც 1946 წლიდან “ჰონდა“ ეწოდა. პირველი წარამტება კომპანიას წილად ხვდა, როდესაც ველოსიპედზე პატარა ძრავი დაამაგრა და პირველი მოტოციკლი შექმნა. ჰონდასთან ერთად კომპანიის დამაარსებლად ითვლება ტაკიო ფუძისავა, რომელსაც კორპორატიული მმართველობა და გაყიდვები ებარა, თავად სოიჩირო კი ტექნოლოგიურ განვითარებაზე იყო ორიენტირებული. მათ, კომპანია 1973 წლამდე მართეს, თუმცა კომპანიის საქმიანობაზე გავლენა სიკვდილის ბოლომდე ჰქონდათ.

          

1950 წელს “ჰონდამ“ ტოკიოში საქსოვი ქარხანა შეიძინა და მის ბაზაზე მოტოციკლების გამოშვება დაიწყო. 1951 წელს სერიულად გამოუშვა “Dream Type E“ მოტოციკლი, რომელიც 70 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებდა. 1953 წელს კიდევ 2 ახალი ქარხანა გახსნეს და კომპანიის აქციები ტოკიოს საფონდო ბირჟაზე გაიტანეს გასაყიდად. 1955 წლისთვის კომპანია უკვე რამდენიმე მოდელის მოტოციკლს უშვებდა და იაპონიაში მოტოციკლების წარმოებაში ლიდერი იყო. მისი მოტოციკლები იგებდნენ მოტორბოლებსაც.

            

1956 წლიდან, “ჰონდამ“ სიახლე შესთავაზა მომხმარებელს, ეს იყო ერთწლიანი გარანტია მის პროდუქციაზე.

1959 წელს, “ჰონდა“ მსოფლიოს ყველაზე მსხვილი მოტომწარმოებელი კომპანია ხდება და აშშ-ში აფუძნებს შვილობილ კომპანიას American Honda Motor-ს. 1960-იანი წლებიდან კი კომპანიის ფილიალები ევროპაშიც გამოჩნდა. 1961 წელს მილიონ ცალზე მეტი მოტოციკლი გამოუშვა.

“ჰონდას“ პირველი ავტომობილი 1963 წელს გამოვიდა, ეს იყო “T360“ - მცირე ზომის პიკაპი. შემდეგ კი პირველი სპორტული მოდელი “S500“ გამოუშვა. 1964 წელს კი “ჰონდას“ გუნდმა ფორმულა 1-ში მიიღო მონაწილეობა.

                   

“ჰონდას“ ერთ-ერთი წარმატებული და გაყიდვადი მოდელი აღმოჩნდა “Civic“, რომელიც 1972 წელს გამოუშვა.

1974 წელს, როდესაც მსოფლიოში ნავთობის კრიზისი იყო და ბენზინი რამდენიმეჯერ გაძვირდა, იაპონურმა ავტომწარმოებელმა კომპანიებმა წარმოების მოცულობის შემცირება და ავტომობილებზე ფასების ზრდა დაიწყეს. “ჰონდა“ პირიქით მოიქცა, წარმოება გაზარდა და ფასები შეამცირა, უფრო დაბალ მოგების მარჟაზე დაიწყო მუშაობა. ამ სვლამ გაამართლა. მაშინ, როცა “ტოიოტას“ და “ნისანის“ გაიყიდვები 40%-ით შემცირდა, “ჰონდასი“ 70%-ით გაიზარდა.

“ჰონდა“ პირველი იყო მსოფლიოში, რომელმაც 1981 წელს ავტომობილებში ნავიგაციის ტექნოლოგია დანერგა. 1982 წელს, კი პირველი იაპონური კომპანია გახდა, რომელიც ავტომობილებს აშშ-ში აწყობდა. 1986 წლიდან კი კომპანიამ მცირე ზომის თვითმფრინავების გამოშვება დაიწყო.

1988-1991 წლებში მაკლარენ-ჰონდას ბოლიდებს სახელი აირტონ სენამ გაუთქვა, რომელიც 3-ჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.

კომპანია “ჰონდას“ სიძლიერე მისი პროდუქციის ტექნიკურ ელეგანტურობაში და დიზაინში იყო. მან მოახერხა და იაპონურ გიგანტ კონკურენტებთან გვერდით დაიმკვიდრა ადგილი.

1990-იანი წლებიდან, “ჰონდას“ მოტოციკლების წლიურმა გაყიდვებმა 3 მილიონს გადააჭარბა, მანქანებისამ კი მილიონს. სოიჩირო ჰონდა 1991 წელს გარდაიცვალა.

2014 წელს, “ჰონდას“ გამოშვებულმა მოტოციკლების ჯამურმა რაოდენობამ 300 მლნ შეადგინა. 2016 წლისთვის კი 100 მლნ ავტომობილი ჰყავდა გამოშვებული.

2005 წელს, კომპანიის შემოსავალი 78 მილიარდი დოლარი იყო, რომელიც მომდევნო 15 წელიწადში თითქმის გაორმაგდა.  

შემოსავლების დაახლოებით 6%-ს (8 მილიარდ დოლარამდე) კომპანია ყოველწლიურად კვლევებში და განვითარებაში (R&D) ხარჯავს, რაც კომპანიის წარმატების და პოზიციების შენარჩუნების მთავარი გარანტიაა.

წინა სტატია

თურქეთის “ლურჯი სამშობლოს“ დოქტრინა მოქმედებაში
20 ივლისი, 2020

შემდეგი სტატია

ესსე ელიტურ კორუფციაზე
22 ივლისი, 2020
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | ივლ, 20, 2020
ბათუმის ახალი პერსპექტივა
ბიზნესი | ივლ, 21, 2020
ყველაზე შემოსავლიანი აუდიტორული კომპანიები
რეიტინგი | ივლ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker