ბლოგი ბიზნესსა და სამართალზე

სერია 8: მართლმსაჯულება და ეკონომიკის განვითარება.

   “people want to know under what circumstances and how far they will run the risk of coming against what is so much stronger than themselves, and hence it becomes a business to find out when this danger is to be feared. The object of our study, then, is prediction, the prediction of the incidence of the public force through the instrumentality of the courts.”

                                                                                                                                                  Justice Holmes / Oliver Wendell Holmes

პროლოგი

სწრაფი, ხარისხიანი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულება ქვეყნის ეკონიმიკის განვითარების მნიშვნელოვანი გარანტია. ეს ყველაზე კარგად ორ მომენტში გამოჩნდება ხოლმე, ერთი, გადაწყვეტილების მიღებისას მოვკიდოთ თუ არა ხელი ამა თუ იმ საქმეს? შევიდეთ თუ არა ჩვენი საქმით ამა თუ იმ ქვეყანაში? ღირს თუ არა აქ, ახლა, ამ ბაზარზე საქმის წამოწყება? ინოვაციის შეტანა, დანერგვა? და მეორე, რეცესიისას, როგორ გადავიტანოთ ეკონომიკური კრიზისი? დავასრულოთ საქმიანობა? თუ არის რეაბილიტაციის შესაძლებლობა? რა ბედი ელით კრედიტორებს? თანამშრომლებს?

არაერთი გამოკითხვა ჩატარებულა ბიზნესთან შეკითხვით აქვს თუ არა მართლმსაჯულების კომპონენტს [მნიშვნელოვანი] როლი საქმის, ბიზნესის წამოწყების, წარმოების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას. ამ კითხვაზე, როგორც წესი, პასუხი ერთია და ის, როგორც წესი, დადებითია და მისი როლი გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანია. ბიზნესს სურს წინასწარ იყოს გათვლადი, გარდა იმისა თუ როგორია ადგილობრივი კანონმდებლობა, როგორია სასამართლო და მისი პრაქტიკა, არის თუ არა ის ერთგვაროვანი? არის თუ არა სასამართლო დამოუკიდებელი, სწრაფი, ხარისხიანი? ბიზნესმა წინასწარ უნდა იცოდეს სავარაუდო სცენარი თუკი ვერ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები ან პირიქით დაურღვიეს ხელშეკრულება... რა მოთხოვნები შეიძლება არსებობდეს ან ჰქონდეს, კანონის ძალით ანდა ხელშეკრულების საფუძველზე?..

ამიტომაც ბიზნესის თვალი მუდმივად მიპყრობილია მართლმსაჯულების მიმართულებით...

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (ეთგო, OECD) 2013 წელს ჩატარებული კვლევის საფუძველზე წერდა კარგი სამოქალაქო მართლმსაჯულების მნიშნელობაზე, რომელიც ხელს უწყობს ინვესტიციებს, კონკურენციას, ინოვაციას და ზოგადად, ზრდა-განვითარებას. ეთგო აღნიშნავდა, იქ, სადაც კარგად იმუშავა მართლმსაჯულებამ, საკუთრების უფლების და ხელშეკრულებათა აღსრულების თვალსაზრისთ, ამან გადამწყვეტი როლი ითამაშა ეკონომიკის განვითარებაში, თუმცა, ეს ყველა ქეყანამ ვერ შეძლო... [1]

ინდიანას უზენაესის სასამართლოს მოსამართლე Randall T. Shepard-ი თავის სტატიაში “მართლმსაჯულების როლი ეკონომიკურ კეთილდღეობაში“ აღნიშნავს აშშ-ს მართლმსაჯულების დამსახურებას ეკონომიკის განვითარებაში, განსაკუთრებით კი ეკონომიკური კრიზის დროს. მეტიც, ძალიან საინტერესო დაკვირვებას გვთავაზობს მოსამართლე და ამბობს, რომ სასამართლო ხელს უწყობს “ეკონომიკური ქცევის“ ჩამოყალიბებას, რაც, საბოლოოდ, საზოგადოებრივ კეთილდღეობას უწყობს ხელს.[2]

განსხვავებული აზრი

2020 წლის 10 აგვისტოს გამოქვეყნდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების - თეიმურაზ ტუღუშის, ირინე იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძის და თამაზ ცაბუტაშვილის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2020 წლის 30 ივლისის №3/1/1459,1491 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.[3]

საქმეზე საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, სადავო გახლდათ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის არჩევის წესი, კერძოდ, თუ რამდენად ეწინააღმდეგება არჩევის წესის შემადგენელი ნაწილები, დასაბუთების საჭიროების არ არსებობა, ფარული კენჭისყრა, პირველი, მეორე და მესამე კენჭისყრა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საჯარო თანამდებობის დაკავების უფლებას (საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტი), სამართლიან სასამართლოს უფლებას (საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი) და საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედ პრაქტიკას. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. თუმცა, ხმები გაიყო და საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხმა წევრმა დააფიქსირა განსხვავებული აზრი.

განსხვავებული აზრის მიხედვით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების განწესების წესი ეწინაღმდეგება კონსტიტუციას, ზემოთ მოყვანილ პუნქტებს, ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას. განსხვავებულ აზრში ხაზგასმულია: 

“საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლი მოითხოვს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის ისეთი სისტემის შექმნას, რომლის ფარგლებშიც, ერთი მხრივ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ექნება საკმარისი ბერკეტები კანდიდატთა 

  • კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის შესაფასებლად, მეორე მხრივ კი, გამოირიცხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების დაუსაბუთებლად, თვითმიზნურად მიღების შესაძლებლობა.“[4]
  • “უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცედურა, ერთი მხრივ, საბჭოს წევრებს არ უზრუნველყოფს კანდიდატთა სათანადოდ შერჩევისათვის საჭირო მექანიზმებით. მეორე მხრივ კი, საერთოდ არ შეიცავს გარანტიებს, რომელიც საბჭოს წევრების თვითნებობისა და მიუკერძოებლობისაგან დაიცავს შერჩევაში მონაწილე კანდიდატებს. პირველი კენჭისყრის პირობებში საბჭოს წევრებს ფაქტობრივად შეუძლიათ, სრულად საკუთარი სურვილით დააკომპლექტონ კანდიდატთა სია, რომლებიც შემდგომში აგრძელებენ კონკურსში მონაწილეობას. კვალიფიციური მონაწილეების გამოთიშვა შერჩევის პროცესიდან შესაძლებელია ისე მოხდეს, რომ მათ არც კი მოუსმინონ. ამავე დროს, პირველი კენჭისყრის შემდეგ ჩატარებული კანდიდატთა საჯარო მოსმენა და შეფასება ფორმალურ ხასიათს ატარებს და სამართლებრივ გავლენას არ ახდენს გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. საკითხის გადაწყვეტის თითოეულ ეტაპზე საბჭოს წევრებს მინიჭებული აქვთ დაახლოებით, ისეთივე თავისუფლება, როგორიც ამომრჩეველს საარჩევნო ურნასთან (რომელიც არჩევანში თავისუფალია და არავის წინაშე არ არის ანგარიშვალდებული). სადავო ნორმებით შექმნილი პროცედურა უგულებელყოფს დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლების განმახორციელებელი პირების ანგარიშვალდებულების პრინციპს და ფაქტობრივად არარად აქცევს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით დაცულ საქართველოს მოქალაქის უფლებას, დაიკავოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა.“[5]
  • “საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება მოითხოვს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა უზრუნველყოფდეს კონსტიტუციის მოთხოვნების შესაბამის მოსამართლეთა განწესებას და ამ პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობას.“[6]
  • “სადავო ნორმებით განსაზღვრული პროცედურა მისი ბუნდოვანების, გაუმჭვირვალობის, არათანმიმდევრულობისა და გადაწყვეტილების დასაბუთების არარსებობის გამო არ უზრუნველყოფს შერჩევის პროცესის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის ჩამოყალიბებას. უფრო მეტიც, პროცედურა აჩენს დასაბუთებულ კითხვებს საზოგადოებაში შერჩევის პროცესის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით.“[7]

და ბოლოს, აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველმა ფაქტობრივად “მოიგო“ საკონსტიტუციო დავა, რაც ეფუძნება შემდეგს: 

  • პლენუმის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედ პრაქტიკას, შესაბამისად, ახალი სტანდარტი მიღებული უნდა ყოფილიყო პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობით;
  • ხოლო, სახალხო დამცველის (№1459 და №1491) კონსტიტუციური სარჩელები, როგორც აღვნიშნეთ, არ დაკმაყოფილდა ხმების გაყოფის გამო;
  • შესაბამისად, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის მეორე პუნქტზე მითითებთ [8] განსხვავებული აზრის ავტორებმა, მოსამართლეებმა დასძინეს რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობასთან მიმართებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიდგომა და გადაწყვეტილების დასაბუთებულობის კონსტიტუციური სტანდარტი შეცვლილად არ უნდა ჩაითვალოს.“

 

ეპილოგი

მოსამართლე Shepard სვამს შეკითხვას “რა შეუძლიათ გააკეთონ სასამართლოებმა რათა ხელი შეუწყონ სამუშაო ადგილის შექმნას და შენარჩუნებას?“[9] პასუხსაც არ აყოვნებს და გვთავაზობს ჩამონათვალს, სადაც სამი ჭეშმარიტება ხვდება:

პირველი,  სასამართლო პრაქტიკის განჭვრეტადობა და ერთგვაროვნება, მეორე, სასამართლოს მიუკერძოებლობა და მესამე, დავის მოგვარება სასამართლოში სწრაფად და ნაკლები დანახარჯით. [10]

 

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------

[1] „საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის საოქმო ჩანაწერი/განჩინება, გადაწყვეტილება ან დასკვნა, რომელიც განსხვავდება საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკისაგან, მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობა“.
[2] “What can courts do to aid job creation and retention?” Randall T. Shepard „The Judiciary’s Role In Economic Prosperity“ https://mckinneylaw.iu.edu/ilr/pdf/vol44p987.pdf
[3] იხ. იქვე.
[4] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების - თეიმურაზ ტუღუშის, ირინე იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძის და თამაზ ცაბუტაშვილის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2020 წლის 30 ივლისის №3/1/1459,1491 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით [განსხვავებული აზრი], აბზაცი 35;
[5] განსხვავებული აზრი, აბზაცი 65
[6] განსხვავებული აზრი, აბზაცი 96
[7] განსხვავებული აზრი, აბზაცი 112;
[8] „Our courts contribute significantly to our economic growth, especially when compared to legal systems worldwide. Beyond the judiciary’s contribution to economic and political stability, we must focus on what courts can do to foster job creation. The answer is that courts must do what they do better, especially in hard economic times. Courts must maintain their independence and impartiality. They must lay down the clearest rules possible and then follow them in a predictable way so that businesses can plan their affairs. Courts must act quickly and diligently to resolve disputes. After all, courts do in fact change economic behaviour, and thus, courts must be sure to do their part to work with the other two branches—within the limits of the judicial role—to help build a more prosperous society.“
Randall T. Shepard „The Judiciary’s Role In Economic Prosperity“ https://mckinneylaw.iu.edu/ilr/pdf/vol44p987.pdf
[9] https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=9972&fbclid=IwAR0XY4AC6i4oesnVZBFJjHhx_6lmq87Lc98xFjIfCR6K8p7baP9lm2jCC70
[10]Better civil justice systems can boost investment, competition, innovation and growth ... Well-functioning judicial systems play a crucial role in determining economic performance – notably by guaranteeing the security of property rights and the enforcement of contracts – but not all countries’ judiciaries operate at the same level of efficiency.www.oecd.org/economy/betterciviljusticesystemscanboostinvestmentcompetitioninnovationandgrowthoecdsays.htm
 

წინა სტატია

Belarus Protests In Largest Numbers Yet: There Is No More Fear
18 August, 2020

შემდეგი სტატია

ახალი მიმართულება ავტოინდუსტრიაში და Tesla-ს სტანდარტი
21 August, 2020
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია
რეიტინგი | Oct, 01, 2020
ქართული სტარტაპების რეიტინგი მოზიდული ინვესტიციებით
რეიტინგი | Oct, 05, 2020
ყველაზე ცუდი გარიგება
მოსაზრება | Oct, 03, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker