ახალი მიმართულება ავტოინდუსტრიაში და Tesla-ს სტანდარტი

ავტო კომპანიები ახალი თაობის პროდუქტების წარმოებისთვის ემზადებიან, რომელიც უფრო მეტად იქნება დატვირთული პროგრამული უზრუნველყოფით. მომავლის ავტომობილს შეეძლება თქვენი მოსმენა, თვალების მოძრობის დაფიქსირება და  ჟესტების აღქმა მეტი კომფორტის შესაქმნელად, ასევე სხვა ავტომობილებთან კომუნიკაცია და ტემპერატურის, საცობის და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების გათვალისწინება მგზავრობისას. მაგალითისთვის Toyota-მ ხელი მოაწერა შეთანხმებას Microsoft-თან, რომლის მიხედვითაც მისი ბრენდის ავტომობილები ტელემატიკას პირდაპირ cloud ტექნოლოგიიდან მიიღებენ. სხვა დიდი კომპანიები როგორებიც არიან Google, IBM და Cisco ცდილობენ საკუთარი ადგილი დაიკავონ ავტოინდუსტრიაში.

სხვადასხვა ტიპის პროგრამული უზრუნველყოფა უკვე კარგად ნაცნობია თანამდროვე მომხმარებლისთვის, სმარტფონებისა და სხვა გაჯეტების ყოველდღიურად მოხმარებიდან გამომდინარე, სწორედ ამიტომ დღეს ავტო სფეროში კონკურენტული უპირატესობა უკვე პროგრამული უზრუნველყოფაა, ავტომობილების მწარმოებლებს ეს ესმით და ცდილობენ საკუთარი პროდუქცია თანამედროვე მომხმარებელს მოარგონ, რომელსაც ყველაფრის მართვა სმარტფონიდან შეუძლია, თუნდაც ავტომობილის დაქოქვა ან საწვავის დონის შემოწმება.

ზოგიერთი ელექტრო/ჰიბრიდული ტიპის მოდელს, მაგალითად Chevrolet Volt-ს, უკვე აქვს აპლიკაცია, რომლითაც შესაძლებელია ენერგიის დონის და სხვა დეტალების კონტროლი.

               

თუმცა, ყველაზე დიდი საკითხები რის გამოც ავტო მწარმოებლები ჯერჯერობით თავს იკავებენ პროგრამული უზრუნველყოფის სწრაფად ინტეგრირებისგან არის უსაფრთხოება, ყურადღება და კომპლექსურობა.

უსაფრთხოება. ავტომობილის სრულად პროგრამულ უზრუნველყოფაზე დამოკიდებულება შესაძლოა სარისკო იყოს, თუნდაც ერთი შემთხვევის არსებობა უკვე საკმარისია იმისთვის რომ ვიფიქროთ მზად ვართ თუ არა ამისთვის?  არავის სურს ავტომობილი მწყობრიდან გამოვიდეს 100კმ/სთ მოძრაობის დროს ავტოპილოტის რეჟიმში. ამავდროულად, რაც უფრო მეტი კოდის ხაზია დაწერილი, მით მეტია მისი გატეხვის და ავტომობილის მოპარვის ალბათობა.

ყურადღება. საჭესთან მჯდომი ადამიანისთვის ყურადღება საკმაოდ მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ გვაქვს უამრავი რეგულაცია მობილურ ტელეფონზე ლაპარაკთან დაკავშირებით. ავტომობილში სადაც შესაძლებელია სოციალურ ქსელებთან დაკავშირება და ნოტიფიკაციების მიღება, საკმაოდ დიდია ყურადღების გაფანტვის რისკი. წარმოიდგინეთ თქვენი ავტომობილი გთავაზობთ იმ ადგილზე წასვლას სადაც თქვენი მეგობრების უმეტესობა იმყოფება. თუმცა გვჭირდება თუ არა ასეთი დონის ყურადღების გადატანა საჭის კონტროლიდან სხვა რამეზე, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

კომპლექსურობა. პროგრამული უზრუნველყოფის ავტომობილში ინტეგრირება არც ისეთი მარტივი საქმეა, თუ გავიხსენებთ რომ დღევანდელი ავტომობილები 150-მდე პროგრამირებადი ნაწილისგან, საკმაოდ დიდი რაოდენობის ელექტრო გაყვანილობის, სენსორებისგან და მექანიკური ნაწილებისაგან შედგება, შესაძლოა კითხვაც კი გაგვიჩნდეს, საერთოდ როგორ დადიან ისინი?

               

ამ სირთულეების მიუხედავად, დღეს ერთ-ერთმა ყველაზე ინოვაციურმა კომპანიამ, Tesla-მ მაინც შეძლო ბაზარზე საკუთარი თავის გამორჩევა სწორედ ამ კუთხით. Tesla-ს ავტომობილებში პროგრამული უზრუნველყოფა საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული, მეტი თვალსაჩინოებისთვის ხაზი გავუსვათ მის ძირითად ფუნქციონალს:

  • კინოთეატრი - ტესლას მფლობელებს შეუძლიათ საკუთარი Netflix, Youtube, Hulu… ანგარიშები დაუკავშირონ ავტომობილს და ნებისმიერ ვიდეო მასალას გადაადგილებისას უყურონ.
  • “გამოძახება” - ტესლას ავტოპილოტის დახმარებით შესაძლებელია მისი “გამოძახება” რუკაზე ადგილის მონიშვნით, თქვენი ავტომობილი სწორედ იქ მოვა სადაც თქვენ იმყოფებით. (თუმცა არსებობს შეზღუდვა მანძილთან დაკავშირებით)
  • საკვები ობიექტები და ღირსშესანიშნავი ადგილები - თუ მოგშივდათ ან უბრალოდ საინტერესო ადგილას გსურთ წასვლა, ტესლას ავტომობილში ინტეგრირებული რუქა მოგცემთ საშუალებას დაათვალიეროთ თქვენთან ახლოს მდებარე საკვები ობიექტები და სხვადასხვა დაწესებულებები, მათი რეიტინგები, მისამართი, სამუშაო საათები, საკონტაქტო ნომერი და ა.შ. Ზუსტად ისე, როგორც ეს Google Maps-ის საშუალებით არის შესაძლებელი.
  • მუსიკა და აუდიო წიგნები - მუსიკის მოსმენა ავტომობილში ახალი ნამდვილად არ არის, თუმცა ამისთვის თქვენი Spotify-ს ანგარიშის გამოყენება კონკურენტული უპირატესობაა.
  • თამაშები და გართობა - თუ საცობში ხართ, მეგობარს ელოდებით ან უბრალოდ ისვენებთ შეგიძლიათ თამაშების ფართო არჩევნიდან ერთ-ერთი ამოარჩიოთ და დრო სახალისოდ გაიყვანოთ.
  • უსაფრთხოება და დისტანციური მართვა - ტესლას ავტომობილები ინახავენ ვიდეო ჩანაწერს მაშინაც კი როცა თქვენ მას არ იყენებთ, შესაბამისად მის გაქურდვასთან ან დაზიანებასთან დაკავშირებული რისკები მინიმალურია. გარდა ამისა, სპეციალური აპლიკაციის საშულებით შესაძლებელია ავტომობილის ტემპერატურის, ფანჯრების, ნათების კონტროლი და ა.შ.

მეტი თვალსაჩინოებისთვის შეგიძლიათ იხილოთ პრომო ვიდეო.

ამგვარად, ტესლამ შექმნა ერთგვარი სტანდარტი ავტომობილში პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებასთან დაკავშირებით, თუმცა ისეთი კომპანიებიც კი როგორიც BMW ან Mercedes-ია, რამდენიმე წლით ჩამორჩებიან ამგვარ განვითარებას.

წინა სტატია

ბლოგი ბიზნესსა და სამართალზე
19 აგვისტო, 2020

შემდეგი სტატია

Changes in Georgian VAT rules
22 აგვისტო, 2020
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker