როგორ გამდიდრდნენ ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი?

“გუგლის“ დამაარსებლები, ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები არიან. ლარი პეიჯის ქონება 71 მილიარდ დოლარს აღწევს და სიმდიდრით მსოფლიოში მე-10-ა. სერგეი ბრინი კი 69 მილიარდ დოლარს ფლობს და სიმდიდრით მსოფლიოში მე-11 ადგილზეა. ისინი ერთად კომპანია “ალფაბეტის“ (გუგლის მფლობელი კომპანია) 50%-ზე მეტ წილს ფლობენ.

ლარი პეიჯი 1973 წელს აშშ-ი, მიჩიგანის შტატში დაიბადა. დედა ებრაელი ჰყავს. ლარის მშობლები კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალისტები არიან. მამა მიჩიგანის უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერებების პროფესორი იყო. ლარიმ უმაღლესი საბაკალავრო განათლება კომპიუტერულ მეცნიერებებში, მიჩიგანის უნივერსიტეტში მიიღო, მაგისტრატურაში სტენფორდის უნივერსიტეტში სწავლობდა იგივე სპეციალობით. სტენფორდშივე მიიღო დოქტორის ხარისხი.

სერგეი ბრინიც, 1973 წელს დაიბადა, მოსკოვში. მისი ორივე მშობელი ებრაელი იყო. სერგეის მშობლები მათემატიკოსები იყვნენ. მოგვიანებით მამა, მერილენდის უნივერსიტეტის პროფესორი გახდა. 1979 წელს ბრინების ოჯახი, პოლონეთში და შემდეგ აშშ-ში გადავიდნენ საცხოვრებლად. სერგეიმ ბაკალავრის განათლება მერილენდის უნივერსიტეტში მიიღო კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალობით. შემდეგ სწავლა სტენფორდის უნივერსიტეტში გააგრძელა.

სწორედ სტენფორდის უნივერსიტეტში გაიცნეს ერთმანეთი 1996 წელს დოქტორანტებმა ლარი პეიჯმა და სერგეი ბრინმა. სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ფარგლებში მომავალ “გუგლზე“ დაიწყეს მუშაობა. მათთან ერთად იყო სკოტ ჰასანიც, რომელმაც “გუგლის“ კოდების უმეტესობა დაწერა, მაგრამ მან ჯერ კიდევ მანამდე დატოვა “გუგლის“ პროექტი, სანამ კომპანიად ჩამოყალიბდებოდა.

პირველ ეტაპზე შექმნეს ალგორითმი “PageRank“, რომელიც ვებსაიტებს შორის ურთიერთკავშირის ანალიტიკის საშუალებას იძლეოდა და ამის საფუძველზე ადგენდა ვებგვერდის მნიშვნელოვნებას. აღნიშნულ ალგორითმზე დაფუძნებულ საძიებო სისტემას “BackRub“ დაარქვეს. 1997 წელს აღნიშნულ საძიებო სისტემას სახელი გადაარქვეს და “Google“-ით შეცვალეს. ეს სახელი მომდინარეობს სიტყვა “Googol“-დან, რაც გამოხატავს რიცხვს, რომელიც 1-ის შემდეგ 100 ნულისგან შედგება.

“გუგლის“ ვებგვერდი 1997 წელს დარეგისტრირდა, კომპანია კი 1998 წლიდან. კომპანიის რეგისტრაციის და საქმიანობის ადგილი, პეიჯის და ბრინის მეგობრის გარაჟი იყო კალიფორნიაში. კომპანიაში პირველი ინვესტიცია 100 ათასი დოლარის ოდენობით 1998 წელსვე განხორციელდა “Sun Microsystems“-ის დამფუძნებლის, ენდი ბეჩტოლშეიმის მიერ. მას სხვა ინვესტორებიც შემოუერთდნენ, ერთ-ერთი იყო კომპანია “ამაზონი“. 1999 წლიდან “გუგლში“ სულ უფრო მეტი ინვესტორი დებს ფულს. გუგლმა რეკლამების გაყიდვა დაიწყო, რომელიც საძიებო სიტყვებთან იყო დაკავშირებული.

2003 წელს “გუგლმა“ დიდი ოფისი იქირავა “Silicon Graphics“-გან, რომელიც 3 წლის შემდეგ შეისყიდა კიდეც 319 მლნ დოლარად. ამ პრიოდში კომპანია და მისი საძიებო სისტემა იმდენად პოპულარულია, რომ ინგლისურ ენაში სიტყვა “გუგლი“, როგორც ზმნა ისე შემოდის. Oxford English Dictionary-ის განმარტებით ზმნა გუგლი ნიშნავს გუგლის საძიებო სისტემით ინტერნეტში ინფორმაციის მოპოვებას.

2004 წელს, “გუგლმა“ აქციების საჯაროდ განთავსება დაიწყო. 19,605,052 აქცია გამოიტანა გასაყიდად, აქციის ფასი 85 დოლარი იყო. აქციები ონლაინ აუქციონით გაიყიდა და “გუგლმა“ სანაცვლოდ 1.7 მილიარდი დოლარი მიიღო. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ კი 23 მილიარდი დოლარი შეადგინა. აღნიშნული ტრანზაქციით პეიჯის და ბრინის ქონება 10 მილიარდ დოლარს გადასცდა.

2015 წელს, კომპანიაში დიდი რეორგანიზაცია განხორციელდა. დაარსდა კომპანია “ალფაბეტი“, რომელიც გახდა “გუგლის“ და მასთან დაკავშირებული კომპანიების მფლობელი კომპანია. დღეს კომპანია უამრავ პროექტშია ჩართული და შემოსავლებიც სწრაფად ეზრდება.

“ალფაბეტის“ შემოსავალმა 2019 წელს, 162 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც მოგება 34 მილიარდი დოლარი იყო. კომპანიის აქტივები 276 მილიარდი დოლარია, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია ტრილიონ დოლარზე მეტი. სწორედ “ალფაბატის“ საბაზრო კაპიტალიზაციაზეა დამოკიდებული ლარი პეიჯის და სერგეი ბრინის სიმდიდრე, რადგან კომპანიის აქციების უმეტესობის მფლობელები არიან.

2019 წლის ბოლოს, ლარი პეიჯმა “ალფაბეტის“ აღმასრულებელი დირექტორის, ხოლო სერგეი ბრინმა კომპანიის პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა, თუმცა დირექტორთა საბჭოს წევრებად დარჩნენ.  კომპანიის მართვისგან ჩამოშორება მათ სხვა ამბიციურ პროექტებს უკავშირდება. აქტიურად არიან ჩართულები სივრცის შემსწავლელი კომპანიების საქმიანობაში, “მფრინავი მანქანების“ და მაღალტექნოლოგიური თვითმფრინავების შექმნაში.

წინა სტატია

ფეთქებადსაშიში ხმელთაშუა
07 სექტემბერი, 2020

შემდეგი სტატია

უმუშევრობა საქართველოს დასაქმების პოლიტიკის კვალდაკვალ
09 სექტემბერი, 2020
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker