"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში"

როგორ გამდიდრდა კომპანია Levi’s?

როგორ გამდიდრდა კომპანია Levi’s?

კომპანიამ Levi Strauss & Co 2019 წელს, 6 მილიარდ აშშ დოლარამდე შემოსავალი მიიღო, მოგებამ კი 300 მლნ დოლარი შეადგინა. კომპანიის აქტივები 3.5 მილიარდი, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია 5.5 მილიარდი დოლარია. დასაქმებული ჰყავს 15 ათასზე მეტი ადამიანი. მსოფლიოს მასშტაბით 2,800-მდე მაღაზია აქვს.

Levi Strauss & Co (Levi’s) ერთ-ერთი უძველესი კომპანიაა. 1853 წელს აშშ-ის ქალაქ სან ფრანცისკოში ებრაელმა ემიგრანტმა ლევი სტრაუსმა დააარსა. კომპანიის დაარსებას ოქროს ციებ-ცხელებას უკავშრებენ, რადგან ოქროს მაძიებლებს გამძლე ტანსაცმელი სჭირდებოდათ. სტრაუსი ვაჭარი იყო, რომელიც სან ფრანცისკოს პორტში ვაჭრობდა. ერთ დღეს, როდესაც ყველაფერი გაყიდა, გადაწყვიტა გემის იალქნებისგან შეეკერა ტანსაცმელი. იალქნების სქელი ნაჭრისგან დამზადებულმა შარვლებმა დიდი მოწონება დაიმსახურა და სწრაფად გაიყიდა. შარვალი 2 დოლარამდე ღირდა. ამის შემდეგ სტრაუსმა უმოქმედო 100-ობით გემიდან იალქნები იყიდა და მაღაზია გახსნა.

          

ნაჭერი, საიდანაც ლევი სტრაუსმა დღეს ჯინსის სახელით ცნობილი შარვლები შეკერა მე-16 საუკუნიდან არსებობდა. მისი დამსახურება სწორედ ტანსაცმელში გამოყენება იყო. ჯინსის შარვლები გამოირჩეოდა გამძლეობით და ბევრი ჯიბეებით, რაც პრაქტიკულია. სტრაუსის მთავარი პარტნიორი და გაყიდვების მენეჯერი მისი დის ქმარი დევიდ შტერმი გახდა.

კომპანიის ისტორიაში მნიშვნელოვანია 1872 წელი, როდესაც სტრაუსს ნევადადან ებრაელი ემიგრანტი, ჯეიკობ დევისი დაუკავშირდა და თანამშრომლობა შესთავაზა. დევისმა მოიგონა შარვლის ჯიბეების რკინის პატარა სამაგრები, რომლებიც დღეს ჯინსის განუყოფელი ნაწილია. ამ გამოგონების გამოყენებით ჯინსები კიდევ უფრო გამძლე გახდა. 1873 წელს 21 ათასი ჯინსი გაიყიდა. 1873 წლამდე ჯინსის მკერავები სახლებიდან მუშაობდნენ, მაგრამ მოთხოვნის ზრდის გამო მოუწიათ, ფაბრიკა გაეხსნათ და მკერავებს იქ ემუშავათ. ფაბრიკის მმართველი ჯეიკობ დევისი გახდა. ამავე პერიოდიდან ღია ლურჯი ხდება ჯინსის ფერი.

          

შეიძლება ითქვას, რომ Levi’s-ის ჯინსებმა ამერიკის დაპყრობა დაიწყო. 1886 წლიდან კომპანიამ შარვლებზე ტყავის ნაჭერზე გამოსახული კომპანიის ლოგოს დაკერება დაიწყო. თავდაპირველად ლოგოზე ცხენები იყო გამოსახული, რომლებიც ჯინსის შარვლის დახევას ცდილობენ. ამით მის გამძლეობაზე მიანიშნებდნენ. ჯინსი გახდა კოვბოების ტანსაცმელი, რაც მის პოპულარობას კიდევ უფრო ზრდიდა.

          

ლევი სტრაუსი 1902 წელს გარდაიცვალა, მაგრამ მისმა მემკვიდრეებმა კომპანიის წარმატებით მართვა განაგრძეს. 1912 წელს ჯინსის საბავშვო კომბინიზონები გამოვიდა.

1930-იანი წლების დიდი დეპრესია კომპანიამ იოლად გადაიტანა, რადგან მისი პროდუქცია სიიაფით გამოირჩეოდა და კრიზისის დროს მასზე მოთხოვნა არ შემცირებულა. მნიშვნელოვანი იყო 1936 წელი, როდესაც ჯინსის შარვლების მარჯვენა ჯიბეზე პატარა წითელი ეტიკეტი გამოჩნდა Levi’s წარწერით, რაც დღემდე ყველა მის პროდუქციას აქვს. სწორედ 30-იანი წლებიდან ჯინსის შარვალი აღარ იყო მხოლოდ მუშების, მაღაროელების და ღარიბი ადამიანების ტანსაცმელი.

მეორე მსოფლიო ომის დროს Levi’s-ის ფაბრიკები ჯარსაც უკერავდა ტანსაცმელს. 1960-იანი წლებიდან ჯინსის ნაჭრისგან დამზადებული ტანსაცმელი ქალებშიც გახდა პოპულარული. ეს ჯინსის ჟურნალ “ვოგის“ ფურცლებზე გამოჩენამაც განაპირობა. 1980-იანი წლებიდან კი ჯინსი მაღალ მოდაშიც გამოჩნდა.

1964 წელს Levi Strauss-ს 16 სამკერვალო ფაბრიკა ქონდა, 1974 წელს კი უკვე 63 ფაბრიკა აშშ-ში ქონდა, ხოლო 23 აშშ-ს გარეთ. კომპანია აშშ-ს საზღვრებს 1965 წლიდან გასცდა.

1980 წლენიდან ჯინსის ახალი ბრენდები გამოჩნდა, ბევრმა კომპანიამ დაიწყო ჯინსის ტანსაცმლის შეკერვა. ამან Levi’s-ის გაყიდვებზე უარყოფითად იმოქმედა და რამოდენიმე ქარხანა დახურა. 2000-იანების დასაწყისში კომპანია ზარალზე მუშაობდა და მოგებაზე 2007 წელს გავიდა. 2011 წლიდან კომპანიის წლიური შემოსავლები დასტაბილურდა 4-5 მილიარდი დოლარის ფარგლებში და 2019 წელს ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე გავიდა. კომპანია 6.6 მილიარდ დოლარად შეფასდა.

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა