ვარ ავსტრიული ეკონომიკური სკოლის მიმდევარი, ვმუშაობ სან დიეგოს უნივერსიტეტსა და ახალ ეკონომიკურ სკოლა - საქართველოში.

მინიმალური ხელფასი კვლავ 20 ლარია

მინიმალური ხელფასი კვლავ 20 ლარია

2020 წლის 10 სექტემბერს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მინიმალური ხელფასის ოდენობის 500 ლარით განსაზღვრის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო. შესაბამისად, ძალაში რჩება 1999 წლის N351 ბრძანება, რომლის მიხედვითაც მინიმალური ხელფასი კერძო სექტორში განსაზღვრულია 20 ლარის ოდენობით. კომიტეტის ამ გადაწყვეტილებას საზოგადოებაში არერთგავაროვენი შეფასებები მოჰყვა, გარკვეული ნაწილი შრომითი უფლებების დარღვევაზე საუბრობს, ნაწილს კი მინიმალური ხელფასის ზრდის შემთხვევაში შესაძლო გაზრდილი უმუშევრობა აფიქრებს, რადგან ეკონომკიმის მარტივი თეორიები ამბობს, რომ თუ პროდუქტის/მომსახურების ფასი იზრდება მაშინ ადამინები ცდილობენ, რომ უფრო მცირე რაოდენობით მოიხმარონ ეს პროდუქტი/მომსახურება. კონკურენტულ ბაზარზე ეს თეორია ძალიან კარგად მუშაობს, მაგრამ რა ხდება მაშინ როდესაც საკითხი ეხება შრომის ბაზარს და უშუალოდ ადამინს? ამ შემთხვევაშიც შეგვიძლია ვთქვათ რომ ბაზარი დაარეგულირებს შრომაზე მოთხოვნას, მიწოდებას და განსაზღვრავს წონასწორულ ფასს (ხელფასს)? რეალურად ეკონომისტებში ამ კითხვაზე შეჯერებული პასუხი არ არსებოს და ხშირად კამათი იდეოლოგიურ დაპირისპირებამდე მიდის. ამიტომ მნიშვნელოვანია საკითხს პრაქტიკული კუთხით შევხედოთ და გავითვალისწინოთ ის ეკონომიკურ-პოლიტიკური მდოგომარეობა რაც ქვეყნაშია და ამასთანავე არ უნდა დაგვავიწყდეს საერთაშორისო პრაქტიკა. მოკლედ, რას უნდა ველოდოთ მინიმალური ხელფასის ხელოვნურად  გაზრდის შემთხვევაში და როგორია საერთაშორისო გამოცდილება?

მინიმალური ხელფასის ეფექტიანობა რიგი სოციალურ-ეკონომიკური ინდიკატორებით იზომება. სოციალური  კუთხით არსებობს ნარატივი, რომ მინიმალური ხელფასის ზრდას გარკვეული დადებითი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს, ვინაიდან იგი სთავაზობს დასაქმებულს “ღირსეულ“ ანაზღაურებას, ამასთანავე არსებობს სტიმული, რომ მეტად ეფექტურად იმუშაოს ადამიანმა და მეტი დოვლათი შექმნას, მინიმალური ხელფასი უზრდის შემოსავალს დასაქმებულს და მას მეტი საშუალება, რესურსი უჩნდება, რაც საშუალებას აძლევს მეტი დაზოგოს, ანუ იზრდება ინვესტიციები, გაზრდილი მოხმარება კი ეკონომიკას უფრო აჯანსაღებს და ავითარებს. ამასთანავე მთავარი მიზანი მინიმალური ხელფასის გაზრდის არის სიღარიბის შესაძლო შემცირება, ვინაიდან შემოსავალი ეზრდებათ დაბალშემოსავლიან ოჯახებს. თუმცა ამ ყველაფერს თავისი „ფასი“ აქვს. როგორც პრაქტიკა აჩვენებს მინიმალურ ხელფასს ყველაზე ხშირად უკავშირებენ უმუშევრობის ზრდას, ვინაიდან როდესაც მინიმალური ხელფასი წონასწორულ ფასს აღემატება დამსაქმებლები ცდილობენ კონკრეტულ სამუშაოზე კადრები შეამცირონ, ან დასაქმებულს სამუშაო საათები გაუზარდონ და ა.შ. შესაბამისად, მინიმალური ხელფასის განსაზღვრის დროს პრობლემას ვაწყდებით, მაშინ როდესაც ის ბაზარზე არსებულ წონასწორულ ფასს აღემატება, ხოლო თუ წონასწორული ფასის ტოლი ან ნაკლებია ის საერთოდ არანაირ უკუეფექტს არ ახდენს შრომის ბაზარზე. საქართველოს შემთხვევაში, მოდი შევთანხმდეთ რომ თვეში 20 ლარად არავინ მუშაობს, არც 20 ლართან მიახლოებული ანაზღაურების სანაცვლოდ, ამიტომ მინიმალურ ხელფასს არანარი პრაქტიკული დანიშნულება არ აქვს. საყურადღებოა ისიც, რომ მინიმალური ხელფასი სამუშაო ბაზრიდან გამოდევნის ძირითადად ნაკლებკვალიფიციურ კადრს, რომელსაც, როგორც წესი, ახალგაზრდები წარმოადგენენ. ამასთანავე არსებობს ისეთი უკუეფექტებიც, როგორიცაა მცირე ბიზნესის განვითარების შენელება, მომატებული საფრთხე იმისა, რომ ბიზნესებმა თავი აარიდონ არაკანონიერი გზით რეგულაციას და სხვა.

მინიმალურ ხელფასზე არაერთი საერთაშორისო კვლევა არსებობს, თუმცა, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა ეკონომიკური კვლევის ეროვნული ბიუროს (National Bureau of Economic Research) მიერ 1993 წელს მომზადებული კვლევა “მინიმალური ხელფასი და უმუშევრობა, სწრაფი კვების ობიექტების მაგალითი ნიუჯერსსა და პენსილვანიაში“, ეს კვლევა მეტ-ნაკლებად წარმოდგენას გვაძლევს რამდენად კომპლექსური საკითხია მინიმალური ხელფასის ზრდა და მხოლოდ სოციალურ ჭრილში დანახვა დიდ შედეგს არ მოგვცემს. რეალურად კვლევა ასაბუთებს იმ აზრს რომ მინიმალური ხელფასის ზრდა უმუშევრობას არ იწვევს და აზრი გამყარებულია ორი შტატის მაგალითით, სადაც მინიმალური ხელფასის ზრდის შემდგომ დასაქმება უფრო გაიზარდა, თუმცა  იმავე კვლევაში, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ გაზრდილი დასაქმების პარალელურად გაიზარდა პროდუქციის ფასი და საბოლოოდ გაზრდილი მინიმალური ხელფასის ტვირთი დააწვა მომხმარებელს (David Card, 1993). შესაბამისად, ერთის მხრივ შესაძლოა ებრძოლო დაბალ შემოსავალს, მეორე მხრივ კი შეიძლება მიიღო გაზრდილი ფასები პროდუქტზე/მომსახურებაზე. 

ასევე საინტერესოა “მაკდონალდსის“ მაგალითიც, 2019 წლის 29 აპრილს, გამოქვეყნდა კვლევა სათაურით „როგორ უპასუხა/თავი გაართვა მაკდონალდსმა მინიმალური ხელფასის ზრდას?, კვლევა ითვალისწინებს “მაკდონალდსის“ ქცევაზე დაკვირვებას 2013-2018 წლებში მინიმალური ხელფასის ზრდის კვალდაკვალ.

როგორც გრაფიკიდან ჩანს (იხ.ფიგურა 1) 2013 წლიდან  კომპანიის შემოსავალი იზრდებოდა, მხოლოდ 2018 წელს წინა წელთან შედარებით შემოსავალი გაიზარდა 14%-ით, ასევე იზრდებოდა ობიექტების რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით, ხოლო კომპანიაში დასაქმებული ადამიანების რიცხვი თითქმის 50 %-ით შემცირდა. (Miltimore, 2019, April 29)

               

აქ მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ამერიკაში გაზრდილმა მინიმალურმა ხელფასმა გავლენა იქონია საქართველოს შრომის ბაზარზეც, ვინაიდან გარკვეული შრომა ავტომატიზირებული გახდა, მოხდა კადრების შემცირება, შეკვეთა უკვე შესაბამისი მოწყობილობით შეიძლება და ა.შ.

მინიმალური ხელფასის ზრდა, ასევე აფერხებს ინვესტიციების შემოდინებას და ამის საუკთესო მაგალითია კალიფორნიის და ტექსასის შემთხვევა, ტექსასში მინიმალური ხელფასი განსაზღვრულია საათში 7.25$ დოლარით, კალიფორნიაში კი 11-12$.  მიუხედავად იმისა, რომ კალიფორნია გამორჩეულია მულტინაციონალური კომპანიებით, სადაც მინიმალურ ხელფასზე გაცილებით მაღალი ანაზღაურება აქვთ, მაინც ხდება მცირე და საშუალო ბიზნესის გადასვლა კალიფორნიიდან ტექსასისკენ. ამიტომ ბოლო პერიოდში ტექსასის ეკონომიკის ზრდა გაცილებით დიდია ვიდრე კალიფორნიის.

საბოლოოდ, საქართველოს ეკონომიკურ შესაძლებლობებს თუ გავითვალისწინებთ მინიმალური ხელფასის გაზრდა უფრო დამაზარალებელი იქნება მოსახლებისვის, ვიდრე ხელისშემწყობი, განსაკუთრებით მათვის ვინც ძირითადად დასაქმებულია მსხვილ ვაჭრობაში, მომსახურების და საფეიქრო სექტორში, საბანკო-ფინანსური სექტორში, დისტრიბუციაში და ა.შ.  სადაც ანაზღაურება შედარებით დაბალია და ამასთანავე შრომაც მეტად ავტომატიზირებული. ვფიქრობ, გამოსავალი არის უშუალოდ კერძო სექტორის განვითარება და მეტი ინვესტიციების მოზიდვა, რაც ხელფასების ბუნებრივად ზრდას გამოიწვევს.

გააზიარე