"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში"

როგორ გამდიდრდა “ამაზონი“?

როგორ გამდიდრდა “ამაზონი“?

კომპანია “ამაზონი“ ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიებს შორის მე-3 ადგილზეა. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 1.5 ტრილიონი დოლარია და მხოლოდ “ეფლს“ და “ალფაბეტს“ (გუგლი) ჩამორჩება.

2019 წელს, “ამაზონმა“ 281 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო და შემოსავლების მიხედვით მსოფლიოში მე-9 ადგილი დაიკავა. ინტერნეტში მომუშავე კომპანიებს შორის კი, ყველაზე მაღალშემოსავლიანია. მოგებამ 12 მილიარდ დოლარამდე შეადგინა. მისი აქტივები 225 მილიარდი დოლარია და მილიონი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. დასაქმებულების რაოდენობით მსოფლიოში მე-4 ადგილი უჭირავს.

“ამაზონი“ 1994 წლის 5 ივლისს, ამერიკელმა კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალისტმა და ამავე დროს, უკვე ბიზნესმენმა, ჯეფ ბეზოსმა დაარსა საკუთარ ავტოფარეხში, ქალაქ სიეტლში. თავისი დანაზოგით და მშობლების დახმარებით, ჯეფმა “ამაზონში“ 300 ათასი დოლარის ინვესტიცია ჩადო, მიუხედავად იმისა, რომ ინვესტირების აზრით “ამაზონის“ გაკოტრების შანსი საკმაოდ მაღალი იყო.

თავიდან კომპანიას “კადაბრა“ ერქვა და წიგნების ონლაინ (ინტერნეტ) მაღაზია იყო. დახლოებით ერთ წელიწადში სახელი შეუცვალა და “ამაზონი“ დაარქვა. ონლაინ მაღაზიის პირველი თანამშრომელი პროგრამისტი, შელ კაფანი იყო. მომხმარებლებისთვის “ამაზონის“ ვებსაიტი 1995 წლის ივლისიდან გახდა ხელმისაწვდომი, მანამდე სატესტო რეჟიმში მუშაობდა. შეკვეთის დროს კარზე ზარი რეკდა და ერთ დღეს ეს ზარი ფაქტობრივად უწყვეტად გადაიქცა. კვირაში 20 000 დოლარის წიგნები იყიდებოდა. აშკარა იყო, რომ კომპანიას დიდი წარმატება ელოდა. გაყიდვების დაწყებიდან 1 წელიწადში, მთლიანად აშშ მოიცვა და ასევე, მსოფლიოს 45 ქვეყანაში მიაწოდა პროდუქცია. პირველივე წელს კომპანიამ ნახევარი მლნ დოლარის წიგნები გაყიდა და 8 მლნ დოლარი ინვესტიციები მოიზიდა.

“ამაზონი“ არამარტო მდიდრდებოდა, ფაქტობრივად ინტერნეტ (ონლაინ) მარკეტინგს უყრიდა საფუძველს. უამრავი სიახლე შემოქონდა გზადაგზა. მაგალითად, მომხმარებელთან უკუკავშირი, როდესაც შეძენილი ნივთის შემდეგ, მომხმარებელს აზრის გამოხატვა შეუძლია კომპანიის საიტზე. მანამდე წარმოუდგენელი იყო, რომ მომხმარებლისთვის ნეგატიური აზრის საჯაროდ დაფიქსირების საშუალება მიეცათ, თითქოს ეს სხვა მომხმარებლებს შეაშინებდა. თუმცა, პირიქით მოხდა. შეფასებების გამო ამაზონზე განთავსებული პროდუქციისადმი სანდოობა გაიზარდა.

“ამაზონის“ დაარსებიდან სამ წელიწადში კომპანიის აქციები საფონდო ბირჟაზე გაიყიდა. აქციების გაყიდვით კომპანიამ 57 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. აქციების გაყიდვის შედეგად, თავად ბეზოსი მილიონერი გახდა. 1999 წელს “თაიმსმა“ ბეზოსი წლის ადამიანად დაასახელა.

მალე “ამაზონს“ სხვებმაც მიბაძეს. იქმნებოდა ახალი საიტები, სადაც წიგნები იყიდებოდა. ამიტომ, 1998 წლიდან “ამაზონმა“ წიგნების გარდა სხვა ნივთებითაც დაიწყო ვაჭრობა. 1999 წელს კი ბეზოსი უკვე მილიარდერი გახდა.

2000 წელს, კომპანიამ ახალი ლოგო წარადგინა, სადაც სიტყვა ამაზონში “a“ და “z“ ასოები ისრითაა დაკავშირებული. ეს ასოები ინგლისური ანბანის პირველი და ბოლოა და მასში ჩადებულია ის შინაარსი, რომ ნებისმიერ ასოთი დაწყებულ პროდუქტს ნახავთ ამაზონზე.

2000 წლამდე კომპანიის მთელი მოგება განვითარებაში იდებოდა, რის გამოც ინვესტორები წუხდნენ კიდეც, რადგან შემოსავალს ვერ იღებდნენ. 2002 წელი “ამაზონისთვის“ რთული იყო, შეიძლება ითქვას გაკოტრების პირას გაიარა. თუმცა, კრიზისი მალე გადაიტანა და 2003 წელს 400 მლნ დოლარის მოგება ნახა.

2007 წელს, კომპანიამ ამაზონ ქინდლი გამოუშვა, პირველი ელექტრონული წიგნი. ასევე, გზადაგზა ყიდულობდა ინტერნეტ მარკეტინგში ჩართულ სხვადასხვა კომპანიებს.

კომაპანიის შემოსავალი სწრაფად იზრდობოდა. 2005 წელს 8.5 მილიარდი იყო, 2010 წელს კი უკვე 34 მილიარდი. 2015 წელს 107 მილიარდზე ავიდა. გასულ წელს 281 მილიარდზე და მიუხედავად მსოფლიოში არსებული კრიზისისა, არის მოლოდინი რომ წელს 300 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.

დღეს “ამაზონის“ მფლობელობაში 47 სუბსიდიარი კომპანიაა. ასევე, მის მფლობელობაშია “ვაშინგტონ პოსტი“. თავად ბეზოსი კი მსოფლიოს უმდიდრესი ადამინია – 180 მილიარდი აშშ დოლარის ქონებით, თუმცა ამჟამად “ამაზონის“ მხოლოდ 11%-ს ფლობს. 1994 წლიდან მოყოლებული ის უწყვეტად მართავს კომპანიას და დღესაც მისი აღმასრულებელი დირექტორია.

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა