სამართლის მაგისტრი, LLM, თსუ დოქტორანტი, ადვოკატი, იურიდიული ფირმა “ბიესეიჩ”-ის მმართველი პარტნიორი, ავტორი და წამყვანი გადაცემის "სამართლის საქმის კურსი", “თავისუფალი ბაზრის ადვოკატირების ორგანიზაციის“ (FreMa) აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე.

ბლოგი ბიზნესსა და სამართალზე

ბლოგი ბიზნესსა და სამართალზე

სერია 9: თეთრ ცხენზე ამხედრებული თეთრი სიის ოდისეა.

 

სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კვალიფიციურ მიმწოდებელთა რეესტრი, თეთრი სია, ყოველთვის იყო და იქნება ყურადღების ცენტრში. სიის მიმართ ისმოდა როგორც დაუმსახურებელი, ისე დამსახურებული კრიტიკა. კრიტიკა კი, მოგეხსენებათ, თავისთავად არ არის ცუდი, ის უკეთესობის მუხტს გვაძლევს და გვინერგავს.

თეთრი სია სათავეს იღებს საქართველოს კანონში სახელმწიფო შესყიდვების შესახებ. მას აწარმოებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო (სააგენტო) და ის განთავსებულია სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე. თეთრ სიაში აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ კვალიფიციურ მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებიც აკმაყოფილებენ ამავე სიაში რეგისტრაციისათვის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ კრიტერიუმებს. თეთრი სიის რჩეულნი კი სარგებლობენ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული გამარტივებული პროცედურებით, ძირითადად კი შემდეგით:

  • თავისუფლდებიან სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის ვალდებულებისაგან, იმისდა მიუხედავად, ითვალისწინებს თუ არა სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაცია სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის მოთხოვნას;
  • წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენენ წინასწარ გადასახდელი თანხის ნახევარი ოდენობის გარანტიას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად;
  • ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოთხოვნის შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენენ მოთხოვნილი ოდენობის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ნახევარს.

სრულიად ნათელია რომ თეთრი სია მნიშვნელოვნად უმარტივებს რჩეულებს სახელმწიფო ტენდერის დროს როგორც რიგი საკითხების ადმინისტრირებას, ასევე, აძლევს საშუალებას დაზოგოს, როგორც ადამიანური, ისე ფულადი რესურსი. შესაბამისად, საიტერესოა რჩეულთა ნუსხაში ჩაწერის კრიტერიუმები, რომელიც ნებისმიერი მიმწოდებლისთვის შემდეგია:

  • თეთრ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის დღისათვის უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა რეგისტრირებული შავ სიაში;
  • თეთრ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის დღისათვის უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში არ მიუღია გაფრთხილება შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად;
  • თეთრ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის დღისათვის არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში;
  • თეთრ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის პერიოდისათვის მის მიმართ არ მიმდინარეობს რეორგანიზაციის/ლიკვიდაციის/გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • თეთრ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის პერიოდისათვის სხვადასხვა შემსყიდველი ორგანიზაციისაგან მიღებული აქვს არანაკლებ ორი ცნობა მის მიერ უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებით (ხელშეკრულების ღირებულება არ უნდა შეადგენდეს 5 000 ლარზე ნაკლებს) ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი შესრულების შესახებ.
  • მიმწოდებელი (მის წარმომადგენლობაზე/ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი ყველა პირი) არ არის ნასამართლევი (ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული აქვს) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე–182-ე მუხლებით, XXVI თავით (დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ), XXVII თავით (დანაშაული ფულად-საკრედიტო სისტემაში), XXVIII თავით (დანაშაული საფინანსო საქმიანობის სფეროში), XXIX (დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ), 2231, 2241, 3222, 339-ე, 3391 და 362-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის;
  • თეთრ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის დღისთვის უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში აქვს არანაკლებ 1 000 000 ლარის საერთო ბრუნვა, მაგრამ ბოლო წლის განმავლობაში არანაკლებ 200 000 ლარისა ან ჯეროვნად აქვს შესრულებული თეთრ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის დღისთვის უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ არანაკლებ 20  ხელშეკრულება, მაგრამ ბოლო წლის განმავლობაში არანაკლებ 5 ხელშეკრულებისა. ამასთან, სისტემაში ხელშეკრულებას მინიჭებული უნდა ჰქონდეს სტატუსი „შესრულებული ხელშეკრულება“, ატვირთული უნდა იყოს შესრულებული ვალდებულებების მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი და ასახული უნდა იყოს ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია;
  • მიმწოდებელს თეთრ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის პერიოდისათვის არ გააჩნია დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე;
  • განახლებული აქვს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამონაწერი.

ერთი შეხედვით საკმაოდ მკაცრი, ზუსტი და კარგად ჩამოყალიბებული მოთხოვნებია. თუმცა, ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. თუკი მეორედაც წავიკითხავთ ჩამონათვალს შევამჩნევთ ასეთ ერთობ უწყნარ და საჭირო ჩანაწერს: “მიმწოდებელს თეთრ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის პერიოდისათვის არ გააჩნია დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე.“ დავალიანების არ არსებობა კი დასტურდება საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ცნობით.

ჩანაწერის მიზნებისთვის არ აქვს მნიშვნელობა, დავალიანება აღიარებულია თუ არა, სადავოა თუ არა, 1 ლარია თუ 1 მილიონი ლარი? დანარჩენი თავად განსაჯეთ… გამონაკლისი კი რასაც ითვალისწინებდა სააგენტო გახლდათ:

  • არაღიარებული და სადავო “დარიცხვა“, რომელსაც არ ეთანხმება გადასახადის გადამხდელი, რაც ნიშნავს, იმას რომ გადასახადის გადამხდელი ასაჩივრებს მას და “დარიცხვა“ შესაძლოა გაანულოს სასამართლომ;
  • ასევე, საგადასახადო შეთანხმება, ვინაიდან, საგადასახადო შეთანხმებით, ხდება საგადასახდო დავალიანების აღიარება და განისაზღვრა გადახდის გრაფიკი, რითიც მისი ტრანსფორმირება ხდება სამომავლოდ, დროში გაწერილ, შესასრულებელ ვალდებულებად. შესაბამისად, მოცემულობა უტოლდება გადასახადის გადამხდელს, რომელმაც შესაძლოა დაარღვიოს ნებისმიერი საგადასახდო ვალდებულება, იქნება ეს დადეკლარირების თუ გადასახდის გადახდის, 1 ლარის თუ 1 მილიონის.

2020 წლის 8 აპრილს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულმა საქმეთა პალატამ, საქმეზე Nბს-22(კ-20) დაუშვებლად ცნო საკასაციო საჩივრის ავტორის საჩივარი და სამოტივაციო ნაწილში, სადაც მაინც შეეხო სააპელაციო სასამართლოს განმარტებას პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის მართლზომიერებაზე, რომელიც გამოწვეული იყო, სატენდერო მოთხოვნის შესაბამისად, ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის ცნობის არასრულფასოვნად წარდგენით, მათ შორის და სხვათაშორის, თქვა რომ “…თუმცა არასაგადასახადო მიზნებისათვის სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავებში საგადასახადო დავალიანების ცნება ერთიანია და არარელევანტურია მისი გამიჯვნა… ამდენად, დავალიანების არარსებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნად განსაზღვრა ემსახურება ამგვარი რისკისგან დაზღვევასა და ნაკისრი ვალდებულების სათანადოდ, ჯეროვნად და დროულად შესრულების უზრუნველყოფას. ხოლო კომპანიის პირადი აღრიცხვის ბარათზე საგადასახადო დავალიანების არსებობისას, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, მოკლებულია შესაძლებლობას შეამოწმოს დავალიანების ტიპი და მისი წარმოშობის მართლზომიერება ტიპი და მისი წარმოშობის მართლზომიერება.“

ძალიან მნიშვნელოვანია აქ აღინიშოს რომ საქმე ეხება უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის განჩინების სამოტივაციო ნაწილში განვითარებულ მსჯელობას, რომელიც თავის არისით უფრო არის  Obiter dictum და არა Ratio decidendi.

მეტიც, ნორმის განმარტების თვალსაზრისით, საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, მხოლოდ უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის სამართლებრივი შეფასებას (ნორმის განმარტება) აქვს სავალდებულო ძალა ყველა ინსტანციის საერთო სასამართლოებისათვის.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ერთ-ერთ საქმეზე, სადაც მიმწოდებლის რეგისტრაცია თეთრ სიაში ერთი შეხედვით უხარვეზოდ უნდა დასრულებულიყო, ვინაიდან მიმწოდებელი წლებია აკმაყოფილებს თეთრი სიის მოთხოვნებს და ამაყად იკავებს თეთრი სიის მოწინავე რიგებს, სასახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ სწორედ ზემოთმითითებული სასამართლოს მსჯელობის საფუძველზე უარი განუცხადა რეგისტრაციაზე.

აქ, არის ერთი საყურადღებო მომენტი, გამოდის რომ სააგენტომ არაკანონისმიერი საფუძვლით შეცვალა თეთრ სიაში რეგისტრაციის წესი. შესაბამისად, ჩნდება კითხვა აუქმებს სააგენტო თეთრ სიაში რეგისტრირებული პირების ნაფერებ სტატუს? შეეხება ეს თეთრი სიის ყველა მონაწილეს? ისიც გასათვალისწინებელია, რომ თეთრი სიის მხედრებს, კანონისმიერი ვალდებულება აქვთ ხუთი დღის ვადაში აცნობონ სააგენტოს თუკი მოთხოვნები, რომელსაც აკმაყოფილებდნენ შეიცვალა ან შეცვლილად ითვლება?!

ჩემი მოკრძალებული აზრით კი სააგენტოს ზემოთმოხმობილი უარი, გადაჭარბებულია. სიფრთხილეს და სიფრთხალეს შორის ხანდახან ზღვარი ვიწროა, მაგრამ რადგან ცოდნა სინათლეა, მოდით, გავანათოთ ეს გზაც!

მე კი იმედს ვიტოვებ, რომ უარის მიმღებნი არ დასჯერდებიან სააგენტოს ნაჩქარევ გადაწყვეტილებას და ცოდნით გაუნათებენ გზას სწორი და სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღების გზაზე.

 

გააზიარე