როგორ გამდიდრდა “ფერარი“?

2019 წელს, “ფერარი“-მ 4 მილიარდ აშშ დოლარამდე შემოსავალი მიიღო. კომპანიის აქტივები 5.5 მილიარდი დოლარია, საბაზრო კაპიტალიზაცია კი 45 მილიარდი დოლარი. დასაქმებული ჰყავს 4 200-მდე ადამიანი. “ფერარი“ ძვირადღირებული სპორტული მანქანების მწარმოებელი ყველაზე ცნობილი და პრესტიჟული ბრენდია.

“ფერარი“ 1939 წელს იტალიის ქალაქ, მოდენაში მოტო მრბოლელმა და მეწარმე, ენცო ფერარიმ დააარსა. ენცო ფერარიმ სპორტული კარიერა, Costruzioni Meccaniche Nazionali-ში დაიწყო. 1920 წელს კი Alfa Romeo-ს გუნდში გადავიდა, სადაც 1929 წელს საკუთარი გუნდი Scuderia Ferrari (ფერარის გუნდი) ჩამოაყალიბა, რომლის ლოგოდ უკანა ორ ფეხზე მდგარი ცხენი შეარჩია. მოგვიანებით ენცო Alfa Romeo-ს სპორტული მანქანების მწარმოებელი განყოფილების ხელმძღვანელი გახდა.

1939 წელს ენცომ, Alfa Romeo  დატოვა იმ პირობით, რომ სახელ “ფერარის“ 4 წელი არ გამოიყენებდა წარმოებაში ან ავტორბოლაში. მალევე კომპანია Auto Avio Costruzioni დააფუძნა, რომელიც ავტომობილის ნაწილებს აწარმოებდა. 1940 წელს, პირველი სპორტული ავტომობილი Auto Avio Costruzioni 815 გამოუშვა. 1943 წელს, წარმოება ქალაქ მარანელოში გადაიტანა. 1944 წელს ქარხანა დაიბომბა, მაგრამ ომის დასრულების შემდეგ მალევე აღდგა წარმოება.

1947 წლიდან ავტომობილის წარმოება უკვე “ფერარის“ ბრენდით იწყება. პირველი ავტომობილი “ფერარის“ ლოგოთი იყო “125S“. ამავე წელს აღნიშნულმა ავტომობილმა ავტორბოლაში მიიღო მონაწილეობა. 1950 წელს კი მონაკოს გრან პრი-ში იასპარეზა. 1951 და 1952 წლებში “ფერარიმ“ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.

სპორტში მიღწეულმა წარმატებამ იმდენად გაუთქვა კომპანიას სახელი, რომ 1956 წლიდან ავტომობილების სერიული წარმოება დაიწყო. პირველი სერიული ავტომობილი იყო “ 375 America“. 1957 წელს, კომპანიას სახელი შეეცვალა და Auto Costruzioni Ferrari გახდა. 1960 წლიდან “ფერარი“ საჯარო კომპანია გახდა. 1960-იან წლებში კომპანიის მენეჯმენტში შიდა დაპირისპირება დაიწყო და რამოდენიმე წამყვანმა ფიგურამ დატოვა კომპანია. სპორტში მიღწეულ წარმატებებს ფინანსური წარმატებები ვერ უბამდა მხარს და 1969 წელს კომპანია “ფერარის“ 50% იტალიურმა კომპანია “ფიატმა“ იყიდა. აღნიშნული ტრანზაქციით “ფერარიმ“ განვითარებისთვის მნიშვნელოვანი მოცულობის ინვესტიციები მიიღო.

1971 წლის დასაწყისში, ავტორბოლების ლიდერი “პორშე“ გახდა. “ფერარი“ ფორმულა 1-ზე ფოკუსირდა, სადაც მალე მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა 1975 და 1977 წლებში, მრბოლელი ნიკი ლაუდა იყო. 1980-იან წლები კომპანიისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან 2 მთავარი მრბოლელი დაეღუპა. 1988 წელს, ენცო ფერარი გარდაიცვალა. “ფიატმა“ მისი წილი შეისყიდა და საბოლოოდ 90%-ის მფლობელი გახდა. ენცო ფერარის სიცოცხლეში გამოშვებული ბოლო მოდელი F40 იყო.

“ფერარის“ ახალი აღმასვლა 1996 წელს დაიწყო, როდესაც კომპანიის სპორტული დირექტორი, ჯინ ტოდტი გახდა და გუნდს 2 გზის მსოფლიო ჩემპიონი მრბოლელი, მიხაელ შუმახერი შეუერთდა. 2000-2004 წლებში “ფერარიმ“ და შუმახერმა ზედიზედ ხუთჯერ მოიგეს მსოფლიო თასი.

2002 წელს “ფიატმა“ “ფერარის“ 34% იტალიურ სანვესტიციო ბანკს მიჰყიდა 775 მლნ ევროდ. 2014 წელს “ფერარი“ “ფიატს“ გამოეყო და დღეს მისი აქციების 67% საჯაროდ არის გაყიდული, 10%-ს ენცო ფერარის შვილი, პიერო ფერარი ფლობს, ხოლო 23%-ს ჰოლანდიური ჰოლდინგური კომპანია “ექსორი“.

დღეს კომპანია სხვადასხვა აქსესუარებსაც (ტანსაცმელი, ქუდები, სუნამო და ა.შ) აწარმოებს, მაგრამ შემოსავლების 70%-ზე მეტი მანქანების გაყიდვაზე მოდის. 2019 წელს 10 ათასზე მეტი მანქანა გაყიდა. ეს რეკორდული მაჩვენებელია. 1947 წელს კომპანიამ 3 მანქანის გამოშვებით დაიწყო და წლიურად 1000 მანქანის წარმოებას 1971 წელს მიაღწია.

წინა სტატია

ყარაბაღის იდლიბიზაცია?!
05 ოქტომბერი, 2020

შემდეგი სტატია

სახელმწიფო ბიუჯეტი და ფულის ხარჯვის 4 გზა
07 ოქტომბერი, 2020
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია
რეიტინგი | ოქტ, 01, 2020
ქართული სტარტაპების რეიტინგი მოზიდული ინვესტიციებით
რეიტინგი | ოქტ, 05, 2020
ყველაზე ცუდი გარიგება
მოსაზრება | ოქტ, 03, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker