მარიამი პროექტების მენეჯერი, ფორბსის ბლოგერი და კონტრიბუტორია. მისი კვლევითი ინტერესებია მდგარდი ეკონომიკური განვითარება, სტრატეგიული მენეჯმენტი, ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიური და ინოვაციური პროდუქტების მართვა საჯარო და კორპორატიულ დონეზე.

როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი სახელმწიფოების განვითარების ვექტორს

როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი სახელმწიფოების განვითარების ვექტორს

უკვე დიდი ხანია პოლიტიკური აქტორები თავიანთი სტრატეგიული მიზნების მისაღწევად იყენებენ არსებულ, თანამედროვე ტექნოლოგიებს. სამწუხაროდ, პოლიტიკაში მოღვაწე ინდივიდების მიერ არსებული მეთოდების გამოყენება ყოველთვის არ არის უწყინარი პროცესი. რიგი, ძალაუფლების მაძიებელი და არაჯანსაღი ამბიციებით მოტივირებული სახელმწიფოების მიერ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებამ შესაძლოა, მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნას დემოკრატიულ ქვეყნებსა და მათ მოსახლეობას, გამომდინარე იქიდან, რომ  ხელოვნური ინტელექტის არაავტორიზებულმა და არარეგულირებულმა გამოყენებამ შესაძლოა, ნეგატიური გავლენა მოახდინოს და დააზარალოს ადამიანთა პირადი სივრცე, დამოუკიდებლობა და თავისუფლების ხარისხი. ეს ყოველივე, რა თქმა უნდა, იმ შემთხვეაში თუ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების რეგულაციები არ შემუშავდა გლობალურ დონეზე.

რა არის ხელოვნური ინტელექტი, იგივე AI?

ხელოვნური ინტელექტი, მარტივად რომ განვმარტოთ, არის მანქანური ინტელექტი, რომელიც განსხვავდება ადამიანურის ან ცხოველურისგან. შესაბამისად, შესაძლებლობები რომელიც აკუმულირდება სხვადასხვა ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფს საშუალებით შესაძლოა, თავისუფლად, აღიწეროს, როგორც ხელოვნური ინტელექტი, რომელიც, თავის მხრივ, ამორფულ მდგომარეობაშია, თუმცა არსებობს ღრმა რწმენა მისი განუსაზღვრელი პოტენციალისა და შესაძლებლობების შესახებ. დღესდღეისობით, პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მსოფლიო საზოგადოებას ჯერ კიდევ არ გააჩნია ბერკეტები, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს ხელოვნური ინტელექტის გლობალურ დონეზე რეგულირება. თავისი შინაარსით ხელოვნური ინტელექტი ჭეშმარიტად გლობალური პროდუქტია, ვინაიდან მისი გავლენა სცდება კონკრეტულ ადამიანთა ჯგუფს და ახდენს მსოფლიო პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური გარემოს ალტერაციას.

ხელოვნური ინტელქტის იმპლემენტაცია არჩევნებში და კემბრიჯ ანალიტიკას“ სკანდალი

შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნური ინტელექტი უკვე დიდი ხანია წარმატებით გამოიყენება არჩევნების პროცესებში და პოლიტიკური კამპანიების დაგეგმვისა და განხორციელებისას. ერთ-ერთი გახმაურებული ამბავი, რომელიც არჩევნებში ციფრული ტექნოლოგიების არაკანონიერ გამოყენებას უკავშირდება იყო ბრიტანული, პოლიტიკური საკონსულტაციო კომპანიის “კემბრიჯ ანალიტიკას“ ჩართულობა 2016 წლის ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც, იმ დროისთვის, კამპანიის წარმართვასთან დაკავშირებულ კონუსლტაციებს უწევდა რესპუბლიკურ პარტიას. ციფრული ტექნოლოგიების უკანონოდ გამოყენება კი იმას გულისხმობდა, რომ კომპანიამ წინასწარ შემუშავებული 120 კითხვიანი ტესტის საშუალებით, მოიპოვა ასი ათასობით მომხმარებლის პირადი ინფორმაცია და შეიმუშავა მათი ზუსტი, ფსიქოლოგიური პროფილი,  რომელიც შესაბამისი ალგორითმის საშუალებით გავრცელდა ამერიკელი ამომრჩევლის აბსოლიტურ უმრავლესობაზე. აღნიშნული ინფორმაციის დამუშავებით “კემბრიჯ ანალიტიკას“ საშუალება მიეცა ჩამოეყალიბებინა ამომრჩეველთა კატეგორიები და თითოეული, მედიაში გავრცელებული პოსტის მოდიფიცირება მოეხდინა იმგვარად, რომელიც მათთვის სასურველ და წინასწარ დაგეგმილ გავლენას იქონიებდა კონრეტულ სამიზნე ჯგუფზე. უნდა აღინიშნოს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის მიწურულს გამოძიებამ აღარ დაადგინა კომპანიის მიერ მიღებული მონაცემების ინტენსიური გამოყენება, თუმცა “კემბრიჯ ანალიტიკას“ თანამშრომელთა გუნდი ბოლომდე დარჩა საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის მედია მენეჯმენტის რანგში. ყურადსაღებია, რომ მათ მიერ შემუშავებული სტრატეგია ძალიან ჰგავდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 1960-იან წლებში საბჭოთა კავშირის არმიაში განვითარებულ “რეფლექსური კონტროლის თეორიას“.

როგორ შეერწყა საბჭოთა სამხედრო თეორიები ხელოვნურ ინტელექტს

“ელექტრონული მედიის ინტენსიურმა ზრდამ უმნიშნველოვანესი გახადა ნიუსების გადაცემა და იქცა ერთ-ერთ ყველაზე საშიშ იარაღად, რომელსაც შეუძლია საზოგადოების მანიპულირება“ – ვლადიმერ პუტინი.

ამერიკის შეერთებლ შტატებში კარგად იციან თუ როგორ ებრძვის პუტინის ხელისუფლება ლიბერალურ ღირებულებებს და როგორ აქვს დასახული დასავლური – ევროკავშირისა და აშშ-ს მიმართ რწმენის დაკარგვა და მათთვის ძალაუფლების წართმევა. თავის მხრივ, შეერთებული შტატები მუდმივ რეჟიმში მუშაობს რუსული საიდუმლო სამსახურების გამოვლენასა  და მათი გავლენის შემცირებაზე. აღნიშნულის ფარგლებში კალიფორნიის გუბერნატორის ოფისმა გავლენიან “რენდის“ კვლევით ინსტიტუტს დაუკვეთა შასაბამისი სამუშაოების ჩატარება, რომლის მიზანიც იყო რუსული სტრატეგიების გამოვლენა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით ამერიკის და მისი პარტნიორების საზოგადოებებში მანიპულირებისთვის გამოიყენებოდა.

კვლევებმა აჩვენა, რომ თანამედროვე ტექნოლოგებისა და საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით რუსული სააგენტოები მიზანში იღებენ ადამიანებს, რომლებსაც რადიკალური შეხედულებები უფიქსირდებათ. “რეფლექსური კონტროლის თეორია“ გულისხმობს, რომ საზოგადოება აზრობრივად უნდა გაიხლიჩოს ორ ნაწილად: ჩვენ და სხვები, რის ნიადგაზეც ღვივდება კონფლიქტები,  უნდობლობა შესაბამისი დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ და იქნმება სოცალური ქაოსი. უფრო კონკრეტულად, აღნიშნული ტაქტიკა გამოყენებული იქნა 2016 წლის ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნების დროს, სადაც ჰილარი კლინტონის მიმართ წარიმართა უნდობლობის კამპანია, ხოლო აფრკელ-ამერიკელებთან მიმართებაში გამოყენებული იქნა მიდგომები, რომლის მიხედვითაც მათ უნდა დაჰკარგვოდათ არჩევნებში მონაწილეობის მიღების სურვილი, რამაც საბოლოო ჯამში მოახდინა კიდეც არჩევნების შედეგებზე გავლენა.

მიუხედავად იმის, რომ უკვე მიმდინარეობს შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფაზე მუშაობა, რომელიც, ავტომატურ რეჟიმში, სოციალურ მედიაში შეამოწმებს არასწორად გავრცელებულ ფაქტობრივ ინფორმაციას, მისი მახასიათებლები და შესაძლებლობები შორის არის სრულყოფილებისგან. შესაბამისად საუკეთესო გამოსავალი, ხელოვნური ინტელექტის ერთი კონკრეტული მიმართულების – ციფრული მედიის დარგში ნეგატიური ეფეტქებისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებაა მოსახლეობასთან, განსაკუთრებით რადიკალურად განწყობილ მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაცია, სწორი ინფორმაციის მიწოდება და საზოგადოების დარწმუნებაა, რომ ერთნიკური, რელიგიური, სექსულაური თუ სხვა მახასათებლების მიხედვით განსხვავების მიუხედავად, არსებობს ერთიანობა და საბოლოო ჯამში, თითოეულ ჯგუფს სურს მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება, და უკეთეს გარემოში ცხოვრება, რაც ქაოსის, შეიარაღებული დაპრისპირებისა და საზოგადოებაში დაძაბული ურთიერთობებით არ მიიღწევა.

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა