"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში"

როგორ გამდიდრდა “პანასონიკი“?

როგორ გამდიდრდა “პანასონიკი“?

კომპანია “პანასონიკი“ ტექნიკის მწარმოებელ იაპონურ კომპანიებს შორის შემოსავლების მიხედვით მესამე ადგილზეა. მას მხოლოდ “სონი“ და “ჰიტაჩი“ უსწრებს. 2019 წელს “პანასონიკმა“ 75 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, მოგებამ 3 მილიარდ დოლარამდე შეადგინა. კომპანიის აქტივები 60 მილიარდ დოლარამდეა, საბაზრო კაპიტალიზაცია კი 20 მილიარდ დოლარამდეა. დასაქმებული ჰყავს 274 ათასამდე ადამიანი.

“პანასონიკი“ 1918 წელს, ქალაქ ოსაკაში 24 წლის იაპონელმა კონოსუკე მაცუშიტამ დაარსა, რომელსაც თავიდან  “Matsushita Electric“ დაარქვა. საკუთარი ბიზნესის დაწყებამდე მაცუშიტა ტექნიკის მაღაზიაში მუშაობდა და გარკვეულ მარტივ დეტალებს თავისი ხელითაც ამზადებდა. “Matsushita Electric“-ში თავიდან სამნი მუშაობდნენ, თავად მაცუშიტა, მისი 22 წლის ცოლი და 15 წლის ცოლის ძმა. თავიდან ჩამრთველებს, ნათურებს და ნათურების ბუდეებს აწარმოებდნენ. წარმოებაში ყოველთვის სიახლის შემოტანას და მაღალი ხარისხის შენარჩუნებას ცდილობდნენ. წლის ბოლოს კომპანიაში უკვე 20 ადამიანი მუშაობდა.

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, იაპონიის ეკონომიკა სწრაფად იზრდებოდა, შესაბამისად კომპანიების ზრდისთვისაც კარგი პერიოდი იყო. 2 წელი “Matsushita Electric“  შეკვეთებზე მუშაობდა, 1920 წლიდან კი რეგულარული წარმოება დაიწყო. 1922 წელს უკვე კომპანიამ 230 კვადრატულ მეტრზე პირვლი მცირე ქარხანა გახსნა, სადაც 50 ადამიანი მუშაობდა. 1923 წლიდან ელემენტებზე მომუშავე ველოსიპედების ფარნის წარმოება დაიწყო, რომელიც კარგად იყიდებოდა. 1927 წლიდან პროდუქციას ელექტრო უთო შეემატა, 1931 წლიდან კი რადიოების წარმოება დაიწყო. პროდუქიის ჩამონათვალის და ბრუნვის ზრდამ ტოკიოში სავაჭრო ფილიალის გახსნა განაპირობა.

მეორე მსოფლიო ომის დროს, კომპანიამ წარმოება შეაჩერა, რამოდენიმე საწარმო გაუნადგურდა კიდეც. ომის შემდეგ, როდესაც იაპონიაში ეკონომიკური ბუმი დაიწყო, წარმოება განაახლა. ძირითადად რადიოებს, ტელევიზორებს და ველოსიპედებს აწარმოებდა. 1947 წელს კომპანია დატოვა კონოსუკე მაცუშიტას ერთ-ერთმა პირველმა თანამშრომელმა, მისმა ცოლის ძმამ ტოშიო ლუმ და თავისი კომპანია “სანიო“ დაარსა, რომელიც “Matsushita Electric“-ის კონკურენტი გახდა. თუმცა, მოგვიანებით, 2009 წელს “პანასონიკმა“  “სანიო“ სრულად შემოიერთა.

1951 წელს, მაცუშიტამ აშშ-ში იმოგზაურა იქაური წარმოების სანახავად და გაოცდა, თუ რამდენად ჩამორჩებოდა იაპონია აშშ-ს. შემდეგ ევროპაში იმოგზაურა და უკან იდეებით დაბურნდა. ამ იდეებიდან ერთ-ერთი იყო სარეცხი მანქანების წარმოების დაწყება. 1952 წელს კი, “ფილიპსთან“ თანამშრომლობით 17 ინჩიანი ტელევიზორო გამოუშვა.

1953 წელს, კომპანიამ ტექნოლოგიური კვლევების ლაბორატორია შექმნა და ამავე წელს მაცივრების და ბლენდერების წარმოება დაიწყო.

ბრენდი “პანასონიკი“ 1956 წელს შეიქმნა და “Matsushita Electric“-ის უმეტესი პროდუქცია ამ ბრენდის სახელით გამოდიოდა. 1950-იან წლებში “პანასონიკის“ პროდუქცია უკვე აშშ-ში იყიდებოდა, ხოლო ევროპაში 1960-იანი წლებიდან შევიდა.

1961 წელს, კონოსუკე მაცუშიტამ კომპანიის მმართველობა მის შვილს გადააბარა, რომელმაც “პანასონიკი“ 16 წელი საკმაოდ წარმატებულად მართა, განსაკუთრებით საერთაშორისო ბაზრებზე ექსპანსიის კუთხით. 1960-იანი წლებიდან, კომპანიამ ქარხნების სხვა ქვეყნებში აშენებაც დაიწყო.

1980-იან წლებში, კომპანიის ბრუნვა უკვე მილიარდ დოლარამდე გახდა. ძირითადი გამორჩეული პროდუქტი, აუდიო ტექნიკა, ვიდეო მაგნიტოფონები და ფერადი ტელევიზორები იყო. 1990 წელს, ამერიკული კომპანია “Universal Pictures“ იყიდა 6 მილიარდ დოლარად. ეს იყო პასუხი იმაზე, რომ მისმა კონკურენტმა “სონიმ“ “Columbia Pictures“ შეისყიდა.

1990-იანი წლები ციფრული ტექნიკის სწრაფად განვითარებით გამოირჩოდა. “პანასონიკი“ აქტიურად ჩაერთო ახალ ერაში და მეტიც, ტრადიციულად, ინოვაციებიც მრავლად ჰქონდა.

ხარისხი და ინოვაცია  – ეს იყო კომპანიის გამდიდრების მთავარი მიზეზი.

კომპანიას, მისი ძირითადი ბრენდის “პანასონიკის“ სახელი 2008 წლიდან ჰქვია. მისი სრული სახელწოდება “Panasonic Corporation“-ია.

2010-იან წლებში, სამხრეთ კორეული და ჩინური ბრენდებისგან კონკურენციის ზრდის მიუხედავად, “პანასონიკმა“ 75 მილიარდ დოლარამდე წლიური შემოსავალი შეინარჩუნა.

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა