დიდი (გა)დალაგების პირველი მერცხლები ახლო აღმოსავლეთში

არავინ იცის, როგორ დასრულდება საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ე.წ. „აბრაჰამის შეთანხმებებით“ ახლო აღმოსავლეთში რომ სრულიად ახალ, ძალიან მნიშვნელოვანი (გა)დალაგების პროცესებს ჩაეყარა საფუძველი, ამას ვერც ვერავინ უარყოფს და აწი ვერც ვეღარავინ შეაჩერებს. ერთ თვეზე ოდნავ მეტი გავიდა თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის, ისრაელის პრემიერ მინისტრ ბენჯამინ ნეთანიაჰუს, არაბთა გაერთაინებული საემიროების საგარეო საქმეთა მინისტრის აბდულა ბინ ზაედ ალ ნაჰაიანის და ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრის აბდულატიფ ბინ რაშიდ ალ ზაიანის მიერ ისტორიული შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ და დღეს უკვე ძალიან კონკრეტული ნაბიჯები იდგმება ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების და სატრანსპორტო კომუნიკაციების უსწრაფესად განვითარების მიმართულებით.

დონალდ ტრამპის და მისი ადმინისტრაციისთვის ისრაელსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზება უმნიშვნელოვანესი იყო რამდენიმე მიზეზით. ცხადია, წინასაარჩევნოდ, როდესაც თითოეულ ხმას შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს,დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ძალიან კმაყოფილები არიან, რომ პრაქტიკულად უკვე ყოველდღიურ რეჟიმში მშვენიერი სიახლეები მოდის თეთრ სახლში სპარსეთის ყურიდან. ეს ხომ კიდევ დამატებითი ხმებია დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ყულაბაში. მაგალითად, ისრაელში 300 ათასამდე ორმაგი მოქალაქეობის მქონე ამომრჩეველია, რომელიც ხმას მისცემს ამერიკის შეერთებული შტატების მომავალ პრეზიდენტს. შეიძლება ეს ბევრი არაა, მაგრამ არც უმნიშვნელოა. ის შეემატება აშშ-ში მცხოვრებ ებრაელთა დიდი და ძალიან გავლენიანი დიასპორის მილიონობით ხმებს; ისევე როგორც ირანელების ხმებს, რომლებიც ათწლეულებია ამერიკაში ემიგრირდნენ და მხარს უჭერენ იმ პრეზიდენტს, რომელიც დაასრულებს ან მაქსიმალურ წნეხს განახორციელებს ირანის ფაქტიურ მმართველ აიათოლების ხელისუფლებაზე. ამ მხრივ, დონალდ ტრამპს ნამდვილად ქვს სერიოზული უპირატესობა. მიუხედავად იმისა, რომ ის გამოვიდა 2015 წლის ირანთან მიღწეული ბირთვული შეთანხმებიდან, დონალდ ტრამპმა სერიოზული დარტყმები მიაყენა ირანის ეკონომიკას მაქსიმალური წნეხის პოლიტიკის გატარებით და ირანის ხელისუფლებას წერტილოვანი დარტყმებით (გენერალ სოლეიმანისა თუ სხვა გავლენიანი ირანელი ოფიციალური პირების და მათ დაქვემდებარებაში მყოფი ექსტრემისტული ორგანიზაციების ლიდერების განადგურებით). აშშ-ს პრეზიდენტი ახლაც განაგრძობს ირანის სხვადასხვა ოფიციალური პირების და, რაც მთავარია, სახელმწიფო ორგანოებისა და კომერციული ორგანიზაციების წინააღმდეგ სანქციების შემოღებას. ყველაზე ბოლოს სანქციების სიაში 18 ირანული კომერციული ბანკი მოხვდა. ეს ნამდვილად არ იქნება ბოლო სანქციები, თუმცა არის გარკვეული დაბრკოლებებიც ამ მიმართულებით. 2015 წლის ბირთვული შეთანხმების ნაწილი იყო ირანისთვის 2020 წელს შეიარაღების შესყიდვაზე გაერო-ს მიერ დაწესებული ემბარგოს მოხსნა. აშშ-ს ადმინისტრაციამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს შეთავაზა სანქციების განახლება, მაგრამ უშედეგოდ. გაფართოებული უშიშროების საბჭოს 15-ქვეყნიანი შემადგენლობიდან მხოლოდ 1 ქვეყანამ დაუჭირა მხარი აშშ-ს წარმომადგენლის ინიციატივას, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ თავი შეიკავეს, ხოლო რუსეთი და ჩინეთი წინააღმდეგი წავიდნენ. მიუხედავად ამისა, აშშ-ს ადმინისტრაცია განაგრძობს დამატებითი ზომების მიღებას, რათა ირანის მხრიდან მაქსიმალურად შეიზღუდოს რეგიონში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის მხარდაჭერა და ირანი, გამომდინარე უმძიმესი ეკონომიკური ვითარებიდან, იძულებული შეიქნას, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან უკვე აშშ-სთვის მისაღებ პირობებზე. სწორედ ირანის მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ მტკიცე კოალიციის შექმნის თვალსაზრისით არის უმნიშვნელოვანესი ის პროცესები, რომელსაც საფუძვლად დაედო „აბრაჰამის შეთანხმებები“.

18 ოქტომბერს ისრაელის მაღალი დონის დელეგაცია, უშიშროების საბჭოს მდივნის მეირ ბინ-შაბათის და საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური დირექტორი ალონ უშპიცის ხელმძღვანელობით, აშშ-ს ფინანსთა მდივნის სტივენ მნუჩინის და მისი დელეგაციის თანხლებით, ჩაფრინდნენ ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში და ხელი მოაწერეს კომუნიკეს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ. გარდა ამისა, გაფორმდა განზრახულობათა ოქმები ვაჭრობის, ტრანსპორტის და ტექნოლოგიების მიმართულებით. თავდაპირველად ჩარჩო ხელშეკრულების ხელმოწერა იგეგმებოდა, მაგრამ ბაჰრეინშიც არის გარკვეული წინააღმდეგობები ისრაელთან ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებით. საზოგადოების გარკვეულ ნაწილს მიაჩნია, რომ ვიდრე არ გაიყვანს ისრაელი ჯარებს მდ. იორდანეს დასავლეთ სანაპიროდან და არ მოგვარდება პალესტინის სახელმწიფოებრიობის საკითხი, მანამდე ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზება პალესტინისთვის „ზურგში დანის ჩარტყმას“ წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, ისრაელის დელეგაციის ვიზიტმა მაინც უაღრესად პოზიტიურ ატმოსფეროში ჩაიარა და მომავალი თანამშრომლობის კონკრეტული გეგმებიც დაისახა.

აშშ-ს ფინანსთა მდივანი სტივენ მნუჩინი ბაჰრეინიდან ემირატებში გაემგზვრა. 20 ოქტომბერს უკვე გაერთაინებული საემიროების მაღალი დონის დელეგაცია გაემგზავრება თელ-ავივის ბენ გურიონის სახელობის აეროპორტის მიმართულებით და აქაც აშშ-ს მაღალი დონის დელეგაცია იქნება საპატიო, პირველი რიგის სტუმრებს შორის. მართალია, მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, შეიძლება 1-დღიანი ვიზიტი აეროპორტში ან მის მიმდებარედ რაიმე იზოლირებულ შენობაში შედგეს, მაგრამ ამ ვიზიტსაც უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. რაც უკვე ცნობილია, გაფორმდება შეთანხმება კვირაში 28 კომერციული ფრენის განხორციელების დაწყების შესახებ. აგრეთვე, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საპორტო გადაზიდვების კომპანია „დუბაი პორტ უორლდ“ (DPW) სერიოზულ ინტერესს გამოხატავს და მზადყოფნას გამოთქვამს ისრაელის პორტებთან ძალიან ინტენსიური თანამშრომლობის დაწყების შესახებ. ისრაელმაც თავის მხრივ გადადგა გარკვეული ნაბიჯები. ცოტა ხნის წინ ქნესეთმა, აბსოლუტური უმრავლესობით, მხარი დაუჭირა ემირატებთან ხელმოწერილ შეთანხმებას და სულ მალე მოახდენს მის რატიფიცირებას. ისრაელის კომპანიებიც სერიოზულად ემზადებიან დუბაისა და აბუ დაბის ბიზნეს ჯგუფებთან ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის დსაწყებად. ასე რომ, ახლო აღმოსავლეთში დიდი (გა)დალაგების პირველი მერცხლები უკვე გამოჩნდნენ. როგორც ვარაუდობენ, მათ უახლოეს ხანში რეგიონის სხვა წარმომადგენლებიც მიჰყვებიან.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ცხადია, სპარსეთის ყურის ყველაზე ძლიერი და გავლენიანი ქვეყნის საუდის არაბეთის პოზიციას, რომელიც ჯერჯერობით თავს იკავებს ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ ნაბიჯების გადადგმისგან. მისი პრინციპული პოზიციაა, რომ პალესტინის საკითხი აუცილებლად უნდა იქნას მოგვარებული და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება. მიუხედავად ამისა, ერთი ძალიან საინტერესო კვლევის მიხედვით, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩატარდა საუდის არაბეთში, საუდების 80%!!! მიესალმება ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებას და მხარს უჭერს მათთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების დამყარებას. ზოგადად, დამოკიდებულება პოზიტივისკენ იცვლება როგორც რიგით საუდლებში, ისე სამეფო ოჯახის წარმომადგენელთან მხრიდანაც. ასე რომ, ვფიქრობ, მხოლოდ დროის ამბავია საუდის არაბეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობების ნორმალიზება.

საუდელთა პირველი დიპლომატი ასევე იმყოფებოდა ამ დღეებში ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც საფუძველი ჩაეყარა აშშ-საუდის არაბეთის სტრატეგიულ დიალოგს. აშშ-ს სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან გამართულ შეხვედრაზე, რა თქმა უნდა, ისაუბრეს ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზების პერსპექტივებზე და ირანის წინააღმდეგ ძალისხმევის კიდევ უფრო მჭიდროდ გაერთიანებაზე, მაგრამ იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელმაც ჩვენი ყურადღება მიიპყრო: საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პრინცმა ფაიზალმა ღიად გააკეთა მინიშნება, რომ საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან, ბაჰრეინთან და ეგვიპტესთან ერთად, მზად არის ყატარისთვის ბლოკადის მოსახსნელად. 2017 წელს ამ ოთხმა ქვეყანამ ბუნებრივი აირით მდიდარ ყატარს დაუწესა ბლოკადა ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში. მის მიმართ იყო სერიოზული პრეტენზიები ტერორიზმის მხარდაჭერისა და ირანთან მჭიდრო კავშირების დამყარებასთნ დაკავშირებით (თქვენი ინფორმაციისთვის: ყატარში ამერიკული სამხედრო ბაზების გარდა არის თურქულიც :).

ამდენად, დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცებისა და ანტი ირანული ალიანსის შექმნის თვალსაზრისით აშშ-ს ადმინისტრაციის ძალისხმევას (დონალდ ტრამპის სიძის ჯარედ კუშნერის თაოსნობითა და აქტიური მონაწილეობით) სერიოზული გრძელვადიანი შედეგები მოჰყვება როგორც ახლო აღმოსავლეთის რეგიონისთვის, ისე ამერიკის შეერთებული შტატების გლობალური თუ რეგიონული დომინირების განმტკიცების თვალსაზრისით. ისევე როგორც ყველა ამ ტიპის პროექტში, „აბრაჰამის შეთანხმებების“ მთავარი შედეგი, მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებასთან ერთად, უახლოეს პერიოდში მსხვილი კომერციული შეთანხმებების გაფორმება და პანდემიის პირობებში ახალი ეკონომიკური და საინვესტიციო შესაძლებლობების გაჩენა იქნება.

წინა სტატია

როგორ გამდიდრდა “პანასონიკი“?
16 October, 2020

შემდეგი სტატია

როგორ გამდიდრდა “მერსედეს-ბენცი“ (დაიმლერი)?
20 October, 2020
ილონ მასკი: ოთხი კოვიდ-ტესტი ჩავიტარე, მათგან ორი დადებითი იყო, ორი უარყოფითი
ახალი ამბები ქართულად | Nov, 13, 2020
მთელი ქალაქი შენს სმარტფონში
ინტერვიუ | Nov, 23, 2020
ესპანეთში COVID-ინფიცირებული ჰოსპიტალიზებული პაციენტების 82%-ს D ვიტამინის ნაკლებობა აქვს - კვლევა
ახალი ამბები ქართულად | Nov, 02, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker