ბლოგი ბიზნესსა და სამართალზე

სერია 10: რატომ დაიხურა სატრანსპორტო საშუალებათა “რეესტრის” კარი?!

‘If corruption is a disease, transparency is a central part of its treatment’

                                                                                                 Kofi Annan

პროლოგი

სწავლა სიბერემდეო და ამჯერად ედინბურგის მეთექვსმეტე საუკუნის უნივერსიტეტს მივაშურე, ჯერ დისტანციურად, მაგრამ იმ იმედით, რომ დასრულდება საქვეყნო პანდემია და ედინბურგის ისტორიული კამპუსის ჰაერსაც დავეწაფები... მიუხედავად იმისა, რომ სწავლის პროცესმა სრულად გააჯერა ჩემი დღე და ღამე, თვალს არ გამოჰპარვია მექანიკურ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა საჯარო რეესტრის დახურვა. როგორც ჩანს, შს მინისტრს, ბუნების ამოუცნობმა ძალამ უკარნახა სულ რაღაც ერთი თვის შუალედში, 2020 წლის მარიამობა-ენკენისთვეს, 2007 წლიდან ყველასთვის ხელმისაწვდომი მექანიკურ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა რეესტრი დაეხურა. ახლა, თქვენ მეტყვით, დიდი ამბავიო... მე კი გიპასუხებთ, რომ დახურული კარი მნიშვნელოვან კორუფციულ რისკად აღიქმება. მეტიც, გამჭვირვალობა და ღიაობა არის ის პირობა, რომელიც ჩვენმა საჯარო მმართველობამ წლებია დადო და პირობის შესრულების ნაწილია საჯარო რეესტრი, მეწარმეთა რეესტრი, მოვალეთა რეესტრი... და იყო  მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა რეესტრი, რომელიც, დღეს, უკვე წარსულია...

სატრანსპორტო საშუალებათა რეესტრი

დავიწყებ სულ თავიდან, 2007 წლის 25 ივნისს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა მიიღო ბრძანება N892 “სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ [ბრძანება]. ბრძანების, მე-19 მუხლის მიხედვით, “მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის მისაღებად დაინტერესებული პირი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი.“

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა, როგორც ამას სახელი გვკარნახობს, ასახავს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ცნობის გაცემის დღეისათვის შსს-ს მომსახურების სააგენტოში არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას, მათ შორის, ყადაღის, გირავნობის შესახებ. ცნობის მიღებისთვის საჭირო გახლდათ მხოლოდ განაცხადების წარდგენა და დადგენილი საფასურის გადახდა. 2020 წლის 18 სექტემბრამდე, ბრძანებამ ბევრი ცვლილება განიცადა, სასამართლომ არაერთხელ იმსჯელა ავტოსატრანსპორტო რეესტრის მნიშვნელობაზე, ბუნებაზე, [1]

ავტოსატრანსპორტო საშუალებათა “რეესტრი” კი უცვლელად რჩებოდა ღია და ხელმისაწვდომი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. მათ შორის, ადვოკატები წარმატებით ვიყენებდით პირის ქონებრივი მდგომარეობის გამოკვლევის მიზნით, ხელშეკრულების დადებამდე თუ დავის მიზნებისთვის.

2020 წლის 18 სექტემბრის ბრძანებით, ამავე წლის 26 სექტემბრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებათ “რეესტრის” კარი დაიხურა და ამ კარის გაღება ამიერიდან მხოლოდ  ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან უშუალო შეხებაში მყოფ პირს შეეძლება. “სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის მისაღებად დაინტერესებული პირი შეიძლება იყოს მხოლოდ ამ წესის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული პირი, რომლის უფლებამოსილებაც დასტურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტით.“ მე-18 მუხლის მე-6 პუნქტით კი ცნობა აღარ გაიცემა ნებისმიერ დაინტერესებულ პირზე, არამედ მისი გამოთხოვის უფლება აქვს:

  • მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს/მოსარგებლეს, მხოლოდ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მის საკუთრებაში/სარგებლობაში რეგისტრაციის პერიოდში ასახული სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემების შესახებ; და მისი წერილობითი თანხმობის საფუძველზე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ან წარმომადგენელს, მემკვიდრეს ან უფლებამონაცვლეს;[2]
  • მოგირავნეს გირავნობის პერიოდში, ავტორიზებულ მოგირავნეს ან ნოტარიუსს, მხოლოდ გირავნობის რეგისტრაციის, რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელების, გირავნობის მოწმობის გაცემის ან/და გირავნობის რეგისტრაციის გაუქმების მიზნებისათვის, დასაგირავებელი ან დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის (სააღრიცხვო) მონაცემების შესახებ;
  • ლიზინგის გამცემს ლიზინის პერიოდში, ავტორიზებული ლიზინგის გამცემს მხოლოდ ლიზინგის რეგისტრაციის, ლიზინგის რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელების, ლიზინგის მოწმობის გაცემის ან/და ლიზინგის რეგისტრაციის გაუქმების მიზნებისათვის ლიზინგით გადასაცემი ან გადაცემული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის (სააღრიცხვო) მონაცემების შესახებ.

ანტიკორუფციული რეფორმების სტაგნაცია

ქვემოთ “საერთაშორისო გამჭვირვალობის“ 2019 წლის გამოქვეყნებული “კორუფციის აღქმის ინდექსის“ მსოფლიო რუქაა (CPI).[3] ჩვენი ქვეყნის საისრე კი სამწუხაროდ კორuფციისკენ მიდრეკილებას აჩვენებს... რეიტინგში 100 ქულა კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალ, ხოლო 0 ქულა - ყველაზე მაღალ დონეს აღნიშნავს. საქართველოს კი 44-ე ადგილს იკავებს, რაც, მართლია, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში საუკეთესო ანტიკორუფციული მაჩვენებელია, მაგრამ არა ცენტრალური ევროპის და ევროკავშირის რუკაზე, რომელიც ჩვენი სამიზნე უნდა იყოს...

          

          

ასევე, საინტერესოა 2012-2019 წლებში საქართველოს “კორუფციის აღქმის ინდექსის“ დინამიკა,[4] რომელიც 7 წლიან პერიოდში მართლია გაუარესებულია, მაგრამ არა საგრძნობლად. “საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ქართული ოფისის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ “... აღსანიშნავია ბოლო წლებში ინდექსში საქართველოს ქულის მხრივ პროგრესის ნაკლებობა, რაც ანტიკორუფციული რეფორმების სტაგნაციაზე მიუთითებს.“[5]

          

ეპილოგი

ჩემო კარგო ქვეყანავ, დიდი ხანია თავს რომ იწონებ ინოვაციებით საჯარო მმართველობაში, საჯაროობის, გამჭვირვალობის მაღალი ხარისხით, რასაც ანტიკორუფციული ინდექსის განსაზღვრისას მნიშვნელოვანი როლი და ადგილი აქვს, მოდი, ისევ შევუდგეთ საუკეთესოების აღმართს, საუკეთესო შედეგის მისაღწევად, როგორც ეს ერის მამამ დაგვიტოვა, "მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი!“  

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

[1] საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება Nას-914-954-2011 „სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია არ წარმოადგენს სამოქალაქო-სამართლებრივ აქტს. ამ ვალდებულების განხორციელება წარმოადგენს მხოლოდ ერთ-ერთ აუცილებელ პირობას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის და არა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის. ავტომანქანა არის მოძრავი ნივთი და მასზე ვრცელდება მოძრავი ნივთის შეძენისათვის სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესები.“
[2] მათ შორის, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრედ რეგისტრირებული გარდაცვლილი ფიზიკური პირის მშობლის, შვილის, შვილიშვილის ან მეუღლის მოთხოვნით ან რომელიმე მათგანის წერილობითი თანხმობის საფუძველზე (თანხმობა არ არის საჭირო თუ პირის გარდაცვალებიდან გასულია 30 წელზე მეტი), ნებისმიერ დაინტერესებულ პირს; ასევე, სამკვიდროს მიღებით დაინტერესებულ პირს ან სამკვიდროს მმართველის მოთხოვნით;
[3] https://www.transparency.org/en/cpi/2019/results/geo 
[4] https://www.transparency.org/en/cpi/2019/results/geo
[5] https://transparency.ge/ge/post/2019-clis-korupciis-agkmis-indeksis-shedegebi-sakartvelos-antikorupciuli-repormebis-stagnaciaze

წინა სტატია

როგორ გამდიდრდა კომპანია “DHL“?
30 October, 2020

შემდეგი სტატია

როგორ გამდიდრდა “კოლგეიტ-პალმოლივი“?
03 November, 2020
ილონ მასკი: ოთხი კოვიდ-ტესტი ჩავიტარე, მათგან ორი დადებითი იყო, ორი უარყოფითი
ახალი ამბები ქართულად | Nov, 13, 2020
მთელი ქალაქი შენს სმარტფონში
ინტერვიუ | Nov, 23, 2020
Pfizer-ის ვაქცინის პირველი საჰაერო ტრანსპორტირება განხორციელდა
ახალი ამბები ქართულად | Dec, 01, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker