აშშ-ს საგარეო პოლიტიკა: რა შეიცვლება და რა არა?!

აშშ-ს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, განსხვავებებსა და გადაკვეთის წერტილებზე საუბარი საპრეზიდენტო კამპანიის დროსაც ბევრი იყო და ამ დღეებშიც მრავლად ითქმება. არის მსხვილი თემები, რომლებთან დაკავშირებითაც დონალდ ტრამპისა და ჯო ბაიდენის ადმინისტრაციებს შორის რადიკალურად განსხვავებული მიდგომები ფიქსირდება და კონკრეტული ნაბიჯები 20 იანვარს დაგეგმილი ინაუგურაციიდან მეორე დღეს გადაიდგმება. თუმცა, რიგ საკითხებში სტრატეგიული მიდგომები არ შეიცვლება, მხოლოდ ტაქტიკა იქნება განსხვავებული. მოდით, მივყვეთ თანმიმდევრობით.

ნატო ევროკავშირი გერმანია

დონალდ ტრამპს ნამდვილად არ ჰქონდა, ათწლეულებით დამკვიდრებული, ტრადიციული ურთიერთობები მოკავშირეებთან. ნატო-ს წევრ ქვეყნებთან, განსაკუთრებით გერმანიასთან მიმართებაში მისი ურთიერთობების ქვაკუთხედს ფინანსები, ეკონომიკა და ბიზნესი წარმოადგენდა. შეიძლება დონალდ ტრამპის გამოხატვის ფორმები და რიტორიკა მართლაც ქმნიდა სტრატეგიული კავშირების შესუსტების განცდას, მაგრამ მე პირადად ვთვლი, რომ მისი მოთხოვნები სრულიად სამართლიანი იყო განსაკუთრებით “ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის და ნატო-ს თავდაცვის ბიუჯეტის საერთო დაფინანსების ზრდის კონტექსტში.

სავაჭრო ურთიერთობების  ნაწილშიც, ჩემი აზრით, აშშ-ს 45 პრეზიდენტს ზედმეტად ხისტი პოზიცია ეკავა, მაგრამ მისი პრეტენზიები ამ ნაწილშიც არ იყო საფუძველს მოკლებული.

რა მოხდება ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ? დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ რადიკალურად შეიცვლება ტონი ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში. მაღალი ალბათობით, “ტარიფების ენით“ ლაპარაკი მოკავშირეებს შორის დასრულდება და ტრადიციულ დიპლომატიურ მოლაპარაკებათა სიბრტყეში გადავა. ნატო-სთან მიმართებაშიც შიდა ალიანსური კლიმატი ნამდვილად გაუმჯობესდება, 2%-იანი ვალდებულებების შესრულებაზეც საუბარი საგრძნობლად განელდება, თუმცა 46-ე პრეზიდენტს ნატო-ს შიგნით ძველი “სტატუს ქვო ანტე ტრამპუმ“-ის აღდგენისთვის მოუწევს სერიოზული ძალისხმევის დახარჯვა  ალიანსის სხვა წევრებს, კერძოდ თურქეთსა და საბერძნეთს, თურქეთსა და საფრანგეთს შორის არსებულ სერიოზული უთანხმოებების აღმოფხვრაზე. საერთოდ, თურქეთი რამდენიმე მიმართულებით აშშ-სთვის ძალიან აქტუალური იქნება. მართალია, თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს, ჯო ბაიდენი პირადად კარგად იცნობს, მაგრამ მის მიმართ დამოკიდებულება ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად არის შეცვლილი გაუარესებისკენ. აშშ-ს პარტნიორებისთვის, მ.შ. ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, როგორ განვითარდება ამ ორ ქვეყანას შორის ახალ რეალობაში ურთიერთობები.

ირანი

ალბათ ერთ-ერთი პირველი რაც მოხდება საერთაშორისო არენაზე, იქნება ირანის ბირთვულ შეთანხმებასთან აშშ-ს ხელახლა მიერთება. ჯო ბაიდენი წარუმატებლად მიიჩნევდა ტრამპის ადმინისტრაციის “მაქსიმალური წნეხის“ პოლიტიკას და პრაქტიკულად გარდაუვალია, რომ ობამას ადმინისტრაციის დროს მიღწეულ შეთანხმებას, რომლის ლობისტი თავადაც იყო, ჯო ბაიდენი არ დაუბრუნდეს. ახალი ადმინისტრაცია წინაპირობად აუცილებლად მოითხოვს ირანისგან მანამდე შეთანხმებულ ურანის გამდიდრების ნორმებზე დაბრუნებას, რაც სავარაუდოდ მოხდება კიდეც. თუმცა, ჩემი აზით, მთავარი პრობლემა მაინც სხვა რამეშია: არის რეალური საშიშროება იმისა, რომ ირანი, სანქციების შერბილებით და ახალი, მრავალმილიარდიანი შემოსავლების მიღებით, ისევ გააგრძელებს რეგიონში ექსტრემისტული ორგანიზაციებისა და დაჯგუფებების ფინანსურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას, რის დასრულებასაც ასე აქტიურად ცდილობდა დონალდ ტრამპი. ეს იქნება ახალი ადმინისტრაციისთვის სერიოზული გამოწვევა და რამდენად გაუმკლავდება მას, დრო გვიჩვენებს.

ახლო აღმოსავლეთი და ისრაელი

ისრაელთან მიმართებაში აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის დამოკიდებულება მკვეთრად არ შეიცვლება. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯო ბაიდენი მიესალმა დონალდ ტრამპის ძალისხმევას ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს, ისრაელსა და ბაჰრეინს შორის მიღწეული შეთანხმებების კუთხით. თუმცა, გასათვალისწინებელი იქნება ახალი ადმინისტრაციის მიდგომები ისრაელი-პალესტინას შორის ურთიერთობების მოგვარებასთან დაკავშირებით (სავარაუდოდ, “ორი სახელმწიფოს“ შექმნის იდეისკენ უფრო გადაიხრება), რამაც შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ბაიდენის ადმინისიტრაციასა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სამომავლო ურთიერთობებზე.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ავღანეთიდან, ერაყიდან და სირიიდან ამერიკული ჯარების გაყვანის მიმართულებით არსებული ხაზი შენარჩუნდება. ასევე სავარაუდოა, რომ საუდის არაბეთის ლიდერობით იემენის წინააღმდეგ წარმოებული სამხედრო ოპერაციას არ ექნება აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის მხარდაჭერა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სალმანთან ურთიერთობები დემოკრატ ჯო ბაიდენს კიდევ უფრო გაუჭირდება, ვიდრე “ბიზნესმენ“ დონალდ ტრამპს. ასე რომ, აქ ნამდვილად ძალიან საინტერესოა, პროცესები როგორ განვითარდება.

რუსეთი

კარგი ის არის, რომ რუსეთმა იმდენად ღიად და უტიფრად გადათელა ყველა საერთაშორისო ნორმა, იმდენ ადგილას “გამოიჩინა თავი“, მ.შ. უშუალოდ ამერიკის შეერთებულ შტატების ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შექმნისთვის თვალსაზრისით, ახალი “გადატვირთვა რუსეთთან 3.0“ პერსპექტივა ჰორიზონტზეც კი არ ჩანს. თუმცა, რიტორიკა აქაც განსხვავებული იქნება. დონალდ ტრამპის “თავზე ხელის გადასმის“ “უორდინგი“ პუტინის მისამართით ნამდვილად შეიცვლება, მაგრამ აშშ-ს ახალ არჩეულ პრეზიდენტს აქვს რუსეთთან თანამშრომლობის ინტერესი ისეთ უმნიშვნელოვანეს სფეროში, როგორიც განიარაღება/შეიარაღების სფერო და განსაკუთრებით ბირთვული არსენალების შესახებ არსებული ერთადერთი შეთანხმებაა, რომელსაც ვადა თებერვალში ეწურება. მაღალი ალბათობით, მისი მოქმედების გახანგრძლივების შესახებ შეთანხმება იქნება ერთ-ერთი იმ მცირეთაგანი, რაზეც აშშ-ს ახალი და რუსეთის “უკვდავი“ პრეზიდენტები მიაღწევენ. რუსეთშიც შეგუებულები არიან იმ რეალობას, რომ რაიმე განსაკუთრებულ გარღვევას ან აშშ-ს მათდამი დამოკიდებულების უკეთესობისკენ ცვლილებას არ უნდა ელოდნონ, თუმცა არის ერთი საკითხი, რომელიც ზემოთ ვახსენეთ და აქაც ხაზგასასმელია: რუსეთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის არის “ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის გაზსადენის პროექტის დასრულება. დონალდ ტრამპმა ბევრი გააკეთა მის შესაჩერებლად. გაგრძელდება ეს ხაზი ახალი პრეზიდენტის პირობებში? ჩემი აზრით, ნაკლებ სავარაუდოა, რაც სამწუხაროა. სამაგიეროდ, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ გაუმჯობესდება ურთიერთობა უკრაინასთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან (საქართველოსთან ურთიერთობებზე შეგნებულად არ ვწერ. ამას ცალკე ბლოგი ეკუთვნის, რასაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ).

ჩინეთი

ჩინეთის საკითხი არის ერთ-ერთი იშვიათთაგანი, რომელშიც რესპუბლიკელების და დემოკრატების პოზიციების სრული თანხვედრაა. უბრალოდ, თუ დონალდ ტრამპი მთავარ აქცენტებს სავაჭრო ტარიფებზე, ჩინეთის ბაზრების ამერიკული კომპანიებისთვის გახსნაზე, ინტელექტუალური საკუთრების მიტაცებასა და გამალებულ შეიარაღებაზე აკეთებდა, ჯო ბაიდენი, ამ საკითხებთან ერთად, უფრო მეტ აქცენტებს ჰონგ კონგთან, ტაივანთან, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ტერიტორიულ პრეტენზიებთან, უიღური მუსლიმი უმცირესობის მიმართ დამოკიდებულების პრობლემებთან დაკავშირებით გააკეთებს. თუმცა, რიტორიკის მკვეთრი ცვლილება აქაც მოსალოდნელია. პრეზიდენტ სი ძინპინს პირადად არც დონალდ ტრამპი აკრიტიკებდა და არც ჯო ბაიდენი აირჩევს “ხისტ ენას“, მაგრამ კორონავირუსის ჩინური წარმომავლობის, პანდემიის გავრცელებაში ჩინეთის პირდაპირი დადანაშაულების აქამდე არსებული რიტორიკა “ჰედლაინებიდან“ სავარაუდოდ გაქრება. აქაც უფრო უნდა ველოდოთ მოკავშირეებთან დიპლომატიური ძალისხმევის გაძლიერებას, რათა ერთიანი პოზიციით მოხდეს ჩინეთის შეკავება და ყველასთვის მისაღები წესების და ნორმების ჩარჩოებში მისი მოქცევა. სიმართლე გითხრათ, გარღვევას არც ამ მიმართულებით ველოდები, მაგრამ თუ შევცდები, ძალიან ბედნიერი ვიქნები.

პანდემია ვახსენეთ. მასთან გამკლავება და ეკონომიკური კრიზისის დაძლევა იქნება ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისთვის ნომერ პირველი პრიორიტეტები. მოსალოდნელია, რომ აშშ-ს ახალი პრეზიდენტი აქაც გლობალური ძალისხმევის გაერთიანების მიმართულებით ნაბიჯებს გადადგამს, რომელთა შორის ერთ-ერთი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში აშშ-ს დაბრუნება იქნება. 

ვინაიდან ბოლოსკენ შემოვინახე, არ გეგონოთ, რომ ჩემთვის გარემოს დაცვა უმნიშვნელოა, უბრალოდ აქაც ცხადზე ცხადია, რომ ერთ-ერთი პირველი, რაც მოხდება, ეს არის პარიზის კლიმატური ცვლილებების შესახებ შეთანხმებაზე აშშ-ს ხელახლა შეერთება იქნება.

ცხადია, ამ ყველაფრის წარმატებით განსახორციელებლად ჯო ბაიდენს ძალიან მაგარი სახელმწიფო მდივანი და საგარეო-პოლიტიკური გუნდი დაჭირდება. კარიერული, უაღრესად გამოცდილი დიპლომატების ნაკლებობას აშშ-ს 46-ე პრეზიდენტი ნამდვილად არ განიცდის. მის საარჩევნო კამპანიაში ჩართული იყო 2000-მდე!!! საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, რომლებიც დაყოფილი იყვნენ ჯგუფებად და მუშაობდნენ კონკრეტულ მიმართულებებზე. სახელმწიფო მდივნობის კანდიდატებს შორის, რა თქმა უნდა, გამოირჩევიან საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჯო ბაიდენის მთავარი მრჩეველი ენტონი ბლინკენი, ობამას ადმინისტრაციის დროს უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი სიუზან რაისი, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კარიერული დიპლომატი უილიამ ბერნსი, სენატორი კრის მერფი და სხვები. ვნახოთ, ვის აირჩევს თავად ჯო ბაიდენი.

ასე რომ, წინ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ამბები გველოდება. თუმცა, ამ ეტაპზე  არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ აშშ-ს ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და მისი ხასიათიდან გამომდინარე, არცთუ ისე მარტივად დანებდება.

წინა სტატია

როგორ გამდიდრდა კომპანია “კრაფტ ჰაინცი“?
06 November, 2020

შემდეგი სტატია

როგორ გამდიდრდა “კარლსბერგი“?
10 November, 2020
ილონ მასკი: ოთხი კოვიდ-ტესტი ჩავიტარე, მათგან ორი დადებითი იყო, ორი უარყოფითი
ახალი ამბები ქართულად | Nov, 13, 2020
მთელი ქალაქი შენს სმარტფონში
ინტერვიუ | Nov, 23, 2020
Pfizer-ის ვაქცინის პირველი საჰაერო ტრანსპორტირება განხორციელდა
ახალი ამბები ქართულად | Dec, 01, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker