კავკასიური კატალიზატორი

დასაწყისისთვის, ვთქვათ მწარე სიმართლე: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 6-კვირიანმა ომმა ამ ორ ქვეყანას შორის არსებული ნაპრალი კიდევ დიდი ხნით და კიდევ უფრო ძლიერად გააღრმავა, რაც თავისთავად ცუდია სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის, რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის და კონკრეტულად საქართველოსთვის. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ დაპირისპირებაში აქტიურად იყო ჩართული თურქეთი, ეს ნაპრალი კიდევ დიდი ხნის განმავლობაში არ და ვერ ამოივსება. ასე რომ, კავკასიურ სახლში მშვიდობის დამყარების და ახალი რეგიონული თანამშრმლობის პერსპექტივების უახლოესი წლების განმავლობაში განვითარების ილუზია ნამდვილად არ უნდა გვქონდეს.

ბევრი ითქვა უკვე იმის შესახებ,თუ  ვინ მოიგო და ვინ წააგო 2020-ის ყარაბაღის ომში. ბევრი ითქვა რუსეთის როლზეც, თურქეთის აქტიურობაზეც და სომხეთის ხელისუფლების წინაშე მდგარ ეგზისტენციალურ გამოწვევებზეც. კავკასიაში გაჩნდა კიდევ ერთი სერიოზული რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურა - 2000-იანი სამხედრო კონტინგენტი სერიოზული შეირაღებით და აღჭურვილობით ყარაბაღის ტერიტორიაზე. ასევე, რუსული საზღვრის დაცვის დანაყოფები ჩაერთვებიან სომხეთის ტერიტორიის გავლით აზერბაიჯანული რაიონების ნახჩევანის ავტონომიასთან დამაკავშირებელი გზის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. რეგიონში გაჩნდება ასევე თურქული სამხედრო კონტინგენტი, რომელიც ერთობლივი რუსულ-თურქული მონიტორინგის ცენტრის საქმიანობის ფარგლებში განახორციელებს საზავო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფას. სადაც არ უნდა იყოს კონკრეტულად დისლოცირებული თურქული სამხედრო კონტინგენტი და სადაც არ უნდა ოპერირებდეს შემდგომი წლების განმავლობაში, ფაქტია, რომ სრულიად ახალ რეალობასთან გვაქვს საქმე. თუ აქამდე ჩვენ ვადევნებდით თვალყურს თურქეთისა და რუსეთის სამხედრო ნაწილების ხან დაპირისპირებას, ხან ერთობლივ პატრულირებას სირიასა და ლიბიაში, ახლა ეს ყველაფერი განხორციელდება ჩვენს უშუალო სამეზობლოში. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი კიდევ ერთ ახალ, სრულფასოვან სამხედრო ბაზას გამართავს კავკასიაში, მე მაინც ვერ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ რუსეთი უპირობოდ გამარჯვებულია 6-კვირიან ომში. პირიქით, მისი ექსკლუზივი კავკასიაში დასრულებულია. გარდა ამისა, მისი, როგორც მოკავშირის საიმედოობის შესახებ არსებული მითი (თუკი ვინმეს ჰქონდა კიდევ  სომხეთში (და არა მხოლოდ) მცირედი რწმენა და იმედი) ასევე გაცამტვერებულია. ეს არ ნიშნავს, რომ ხვალ-ზეგ სომხეთში დაიწყებენ საპროტესტო გამოსვლებს გიუმრის ბაზის გაყვანის მოთხოვნით და 180%-ით შეიცვლება მათი საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია, მაგრამ დროთა განმავლობაში ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში ეს ღალატი (სხვათაშორის ასე ფიქრობს თავად რუსი ექსპერტების დიდი ნაწილიც) აუცილებლად აისახება სომხეთ-რუსეთის დამოკიდებულებაზე. მართალია, მათ ძალიან გაუჭირდებათ რუსული წნეხიდან გათავისუფლება, მაგრამ ფსიქოლოგიურად სომხეთისთვის “რუსეთი - ერთგული მოკავშირე“ მცნება ნამდვილად გაქრება და თაობებს ემახსოვრებათ, რომ 2020 წელს რუსეთმა მათ უღალატა. აუცილებლად დადგება დრო, როდესაც რუსეთი კიდევ უფრო დასუსტდება (ყველაფერი მაქეთკენ მიდის), რუსეთშიც ძირეული ცვლილებები მოხდება (ეს არ არის ჩემი wishfull thinking - ეს რეალურად იქნება) და სომხეთიც თავის სიტყვას იტყვის. თუმცა, მანამდე....

მანამდე შევხედოთ რეალისტურად რა დღეშია არსებული საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემა.

წლების მანძილზე გვესმოდა “მინსკის ჯგუფი“, “ეუთო-ს ფორმატი“, “გაერო-ს ეგიდით“.... ჩემი დიდი პატივისცემის და დიპლომატიური საქმიანობის დროინდელი სენტიმენტების მიუხედავად, უნდა აღვნიშნო, რომ ყარაბაღის ომი აღმოჩნდა საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში არსებული კრიზისის კავკასიური კატალიზატორი. აღმოჩნდა, რომ თუკი ქვეყანა მოინდომებს, მიიღებს საიმედო პარტნიორის სრული მხარდაჭერის მყარ გარანტიებს და თუნდაც არასაიმედო, მაგრამ მნიშვნელოვანი აქტორის ჩაურევლობის პირობას, აღარც საერთაშორისო ორგანიზაციები სჭირდება, აღარც რეზოლუციებისთვის ბრძოლა და არც სამიტების დეკლარაციებში ფორმულირებებისთვის დიპლომატების ომი. სხვათაშორის, სულ უფრო ხშირად გვესმის ბოლო პერიოდში საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი უმაღლესი დონიდან გაკეთებული სულ უფრო მძიმე შეფასებები. ყველაზე ბოლო მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მიერ გაერო-სთან დაკავშირებული განცხადებები იყო. თუ კარგად დააკვირდებით, ერთგვარ ტრენდად იქცა საერთაშორისო ორგანიზაციებზე კრიტიკულად საუბრისას “ტვინი გათიშულია“ ტერმინის გამოყენება.

გასაგებია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ცდილობს ევროპის, ევროკავშირის და უშუალოდ საფრანგეთის როლის ამაღლებას და მთავარი მოთამაშის სტატუსის აღდგენას, მაგრამ სამწუხაროდ თუნდაც კავკასიასთან მიმართებაში განხორციელებული აქტივობა უფრო “უბურთოდ მანევრს“ გავს, ვიდრე რაიმე სერიოზული ხედვის და სტრატეგიის არსებობას. კონკრეტულად ყარაბაღთან დაკავშირებითაც კი რომ ავიღოთ, ახლა, როდესაც ახალი რეალობა უკვე დამდგარია, მინსკის ჯგუფის ერთ-ერთი თანათავმჯდომარე საფრანგეთი ითხოვს მიღწეული შეთანხმების აღსრულებაზე, დევნილების დაბრუნება/გადაადგილებაზე, თურქეთის მონაწილეობის სტატუსზე, დაქირავებული მებრძოლების გაყვანასა და ყარაბაღის სტატუსის თაობაზე ზედამხედველობის და მოლაპარაკების პროცესში ჩართვას. ეს შეიძლება ჩემი მოკრძალებული აზრია (თუმცა, არ მგონია, რომ მხოლოდ მე ვხედავ ასე), მაგრამ ვფიქრობ, ეს ნაბიჯებიც ძალიან დაგვიანებული და წარუმატებლობისთვის განწირულია.

ერთმა ჩემმა ძალიან გამოცდილმა კოლეგა დიპლომატმა (ქვეყანას და ვინაობას ცხადია არ დავასახელებ) ამასწინად გამართული დისკუსიის დროს როგორც აღნიშნა, ბოლო წლებია ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო) ხმის დამთვლელ ორგანიზაციად გადაიქცაო (ხმის დამთვლელ ორგანიზაციებზე კომენტარს აღარ გავაკეთებ. თავადაც იცით, რა ასოციაციებს იწვევს). გულისტკივილით უნდა აღვნიშნო, რომ არ არის რეალობისგან ძალიან შორს ჩემთვის საპატივცემული კოლეგის მიერ გაკეთებული შეფასება. ერთ დროს ევროპულ უსაფრთხოებაზე, ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებზე პასუხისმგებელი ავტორიტეტული ორგანიზაციისგან კარგა ხანია არც რაიმე გარღვევა გვინახავს კრიზისების მოგვარებისა და შეიარაღებაზე კონტროლის კუთხით და არც დიდი შეთანხმებების მიღწევაზე გვსმენია რაიმე. 21 წლის წინ გამართული ეუთო-ს სტამბოლის სამიტი მარტო საქართველოს დიპლომატიური წარმატების გვირგვინი კი არ იყო.  ვერ გადაიტანა რუსეთმა სტამბოლში განცდილი მარცხი. როგორც კი მოღონიერდა, როგორც კი საერთაშორისო არენაზე პოზიციები გაიმყარა, ერთ-ერთი პირველი რაც გააკეთა, ეუთო-ს გათიშვა იყო. სადღაა ჩემი მეგობარი დიპლომატებისთვის კარგად ცნობილი და შესისხლხორცებული ევროპაში ჩვეულებრივი შეიარარებული ძალების (ეჩშძ) შესახებ ხელშეკრულება ან უამრავი სხვა ვალდებულება?!

ასევე, წლებია გვესმის გაერო-ს რეფორმირების აუცილებლობაზე საუბრები. ემანუელ მაკრონი გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრების ვეტო-ს უფლების გადახედვას ითხოვს, ვლადიმერ პუტინი საბჭოს წევრების რაოდენობის გაზრდის განხილვას შესაძლებლად მიიჩნევს, ოღონდ მისი პირობებით და პრინციპებით. გენერალური ასამბლეის მაღალი ტრიბუნიდანაც მუდმივად კეთდება ხმამაღალი განცხადებები, მაგრამ შედეგად რას ვიღებთ? ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ამოცანის სამხედრო გზით განხორციელებას.

მოკლედ, ყარაბაღის ომმა ძალიან ბევრი მიმართულებით კატალიზატორის როლი ნამდვილად შეასრულა, მ.შ. როგორც მოგახსენეთ საერთაშორისო ურთიერთობებათა სისტემაში არსებული კრიზისისთვისაც, მაგრამ პრობლემა კრიზისის გამოვლენაში კი არაა, არამედ კრიზისიდან გამოსვლისთვის ქმედითი ნაბიჯების და უფრო მათ განხორციელებაზე პასუხისმგებელი ავტორიტეტული ლიდერების არარსებობაშია. ვნახოთ, როგორი იქნება აშშ-ს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ვინ იქნება გერმანიაში ანგელა მერკელის შემდეგი კანცლერი. ცხადია, რომ მათ წინაშე მდგარი ამოცანებიდან ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული სწორედ იმ პროლემების მოგვარება იქნება, რომელიც კავკასიურმა კატალიზატორმა კიდევ ერთხელ, ძალიან ცხადად და მძაფრად გამოავლინა. თუ ეს კრიზისები არ გადაილახება, მერწმუნეთ, მომავალში კიდევ ბევრი ახალი “კავკასიური კატალიზატორი“ იქნება და ამით მსოფლიო უკეთესი, უფრო სტაბილური და უსაფრთხო ნამდვილად არ გახდება.

წინა სტატია

როგორ გამდიდრდა “LG Corporation“?
20 November, 2020

შემდეგი სტატია

როგორ გამდიდრდა “ნისანი“?
24 November, 2020
უნიკალური პროექტი გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტზე - “მაუნთინ რეზორტს სოლუშანსის“ წარმატების ისტორია
ინტერვიუ | Jan, 08, 2021
2021 წლის ყველაზე ძლიერი პასპორტები მსოფლიოში - რომელ ადგილზეა საქართველო?
ახალი ამბები ქართულად | Jan, 14, 2021
A New Trend in the Development Sector
კომპანიები | Dec, 25, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker