"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში"

როგორ გამდიდრდა კომპანია “ბაიერი“?

როგორ გამდიდრდა კომპანია “ბაიერი“?

გერმანული კომპანია “ბაიერი“ ფარმაცევტულ კომპანიებს შორის შემოსავლით მსოფლიოში მე-5 ადგილზეა. 2019 წელს მისმა შემოსავალმა 44 მილიარდი ევრო შეადგინა, მოგებამ კი 4 მილიარდი. კომპანიის აქტივები 126 მილიარდი ევროა, საბაზრო კაპიტალიზაცია კი 55 მილიარდი ევრო. დასაქმებული ჰყავს 104 ათასამდე ადამიანი.

კომპანია “ბაიერის“ ისტორია 1863 წელს დაიწყო, როდესაც ვაჭარმა და ქიმიკოსმა ფრიდრიხ ბაიერმა და სამღებრო საქმის კარგად მცოდნე ფრიდრიხ ვესკოტმა გერმანიის პატარა ქალაქ ბარმენში საწარმო გახსნეს. კომპანიაში 3 ადამიანი მუშაობდა. თავიდან ფუქსინზე და ანილინზე დამზადებულ საღებავებს ყიდდნენ. კომპაიას თავიდან “Friedr. Bayer et comp“ ერქვა. შემოსავალი იზრდებოდა და კომპანიამ სათაო ოფისი და წარმოება უფრო დიდ ქალაქში, ელბერფილდში გადაიტანა. 1873 წელს “ბაიერს“ დამფუძნებლის შვილი, ფრიდრიხ უმცროსი ბაიერი შუერთდა, რომელიც ქიმიკოსი იყო. ის, პროდუქტების განვითარებაში ჩაერთო. 1980 წელს, როდესაც მამამისი გარდაიცვალა, კომპანიის მმართველი გახდა. 1981 წელს “ბაიერი“ დაფინანსების მოზიდვის მიზნით სააქციო კომპანია გახდა. ამ დროისთვის უკვე 300 ადამიანი ჰყავდა დასაქმებული.

“ბაიერი“-ს ფარმაცევტული მიმართულებით განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა ქიმიკოსმა კარლ დუისბურგმა, რომელიც კომპანიაში 1883 წელს მივიდა. ის ხელმძღვანელობდა კვლევით ლაბორატორიას, რომელსაც ახალი პროდუქტები უნდა შეექმნა. სწორედ ამ ლაბორატორიის დამსახურებაა 1899 წელს “ბაიერის“ ყველაზე ცნობილი პრეპარატის “ასპირინის“ გამოშვება. მისი წარემობის დაწყება ფარმაცევტ, ფელიქს ჰოფმანს უკავშირდება. “ასპირინის“ წარმატებით გაყიდვა მის სამკურნალო თვისებებთან ერთად, მარკეტინგული კამპანიის წამოწყებასაც უკავშირდება, “ბაიერმა“ ევროპის მასშტაბით 30 ათას ექიმს გაუგზავნა კატალოგი თავისი მედიკამენტების შესახებ, სადაც “ასპირინს“ ცენტრალური ადგილი ეჭირა. “ასპირინის“ გაყიდვებით “ბაიერი“ მსოფლიოს უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანია გახდა.

“ბაიერის“ კიდევ ერთი ცნობილი პროდუქტია “ჰეროინი“, რომელიც მორფინის შემცვლელად შეიქმნა 1898 წელს, როგორც უკეთესი საშუალება ტკივილის მოსახსნელად. “ბაიერი“ ჰეროინს 1910 წლამდე ყიდდა.

1912 წლიდან “ბაიერმა“ სათაო ოფისი ქალაქ ლევერკუზენში გადაიტანა, სადაც დღემდე არის განთავსებული. ამ ქალაქის ცნობილი საფეხბურთო კლუბი ლევერკუზენის “ბაიერი“ 1904 წელს კომპანია “ბაიერის“ დაფინანსებით შეიქმნა.

1910-იან წლებში “ბაიერის“ პროდუქცია უკვე ბევრ ქვეყანაში იყიდებოდა, კომპანიის შემოსავლების 80% ექსპორტზე მოდიოდა. პირველ მსოფლიო ომამდე შვილობილი კომპანიები ჰქონდა გახსნილი აშშ-ში, ინგლისში, საფრანგეთში, ბელგიაში და რუსეთში. 1913 წელს 10 ათასი ადამიანი ჰყავდა დასაქმებული, აქედან ათასი ადამიანი გერმანიის გარეთ მუშაობდა.

პირველი მსოფლიო ომის დროს “ბაიერი“ გერმანიის მთავრობას ეხმარებოდა, ის ასაფეთქებელი და მომწამვლელი ნივთიერებების წარმოებაზე გადაეწყო. ამიტომ აშშ-ში და კანადაში მისი აქტივების კონფისკაცია განხორციელდა. ხოლო რუსეთში, ბოლშევიკების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მოხდა მისი აქტივების კონფისკაცია.

პირველი მსოფლიო ომისგან დაზარალებულ “ბაიერს“ 1930-იან წლებში მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გავლენა დაემატა, თუმცა 1925 წელს ჰოლდინგურ გაერთიანებას “IG Farben“-ს შეუართდა, რომელიც 6 კომპანიას აერთინებდა. ეს დაეხმარა კრიზისის გადატანაში. და 1951 წელს ისევ გამოეყო.

მეორე მსოფლიო ომის დროს “ბაიერი“ ნაცისტების გავლენის ქვეშ მოექცა. მის საწარმოებში ტყვეები მუშაობდნენ, სადაც მომაკვდინებელი გაზების წარმოება დაიწყო, რომელსაც ნაცისტები საკონცენტრაციო ბანაკებში იყენებდნენ. 1947 წელს, “ნიურნბერგის პროცესზე“ “IG Farben“-ის მმართველებიც გასამართლდნენ. ქალაქი ლევერკუზენი და “ბაიერი“ ბრიტანეთის გავლენის ქვეშ მოექცა, რომელმაც 1946 წლიდან კომპანიას მუშაობის გაგრძელების უფლება დართო, თუმცა რეალურად 1951 წლიდან განაახლა წარმოება.

1951 წლიდან “ბაიერმა“ თავისი აქტივები და ბრენდების დაბრუნება დაიწყო. აღადგინა ექსპორტი აშშ-ში და ლათინური ამერიკის ქვეყნებში, განაახლა სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები, რასაც ახალი მედიკამენტების შექმნა მოჰყვა. 1960 წლიდან ქალებისთვის კონტრაცეპტივების, ე.წ. “Pill“-ის წარმოება დაიწყო.

1950-იანი წლებიდან გერმანიის ეკონომიკის სწრაფად ზრდა, ე.წ. “გერმანული სასწაული“ დაიწყო, რაც გერმანიის კომპანიების სწრაფ ზრდასაც ნიშნავდა. 1963 წელს “ბაიერში“ უკვე 80 ათასამდე ადამიანი მუშაობდა. 1970-იან წლებში კომპანიამ აშშ-ის ბაზარზეც დაიბრუნა ძველი დიდება. 1978 წელს აშშ-ში დიდი ლაბორატორები “Miles Laboratories“ და “Cutter Laboratories“ შეისყიდა. 1988 წელს, როდესაც “ბაიერმა“ 125 წლის იუბილე აღნიშნა მისი წლიური შემოსავალი 40 მილიარდი გერმანული მარკა იყო.

გერმანიის გაერთიანების შემდეგ, 1994 წელს “ბაიერმა“ ქარხანა აღმოსავლეთ გერმანიაშიც გახსნა. ამავე წელს, 75 წლიანი წყვეტის შემდეგ, მან აშშ-ში თავისი ბრენდები დაიბრუნა და უფლება დართეს “ბაიერის“ დასახელებით გაეყიდა პროდუქცია. 1995 წელს კვლევითი ცენტრები იაპონიაში და აღმოსავლეთ ევროპაშიც გახსნა. 2001 წელს მცენარეების (მოსავლის) დამცავი ქიმიური საშუალებების მწარმოებელი კომპანია “Aventis CropScience“ შეისყიდა 7.3 მილიარდ ევროდ. 2000-იან წლებში კომპანიების შესყიდვა გააგრძელა. 2007 წელს კი “დიაგნოსტიკური განყოფილება“ 4.2 მილიარდ ევროდ “სიმენსს“ მიჰყიდა. კომპანიის წლიურმა შემოსავალმა 33 მილიარდ ევრომდე შეადგინა.

კომპანიის შემოსავალმა რეკორდულ მაჩვენებელს 46 მილიარდ ევროს 2015 წელს მიაღწია.

დღეს კომპანია აწარმოებს მედიკამენტებს ადამიანების და ცხოველების ჯანმრთელობისთვის, მცენარეების დამცავ საშუალებებს, კოსმეტიკურ და ჰიგიენურ საშუალებებს, ასევე სამედიცინო ტექნოლოგიებს.

გააზიარე

ავტორის სხვა მასალა