როგორ გამდიდრდა “ჯენერალ მოტორსი“?

წლიურად წარმოებული ავტომობილების რაოდენიბით “ჯენერალ მოტორსი“ მსოფლიოში მე-4 ადგილზეა. 2019 წელს 7.7 მლნ ავტომობილი გამოუშვა. ამავე წელს, მისმა შემოსავალმა 137 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მოგებამ კი 6.7 მლნ დოლარი. კომპანიის აქტივები 228 მილიარდი დოლარია, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია 62 მილიარდი დოლარი. დასაქმებული ჰყავს 164 ათასი ადამიანი.

“ჯენერალ მოტორსი“ 1908 წელს აშშ-ის ქალაქ დეტროიტში ბიზნესმენმა, უილიამ დურანტმა დააარსა. ის ბიზნესის სხვადასხვა სფეროებში მოღვაწეობდა და ამ დროისთვის უკვე მილიონერი იყო. “ჯენერალ მოტორსი“ დაარსდა როგორც ჰოლდინგური კომპანია. დაარსებიდან მალევე  “Buick Motor Company“ შეისყიდა, რომელიც ავტომობილებს 1899 წლიდან აწარმოებდა “ბუიკის“ ბრენდით. ამას მოყვა სხვა ამერიკული ავტომწარმოებელი კომპანიების შესყიდვა, მათ შორის “კადილაკის“, “ოაკლენდის“, “პონტიაკის“ და სხვა, სულ 12 კომპანია. 1909 წელს “ჯენერალ მოტორსმა“ 25 ათასი ავტომობილი გამოუშვა.

კომპანიის პირველი წლები წარუმატაბელი აღმოჩნდა და აქციონერებმა უილიამ დურანტი კომპანიიდან დაითხოვეს. მან შვეიცარიელ ავტომრბოლელ ლუის შევროლეტთან ერთად ახალი საავტომობილო კომპანია “Chevrolet Motor Company“ დააარსა. ახალი კომპანია წარმატებული აღმოჩნდა და დურანტმა “ჯენერალ მოტრსის“ საკონტროლო წილის ყიდვა მოახერხა. 1918 წელს კი “შევროლე“ “ჯენერალ მოტორსს“ შეუერთდა. თუმცა, 2 წელიწადში დიურანტი ისევ დაითხოვეს კომპანიიდან. მან პირადი კარიერი საბოლოოდ გაკოტრებით დაასრულა.

1920 წლიდან “ჯენერალ მოტორსის“ მთავარი სტრატეგია სხვადასხვა სექტორზე გათვლილი ავტომობილებია, დაბალი ფასებიდან ყველაზე მაღალ ფასებამდე. საავტომობილო ჰოლდინგის მთავარი აზრიც ეს იყო, სხვადასხვა კლასის ბრენდების წარმოება. 1921 წელს “ჯენერალ მოტორსს“ აშშ-ის ბაზრის 21% ეკავა. 1925 წელს ბრიტანული კომპანია “ Vauxhall Motors Ltd“ შეისყიდა, 1929 წელს კი “ოპელი“. მანქანების წარმოება გერმანიაში, საფრანგეთში, ბრაზილიაში და არგენტინაში დაიწყო. 1931 წელს ავსტრალიური კომპანია “ჰოლდენი“ შეისყიდა.

“ჯენერალ მოტორსის“ მთავარი კონკურენტი “ფორდი“ იყო. ფორდი ცდილობდა კონკურენტული უპირატესობა წარმოების დანახარჯების შემცირებით მოეპოვებინა. “ჯენერალ მოტორსი“ კი მასშტაბის ეფექტზე და ინოვაციებზე იყო ორიენტირებული.

1930-იან წლებში “ჯენერალ მოტორსმა“ თვითმფრინავების ნაწილების და ელექტროტექნიკის წარმოებაც დაიწყო.

მეორე მსოფლიო ომის დროს საბრძოლო ტექნიკის და საფრენი აპარატების წარმოება დაიწყო, თუმცა დროებით დაკარგა გერმანიის ქარხნები. 1941 წელს უკვე მას აშშ-ს ბაზრის 41% ეკავა და ამავე წელს პირველმა შექმნა ავტომობილის კონდენციონერი. ომის დასრულების შემდეგ “ჯენერალ მოტორსი“ ამერიკული ბაზრის ლიდერი გახდა, “ფორდს“ გადაასწრო. ამასთან ერთად გახდა ყველაზე დიდი დამსაქმებელი. 1955 წელს გახდა პირველი კომპანია, რომელმაც წლიურად მილიარდ დოლარზე მეტი გადასახადი გადაიხადა.

1960-იან წლებიც წარმატებული იყო კომპანიისთვის, თუმცა იაპონური და გერმანული ავტომწარმოებლებისგან კონკურენცია გაიზარდა. 1974 წელს “ჯენერალ მოტორსმა“ პირველმა შესთავაზა მომხმარებელს “უსაფრთხოების ბალიშები“ სერიულ ავტომობილებში. 1970-იან წლებში კომპანიის ყველაზე პოპულარული მოდელი “შევროლე ვეგა“ გახდა. 1979 წელს 853 ათასი ადამიანი ჰყავდა დასაქმებული. შემდეგი წლები რთული იყო, რადგან 1979 წელს “სანავთობო შოკი“ (ბენზინი გაძვირდა) დაიწყო და იაპონური კომპანიები კიდევ უფრო მოძლიერდნენ. თუმცა, 2008 წლამდე “ჯენერალ მოტორსი“ მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიანი ავტომწარმოებელი კომპანიაა. 1983 წელს “ჯენერალ მოტორსმა“ და “ტოიოტამ“ ერთობლივი პროექტების განხორციელება დაიწყეს.

1990-იან წლებში “ჯენერალ მოტორსს“ დავა ჰქონდა “ფოლკსვაგენთან“ საწარმოო საუდუმლოებაზე, რომელიც მისი გამარჯვებით დასრულდა და “ფოლკსვაგენმა“ 100 მლნ დოლარი გადაუხადა, მასთან 1 მილიარდი დოლარის საავტომობილო დეტალები შეისყიდა “ჯენერალ მოტორსისგან“. 2002 წელს “ჯენერალ მოტორსმა“ სამხრეთ კორეული კომპანია “Daewoo“ შეისყიდა.

კომპანიისთვის ურთულესი აღმოჩნდა 2008 წელს დაწყებული მსოფლიო ფინანსური კრიზისი. ის ფაქტობრივად გაკოტრდა და 2009 წელს აშშ-ის მთვრობისგან დახმარების მისაღებად რეორგანიზაცია დაიწყო. მთავრობამ “ჯენერალ მოტორსში“ 50 მილიარდ დოლარამდე ინვესტიცია ჩადო, თუმცა აქტივების ნაწილის გაყიდვით კომპანიამ მომდევნო წლებში 39 მილიარდი დოლარი დააბრუნა. მთავრობის დახმარების მიზანი 1.2 მლნ სამუშაო ადგილის გადარჩენა იყო, რაც საბოლოოდ, 11 მილიარდი დოლარი დაუჯდა.

2014 წლიდან კომპანიის შემოსავლები სტაბილური გახდა და დღეს მთავარ მიზნად ელექტრომობილების წარმოების განვითარება აქვს. მომავალი 5 წლის განმავლობაში ელექტრომობილების წარმოებაში 27 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს. 2023 წლისთვის ელექტრომობილების 20 მოდელი უნდა გამოუშვას.

დღეს “ჯენერალ მოტორსის“ ყველაზე ცნობილი ბრენდებია “შევროლე“, “კადილაკი“, “ბუიკი“, GMC“, ასევე ჩინეთის ბაზრისთვის “Baojun“, “Jiefang“ და “Wuling“.

წინა სტატია

მაგული
04 January, 2021

შემდეგი სტატია

ჩინეთი-ევროკავშირის საინვესტიციო შეთანხმება: ყოჩაღ თქვენ!
11 January, 2021
უნიკალური პროექტი გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტზე - “მაუნთინ რეზორტს სოლუშანსის“ წარმატების ისტორია
ინტერვიუ | Jan, 08, 2021
2021 წლის ყველაზე ძლიერი პასპორტები მსოფლიოში - რომელ ადგილზეა საქართველო?
ახალი ამბები ქართულად | Jan, 14, 2021
A New Trend in the Development Sector
კომპანიები | Dec, 25, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker