ჩინეთი-ევროკავშირის საინვესტიციო შეთანხმება: ყოჩაღ თქვენ!

მართლაც რომ ყოჩაღ ჩინეთს! 2020 წლის 30 დეკემბერს, 7-წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ევროკომისიის პრეზიდენტ, ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელთან ხელი მოაწერა ყოვლისმომცველ შეთანხმებას ინვესტიციების შესახებ (ყში). შეთანხმებას წევრი ქვეყნების დედაქალაქების ოფიციალური დასტური სჭირდება და, რაც მთავარია, ევროპარლამენტის მიერ რატიფიცირება. მხოლოდ ამის შემდეგ შევა რეალურად ის ძალაში.

შეთანხმების გაფორმებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან. უნდა ითქვას, რომ კრიტიკოსები უფრო მეტია, ვიდრე მხარდამჭერები და მათ საკმაოდ სერიოზული არგუმენტები გააჩნიათ შეთანხმების ხელმოწერის საწინააღმდეგოდ. კერძოდ:

  • კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ადამიანის უფლებებისა და შრომის უფლებების საერთაშორისო შეთანმხებებით ნაკისრი ვალდებულებების პრაქტიკულად სრული იგნორირება ხდება ჩინეთის მხრიდან სინძიანის ავტონომიურ რეგიონში მცხოვრებ უიღურ მუსლიმებთან დამოკიდებულებაში. ჩინეთის ხელისუფლებას ისინი პრაქტიკულად საკონცნეტრაციო ბანაკებში ყავს გამომწყვდეული და გაუსაძლის პირობებში ამუშავებს;
  • ჰონგ კონგის უსაფრთხოების კანონის შემოღება და მისი ამოქმედება იყო ევროპელი პოლიტიკოსების შეშფოთების და აღშფოთების საგანი. ევროპარლამენტში ჰონგ კონგში მიმდინარე მოვლენებზე სპეციალური მონიტორინგის ჯგუფიც კი არის შექმნილი. სიმწრის ღიმილის მომგვრელი იყო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შეთანხმების გაფორმებიდან სულ რაღაც 4 დღეში ჩინეთის უშიშროებამ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით ჰონგ კონგში 53 ყოფილი პარლამენტარი და პოლიტიკოსი დააპატიმრა. სინამდვილეში ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსები მხოლოდ ალტერნატიული საკანომდებლო ორგანოს შესაქმენლად პრაიმერის ჩატარებას აპირებდნენ. ეს არ არის ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავების პირველი ფაქტი. მას მერე, რაც ეს კანონი შემოიღო ჩინეთმა და უშიშროების სამსახურის ოფისიც გახსნა ჰონგ კონგში, ძალიან ბევრი აქტივისტი და კრიტიკულად განწყობილი ადამიანი აღმოჩნდა გისოსებს მიღმა;
  • ექსპერტთა მტკიცებით, ჩინეთი არ გამოირჩევა მის მიერ დადებული შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში აკურატულობით. მაგალითად, აშშ-თან გასული წლის დასაწყისში გაფორმებული ე.წ. პირველი ფაზის სავაჭრო შეთანხმების მთელ რიგ ვალდებულებებს, როგორც ექსპერტები ამბობენ, ჩინეთი არ ასრულებს. ავსტრალიასთან ჩინეთს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჰქონდა გაფორმებული, მაგრამ გასული წლის ბოლოს ჩინეთმა ავსტრალიურ პროდუქციაზე, განსაკუთრებით ღვინოზე სერიოზული ტარიფები დააწესა;
  • ამერიკის შეერთებულ შტატებში რაც ხდება, ამაზე საუბარიც და წერაც მიმძიმს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ვითარებაც დასტაბილურდება და აშშ ღირსეულად გადალახავს მის წინაშე არსებულ პრობლემებს, მაგრამ რაც შეეხება საერთაშორისო ასპარეზზე აშშ-ს პოზიციებს, ეს შეთანხმება ნამდვილად არასასიამოვნო ცნობა უნდა ყოფილიყო ახლად არჩეული პრეზიდენტისთვის. ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ გაჩნდა მოლოდინი, რომ აშშ-სა და ევროკავშირს შორის, აგრეთვე მის წევრ-ქვეყნებთან ურთიერთოებების ნორმალიზება მოხდებოდა და სტრატეგიული სამოკავშირეო ურთიერთობები ტრამპის გაპრეზიდენტებამდე არსებულ დონეს დაუბრუნდებოდა. თანაც, ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია, გამომდინარე მისი პრიორიტეტებიდან (ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვა ქვეყნის შიგნით და მთელ მსოფლიოში) სავარაუდოდ ჩინეთთან მიმართებაში ხისტ პოზიციას დაიკავებს და მას, აუცილებლად დაჭირდება ჩინეთის შეკავების საქმეში ევროკავშირთან მოკავშირეობა. აშშ-ში მოლოდინიც იყო და ხელმოწერამდე რამდენიმე დღით ადრე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ახლად არჩეული პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის მხრიდან თხოვნაც ევროკავშირის ლიდერებისადმი, ხელმოწერამდე გაევლოთ კონსულტაციები მის შეფთან, ანუ ჯო ბაიდენთან.

არც კონსულტაციები გაუვლიათ, არც ჰონგ კონგის ამბები გახსენებიათ და არც უიღური მუსლიმების მძიმე ყოფას შეუჩერებია ევროპელი ლიდერები. მათი მთავარი მამოძრავებელი ძალა, იდეა და არგუმენტი იყო ევროპული კომპანიებისთვის თანასწორი პირობების შექმნა ჩინელ კონკურენტებთან. აგრეთვე, ევროპელი ლიდერების მტკიცებით, ჩინეთი უფრო ტრანსპარენტული ჩინური კომპანიებისთვის სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდიების გაცემის საკითხში. შეთანხმება ჯერ კიდევ არ გამხდარა საჯარო, მაგრამ ევროპელი ლიდერების მტკიცებით შეთანხმება ხელს შეუწყობს ჩინეთის მხრიდან თამაშის წესების დაცვის უზრუნველყოფას (გადაბადრული ჩინური სმაილიკი უნდა იყოს  აქ); რაც შეეხება აშშ-ს, ევროპელი ლიდერების არგუმენტია, რომ ევროკავშირი არ არის ვალდებული ვაშინგტონთან ათანხმოს, ვისთან რა შეთანხმებას დადებს. “სტრატეგიული ავტონომია“ მაინცდამაინც ჩინეთთან მიმართებაში გამოავლინეს. ყოჩაღ თქვენ, ევროპელებო! ასეთ დროს ვაშინგტონშიც კი იტყვიან, მოგენატრებათ მამათიო ... :)

ევროპელ ლიდერებს როდესავ  ვახსენებ, ცხადია ცენტრალური ფიგურა იყო, არის და კიდევ იქნება ”ერხანს“ (ბლოგი გურიაში იწერებოდა, ამიტომ არ გაგიკვირდეთ გურული ელემენტები) გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი. მისი ძალიან დიდი დამსახურებაა, რომ ეს შეთანხმება გასული წლის ბოლოსწინა დღეს გაფორმდა. გერმანული ბიზნესისთვის, განსაკუთრებით მსხვილი ავტო-მწარმოებელი კომპანიებისთვის ანგელა მერკელი მართლაც რომ მფარველი ანგელოზია (ფოლქსვაგენის კონცერნისთვის ნამდვილად საოცარი საახალწლო საჩუქარია ეს შეთანხმება). ევროკავშირის პრეზიდენტ ქვეყნის ვადა გერმანიისთვის წლის ბოლოს იწურებოდა. ამიტომაც ორი ძალიან გავლენიანი გერმანელი პოლიტიკოსი ქალის ანგელა მერკელისა და ურსულა ფონ დერ ლაიენის დიდი ძალისხმევით შეთანხმებაც შედგა. ყოჩაღ თქვენ, ქალბატონებო!

გავლენიანი ევროპარლამენტარები გი ვერჰოვშტადი, ბერნდ ლანგე, ანა ფოტიგა, რაფაელ გლუქსმანი და სხვები კი შფოთავენ და იმუქრებიან კიდეც, თუ არ გაუმჯობესდება ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ვითარება უიღურ მუსლიმებთან, ჰონგ კონგელ პოლიტიკოსებთან და ტიბეტელ ბერებთან მიმართებაში, ხელშეკრულების რატიფიცირება არასდროს მოხდებაო, მაგრამ ჩემი მათდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად, არ მგონია, მათი მუქარა განხორციელდეს.

კიდევ ერთხელ გულწრფელად ვამბობ: ყოჩაღ ჩინეთს! ასეთ მნიშვნელოვან მომენტში, აშშ-ს ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორ, ევროკავშირთან შეთანხმების გაფორმება, თანაც იმ ფონზე, როდესაც სულ უფრო მეტი და ხმამაღალი პრეტენზიები ისმის მის მიმართ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, აგრეთვე, როდესაც სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომ სტრატეგიული შეცდომა იყო ათეული წლების წინ ჩამოყალიბებული დამოკიდებულება ჩინეთთან მიმართებაში, თითქოს მასთან თანამშრომლობით, ჩინეთი შეძლება გარდაიქმნას ღია და დემოკრატიულ ქვეყნად (კიდევ ერთი გადაბადრული ჩინური სმაილიკი J), და ბოლოს, როდესაც ევროკავშირში მკვიდრდებოდა ჩინეთთან დაკავშირებით ტერმინი “სისტემური მოწინააღმდეგე“, ყოვლისმომცველი საინვესტიციო შეთანხმების - ყში-ს (ინგლისურად ჯობია აბრევიატურები აშკარად Comprehensive Agreement on Investment - CAI) გაფორმება ძალიან სერიოზული წარმატებაა ჩინეთის პრეზიდენტ, სი ძინპინის და ჩინური დიპლომატიისთვის.

წინა სტატია

როგორ გამდიდრდა “ჯენერალ მოტორსი“?
08 January, 2021

შემდეგი სტატია

როგორ გამდიდრდა “eBay“?
12 January, 2021
უნიკალური პროექტი გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტზე - “მაუნთინ რეზორტს სოლუშანსის“ წარმატების ისტორია
ინტერვიუ | Jan, 08, 2021
2021 წლის ყველაზე ძლიერი პასპორტები მსოფლიოში - რომელ ადგილზეა საქართველო?
ახალი ამბები ქართულად | Jan, 14, 2021
A New Trend in the Development Sector
კომპანიები | Dec, 25, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker