"ვარ დიპლომატი, ვაშუქებ საერთაშორისო ურთიერთობებს, ვემსახურები მშვიდობას!"

გერმანიის ქრისტიან დემოკრატიული კავშირის (ქდკ) მერკელისებრი არჩევანი

გერმანიის ქრისტიან დემოკრატიული კავშირის (ქდკ) მერკელისებრი არჩევანი

გასულ შაბათს საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში გერმანიის მმართველი კოალიციის წამყვანმა ძალამ ქრისტიანულ-დემოკრატიულ კავშირმა (ქდკ) ახალ თავმჯდომარედ 59 წლის არმინ ლაშეტი აირჩია. ის გერმანიის ყველაზე მეტად დასახლებული ჩრდილოეთ რაინ ვესტფალიის მიწის პრემიერ მინისტრის თანამდებობას იკავებს და არის იდეოლოგიურად მკაფიოდ ცენტრისტული შეხედულებების. ის მოიაზრება, როგორც ანგელა მერკელის მსოფლმხედველობასთან და კონკრეტულ ეროვნულ თუ გლობალურ საკითხებზე მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომი პოლიტიკოსი.

ქდკ-ს ახალი თავმჯდომარის არჩევის აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც 2018 წელს არჩეულმა ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა ამ პოსტიდან გადადგომის შესახებ განცხადება გასული წლის დასაწყისში გააკეთა. სხვათაშორის, როდესაც ის აირჩიეს პარტიის თავმჯდომარედ, მაშინვე იყო საუბრები, რომ ქ-ნი კრამპ-კარენბაუერი მომავალ კანცლერადაც მოაიზრებოდა. ზოგადად, ქდკ-ს პარტიის თავმჯდომარედ არჩევა არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად კანცლერობის კანდიდატადაც დასახელდება. კრამპ-კარენბაუერმა მაშინ გერმანიის თავდაცვის მინისტრის პოსტიც დაიკავა, რომელზეც მან ევროკომისიის ამჟამინდელი პრეზიდენტი ურსულა ვონ დერ ლაინი ჩაანაცვლა. შეგახსენებთ, რომ ვიდრე ეს უკანასკნელი ევროკავშირის ერთ-ერთ უმაღლეს პოსტს დაიკავებდა, სწორედ ის მოიაზრებოდა ანგელა მერკელის შემცვლელად. თუმცა, მაშინ აქტიურად ვრცელდებოდა ცნობები იმის შესახებ, რომ ქ-ნი ვონ დერ ლაინი ვერც თავდაცვის უწყებაში ახერხებდა არსებული უთანხმოებების მოგვარებას და მითუმეტეს ვერ შეძლებდა ქრისტიანულ დემოკრატიულ კავშირში წლების მანძილზე დაგროვილი შიდა პარტიული პრობლემების მოგვარებას. როგორც ჩანს, პარტიის შიგნით პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით არსებული იდეოლოგიური დაპირისპირების აღმოფხვრა ვერც ქ-ნმა კრამპ-კარენბაუერმა მოახერხა. ის სექტემბერში დანიშნულ საპარალმენტო არჩევნებამდე შეინარჩურნებს თავდაცვის მინისტრის პოზიციას, თუმცა მისი პოლიტიკურ-კარიერული წინსვლა ამ ეტაპზე აღარ განიხილება.

ანგელა მერკელმა 15-წლიანი მმართველობის მანძილზე ნამდვილად შეძლო, რომ ყოფილიყო მსოფლიო პოლიტიკის განსაზღვრაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი, აგრეთვე, ევროპის ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნის წარმატებული კანცლერი. მან მართლაც ბევრი რამ გააკეთა თავისი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით კი გერმანული მსხვილი ბიზნესისთვის, რომლის ინტერესებიც იყო ამოსავალი წერტილი გერმანიის ხელმძღვანელის საქმიანობაში. მისი პოზიციები პარტიის შიგნით გარკვეულწილად შესუსტდა სირიელი დევნილების საკითხთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯების გამო, რამაც ცალკეულ ადგილობრივ არჩევნებში პარტიის წარუმატებლობაც გამოიწვია, თუმცა მისი გავლენა და ავტორიტეტი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ანგელა მერკელმა არათუ განგრძო თავისი საქმიანობა, არამედ პოლიტიკური კარიერის დასასრულს მან, როგორც ძლიერმა მმართველმა კიდევ ერთხელ გაიბრწყინა ყველასთვის მოულოდნელად თავს-დატეხილ გლობალურ პანდემიასთან ბრძოლაში.

არმინ ლაშეტმა, რომელიც ქრსიტიანულ დემოკრატიული კავშირის წევრია 18 წლის ასაკიდან და 40 წელი მიუძღვნა ამ პოლიტიკურ ძალას, გამარჯვება საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში მოიპოვა. მისი მთავარი კონკურენტები იყვნენ იურისტი და ბიზნესმენი ფრიდრიხ მერცი, რომელიც გაცილებით უფრო კონსერვატიული შეხედულებების არის სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით და ლიბერალურის – ეკონომიკურთან, აგრეთვე გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნორბერტ რიოტგენი, რომელიც ამ სამი კანდიდატიდან ყველაზე მეტად კრიტიკული იყო რუსეთთან მიმართებაში. ჩემდა სამწუხაროდ, ეს უკანასკნელი ელექტრონული ხმის მიცემის პროცესის პირველივე რაუნდში გამოეთიშა, ხოლო ფრიდრიხ მერცს არმინ ლაშეტმა უმნიშვნელო უპირატესობით – 521-466 მოუგო. თავად ეს ფაქტიც ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ არმინ ლაშეტის წინაშე მდგარი ამოცანებიდან უპირველესი პარტიის ერთიანობის შენარჩუნება და განმტკიცება იქნება.

რაც შეეხება მისი კანცლერობის პერსპექტივას, ჩემი აზრით, გადამწყვეტი არმინ ლაშეტისთვის სწორედ პარტიის შიგნით პრობლემების მოგვარება და სექტემბრის არჩევნებისთვის მომზადება იქნება. ამჟამად არსებული კვლევების მიხედვით, ქრისტიანულ დემოკრატიულ კავშირს, მნიშვნელოვანწილად ანგელა მერკელის ავტორიტეტის ხარჯზე, ყველაზე მაღალი რეიტინგი და შესაბამისად არჩევნებში გამარჯვების უკეთესი შანსები აქვს (ქდკ – 36%, მწვანეები – 20% და სოციალ-დემოკრატები – 16%). როგორც მოგახსენეთ, ქდკ-ს თავმჯდომარედ არჩევა არ ნიშნავს ავტომატურად კანცლერის კანდიდატურად დამტკიცებას. არმინ ლაშეტს ამ პოზიციისთვის ასევე სერიოზული ბრძოლა მოუწევს, ვინაიდან მის მთავარ კონკურენტებს, ქდკ-ს პარტნიორის, ბავარიის ქრისტიანულ სოციალისტური კავშირის თავმჯდომარეს მარკუს ზოდერს და ამჟამინდელ ჯანდაცვის მინისტრს იენს შპანს, კვლევების მიხედვით, ასევე საკმაოდ კარგი შანსები აქვთ.

ჩვენთვის (და არა მხოლოდ ჩვენთვის, პირველ რიგში კი, ჩემი აზრით, ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციისთვის) ცხადია, არსებითი მნიშვნელობა აქვს ახლად არჩეული არმინ ლაშეტის შეხედულებებს საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებთან დაკავშირებით. მისი პოზიციები, პრაქტიკულად ანგელა მერკელის ხედვების იდენტურია. ის განსაკუთრებით ევროკავშირის მიმართულებით გამოხატავს მკაფიო კეთილგანწყობას, ისევე როგორც ევროატლანტიკური კავშირების განმტკიცების აქტიური მხარდამჭერია. თუმცა, მას სხვა მიმართულებითაც აქვს თანხვედრა ანგელა მერკელის პოზიციებთან მიმართებაში. ეს არის რუსეთის საკითხი. არმინ ლაშეტი აქტიური მხარდამჭერია “ჩრდილოეთ ნაკადი 2“- ის მშენებლობის დასრულების, რაც ნიშნავს, რომ სანქციების შენარჩუნების პირობებში აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან, შესაძლოა კვლავინდებურად გაგრძელდეს ცივი ურთიერთობების რეჟიმი (რომელიც, სხვათაშორის, ობამას ადმინისტრაციის დროს დაიწყო ანგელა მერკელის ტელეფონის მიყურადების სკანდალის გამო). არადა, სწორედ ამ სანქციების შედეგია, რომ მშენებლობის დასრულება ისევ გაიწელა – ახლად ამოქმედებული სანქციების გამო კიდევ რამდენიმე ევროპულმა სადაზღვევო და სასერტიფიკაციო კომპანიამ თქვა უარი ამ პროექტში თანამშრომლობაზე. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ არმინ ლაშეტი კრიტიკულად საუბრობდა გერმანიაში გავრცელებული “ანტიპუტინური პოპულიზმის“ შესახებ, აგრეთვე, აკრიტიკებდა დიდ ბრიტანეთს სკრიპალების მოწამვლის საქმეში რუსეთის ნაადრევად დადანაშაულების გამო. მას დაუშვებლად მიაჩნია რუსეთის დემონიზაცია და თვლის, რომ ყოველთვის იყო და იქნება რუსეთთან აქტიური დიალოგის მომხრე. არმინ ლაშეტის სიტყვებით, “ჩვენთან შექმნილია კლიმატი, რომელშიც ნებისმიერს, ვინც საერთო პოზიციისგან განსხვავებულ დამოკიდებულებას დააფიქსირებს, იმ წამსვე “გაზპრომ“-ის მიერ ნაყიდად ნათლავენ“. ასეთ ვითარებაში ერთადერთ იმედად ისღა დაგვრჩენია, რომ ალექსეი ნავალნის მოწამვლის მცდელობის შემდეგ თავად ანგელა მერკელსაც კი ამოეწურა მოთმინების ფიალა და გერმანიასა და რუსეთს შორის ურთიერთობებმა ალბათ ბოლო ორი დეკადის ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. შესაბამისად, თუკი მარტის შუა რიცხვებში მიღებულ იქნება გადაწყვეტილება არმინ ლაშეტის კანცლერობის კანდიდატად დასახელების თაობაზე და ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი კვლავ გაიმარჯვებს არჩევნებში ისე, რომ მას ექნება მთავრობის ჩამოყალიბების შესაძლებლობა, არმინ ლაშეტი გაითვალისწინებს ანგელა მერკელის წარსული წლების გამოცდილებას და არ შეუდგება დაუყოვნებლივ ყველაფერზე წამსვლელ რუსეთთან ურთიერთობების დათბობას.

გააზიარე