Nexia Geogria - ბუღალტრული აუთსორსინგის ლიდერი

Nexia Geogria - ბუღალტრული აუთსორსინგის ლიდერი

Nexia Georgia, რომელიც საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიის, Nexia International-ის ოფიციალური წარმომადგენელია, საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. გასული თითქმის ათი წლის განმავლობაში „ნექსიას“ ქართული ოფისი რეკორდული სისწრაფით გაიზარდა. განვითარების ტემპის შენარჩუნებას კომპანია სამომავლოდაც ენთუზიაზმით გეგმავს.

აუდიტორულ სფეროში ნოვატორული პროექტებისა და მიდგომების დანერგვისთვის Nexia Georgia როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მასშტაბით ბევრჯერ გამოარჩიეს და დააჯილდოვეს. კომპანიის მმართველი პარტნიორები, დავით ლომიძე და გელა მღებრიშვილი Forbes Georgia-ს კომპანიის მიერ განვლილ გზაზე, მის არაერთ აღიარებაზე, სამომავლო გეგმებზე, პროექტებსა და სხვა საინტერესო საკითხებზე ესაუბრნენ.

ცოტა ხნის წინ შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნესრეიტინგების კავშირის ჯილდო – Leader of the Year გადმოგეცათ. რას ნიშნავს თქვენთვის ეს აღიარება? თქვენი აზრით, რის ხარჯზე შეძლო კომპანიამ აღნიშნული ტიტულის მოპოვება?

დავითი: ჩვენთვის „წლის ლიდერის ჯილდო“ არ არის პირველი ჯილდო, თუმცა მნიშვნელოვანი აღიარებაა კომპანიისთვის, რამაც ნამდვილად გაგვახარა. ვფიქრობ, Nexia Georgia-სთვის ჯილდოს მინიჭება რამდენიმე კრიტერიუმმა განაპირობა. მათ შორის, პირველი ისაა, რომ ჩვენ აუდიტორული ბაზრის ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი ვართ, 250-მდე თანამშრომლით. გარდა ამისა, „ნექსიას“ ქართული ოფისი საკმაოდ სწრაფად ვითარდება და იზრდება. მალე, დაარსებიდან ათი წელი შეგვისრულდება და ამ პერიოდის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი აუდიტორული კომპანია ვართ როგორც ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის მასშტაბით, ასევე ჩვენს ქსელსა და ქართულ ბაზარზე.

მოხარული ვართ, რომ „ნექსია საქართველო“ ის კომპანიაა ქართულ ბაზარზე, რომელსაც აუდიტორული სფეროს განვითარებაშიც საკმაოდ დიდი წვლილი შეაქვს. ამ კუთხით, აღსანიშნავია არაერთი კონფერენცია, რომლებიც საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა თემატიკაზე ჩავატარეთ და მსგავსი ღონისძიებების განხორციელებას სამომავლოდაც ვგეგმავთ. მაგალითად, ახლახან საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით გავმართეთ მასშტაბური კონფერენცია, რომელშიც 220-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

სხვა რომელი მნიშვნელოვანი ჯილდოები აქვს მიღებული Nexia Georgia-ს და რა დამსახურებისთვის?

დავითი: Nexia, რომელიც მსოფლიოს 125 ქვეყანასა და 700-ზე მეტ ოფისს მოიცავს, ყოველწლიურად ქსელში საუკეთესო კომპანიას ავლენს. 2017 წელს ღონისძიება აშშ-ში, სან-ფრანცისკოში გაიმართა, სადაც სათავო ოფისმა „წლის კომპანიის“ ტიტული ჩვენ მოგვანიჭა, რაც ნამდვილად საამაყოა.

მეორე ძალიან მნიშვნელოვანი აღიარება იყო ლონდონში, 2018 წელს, როდესაც International Accounting Bulletin-ის მიერ „Champion of the Year“-ის წოდება მოგვენიჭა ბუღალტერიის სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. აღსანიშნავია, რომ ჩვენ ვართ პირველი და ამ დრომდე ერთადერთი კომპანია საქართველოდან, რომელმაც ე.წ. „აუდიტორების ოსკარი“ მიიღო.

გელა: ქართულ ბაზარზე ოპერირება რომ დავიწყეთ, ბუღალტრული მიმართულება იმდენად სწრაფად განვავითარეთ, რომ დაარსებიდან უკვე მეხუთე წელს ბაზრის ლიდერის პოზიცია დავიკავეთ და პირველობას დღემდე ვინარჩუნებთ. ხაზგასასმელია, რომ Nexia საქართველოში იმ დროს შემოვიდა, როდესაც ადგილობრივი ბაზარი უკვე გაჯერებული იყო.

გარდა ამისა, შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნესრეიტინგების კავშირის მიერ წლის საუკეთესო მენეჯერებად დასახელდით – ელოდით ამ აღიარებას? რას ნიშნავს თქვენთვის ეს ინდივიდუალური ჯილდო?

დავითი: სიმართლე რომ გითხართ, ამას არ ველოდით. ვფიქრობ, კომპანიის მენეჯმენტი და ის შედეგები, რომლებიც Nexia Georgia-მ აჩვენა, მენეჯერული რგოლის დამსახურებად მიიჩნიეს. თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ თითოეული წარმატება მთელი გუნდის დამსახურებაა. ჩვენს გუნდში ძალიან ბევრი მაღალი დონის პროფესიონალია.

დავით ლომიძე, Nexia Georgia-ს მმართველი პარტნიორი

რადგან გუნდი ვახსენეთ, მოდი, Nexia Georgia-ს კორპორაციულ კულტურაზე, მისიასა და ღირებულებებზე, ასევე, კომპანიასა და თანამშრომლებს შორის ურთიერთობაზე მეტი გვიამბეთ.

დავითი: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საუკეთესო კადრების მოზიდვა და მათი განვითარება. სწორედ ამისთვის შევქმენით „ნექსია აკადემია“, სადაც მუდმივად ტარდება ტრენინგები ჩვენი თანამშრომლებისთვის და არამხოლოდ მათთვის.

ასევე, გვესმის სწორი მენეჯმენტის მნიშვნელობა კომპანიის განვითარებასა და გუნდის ეფექტიანად მუშაობაში, ამიტომ შევიმუშავეთ სპეციალური პროგრამები, რომელთა ფარგლებშიც მენეჯერული რგოლი მუდმივად გადის დამატებით კურსებსა და ტრენინგებს.

კომპანიის პრიორიტეტი არის დასაქმებულებზე ზრუნვა და, სხვათა შორის, ამ კუთხითაც არაერთი ჯილდო გვაქვს მიღებული. მათ შორის, სახელმწიფოს მხრიდანაც დავჯილდოვდით, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი. გავიმარჯვეთ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის – Meliora-ს კონკურსში და მოგვენიჭა „წლის პასუხისმგებელი დამსაქმებლის“ წოდება პროექტისთვის: „თანამშრომელი – ყველაზე მაღალი ღირებულება“.

გელა: მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ ჩვენი წარმატების ერთ-ერთი სერიოზული წინაპირობა არის გუნდურობა. ჩვენი, როგორც მმართველი პარტნიორების მიზანია, თითოეულმა თანამშრომელმა თავისი შრომითა და გუნდურობით გაკეთებული საქმის შედეგი იგრძნოს.

ჩვენი მუდმივი საზრუნავია, Nexia-ში მუშაობა იყოს (და არის კიდეც) პრესტიჟული. თანამშრომელმა იცოდეს, რომ აქ მიიღებს იმ ემოციას, რომელსაც საყვარელი საქმის კეთების დროს იღებს.

გარდა ამისა, ჩვენთვის პრიორიტეტია გუნდის წევრების განათლებისა და განვითარების მხარდაჭერა და ხელშეწყობა, რასაც არა მხოლოდ პროფილური მიმართულების ტრენინგებითა და კურსებით, არამედ ემოციური ინტელექტის კუთხითაც ვახორციელებთ. გვჯერა, რომ მენეჯერებისთვის მსგავსი პროგრამები ძალიან მნიშვნელოვანია.

დავითი: სხვათა შორის, ჩვენს მენეჯერებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ტრენინგებზე დასწრებისა და საერთაშორისო გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობაც აქვთ.

Nexia-ს გლობალური ქსელის მასშტაბით, თანამშრომელთა ერთგვარი გაცვლითი პროგრამები გვაქვს. მაგალითად, ბრიტანეთის ოფისში თითქმის ყოველ წელს ვგზავნით ჩვენი გუნდის წევრებს. აღსანიშნავია, რომ ჩვენც ხშირად ვიღებთ სხვა ქვეყნის ოფისებიდან თანამშრომლებს.

გელა: ბოლოს „ნექსიას“ უკრაინის ოფისის ხუთ წარმომადგენელს ვუმასპინძლეთ, რომლებიც სამი თვის განმავლობაში მუშაობდნენ ჩვენს გუნდში.

როგორ მიდგომებს იყენებთ კლიენტებთან მიმართებით?

დავითი: კლიენტებთან ყოველთვის ვცდილობთ პარტნიორული ურთიერთობის დამყარებას. ჩვენთან თანამშრომლობა მათ თავიანთი ბიზნესის განვითარებაში აუცილებლად უნდა დაეხმაროს. ვცდილობთ, ციფრებზე დაყრდნობით, დამკვეთებს ვურჩიოთ ისეთი გადაწყვეტები, რაც მათი ბიზნესის განვითარებას ხელს შეუწყობს. მინდა ხაზგასმითა და სიამაყით აღვნიშნო, რომ კომპანიები, რომლებსაც ვემსახურებით, საკმაოდ სწრაფად იზრდებიან და თავიანთ სფეროებში დიდ წარმატებას აღწევენ.

გელა: ჩვენი ხედვა ასეთია – თუ ჩვენი კლიენტი არ არის კარგად, ვერც ჩვენ ვიქნებით კარგად. როგორც დავითმაც აღნიშნა, მათ უფრო პარტნიორებად აღვიქვამთ. ვფიქრობ, სწორედ ეს უზრუნველყოფს მდგრად განვითარებას. კლიენტები გრძნობენ, რომ ჩვენ რეალურად ვინტერესდებით მათი განვითარებითა და წარმატებით, რაც მყარ და ხანგრძლივ თანამშრომლობას აყალიბებს.

მეზობელი ქვეყნებიდან თუ გყავთ დამკვეთები?

გელა: გვყავდა რამდენიმე კლიენტი თურქეთიდან, მათ შორის – ერთ-ერთი ბათუმში მოქმედი ბიზნესი. გვაქვს საინტერესო გამოცდილება, როცა პირიქით, ჩვენს მსხვილ კლიენტებს მეზობელ ქვეყნებში გადავამისამართებთ ხოლმე. მაგალითად, ერთ-ერთმა ჩვენმა კლიენტმა განახორციელა პროექტი სომხეთში და მას „ნექსიას“ ადგილობრივი ოფისი მოემსახურა. გარდა ამისა, ხშირად ვამისამართებთ კლიენტებს აზერბაიჯანსა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში.

სამეზობლოს გარდა, აღსანიშნავია, რომ ბევრი კლიენტი გვყავს გერმანიიდან, ჩეხეთიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან. მათ ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ჩვენ მიერ შეთავაზებული მრავლისმომცველი და, ამასთანავე, შეღავათიანი სერვისი იზიდავთ.

დავითი: Nexia-ს აქვს, ასევე, საკმაოდ ძლიერი იურიდიული მიმართულებაც და როდესაც ერთი კომპანიისგან ბუღალტრული, იურიდიული და საგადასახადო სერვისის ერთდროულად მიღების შესაძლებლობა გეძლევა კომპანიას, რა თქმა უნდა, დიდი კომფორტია. კლიენტებისთვის მიმზიდველია, რომ ყველა ამ მიმართულებაზე პასუხისმგებელი ერთი კომპანიაა.

როგორ დაახასიათებთ Nexia Georgia-ს, როგორც ნოვატორ კომპანიას? გვიამბეთ კომპანიის ნოვატორულ პროექტებზე.

გელა: ვიყოთ ნოვატორები და მოწინავეები, ჩვენი ერთ-ერთი ღირებულებაა. არასდროს ვუშინდებით სიახლეებს. ვფიქრობ, კომპანიის წარმატებაში ამას დიდი წვლილი მიუძღვის.

ჩვენ ვართ პირველები საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიებს შორის, რომლებმაც გავბედეთ და მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორის ბუღალტრულ მომსახურებაში საერთაშორისო გამოცდილება ჩავრთეთ – ეს არის პროექტი Nexia 4SME, რომლის ფარგლებშიც სრულიად ინოვაციური ტექნოლოგიები განვავითარეთ. ამ ტექნოლოგიების საშუალებით ვზოგავთ რესურსს, კლიენტებს კი ვთავაზობთ ხელსაყრელ პირობებს მაღალი დონის დაცულობისა და ხარისხის უზრუნველყოფით.

ამ სერვისით მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის მანამდე მიუწვდომელი საერთაშორისო დონის მომსახურება და სერვისები გავხადეთ ხელმისაწვდომი. უკვე მეორე წელია, რაც პროექტი არსებობს და აქტიური რეკლამირების არარსებობის პირობებშიც კი უკვე ასზე მეტი კლიენტი გვყავს მხოლოდ ამ მიმართულებით.

სხვათა შორის, ამ პროექტთან დაკავშირებით მომიწია საუბარი ლიმასოლში ახლახან გამართულ კონფერენციაზე. მთხოვეს, მცირე და საშუალო ბიზნესებთან პარტნიორობის მიმართულებით რა ტექნოლოგიებსაც ვავითარებთ, ამაზე მიმეწოდებინა ინფორმაცია. აღმოჩნდა, რომ „ნექსიას“ ზოგიერთი ოფისისთვის ეს სიახლეა და ისინი გამოცდილების გაზიარებას გვთხოვენ. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყნიდან ვართ, ჩვენს წვლილს განსაკუთრებით აფასებენ და ჩვენს გამოცდილებას იზიარებენ.

დავითი: ამავე კონფერენციაზე კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ტიმ უილსონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ნექსიას“ ქართული ოფისის როლი ქსელის განვითარებაში კრიტიკულია. ეს ჩვენთვის ძალიან საამაყოა.

გელა: ნოვატორობის კუთხით კიდევ ერთი პროექტი მინდა გამოვყო. ერთ-ერთი პირველები ვართ კიბერუსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დანერგვის კუთხით, რაზეც ამჟამად ვმუშაობთ. ვვარაუდობთ, რომ პროექტი მიმდინარე წლის ოქტომბრისთვის იქნება მზად. მისი განხორციელების შემდეგ Nexia Georgia-ს კლიენტები „მგრძნობიარე“ ინფორმაციის კიდევ უფრო მაღალი დაცულობით იქნებიან უზრუნველყოფილნი.

გელა მღებრიშვილი, Nexia Georgia-ს მმართველი პარტნიორი

რა მიზნები გაქვთ დასახული გაფართოების კუთხით?

დავითი: მიმდინარე წლის ნოემბრიდან „ქინგ დევიდის“ ბიზნესცენტრში, ახალ ოფისში გადასვლას ვგეგმავთ. ამისთვის მილიონ ლარზე მეტის ინვესტირებას ვაპირებთ. ახალი ოფისი იქნება ულტრათანამედროვე, განახლებული ბრენდინგითა და დიზაინით. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ოფისი „ნექსიას“ ქსელში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება.

საოფისე სივრცის გაფართოება და მიმართულებების განვითარება ხომ არ მიანიშნებს გუნდის მოსალოდნელ ზრდაზე?

გელა: როგორც გითხარით, საქართველოში აუდიტორულ ბაზარზე ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი ვართ და გვინდა, ეს სტატუსი მომავალშიც შევინარჩუნოთ. გვჯერა, რომ თანამშრომლებში ინვესტირება არის ყველაზე სწორი გადაწყვეტილება კომპანიის წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. რა თქმა უნდა, რაოდენობას გავზრდით, თუმცა არანაკლებ აქცენტს გავაკეთებთ ხარისხის შენარჩუნებასა და ზრდაზე.

დავითი: კომპანიის პრიორიტეტებს შორის ხარისხი ერთ-ერთი უმთავრესია. ჩვენ გვყავს ხარისხის კონტროლის პარტნიორიც. კომპანიის თითოეულ განყოფილებაში ამ მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. რა თქმა უნდა, ეს დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში წარმატების მომტანია.

გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ კომპანია დაარსების დღიდან საკმაოდ სწრაფად იზრდება და ვითარდება. გასულ წელს შემოსავლების კუთხით 25%-იანი ზრდა დავაფიქსირეთ. ვფიქრობთ, რომ მინიმუმ მსგავსი ზრდა გვექნება წელსაც. წლის პირველ ნახევარში ნაჩვენები შედეგი ამის თქმის საფუძველს ნამდვილად გვაძლევს.

აღსანიშნავია, რომ ეს ზრდა უკავშირებდა ყველა მიმართულებას. უკვე ვახსენეთ, რომ ბუღალტერიაში ვართ ლიდერები და კიდევ უფრო ვიზრდებით, ვინაიდან კომპანიაში საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგროვდა. სულ უფრო მეტ ღირებულებას ვუქმნით ჩვენს დამკვეთებს და, შესაბამისად, მათი ლოიალობაც იზრდება.

რაც შეეხება მეორე მიმართულებას – Nexia 4SME-ს, ისიც ძალიან სწრაფად ვითარდება და იზრდება, ამიტომ თანამშრომლების დამატება აქაც დაგვჭირდება.

ფართოვდება, ასევე საგადასახადო მიმართულება, სადაც ჩვენი გუნდი, გელას ჩათვლით, პროფესიონალი ექსპერტებით არის დაკომპლექტებული. მაგალითად, შემოსავლების სამსახურში რაიმე ცვლილებები რომ იგეგმება, ჩვენი კოლეგები ამ პროცესში მუდმივად არიან ჩართულნი და სხვადასხვა საკითხს განიხილავენ.

ვითარდება სხვა მიმართულებებიც. ფინანსური აუდიტი ჩვენი კომპანიის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. წლიდან წლამდე აქაც დიდ ზრდას ვაფიქსირებთ.

გარკვეულ პროექტებსა და გაფართოებაზე უკვე ვისაუბრეთ, თუმცა კიდევ რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

გელა: ამჟამად ვმუშაობთ აპლიკაციაზე, რომელიც მცირე მეწარმეებს ავტომატური დეკლარირების საშუალებას მისცემს. ამისთვის მათი მინიმალური ჩართულობა იქნება საჭირო. პლატფორმა 80%-ით უკვე დასრულებულია. სატესტო პერიოდის გათვალისწინებით, ვვარაუდობთ, მის გაშვებას მიმდინარე წელს შევძლებთ. უნდა აღვნიშნო, რომ ამ მომსახურებისთვის საკმაოდ ხელსაყრელი ფასი გვაქვს მოფიქრებული, რომელიც, წესით, ყველასთვის მისაღები იქნება. ფაქტობრივად, სიმბოლურ ფასად მცირე მეწარმეებს დეკლარირების პრობლემას მოვუხსნით.

მომავალში ამ პროდუქტის საზღვარგარეთ გატანაც გვსურს. რამდენიმე ბაზრის მოკვლევის შემდეგ დავადგინეთ, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ადგილობრივ ბიზნესებს მსგავს პლატფორმებზე ხელი არ მიუწვდებათ. ერთ-ერთ პირველ სამიზნე ქვეყნად ინდოეთი გვაქვს დასახული.

გარდა ამისა, შემდეგ წლებში ვაპირებთ, რომ ცალკე გამოვყოთ ინოვაციების ბიუჯეტი, რომელსაც სიახლეების დანერგვის მხარდასაჭერად გამოვიყენეთ.

დავითი: ჩვენი ამოცანა სამომავლოდ არის ზრდა-განვითარების კურსის შენარჩუნება და რეიტინგებში კიდევ უფრო მოწინავე პოზიციებზე გადასვლა. თუმცა გარკვეული მიმართულებით უკვე ვართ პირველები, მაგალითად ბუღალტერიაში, დასაქმების კუთხით და ა.შ. საგადასახადო მიმართულებითაც ერთ-ერთი ლიდერი ვართ, მეექვსეები ვართ შემოსავლების რეიტინგში.

გელა: თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ლიდერობა არ არის ჩვენი თვითმიზანი. ეს არის საქმის სწორად კეთების შედეგი.

დავითი: რაც მთავარია, ათი წლის წინანდელი ენთუზიაზმი შენარჩუნებული გვაქვს. მომდევნო ათი წელიც იგივე ენთუზიაზმით ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას.

S