თენგიზ ვერულავა, ელენე დავითური
ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუტი, კავკასიის უნივერსიტეტი
ნებისმიერი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა. 2022 წელს საქართველოში ამოქმედდა დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით დაფინანსების მოდელი, რომლის მთავარი ამოცანა ჯანდაცვის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა. დრჯ-ის მოდელის დანერგვის მიუხედავად, მუხლის სახსრის ენდოპროთეზირების მაღალხარისხიანი იმპლანტით ოპერაციისათვის პაციენტებს, მათ შორის საპენსიო ასაკის პირებს, უხდებათ საკმაოდ დიდი თანხის გადახდა, რაც ამცირებს სასიცოცხლოდ აუცილებელ სერვისებზე ფინანსურ ხელმისაწვდომობას.
***
დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით საავადმყოფოების დაფინანსების ახალი მეთოდი გულისხმობს საავადმყოფოების დაფინანსებას დიაგნოზებზე დაფუძნებული, წინასწარ განფასებული სამკურნალო სტანდარტების მიხედვით. დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით დაფინანსებაზე გადასვლის შემდეგ შეიცვალა დაფინანსების პრინციპი. წინათ, ახალი მეთოდის შემოღებამდე, ყველა კლინიკას თავისი ტარიფი ჰქონდა და სახელმწიფო არ არეგულირებდა პაციენტის თანაგადახდის მოცულობას, შედეგად პაციენტს სხვადასხვა სამედიცინო ორგანიზაციასთან 30-, 20-, 10-პროცენტიანი ოფიციალური თანაგადახდის გარდა დამატებით უწევდა მნიშვნელოვანი თანხის გადახდა. აღნიშნული სერიოზულ ტვირთად აწვებოდა პაციენტს და ქმნიდა სისტემის გამჭვირვალობის პრობლემას. სახელმწიფოს უჭირდა, პაციენტისთვის აეხსნა თანაგადახდის ზრდის მიზეზები.
დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით დაფინანსებაზე გადასვლის შემდეგ კლინიკას უფლებას არა აქვს, ოფიციალური თანაგადახდის გარდა, პაციენტისგან მოითხოვოს დამატებითი გადახდა. თითოეულ დიაგნოზზე განსაზღვრულია ტარიფი და თანაგადახდის მოცულობა 0-დან 30%-მდე ფარგლებში, რაც სახელმწიფოს აქვს დაწესებული მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფისთვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დრჯ-ის დაფინანსების მეთოდის გამოყენება ხელს უწყობს ჯანდაცვის სერვისებზე პაციენტის ფინანსურ ხელმისაწვდომობას, გამჭვირვალობას, ხარისხის ამაღლებას, რაც დადებითად აისახება პაციენტის კმაყოფილებაზე. დაფინანსების ახალი მეთოდის შემოღება ასევე დადებით გავლენას ახდენს ჯანდაცვის ხარჯების ეფექტიანობაზე. მცირდება საავადმყოფოში დაყოვნების ხანგრძლივობა. რადგან სამედიცინო დაწესებულება და პერსონალი ანაზღაურებას იღებს მხოლოდ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, მას არა აქვს პაციენტის სტაციონარში დაყოვნების გახანგრძლივების მოტივაცია. ამასთან, რადგან დაფინანსება ხორციელდება ნოზოლოგიური სტანდარტების წინასწარ დადგენილი ფასების მიხედვით, ხარჯები პროგნოზირებადია, რაც, თავის მხრივ, ამცირებს ხარჯებს.
მიუხედავად დრჯ-ის შემოღების დადებითი შედეგებისა, გარკვეული სერვისები არ ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით და პაციენტებს უწევთ მთლიანი თანხის გადახდა, რაც ამცირებს პაციენტის ფინანსურ ხელმისაწვდომობას. ერთ-ერთ ასეთ სერვისს წარმოადგენს მუხლის სახსრის ენდოპროთეზირება მაღალხარისხიანი, ძვირად ღირებული იმპლანტით. საყურადღებოა, რომ მუხლის სახსრის ენდოპროთეზირება განსაკუთრებით ხშირია საპენსიო ასაკის პირებში.
მუხლის სახსრის ენდოპროთეზირების იმპლანტს ძირითადად შემდეგი ქვეყნები აწარმოებენ: აშშ, გერმანია, თურქეთი, ინდოეთი და ჩინეთი. თურქული, ინდური და ჩინური იმპლანტი შედარებით დაბალი ხარისხის და, შესაბამისად, დაბალფასიანია. ხოლო ამერიკული და გერმანული იმპლანტები უფრო მაღალი ხარისხისაა და, შესაბამისად, ფასიც მაღალია.
საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული მუხლის სახსრის ენდოპროთეზირების ოპერაციების შემთხვევაში იყენებენ მხოლოდ დაბალფასიან თურქულ, ინდურ და ჩინურ იმპლანტს. სახელმწიფოს მიერ არ ხდება მაღალი ხარისხის, შედარებით ძვირად ღირებული ამერიკული და გერმანული იმპლანტების დაფინანსება. მუხლის სახსრის ამერიკული და გერმანული იმპლანტის ღირებულება დაახლოებით 6000 ლარია, მაშინ როდესაც საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების სისტემით მუხლის სახსრის ენდოპროთეზირების სრული სახელმწიფო ტარიფია 6148.37 ლარი. ამგვარად, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული დაფინანსებით კლინიკა მაღალი ხარისხის პროთეზით ოპერაციის ხარჯებს ვერ ფარავს და წაგებიანია.
სახელმწიფოს მიერ დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით მუხლის სახსრის ენდოპროთეზირების დაფინანსება არც კლინიკისთვის და არც პაციენტისათვის არაა მისაღები, რადგან სახელმწიფო აფინანსებს მხოლოდ დაბალხარისხიან და დაბალფასიან მასალას. ამავე დროს, დაბალხარისხიანი იმპლანტით გაკეთებული ოპერაციების შემთხვევაში მაღალია საავადმყოფოში განმეორებით დაბრუნების ალბათობა (რეჰოსპიტალიზაცია). ეს ყველაფერი ნეგატიურად მოქმედებს კლინიკისა და ექიმის პროფესიულ იმიჯზე, რადგან იზრდება პაციენტებში სამედიცინო მომსახურებით უკმაყოფილების დონე. აქედან გამომდინარე, ექიმთა ნაწილი უარს აცხადებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით განსაზღვრული დრჯ-ის მეთოდით დაფინანსებაზე და, შესაბამისად, თურქულ, ინდურ და ჩინურ იმპლანტზე, რადგან არ სურს აიღოს პასუხისმგებლობა დაბალხარისხიან იმპლანტებზე. დაბალხარისხიანი იმპლანტის გამოყენებისას ხშირია პოსტოპერაციული გართულებები, კერძოდ, შეიძლება მოირყეს ან გატყდეს პროთეზი, შესაბამისად, იზრდება განმეორებითი ოპერაციის ჩატარების ალბათობა. აღნიშნული კიდევ უფრო აძვირებს სამედიცინო მომსახურებას, რადგან გართულებით შემობრუნებული პაციენტი არის კლინიკის პასუხისმგებლობა და, რაც მთავარია, საავადმყოფოს ხარჯი.
გასათვალისწინებელია, რომ მუხლის სახსრის მაღალი ხარისხით იმპლანტით ენდოპროთეზირების ოპერაცია განაპირობებს პაციენტის მიერ ექიმის არჩევის შეზღუდვას, რადგან საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარი ვერ ჩაიტარებს ოპერაციას მისთვის სასურველ ქირურგთან, რომელმაც უარი განაცხადა სახელმწიფო პროგრამით დრჯ-ის დაფინანსებით დაბალხარისხიანი იმპლანტით ოპერაციის ჩატარებაზე.
დრჯ-ის შემოღებამდე პაციენტს შესაძლებლობა ჰქონდა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ზემოთ ხარჯები თანაგადახდის სახით თავად დაეფარა. დრჯ-ის შემოღების შემდეგ დღეს პაციენტს ამის შესაძლებლობა აღარ აქვს. მაღალხარისხიანი იმპლანტით ოპერაციის არჩევის შემთხვევაში პაციენტმა მთლიანად უნდა გადაიხადოს კლინიკის მიერ დადგენილი სამედიცინო მომსახურების ღირებულება შიდა სტანდარტით, რაც ხშირ შემთხვევაში 10000 ლარს აღემატება. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ საქართველო განვითარებადი ქვეყანაა და საპენსიო პირთა სახელმწიფო პენსია 300-365 ლარია.
ცხადია, დრჯ-ის დაფინანსების სისტემის შემოღებამ გაზარდა სამედიცინო სერვისებზე პაციენტის ფინანსური ხელმისაწვდომობა, მაგრამ გარკვეულ, მაღალხარისხიან სერვისებზე იგივე არ ითქმის. გარკვეულ სერვისებზე პაციენტებს წაერთვათ შესაძლებლობა, ისარგებლონ იმ საბაზისო საყოველთაო დაფინანსებით, რასაც სახელმწიფო გასცემს კონკრეტულ ოპერაციაზე, ხოლო მაღალხარისხიანი მასალის არჩევისას, დამატებით თანხა გადაიხადონ საკუთარი სახსრებით, თანაგადახდის სახით. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს,,უკეთესი’’ სერვისის მიღება სურს, იგი იძულებული ხდება, მთლიანად უარი თქვას საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის დაფინანსებაზე და მკურნალობის ღირებულება სრულად გადაიხადოს თავად. შედეგად, პაციენტები იძულებული არიან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქირურგიული ჩარევებისათვის თავად მოახდინონ თანხების მობილიზება. აღნიშნული ნეგატიურად მოქმედებს პაციენტის ფინანსურ ხელმისაწვდომობაზე.
იმის გათვალისწინებით, რომ მუხლის სახსრის ენდოპროთეზირება საკმაოდ მოთხოვნადი ოპერაციაა საპენსიო ასაკის პირებში, სახელმწიფო ვალდებულია, დააფინანსოს არა დაბალფასიანი და შესაბამისად დაბალხარისხიანი, არამედ მაღალხარისხიანი იმპლანტით ოპერაციები. ამისათვის მიზანშეწონილია მაღალხარისხიანი იმპლანტით ოპერაციებზე თანაგადახდის პრინციპის შემოღება, სადაც მნიშვნელოვან ნაწილს სახელმწიფო გადაიხდის, ხოლო დარჩენილი ნაწილი დაიფარება თანაგადახდით. როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს, დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების მოდელი იძლევა ასეთ, მოქნილად მიდგომის შესაძლებლობას, რათა მოერგოს მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისებზე პაციენტის სამართლიან მოთხოვნებს.