რატომ არის კრიტიკული აზროვნება აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში?

2 (25)

თენგიზ ვერულავა

მედიცინის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი

 

კრიტიკული აზროვნების გარეშე ცხოვრება ჰგავს თვალახვეულ სიარულს — სახიფათოა, უმისამართო და ადვილად შეიძლება, კატასტროფით დასრულდეს. როგორც თვალახვეულ მძღოლს არ ძალუძს საფრთხის დანახვა და უსაფრთხო გზის არჩევა, ისე მოქალაქე, რომელიც ვერ ფლობს კრიტიკულ აზროვნებას, ვერ აფასებს მოვლენების რეალურ არსს. ასეთ პირობებში ადამიანი მარტივად ექცევა დეზინფორმაციისა და მანიპულაციის მახეში, ხშირდება შეცდომები და სუსტდება მისი უნარი, დამოუკიდებლად განსაჯოს გარემოში მიმდინარე პროცესები.

კრიტიკული აზროვნების არსი სცილდება მხოლოდ ფიქრსა და მოქმედებას. ის იწყება მაშინ, როცა ვაფასებთ შეხედულებებსა და ქმედებებს, როცა მათ ვაკრიტიკებთ. კრიტიკული აზროვნება ნიშნავს კრიტიკულად ფიქრს. ეს ნიშნავს, რომ შეგვიძლია შევაფასოთ ნებისმიერი რამ, რასაც გააჩნია სტანდარტების შესაბამისად შეფასების საფუძველი. კრიტიკული აზროვნება მოიცავს მოქმედების შესაძლო შედეგებზე ფიქრს — მაგალითად, რა შეიძლება მოხდეს, თუ ამ ქუჩაზე თვალდახუჭული ივლით. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტი, რისი კრიტიკაც შეგვიძლია, არის გონებრივი მსჯელობა — აზროვნება, რომელიც გამოიყენება მაშინ, როცა ვაყალიბებთ მოსაზრებებს, ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ვსახავთ გეგმებს, ვაკეთებთ დასკვნებს ან ვაყალიბებთ ჰიპოთეზებს. სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზნებისთვის, კრიტიკული აზროვნება არის მსჯელობის შეფასება. ეს ხდება მაშინ, როცა განვიხილავთ, აკმაყოფილებს თუ არა კონკრეტული მსჯელობა ლოგიკისა და საღი აზრის სტანდარტებს.

კრიტიკული აზროვნება დემოკრატიული საზოგადოების საფუძველია, რადგან ის მოქალაქეებს აძლევს უნარს, გაარჩიონ სიმართლე დეზინფორმაციისგან, გააანალიზონ მიღებული ინფორმაცია და გააკეთონ დამოუკიდებელი, გააზრებული გადაწყვეტილებებამდე მივიდნენ. დემოკრატია არ არის მხოლოდ არჩევის უფლება — ის მოითხოვს ინფორმირებულ და აქტიურ მოქალაქეებს, რომლებიც შეძლებენ მონაწილეობას საჯარო დისკურსში.

დემოკრატიულ საზოგადოებაში აზრთა მრავალფეროვნება და თავისუფალი მედია ქმნის გარემოს, სადაც მოქალაქე ყოველდღიურად აწყდება წინააღმდეგობრივ ინფორმაციას. კრიტიკული აზროვნების გარეშე ადამიანს უჭირს გარკვევა, რომელი წყაროა სანდო, რა არის არგუმენტი და რა — მანიპულაცია. მაგალითად, პოპულისტი პოლიტიკოსები ხშირად იყენებენ ემოციურ რიტორიკას რეალური პრობლემების გადასაფარად. კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი არ ეყრდნობა მხოლოდ ემოციას — ის ითხოვს მტკიცებულებებს, ადარებს ალტერნატივებს და აანალიზებს შედეგებს.

ასევე, კრიტიკული აზროვნება აძლიერებს ტოლერანტობას განსხვავებული შეხედულებების მიმართ. ის ხელს უშლის საზოგადოებაში დაპირისპირების, პოლარიზაციისა და რადიკალიზაციის გაღრმავებას — რაც დემოკრატიისთვის ყველაზე დიდი საფრთხეებია. მოქალაქეები, რომლებიც მსჯელობენ, უსმენენ და არგუმენტირებულად საუბრობენ, ქმნიან ჯანსაღ საზოგადოებრივ დიალოგს.

კრიტიკული აზროვნება არ არის მხოლოდ ინტელექტუალური უნარი — ის არის დემოკრატიის ფუნქციონირების აუცილებელი პირობა.  მის გარეშე თავისუფალი საზოგადოება ადვილად გადაიქცევა პოპულიზმის, დეზინფორმაციისა და ბრმად მართულ მასების ტყვედ — იმ მძღოლივით, რომელიც თვალახვეული მიჰყვება ბრბოს მითითებულ გზას, საკუთარი გეზის გარეშე.

გააზიარე