Forbes Georgia
როგორ გამდიდრდა BMW?

ფოტო: Getty Images
Bayerische Motoren Werke (BMW) მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული კომპანიაა. 2025 წელს BMW-ს შემოსავალმა 151 მილიარდი დოლარი შადგინა, მოგებამ კი 8.2 მილიარდი დოლარი. კომპანიის აქტივები 300 მილიარდ დოლარამდეა, საბაზრო კაპიტალიზაცია კი 38 მილიარდი დოლარია. დასაქმებული ჰყავს 155 ათასამდე ადამიანი. წლიურად გაყიდული ავტომობილების რაოდენობით BMW მე-12 ადგილზეა ავტომწარმოებელ კომპანიებს შორის.
გერმანული კომპანია Bayerische Motoren Werke 1916 წელს დაარსდა. 1922 წლამდე კომპანიასBayerische Flugzeugwerke AG ერქვა. თუმცა BMW-ს წინამორბედი კომპანია Rapp-Motorenwerke GmbH 1913 წელს დაარსდა. პირველი მსოფლიო ომის დროს, სახელმწიფო დაკვეთით, კომპანია საბრძოლო თვითმფრინავებს აწარმოებდა. BMW-ს დამფუძნებლები კარლ რაპი, გუსტავ ოტო, ფრანც პოპი და კამილო კასტილიონი არიან.
პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ BMW-მ თვითმფრინავების წარმოება შეწყვიტა. 1918 წელს საჯარო კომპანია გახდა, ანუ აქციების გამოშვება დაიწყო, რითაც 12 მლნ მარკა მოიზიდა. 1918-1923 წლებში სამეურნეო ტექნიკას, საყოფაცხოვრებო ნივთებს, სარკინიგზო მოწყობილობებსა და მოტოციკლის ძრავებს აწარმოებდა. 1923 წლიდან კი ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილების დეტალების წარმოება დაიწყო.
1928 წელს BMW-მ აიზენახის საავტომობილო ქარხანა შეიძინა და ავტომობილების წარმოება დაიწყო. აიზენახში დაფუძნებული ქარხანა უშვებდა მოდელს „დიქსი 3/15“, რომლის სახელიც გახდა „BMW 3/15“. ეს იყო კომპანიის პირველი სერიულად წარმოებული ავტომობილი.
პირველი საკუთარი მოდელი კომპანიამ 1932 წელს გამოუშვა, ეს იყო „BMW 3/20“, რომელსაც 20 ცხენის ძალა ჰქონდა და 80 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებდა. ამ პერიოდში BMW-ს შემოსავალი 32 მლნ მარკა იყო.
1936 წელს BMW-მ პირველი სპორტული მოდელი გამოუშვა, რომელიც რამდენიმე წელიწადში ყველა რბოლას იგებდა და მსოფლიო რეკორდებს ამყარებდა სისწრაფეში, რამაც კომპანიის პოპულარობა გაზარდა.
მდიდრული მანქანების წარმოება კომპანიამ 1939 წლიდან დაიწყო, მათ შორის – ოთხკარიანი სედანების.
მეორე მსოფლიო ომის დროს კომპანიას ისევ სამხედრო თვითმფრინავების წარმოება დაევალა, მუშახელის ნაწილს კი პატიმრები შეადგენდნენ. 1944 წელს მისი შემოსავალი 750 მლნ მარკას აღწევდა. 1945 წელს კომპანიის ზოგიერთი ქარხანა განადგურდა. 1948 წელს BMW-მ მოტოციკლების წარმოება აღადგინა, 1952 წელს კი – ავტომობილების.
1952 წელს ახალი მოდელი – სერია 501 გამოუშვა. ამ დროს გერმანიაში ეკონომიკური ბუმი იყო, დასავლეთის ქვეყნებიდან გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ინვესტიციები და ტექნოლოგიები შეედინებოდა. საავტომობილო დარგი დიდი წარმატებით ვითარდებოდა და გერმანია ავტომობილების ყველაზე მსხვილი მწარმოებელი გახდა მსოფლიოში.
1950-იანი წლების მეორე ნახევარში კომპანიის რამდენიმე მოდელმა წარუმატებლობა განიცადა და BMW გაკოტრების ზღვარზეც კი იყო. 1959 წელს კომპანიის კონკურენტთან, „დაიმლერ-ბენცთან“ გაერთიანებაც კი განიხილებოდა, თუმცა აქციონერები წინააღმდეგი წავიდნენ.
1961 წლიდან მასობრივი მოხმარების საშუალო კლასის ავტომობილების წარმოება დაიწყო, რომლებიც კარგად გაიყიდა. 60-იანი წლების ბოლოს კი მომავალში ყველაზე პოპულარული სერიების BMW 3-ის და BMW 5-ის წარმოება დაიწყო.
1973 წელს კომპანიას უკვე 14 ქვეყანაში ჰქონდა ქარხნები გახსნილი, სადაც ჯამში 100 ათასამდე ადამიანს ასაქმებდა.
1978 წელს BMW-მ M და Z მოდელების გამოშვება დაიწყო. მნიშვნელოვანი იყო 1994 წელი, როდესაც ბრიტანული საავტომობილო კომპანია „როვერი“ შეიძინა და მის ბაზაზე Mini-ის სერიის წარმოება დაიწყო. ასევე, მოიპოვა უფლება როლს-როისის მოდელების გამოშვების.
1999 წელს BMW-მ გამოუშვა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული და გაყიდვადი მოდელი – X5.
2011 წელს BMW-მ შექმნა ახალი ქვებრენდი BMW i, რომლის მიზანი ელექტროავტომობილების წარმოება იყო. 2013 წელს კომპანიამ გამოუშვა პირველი სრულად ელექტრომობილი BMW i3, ხოლო 2014 წელს ჰიბრიდული სპორტული ავტომობილი BMW i8 (Plug-in Hybrid). შემდგომ წლებში ელექტრომობილების წარმოება BMW-ს სტრატეგიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად იქცა. 2025 წელს კომპანიამ მსოფლიო მასშტაბით 642 ათასი ელექტრიფიცირებული ავტომობილი (სრულად ელექტრონული და Plug-in Hybrid–ი) გაყიდა, რაც მთლიანი გაყიდვების 26%-ს შეადგენდა. მათ შორის, 442 ათასი სრულად ელექტრომობილი იყო. კომპანიის გრძელვადიანი მიზანია, 2030 წლისთვის სრულად ელექტრომობილების წილმა საერთო გაყიდვებში 50%-ს გადააჭარბოს.
2025 წელს BMW-მ 2.5 მლნ ავტომობილი გამოუშვა. 10 წლის წინ, 2015 წელს 2.3 მლნ აწარმოვა, ხოლო 2005 წელს – 1.3 მლნ. ბოლო 20 წელიწადში გამოშვებული ავტომობილების რაოდენობა თითქმის გააორმაგა.
BMW-ის 2025 წლის წლიური ანგარიშის მიხედვით, კომპანიას ჯამში 32 ქარხანა აქვს, რომლებიც 15 ქვეყანაში მდებარეობს. ყველაზე დიდი ქარხანა აშშ-ში აქვს, ქალაქ სპარტანბურგში, თუმვა ყველაზე მეტს – წლიურად მილიონზე მეტ ავტომობილს – გერმანიაში აწარმოებს. შემდეგ მოდიან ჩინეთი (600 ათასი) და აშშ (410 ათასი).
დღეს კომპანიის აქციების 28%-ს შტეფან ქუანდტი ფლობს, 23%-ს ზუზან კლატენი, ხოლო 49% მცირე წილის მქონე აქციონერებზეა გადანაწილებული.
გარდა იმისა, რომ BMW მნიშვნელოვანწილად გერმანისს სახე იყო და მისი წარმატება-წარუმატებლობა ქვეყნის ისტორიის კვალდაკვალ იწერებოდა, მნიშვნელოვანი იყო კონკურენცია. მას მოსვენებას არ აძლევდნენ ორი მსხვილი გერმანული ბრენდი – „მერსედესი“ და „ფოლკსვაგენი“. BMW-ს არ ჰქონდა დრო შეჩერებულიყო, პროგრესი მომავლისთვის გადაედო. ეს კონკურენცია დღესაც მძაფრად გრძელდება.
"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
