მწვანე ქალაქის კონცეფცია

Forbes-WEB-221217

ბოლო დროის მოვლენებში პირდაპირმა თუ ირიბმა ჩართულობამ დაგვარწმუნა, რომ ეკოლოგიაზე ზრუნვა ჩვენი უმთავრესი ამოცანაა. პირველ რიგში, ეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის არის საჭირო. თეორიული ინფორმირება სასარგებლოა, მაგრამ არაფერია პრაქტიკული ნაბიჯების გარეშე. როგორია გარემოსდაცვითი ცნობიერება და როგორ გამოიხატება ის ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში? მოდი, ვისაუბროთ მწვანე ქალაქებზე – ნაბიჯებზე, რომელთაც უკეთესი გარემოსკენ მივყავართ.

გარემოსდაცვით საკითხებზე სხვადასხვა ორგანიზაცია მუშაობს. ყოველწლიურად ქვეყნდება სტატისტიკა, რეკომენდაციები, სამომავლო გეგმები. ნელ-ნელა ხელისუფლებები, კერძო თუ სახელმწიფო დაწესებულებები, სხვადასხვა კომპანია და ინდივიდები ვთანხმდებით იმაზე, რომ საჭიროა ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ცხოვრება ჯანმრთელობისთვის ნაკლებად საზიანო იქნება. ამისათვის მთელი რიგი საკითხების გადაჭრაა აუცილებელი, მაგრამ სწორი და ნელი ტემპით. არსებობს მრავალი მოსაზრება, რომლებიც ქალაქების სწორი განვითარების მომავალს პროგნოზირებენ. ჩვენ რამდენიმეს მიმოვიხილავთ. შევეხებით საკითხებს, რომელთაც ქალაქის ნაცრისფრიდან მწვანე ქალაქად ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.

ზოგადი წარმოდგენისათვის, უმჯობესია, დავსვათ შეკითხვა – რა ამწვანებს ქალაქს? ჩვენთვის ცნობილია, რომ ქალაქები და განსაკუთრებით, დიდი ქალაქები გამოირჩევიან შემდეგი ფაქტორებით: საცობი, გამონაბოლქვი, დანაგვიანება, ხალხმრავლობა… ეს გარდაუვალი პროცესია და ის ქმნის ადამიანის ცხოვრების ისტორიასა და მომავალს. ეს რეალობაა, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს მე-18 საუკუნიდან  – ინდუსტრიული რევოლუციიდან მოყოლებული. მომავალზე ზრუნვამ გაზარდა ქალაქები და შეამცირა მწვანე საფარი. მიუხედავად ამისა, ჯანსაღი ცხოვრებისაკენ პროგრესირება  კვლავ ჩვენს ხელთაა, შესაბამისად, იმედი და რესურსი არსებობს, რომ სიტუაცია გამოსწორდეს. ამისათვის იქმნება მწვანე ქალაქების კონცეფცია. მწვანე ქალაქები ცდილობენ საკუთარი მოსახლეობის ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფას, სადაც ტექნოლოგია და ინფრასტრუქტურა არის წამყვანი, ხოლო სიმწვანე – მათი მუდმივი თანმდევი.

მწვანე ქალაქის შექმნაში ერთ-ერთ მთავარი როლი ჯანსაღ ურბანულ გეგმარებას ენიჭება. აქ ძირითად პრინციპს ლანდშაფტის შენარჩუნება და მწვანე ზონების შექმნა წარმოადგენს. მნიშვნელოვანი ფაქტორია გადაადგილების საკითხიც. როდესაც რამდენიმე სერვისი, მაგალითად: სპორტული კომპლექსი, სკოლა, მაღაზია, აფთიაქი, კვების ობიექტი ერთ ზონაშია მოქცეული, ეს თავისთავად გულისხმობს ნაკლებ სატრანსპორტო გადაადგილებას. ეს უზრუნველყოფს სუფთა ჰაერის შენარჩუნებას. ხოლო იქ, სადაც სხვადასხვა სერვისზე ხელმისაწვდომობა ერთ ზონალურ არეალში არ არის მოქცეული, მკვეთრად განსხვავებულ გარემოპირობებს ვაწყდებით. მაგალითისთვის შეგვიძლია განვიხილოთ ჩრდილოეთ ამერიკის ნაწილი, სადაც მკაცრმა ზონალურმა დაყოფამ მოსახლეობა მეტად დამოკიდებული გახადა საკუთარი ავტომობილებით გადაადგილებაზე – სახლიდან დანიშნულების წერტილამდე მისაღწევად. შედეგად, დღიური გადაადგილების 90%-ზე მეტი კერძო ტრანსპორტზე მოდის, რაც თავისთავად ზრდის ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელს.

მწვანე ქალაქის შექმნაში წამყვანი როლი ეკისრება ეკოლოგიაზე გათვლილ ურბანულ გეგმარებას, რაც ერთი ზონაში განსხვავებული სერვისების ხელმისაწვდომობის შესაძლებლობას ქმნის.

ეკოლოგიასთან ერთდ, მწვანე ქალაქის კონცეფცია სხვა დეტალებისგანაც შედგება. სახელმწიფო თუ კერძო სექტორის ზრუნვა, რომელიც მიმწოდებლის ფუნქციას ითავსებს, არ არის საკმარისი გარემოსდაცვითი ღონისძიებების სრულად განხორციელებისთვის.  მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი მცხოვრებლები, როგორც მოსარგებლეები, დიდ ყურადღებას უთმობდნენ გარემოს დაცვას, რაც მხოლოდ მწვანე საფარის მოვლა-შენარჩუნებით არ შემოიფარგლება. მწვანე ქალაქის იდეა რამდენიმე ძირითად ფაქტორს ემყარება. ესენია: სწორი ურბანული გეგმარება,  ენერგოეფექტიანი სატრანსპორტო საშუალებები, ჯანსაღი ურბანული საკვები, ენერგოეფექტიანი და ჯანსაღი შენობები, ნარჩენების სეპარირების სისტემის დანერგვა, რეკრეაცია.

მსოფლიო მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს სტანდარტული ურბანული განაშენიანების მწვანე ქალაქებად გარდაქმნის პროცესი. რამდენიმე ქვეყანა ამ სტანდარტს უკვე აკმაყოფილებს და საკუთარ მაგალითზე სხვა ქვეყნებსა და ქალაქებს მოუწოდებს იმავე გარდაქმნებისაკენ.

ავსტრიის დედაქალაქი ვენა – ქალაქის 50%-ზე მეტი  მწვანე ფართობისგან შედგება. ქალაქში მცხოვრებთა ნახევარზე მეტი გადაადგილებისთვის საზოგადოებრივ ტრანსპორტს იყენებს. ვენის ქალაქგეგმარების მწვანე სტრატეგიამ  ქალაქის სხვადასხვა უბანში სასეირნო ბილიკების მოწყობა განაპირობა. ვენის შემოგარენის დიდი ნაწილი ეთმობა ეროვნულ პარკს.

მწვანე სტრატეგია შესაძლებელია ერთიანად ვერ განხორციელდეს მთელი ქვეყნის ან ქალაქის მასშტაბით.  საუკეთესო დრო მწვანე სტრატეგიის შესაქმნელად არის პროექტირების საწყისი ეტაპი, რომელიც ორიენტირებულია დასახლებულ ან დაუსახლებელ ადგილებში ვეგეტაციისა და ჯანსაღი გარემოს ხელშეწყობაზე.

კარგ მაგალითს წარმოადგენს მადრიდი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მწვანე დედაქალაქი. ქალაქის ადმინისტრაციამ და კერძო სამშენებლო სექტორმა დიდი რესურსი ჩადეს მწვანე ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებიც შენობებისა და ეკოლოგიის თანაცხოვრებას ისახავდა მიზნად. არქიტექტურული  ნაგებობებისა და მცენარეული საფარის სინთეზი –  სწორედ ეს მიდგომა ანიჭებს მადრიდს წამყვანი მწვანე ქალაქის სტატუსს, მიუხედავად მჭიდრო განაშენიანებისა.

20 წუთის სამეზობლო, ასე ეძახიან ავსტრალიის ქალაქ მელბურნს. მისი გეგმარება გამორჩეულია. ყველაფერი, რაც გჭირდებათ ჯანმრთელი და ბედნიერი ცხოვრებისათვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მაქსიმუმ 20 წუთის სავალზეა; ბიზნესცენტრი, მაღაზია, საგანმანათლებლო დაწესებულებები, სამსახური თუ სხვა…  ასეთი გეგმარება ამცირებს დიდ სატრანსპორტო ტალღას, რაც ხელშემწყობი ფაქტორია მწვანე ქალაქის შესაქმნელად.

ჩვენს დედაქალაქთან მიმართებით თუ ვიმსჯელებთ, თბილისის მწვანე გეგმარება თავდაპირველად საკმაოდ მასიური იყო. თუმცა, სხვადასხვაგვარი მიზეზით ეს პროცესი გარკვეული პერიოდით შეჩერდა.

თანამედროვე მოსახლეობის ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა – ეკოლოგიურად სუფთა უბნებია. ახალი ტიპის საცხოვრებელი თუ სარეკრეაციო უბნები ამის საშუალებას იძლევა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მსოფლიო ტენდენციები, რომლებიც ეკოლოგიის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული, თბილისშიც ფართოდ არის გავრცელებული. მოსახლეობის მხრიდან ჯანსაღ გარემოში ცხოვრების სურვილმა ხელი შეუწყო სიმწვანეზე ორიენტირებული ადგილების გაჩენას როგორც სამოსახლოდ, ასევე დასასვენებლად. დედაქალაქის მასშტაბით განჩნდა ახალი საცხოვრებელი ადგილები, რომლებიც ეკოლოგიასთან ერთად ორიენტირებულია ჯანსაღ გარემოზე. ეს უკანასკნელი კი ყველაზე დიდი გარანტიაა ჯანმრთელი ცხოვრების უზრუნველსაყოფად.

მწვანე ქალაქის მოწყობის ერთ-ერთ მაგალითს წარმოადგენს, თბილისში, ლისის ტბის მიმდებარედ არსებული „ლისი დეველოპმენტის“ პროექტი. ასეთი ტიპის გეგმარება მიზნად ისახავს ეკოლოგიურად ჯანსაღი საცხოვრებელი უბნის ჩამოყალიბებას, რასაც შემდეგი ფაქტორების დაცვა განაპირობებს: მწვანე საფარი და ბუნებრივი ვეგეტაცია, გამართული ინფრასტრუქტურა, განსხვავებული სერვისების ხელმისაწვდომობა ერთ ზონალურ სივრცეში და ჯანსაღი გარემო, რომელიც განპირობებულია ყველა ჩამოთვლილი ფაქტორის ერთობლიობით.  აღსანიშნავია ისიც, რომ ადგილზე მწვანე საფარის მოცულობა თითქმის 8-ჯერ აღემატება იმ მინიმალურ ზღვარს, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ არის რეკომენდირებული.

მრავალმხრივი სკეპტიკური აზრის მიუხედავად, თბილისს მწვანე ქალაქად ჩამოყალიბების დიდი პოტენციალი აქვს, რომელსაც ერთიანი და მიზანმიმართული გეგმა სჭირდება – გამართული ტრანსპორტით, სწორი ქალაქგეგმარებით, ურბანული ტყეებით, მწვანე საცხოვრებელი ადგილებით – ნაკლები გამონაბოლქვით და მეტი სუფთა ჰაერით. მსგავსი ადგილი უკვე გელოდებათ თბილისში, ლისზე – იქ, სადაც ქალაქი ყველაზე მწვანეა.

გააზიარე