Forbes Health-ის დისკუსიების სერია თამბაქოს ზიანის შემცირების თემაზე - ნდობა მეცნიერებისა და მონაცემების მიმართ - ინტერვიუ ჟიზელ ბეიკერთან

Forbes-WEB-22071118

ზრდასრული მწეველებისთვის თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული დაავადებების, მათ შორის ფილტვის სიმსივნის, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (ფქოდ) და სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული დაავადებების გაჩენის რისკის შემცირების საუკეთესო გზა – თამბაქოსა და ნიკოტინზე უარის თქმაა. თუმცა, მონაცემები ცხადყოფს, რომ სიგარეტისთვის თავის დანებებას ბევრი ადამიანი ვერ ახერხებს.

Philip Morris International-ის წარმომადგენელთან, პროფესორ ჟიზელ ბეიკერთან საუბრისას გვსურს გავარკვიოთ, სჯობს თუ არა იმ ადამიანებმა, რომლებსაც არ სურთ მოწევის შეწყვეტა, ტრადიციული სიგარეტის ნაცვლად ისეთი პროდუქტი მოიხარონ, რომელიც სიგარეტის წვის პროცესს არ მოიცავს.

მანამ, სანამ PMI-ის შეუერთდებოდა, პროფესორი ბეიკერი ბიოსტატისტიკასა და მონაცემთა მართვას ხელმძღვანელობდა ისეთ წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციებში, როგორიცაა: OV Clinical Trials ,Colorado Prevention Center, Poniard და  Duramed Research.

თავის დროზე, პროფესორი ბეიკერი, პროდუქტის შეფასებისა და სამეცნიერო მტკიცების დეპარატამენტის ეპიდემიოლოგიისა და ბიოსტატისტიკის გუნდს ხელმძღვანელობდა, რომელიც კლინიკური და ბაზრის შემდგომი შეფასების პროგრამების შექმნასა და წარმოებაზე არის პასუხისმგებელი.

სამხრეთ კაროლინის სამედიცინო უნივერსიტეტის ბიომეტრიისა და ეპიდემიოლოგიის დოქტორანტი და ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ბაკალავრი, პროფესორი ჟიზელ ბეიკერი, ამჟამად, Philip Morris International-ის გლობალური სამეცნიერო მიმართულების ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს. ამ როლის ფარგლებში ის ნიჭიერი მეცნიერებისაგან შემდგარ გუნდს ხელმძღვანელობს, რომელიც PMI-ის უკვამლო პროდუქტებს შეისწავლის და მათი სამეცნიერო მტკიცებულებებისა და თამბაქოს ზიანის შემცირების შესახებ ცნობადობას ზრდის.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ არსებობს ერთგვარი კონსენსუსი, რომლის თანახმად ზრდასრული მწეველებისთვის თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველ ისეთ პროდუქტებზე გადასვლა, რომლებიც თამბაქოს წვის პრინციპს არ ეფუძნება, გაცილებით უფრო ნაკლებად დამაზიანებელია, ვიდრე ტრადიციული სიგარეტის მოწევა. თუმცა, ეს პროცესი საკმაოდ ნელია, ხოლო ამ საკითხზე დისკუსიისა და დებატის მთავარ საკითხს ნდობა წარმოადგენს. ამ შემთხვევაში იგულისხმება ნდობა, როგორც მონაცემების წარმომდგენი მეცნიერების, ასევე თავად მონაცემების, ასევე ეპიდემიოლოგიური მტკიცებულებების სიმწირის მიმართ, რომლის გამო ბევრი გადაწყვეტილების მიღება სწორ დროს ვერ ხერხდება.

პროფესორ ჟიზელ ბეიკერი Forbes Georgia-სთან თამბაქოს ზიანის შემცირებაზე საუბარს მეორედ დათანხმდა.

მოდი, შევაჯამოთ ის მთავარი სამეცნიერო მიგნებები, რომლებიც თამბაქოს ზიანის შემცირების მიმართულებით არსებობს?

ვფიქრობ მთავარი მიგნება ისაა, რომ სიგარეტის მოწევისას ყველაზე დიდ ზიანს უშუალოდ კვამლი და მასში შემავალი ქიმიური ნივთიერებები იწვევს. წვა ათასობით ქიმიური ნაერთს წარმოშობს, ხოლო ასობით მათგანი მოწევასთან დაკავშირებულ დაავადებებს იწვევს. აღსანიშნავია, რომ ნიკოტინი მოწევასთან დაკავშირებული დაავადების გამომწვევი ძირითადი მიზეზი სულაც არ არის. ნიკოტინი თამბაქოდან მაშინ გამოიყოფა, როცა მისი ტემპერატურა 110-200 გრადუსს ცელსიუსს აღწევს. შესაბამისად,  ნიკოტინიანი აეროზოლის გამოყოფისთვის  სიგარეტის წვა აუცილებელი სულაც არ არის.

როგორ ახსნით სიგარეტის ჩამანაცვლებელ პროდუქტებში ნიკოტინის შემცველობას? რატომ არ შეგვიძლია, რომ მასზე უარი ვთქვათ?

ნიკოტინი დამოკიდებულებას იწვევს, მაგრამ სიგარეტზე დამოკიდებულება გაცილებით უფრო კომპლექსურია – ის სოციალურ, კოგნიტიურ, რიტუალურ და სხვა ასპექტებს მოიცავს. თუ დაფიქრდებით, ორმოცდაათი-სამოცი წელიწადია, რაც ვიცით, რომ მოწევა კლავს და ისიც, რომ ადამიანები ნიკოტინზე დამოკიდებულებით არ იბადებიან, მაგრამ მიუხედავად ამისა, დღეს, მსოფლიოში სიგარეტს მილიარდი ადამიანი ეწევა. არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ ისეთ სამყაროში, სადაც ცნობილია, რომ მოწევა კლავს, მაგრამ ისინი სიგარეტს მაინც ეწევიან. გამოდის, რომ ამას გარკვეული მიზეზები აქვს. თუ გვინდა, რომ გავიგოთ, თუ რატომ აგრძელებენ ადამიანები სიგარეტის მოწევას, სწორედ ამ მიზეზებს უნდა ჩავუღრმავდეთ.

ადამიანები განსხვავებულები არიან, რის გამოც ამ პროდუქტებში ნიკოტინის შემცველობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანებს ნიკოტინს თუ არ მისცემ, რომელიც მოწევის მნიშვნელოვანი მიზეზია, ამ პროდუქტებზე ვერ გადაიყვან. ჩვენ კი გვინდა, რომ მათ სიგარეტზე და მის კვამლში შემავალ ტოქსიკურ ქიმიურ ნაერთებზე ვათქმევინოთ უარი, ოღონდ თან ის ნიკოტინიც მივცეთ, რომლის გამოც ეწევიან სიგარეტს. ერთ-ერთი საუკეთესო ციტატა, რომელიც მახსენდება, მაიკლ რასელს ეკუთვნის, რომელიც ჯერ კიდევ 1970-იან წლებში ამბობდა, რომ ადამიანები სიგარეტს ნიკოტინის გამო ეწევიან, მაგრამ კუპრისგან  კვდებიან. თუკი ადამიანები სიგარეტს ნიკოტინის გამო ეწევიან, მივცეთ მათ ნიკოტინი კუპრის გარეშე.

ის, რასაც ამბობთ ლოგიკურად ჟღერს, მაგრამ სკეპტიკოსები მაინც არ გაკლიათ. როგორც მეცნიერი და მკვლევარი, ეთანხმებით თუ არა იმ მოსაზრებას, რომელიც დროთა განმავლობაში გვესმის, თითქოს უკვე შეგროვებული ეპიდემიოლოგიური მტკიცებულებები, რომლებიც ალტერნატიული საშუალებების გაჩენის შემდეგ მცირე დროის განმავლობაში შეგროვდა, დასკვნების გამოსატანად არასაკმარისია?

პასუხი შეკითხვაზე, „გვაქვს თუ არა საკმარისი მტკიცებულებები, რომ ვთქვათ, თითქოს მომავალში დაავადების გაჩენის რისკი შემცირდება?“ არის – არა. ეს პროდუქტები არასაკმარისად დიდ ხანს არსებობს იმისთვის, რომ, ერთი მხრივ, ამგვარი მონაცემები შეგროვდეს, ხოლო მეორე მხრივ, ადამიანებმა ეს პროდუქტები საკმარისად დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენონ, რომ მათი დაავადებებზე გავლენა შევისწავლოთ. სამეცნიერო მიდგომა, რომელიც ამგვარი შეკითხვებისთვის პასუხების გასაცემად უნდა გამოვიყენოთ, მოითხოვს რომ შემდეგნაირად ვიფიქროთ: „რა შემიძლია დღეს დავამტკიცო? ხვალისთვის რას უნდა დავაკვირდე? რა უპირატესობა აქვს გადაწყვეტილების მიღებას მანამ, სანამ ყველა პასუხი არის ცნობილი?“.

ყველაფერში ამგვარ მიდგომას ვიყენებთ: ახალი პროდუქტი რომ ჩნდება, ვერავინ გეტყვით, თუ რა გავლენა ექნება მას 10 წელიწადში – პროდუქტი ბაზარზე 10 წელი თუ არ ყოფილა, ამის თქმა შეუძლებელია.

და ეს პრაქტიკაში როგორ მუშაობს? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ყოველ ახალი გადაწყვეტილებას ათი წელი უნდა ველოდოთ?

მოდი, პარალელს გავავლებ: წარმოიდგინეთ, რომ ქარხანა გაქვთ, რომელიც ქიმიკატებს გამოყოფს, რითაც გარემოს, ხეებსა და მცენარეებს აზიანებს. ახლა კი გადაწყვიტეთ, რომ თქვენი ქარხნის მიერ გამოყოფილი ტოქსიკური ქიმიკატების 95%-ის შემცირება გსურთ. თუმცა, ვიღაც გეუბნებათ, რომ არ იცის, დარჩენილ 5%-ს რისი გაკეთება შეუძლია, იქნებ მთელი ეს ზიანი სწორედ იმ 5%-ითაა გამოწვეული? ამგვარად, ორი არჩევანი გაქვთ – ქარხანამ ფუნქციონირება ჩვეულებრივად გააგრძელოს და დააკვირდეთ ან ქიმიკატების 95% იმ ლოგიკით შეამციროთ, რომ დღეს არსებული მონაცემების თანახმად, ეს უეჭველად უკეთესი იქნება.

თუმცა, მთავარი შეკითხვა შემდეგში მდგომარეობს: შეიძლება, რომ ადამიანები, რომლებიც ამ ინტერვიუს წაიკითხავენ, ქიმიკატებთან დაკავშირებით დაგეთანხმონ, მაგრამ ამავე მიდგომას თამბაქოს ალტერნატიულ პროდუქტებთან მიმართებით შეეწინააღმდეგონ. რას ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი – დისკუსიის გადამეტებული იდეალიზება ან ზედმეტი პოლარიზაცია ხომ არა? რა გავლენას ახდენს ეს ნდობაზე იმ სამეცნიერო მონაცემების მიხედვით, რომლებიც დღეს ხელთ გვაქვს?

ნდობა არ არის ის,  რაც აუცილებლად გვჭირდება. არსებობს მონაცემები და ანალიზი. შემიძლია გითხრათ, მონაცემები რას გვიჩვენებს, მაგრამ გაცილებით უფრო ეფექტიანი იქნება, თუ სამეცნიერო მტკიცებულებებს  თქვენ თავად გაეცნობით და მეტყვით, რას გვეუბნება აღნიშნული მონაცემები. ჩვენ მონაცემების გამოყენების ისეთი მაგალითი გვაქვს, როგორიც არასდროს შემხვედრია ჩემი პროფესიული კარიერის განმავლობაში – მეცნიერებს ვეუბნებით, რომ, აი, ეს არის ყველა მონაცემი, რომელიც ყველა თემაზე ოდესღაც შეგვიგროვებია. მოდი, გაეცანი, გააანალიზე, გადაწყვიტე. ორმოცწლიანი კვლევა არ დაგვჭირვებია იმის დასადგენად, მოწევა რომ კლავს. ჯანმრთელობაზე მავნე ზეგავლენა ადამიანებმა მის დამტკიცებამდე დიდი ხნით ადრე აღმოაჩინეს. სიგარეტის მოწევის შეწყვეტის შემდეგაც, ადამიანებმა შესაძლოა თავად შეამჩნიონ ჯანმრთელობის მდგომარეობის დადებითი ცვლილებები:  ანთებითი პროცესის შემცირება ფილტვებში.

ჩვენი საუბრის შემდეგ ჩვენს მკითხველებსა და გამომწერებამდე რა სათქმელის მიტანა გსურთ?

თუკი შესაძლებელია ზიანის შემცირება და მომხმარებლებისთვის უკეთესი ალტერნატივის შეთავაზება,  საზოგადოებამ აღნიშნულ ინიციატივებს მხარი უნდა დაუჭიროს. დღეს არსებული მონაცემებით, არაგადამდები დაავადებები სიკვდილის მთავარი მიზეზებად გვევლინება. ამ დაავადებების ზიანის  შესამცირებლად ჩვენი ცხოვრების სტილი, კვების რაციონი, ვარჯიშისა და ძილის რუტინა უნდა გავაუმჯობესოთ და სტრესი შევამციროთ. აღნიშნულ პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია თამბაქოს ზიანის შემცირების შესაძლებლობის გამოყენება, რათა ზრდასრული მწეველები, რომლებიც სხვაგვარად გააგრძელებდნენ მოწევას, არ დავტოვოთ ყველაზე საშიში პროდუქტის- სიგარეტის პირისპირ.

 

English Version of Interview

გააზიარე

Send a Comment