რა შემოსავალი აქვს "მაკდონალდს საქართველოს"?

რა შემოსავალი აქვს "მაკდონალდს საქართველოს"?

2019 წელს საქართველოში “მაკდონალდსის” ბრენდის სწრაფი კვების რესტორნების შემოსავალი 22%-ით გაიზარდა. ზრდა ძირითადად ახალი რესტორნების გახსნით და არსებულ ობიექტებში სტუმრების რაოდენობის შესამჩნევი მატებით, ასევე მიტანის აპლიკაციების გააქტიურებით იყო განპირობებული. 2019 წლის განმავლობაში კომპანიამ მთლიანი შემოსავლის სახით 98.9 მილიონი ლარი მიიღო.

საქართველოში “მაკდონალდსის” რესტორნების ფრენჩაიზის მფლობელია კომპანია “თ და კ რესტორნები“, რომელიც 1997 წლის 16 დეკემბერს დაარსდა. 2019 წლის მდგომარეობით, კომპანია საქართველოში ფლობს 18 რესტორანსა და ერთ ლოგისტიკურ ცენტრს. ჯგუფი მთლიანობაში 1000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.

2019 წელი “თ და კ რესტორნებმა” 4.9 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა, 2018 წელს კომპანიის შედეგი 6 მილიონი ლარის მოგება იყო. აუდიტირებული ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, რომ გასულ წელს კომპანიის მოგების მიზეზი მის საკუთრებაში არსებული აქტივების გადაფასებით მიღებული 5.9-მილიონიანი შემოსავალი გახდა.

“მაკდონალდსმა” გასულ წელს საკვები მასალების შესაძენად 41.8 მილიონი ლარის ხარჯი გასწია. კომპანიაში დასაქმებულთა ანაზღაურებისა და სხვა სარგებლის ხარჯი 16.2 მილიონ ლარს შეადგენდა. აუდიტირებული ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, რომ “მაკდონალდსმა” 2019 წელს რეკლამაზე 4.6 მილიონი ლარი დახარჯა.

“მაკდონალდსის” ფინანსურ ანგარიშგებაში ნათქვამია, რომ კომპანიამ 2018 წელს განვითარებისთვის EBRD-ისგან 20 მილიონი ევროს სესხი აიღო.

“ბაზარზე დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, 2018 წლიდან მაკდონალდს საქართველომ საკვების ადგილზე მიტანის სერვისი დაიწყო, თავდაპირველად აღნიშნული სერვისის დასანერგად, „მაკდონალდსი“ მხოლოდ ესპანურ ტექნოლოგიურ სტარტაპ Glovo-სთან თანამშრომლობდა, მოგვიანებით კი მომხმარებელს ფინური კომპანია Wolt-ის სერვისის არჩევანის საშუალებაც მისცა. საწყის ეტაპზე მომსახურებით სარგებლობა მხოლოდ თბილისის მასშტაბით იყო ხელმისაწვდომი, ხოლო 2019 წლის პირველ კვარტალში გამოძახების სერვისის მიღება მაკდონალდსის რეგიონალური ფილიალებიდანაც გახდა შესაძლებელი.

2019 წლიდან მაკდონალდს საქართველომ ბაზარზე შემოიტანა მაკკაფის კონცეფიცა, რომელიც თავის მხრივ მომხმარებელს პრემიუმ ხარისხის ყავას და დესერტებს სთავაზობს. 2019 წლის ბოლოსთვის მაკკაფე 4 არსებულ ფილიალში დაემატა. 2020 წელს 2 ახალი ფილიალი უკვე მაკკაფის კონცეფციით გაიხსნა ,”- წერია კომპანიის მმართველობით ანგარიშგებაში.

“თ და კ რესტორნების” 90%-იან წილს თემურ ჭყონია ფლობს. კომპანიამ 2018 წელს “მაკდონალდსის” ლიცენზია კიდევ 20 წლით გაიხანგრძლივა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *