ახალი გზა

Gulf Georgia-ს ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს. ქრეიგ კრამერს ბაზრის ლიდერისთვის ნავთობის სფეროში მუშაობის 30 წელზე მეტი გამოცდილება მოაქვს.  

კომპანია “გალფის“ ახალ გენერალურ დირექტორს, ნავთობის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ქრეიგ კრამერს უმუშავია როგორც მცირე კომპანიებთან, ისე დიდ ბრენდებთანაც; კარიერული კიბის პრაქტიკულად ყველა საფეხური გავლილი აქვს - სხვადასხვა დროს იყო ინდივიდუალური კონტრიბუტორიც და გუნდის ლიდერიც, სუპერვაიზორიც, რეგიონული და განყოფილების მენეჯერიც. მხოლოდ ბოლო ათი წლის სამუშაო გამოცდილებას რომ გადავხედოთ, ქრეიგ კრამერს გადაწყვეტილების მიმღების პოზიცია ეკავა ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა: კანადის ბაზრის ლიდერი Couche-Tard-ი, რომლის შემდგომ ზრდასა და ჩრდილოეთ ამერიკის მიმართულებით შესყიდვების გაფართოებაში დიდი წვლილი მიუძღვის; საბითუმო საწვავის ლიდერი დისტრიბუტორი კომპანია Rogers Petroleum-ი, რომელიც მთელ სამხრეთ- -აღმოსავლეთ ამერიკას ფარავს და სადაც მან პრაქტიკულად თავიდან შექმნა უმაღლესი სტანდარტის გაყიდვების სისტემა, რომელიც თანაბრად წარმატებით მართავდა როგორც ბრენდირებული, ისე არაბრენდირებული საწვავის გაყიდვებს და Empire Petroleum Partners, LLC-ი, რომელიც საწვავის ისეთი ბრენდების დისტრიბუტორია, როგორებიცაა Chevron, Crown, ExxonMobil, Gulf, Marathon, Phillips 66, Shell, Sunoco, Texaco და Valero - ამ კომპანიაში ქრეიგ კრამერს სრული პასუხისმგებლობა ჰქონდა აღებული სამხრეთ რეგიონზე და მისი 350-ზე მეტი ბრენდირებული საცალო სავაჭრო წერტილის მართვაზე. 2019 წლის მარტიდან მის ამ საკმაოდ მდიდარ პორტფოლიოს Gulf Georgia-ს გენერალური დირექტორობაც შეემატა.

Gulf Georgia ჩვენს ორიგინალ რეიტინგში ყველაზე შემოსავლიანი 150 კომპანიის ათეულში შედის. რიცხვები აჩვენებს, რომ პანდემიამდე, 2018 წელს, საწვავის რეალიზებიდან კომპანიის შემოსავალი 28%-ით იყო გაზრდილი. „გალფი“ საქართველოს მასშტაბით 144 ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორია და 1300 ადამიანს ასაქმებს. ამასთან, „გალფმა“ მხოლოდ ამ სამი წლის მანძილზე ბიუჯეტში გადასახადების სახით 409 მილიონი ლარი, ხოლო საქველმოქმედო ხარჯის სახით დაახლოებით 2 მილიონ ლარზე მეტი შეიტანა.

ქრეიგ კრამერს საქართველოში მხოლოდ ერთი ვიზიტი დასჭირდა იმისთვის, რომ ამ კომპანიასთან დაკავშირებულ შემოთავაზებას დასთანხმებოდა. ამას კიდევ ერთი მიზეზიც აქვს. კრამერისთვის საქართველოში ეს ვიზიტი პირველი სულაც არ იყო. 1996 წელს გურ ჯაანში კომპანია „გრეკოს“ განვითარებაში მიიღო მონაწილეობა, საქართველოში იცხოვრა და ადგილობრივები პირველი დასავლური ტიპის ბენზინგასამართი სადგურის მართვაში კარგადაც გაწვრთნა. 24 წლის შემდეგ საქართველოში დაბრუნება რომ შესთავაზეს - ოღონდ ამჯერად Gulf Georgia-ს გენერალური დირექტორის სტატუსით - შარშან ჩამოვიდა, რადიკალურად შეცვლილი გარემო შეაფასა და შემოთავაზებას დათანხმდა.

აღიარებს, რომ პანდემიამ ბევრი რამ გაართულა, მაგრამ მომავლის მტკიცედ სჯერა და ზუსტად იცის, რას ითხოვს დღეს მომ ხმარებელი და რა შეუძლია შესთავაზოს მას კომპანიამ.

ეპიდემიოლოგიური ყველა წესის დაცვით, Forbes Georgia-მ ქრეიგ კრამერს ოფისში მიაკითხა და ინტერვიუც შედგა.

Gulf Georgia-სთვის ამ სფეროში მუშაობის 30-წლიანი გამოცდილება მოგაქვთ - რა იქნება თქვენი, როგორც ახალი გენერალური დირექტორის, ხელწერა?

ჩემი უპირატესობა ის არის, რომ ძალიან ბევრ კომპანიაში მიმუშავია, მენეჯმენტის ბევრი სტილი მინახავს და თავადაც არაერთხელ ვყოფილვარ პრაქტიკულად ყველა იმ როლში, რაც ამ ბიზნესს ახასიათებს. ამიტომ ზუსტად შემიძლია ამოვიცნო, რა შემთხვევაში იხარჯება მაქსიმალური ძალისხმევა და როდის - არა. ვფიქრობ, ეს ეფექტიანობის ზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება თავად Gulf Georgia-ს, ის ბაზარზე ლიდერია და ამ ლიდერობას ინოვაციური ხედვით და ამ ხედვის საქმედ ქცევის უნარით მიაღწია. ამას გავაგრძელებ.

დღეს უკვე ცხადია, რომ ჩვენი კონკურენტები ხშირად იმეორებენ იმ გზას, რაც ჩვენ გავიარეთ, ამიტომ ჩვენც ვალდებულები ვართ, მათ ახალი გზები ვაჩვენოთ.

რიცხვებში რომ გთხოვოთ თქვენი კომპანიის დახასიათება, რომელ რიცხვებს მოიშველიებდით?

ჩვენ საქართველოში ყველაზე მეტი ბენზინგასამართი სადგური გვაქვს; ჩვენ დღეს ბაზრის ყველაზე დიდ წილს ვიკავებთ; ჩვენ საქართველოში ერთ- ერთი ყველაზე მსხვილი კერძო დამსაქმებელი ვართ. ჩვენ ჩვენს თანამშრომლებს პროფესიული ზრდის შესაძლებლობას ვუქმნით და როცა კომპანიაში ახალი პოზიცია და როლი ჩნდება, ჩვენსავე თანამშრომლებს ვაწინაურებთ, რომ მათი მოტივაცია და ჩართულობა ასეც გაიზარდოს. საკმაოდ გაურკვეველ დროს მოგიწიათ საკუთარ თავზე საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობის აღება - პანდემიას და მასთან დაკავშირებულ არაპროგნოზირებად გარემოს ვგულისხმობ - ამ კონტექსტში, რა არის დღეს თქვენთვის მთავარი გამოწვევა? 2019 წლის მარტში აქ იმ განწყობით ჩამოვედი, რომ დიდხანს უნდა დავრჩენილიყავი, კომპანია უკეთ გამეცნო და ჩვენი შემდგომი განვითარების გეზიც განმესაზღვრა. მაგრამ შემდეგ, მოგეხსენებათ, როგორც განვითარდა მოვლენები - იყო ლოკდაუნი. ორი კვირის შემდეგ ამერიკაში დავბრუნდი - ამდენად, თავად ის ფაქტი, რომ ფიზიკურად აქ არ ვიყავი, უკვე საკმაოდ დიდი გამოწვევა იყო.

შესაძლებლობებზე საუბარი ჯერ ადრეა?

ფაქტია, რომ ჩვენ შევძელით და არც ერთი სადგური არ დავხურეთ, მაშინ როცა ჩვენს კონკურენტებს მსგავსი მსხვერპლის გაღება მოუწიათ. ჩვენ შევძელით და ე.წ. ფრონტლაინის ყველა თანამშრომელი შევინარჩუნეთ. ამდენად, ჩვენ შესაძლებლობად განვიხილავთ იმას, რომ საშუალო სტატისტიკური ქართველი ჩვენ შემოგვხედავს, როგორც პასუხისმგებლობის მქონე დამსაქმებელს, რომელმაც კრიზისის დროსაც კი ხელფასი ყველა თანამშრომელს შეუნარჩუნა. ამით ძალიან ვამაყობთ.

ვამაყობთ იმითაც, რომ ქველმოქმედებაზეც არ გვითქვამს უარი. COVID-19-ის კონტექსტში, მთავრობას პირველივე დღიდან გვერდით ვედექით - ექიმებისთვის გამოვყავით საწვავი; არც მიმდინარე პროგრამები დავივიწყეთ - მაგალითად, ძველებურად გავაგრძელეთ ზრუნვა მიუსაფარ ძაღლებზე. ამას გარდა, კიდევ ბევრი პროგრამა გვაქვს, რომელთაც საერთოდ არ ვასაჯაროებთ.

მიგვაჩნია, რომ საქართველოს მოქალაქეების წყალობით, ამ კომპანიის ბიზნესი წარმატებით იზრდება და ჩვენც ეს სიკეთე მოქალაქეებს უკან უნდა დავუბრუნოთ მაშინაც კი, როცა ეს კრიზისი, როგორც ყველგან მთელ მსოფლიოში, შემოსავლებზე უარყოფითად ისახება. თუმცა ჩვენ ჩვენი ღირებულებების ერთგულნი ვრჩებით და ასე იქნება მომავალშიც - მხარს დავუჭერთ არა მხოლოდ ჩვენს მეწილეებს, არამედ ჩვენს თანამშრომლებს და მთელ ქვეყანას.

შემოსავლები რადგან ახსენეთ, ვხედავთ, რომ მთელ მსოფლიოში ნავთობზე ფასი მცირდება - რა გავლენა აქვს ამას თქვენს ბიზნესზე?

სიმართლე გითხრათ, ამაზე მნიშვნელოვანი პრობლემაც გვაქვს. საქმე ისაა, რომ ჩვენ ჩვენით არაფერს ვაწარმოებთ და მხოლოდ ვყიდით, შესაბამისად, ჩვენზე ფასების შემცირება პირდაპირ გავლენას ვერ ახდენს. რაც ახდენს - ეს ლარის კურსია. საწვავი დოლარში შემოგვაქვს და შემდეგ ლარში ვყიდით - ლარის გაუფასურება ამ მხრივ საკმაოდ დიდ პრობლემას გვიქმნის.

რამდენად ესმის ეს საშუალო მომხმარებელს?

მომხმარებლისთვის ამის აღქმა, რა თქმა უნდა, რთულია. ის ხედავს საერთაშორისო ფასს, რომელიც მცირდება, თუმცა ადგილობრივ ბაზარზე პროდუქტის საბოლოო ფასს ვერ აკავშირებს იმ ფაქტთან, რომ ბოლო 6 თვეში ლარმა დოლართან მიმართებით თავისი ღირებულების 10-15% დაკარგა.

საინტერესო წინადადება ამოვიკითხე თქვენს ვებგვერდზე - მიზნად ისახავთ, ყველა მოლოდინს გადააჭარბოთ - რას გულისხმობთ უფრო დეტალურად და იცვლება თუ არა ეს მოლოდინები იმით, რომ უკვე თქვენ ხართ ამ კომპანიის გენერალური დირექტორი?

ჩვენ ძალიან ვამაყობთ ამ ჩანაწერით. ამ თემაზე ბევრი ვიფიქრეთ. საქართველოში ჩვენ ნამდვილი ლიდერები ვართ ყველაზე ლამაზი და მოსახერხებელი სადგურებით, საუკეთესო პერსონალით და მომსახურებით, მაგრამ ეს ყველაფერი - ადგილობრივი სტანდარტებით. ჯერ კიდევ ჩამოვრჩებით ევროპულ, დასავლურ სტანდარტს. ამ 24 წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, საოცარი პროგრესი განვიცადეთ, თუმცა ჩვენ ახალი მოლოდინები გაგვიჩნდა და დღეს ჩვენი მიზანია, სწორედ ამ მოლოდინებს გადავაჭარბოთ.

რამდენჯერმე ახსენეთ განვლილი 24 წელი და თქვენი შეცვლილი შთაბეჭდილებები საქართველოს შესახებ - მართლა ისეთი მარტივია აქ ბიზნესის წარმოება, როგორც ამას, ვთქვათ, მსოფლიო ბანკი ამბობს?

24 წლის წინ საქართველოში ბიზნესის წარმოება ძალიან რთული იყო. ინფორმაციაზე ხელი, უბრალოდ, არ მიგვიწვდებოდა. ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია კონკრეტული ინდივიდების ხელში იყო. 1996 წელს არც ინტერნეტი გვქონდა, რომ ეს ასიმეტრია როგორმე დაგვებალანსებინა. სხვათა შორის, ინფორმაციის გამჭვირვალობა დღესაც გამოწვევად რჩება, თუმცა თუ მაშინ 100-დან 5 ქულას დავუწერდი მთელ ამ სიტუაციას, დღეს, სულ მცირე, 90-ით ვაფასებ. დღეს ამერიკულ კომპანიას შეუძლია მიაკითხოს, მაგალითად, AmCham-ს და მიიღოს მისთვის საჭირო ყველა ძირითადი ინფორმაცია - როგორ აიღოს ვიზა, როგორ დააფუძნოს კომპანია, როგორ გადაიხადოს გადასახადები. 24 წლის წინ გადასახადების გადახდა შეუსრულებელი მისია იყო - დღეს ამ ნაწილში ყველაფერი მარტივი და გამჭვირვალეა. ასე რომ, დიახ - საქართველოში დღეს ბიზნესის წარმოება არ არის რთული და ფარულ ხარჯებთან დაკავშირებული. კორუფციაც, რომელშიც ადრე ქვეყანა იხრჩობოდა, ჩემი გამოცდილებით, დღეს პრაქტიკულად აღარ არსებობს, რაც ასევე ძალიან დიდი მიღწევაა.

მომავლისკენაც გაგვახედეთ - რას უნდა ველოდოთ კომპანიისგან, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობთ?

ჯერ საიდუმლოა. გეგმებს თანდათანობით გაგანდობთ. ამ ეტაპზე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ რიტეილის ნაწილს გავაუმჯობესებთ, პროცესს დავაჩქარებთ, მეტ მაღაზიას გავხსნით, სადაც ყავისა და მზა საკვების ყიდვას შეძლებთ - ამით Gulf Georgia-ც იმ გზას გაივლის, რაც დასავლეთმა 10-20 წლის წინ გაიარა, სწრაფი კვების ინდუსტრიას დიდი კონკურენცია გაუწია და მომხმარებელს ბევრად მეტი შესთავაზა, ვიდრე, უბრალოდ, საწვავი.

“გალფმა“ მხოლოდ ამ სამი წლის მანძილზე ბიუჯეტში გადასახადების სახით 409 მილიონი ლარი, ხოლო საქველმოქმედო ხარჯის სახით დაახლოებით 2 მილიონ ლარზე მეტი შეიტანა.

მომხმარებელი მზად არის Gulf Georgia-ს ასეთი ტრანსფორმაციის მისაღებად?

არა მხოლოდ მზად არის, ამას მოითხოვს კიდეც. საზღვრების გახსნამ ქართველი მომხმარებელი ერთ- ერთ ყველაზე დახვეწილ მომხმარებლად აქცია. დღეს ინდუსტრია უნდა დაეწიოს მის მოთხოვნებს.

რადგან საარჩევნო თუ პოსტსაარჩევნო კონტექსტშიც გვიწევს ამ ინტერვიუს ჩაწერა, რა არის დღეს თქვენი დაკვეთა ახალი პარლამენტისა და მთავრობის მიმართ - რა გაგიმარტივებდათ კიდევ უფრო მეტად საქართველოში ბიზნესის წარმოებას?

კარგი იქნება, თუ მთავრობა იმ რეგულაციებს აღასრულებს, რაც უკვე აქვს მიღებული, თუმცა მათი დანერგვა დროში იჭიმება - დიზელზე ევრო 5-ის სტანდარტის დაწესებას ვგულისხმობ. ამით გარემოსაც დავიცავთ და მომხმარებელსაც. დიზელის ხარისხის გაუმჯობესება, გადასახადების აკრეფის თვალსაზრისით, წაადგება სახელმწიფოსაც. იმის გამო, რომ დიზელის ხარისხზე კონტროლი ნაკლებია, ამით ბევრი მცირე ბიზნესი სარგებლობს და ქვეყანაში ისეთი საწვავი შემოდის, რომელიც არავისთვისაა კარგი. ასე რომ, აქ საქმე არ გვაქვს მხოლოდ ეკოლოგიასთან ან მომხმარებლის კმაყოფილებასთან. პრობლემა უფრო კომპლექსური ხასიათისაა. მომხმარებლები, როგორც წესი, ვერ ხვდებიან, რომ შედარებით იაფი, თუმცა უხარისხო საწვავის დიდი ხნის მანძილზე მოხმარება მათ მანქანას თუ სატვირთოს მნიშვნელოვნად აზიანებს, ამიტომ, ცხადია, მათთვის ფასი უფრო მიმზიდველი ხდება. მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება თუ გვინდა, ეს რეგულაცია უნდა აღსრულდეს. ზოგადად, რაც უფრო ნაკლებად ერევა ბიზნესის საქმიანობაში სახელმწიფო რეგულაციებით, მით უკეთესია, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, ეს რეგულაცია ბაზარზე ყველა მოთამაშის თანასწორ პოზიციაში ჩაყენებას ემსახურება, ამიტომ, პირველ რიგში, ამას ველოდები ახალი მთავრობისგან.

ჩვენ გირჩევთ

ნავთობის ფასმა $47-ს გადააჭარბა - ეს მარტის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

ნავთობის ფასმა $47-ს გადააჭარბა - ეს მარტის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

ნავთობის ფასმა $47-ს გადააჭარბა - ეს მარტის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

ნავთობის ფასმა $47-ს გადააჭარბა - ეს მარტის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

წინა სტატია

Moderna-ს მილიარდერების ქონება ვაქცინის 95%-იანი ეფექტურობის გამოცხადების შემდეგ გაიზარდა
17 November, 2020

შემდეგი სტატია

რა შეცვალა პანდემიამ ბილ გეითსის ცხოვრებაში?
17 November, 2020
ილონ მასკი: ოთხი კოვიდ-ტესტი ჩავიტარე, მათგან ორი დადებითი იყო, ორი უარყოფითი
ახალი ამბები ქართულად | Nov, 13, 2020
მთელი ქალაქი შენს სმარტფონში
ინტერვიუ | Nov, 23, 2020
Pfizer-ის ვაქცინის პირველი საჰაერო ტრანსპორტირება განხორციელდა
ახალი ამბები ქართულად | Dec, 01, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker