WHO ექიმებს: არ გამოიყენოთ "რემდესივირი“ კორონავირუსის სამკურნალოდ

WHO ექიმებს: არ გამოიყენოთ "რემდესივირი“ კორონავირუსის სამკურნალოდ

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) ექიმებს ურჩევს არ გამოიყენონ ანტივირუსული მოქმედების პრეპარატი “რემდესივირი“ კორონავირუსის სამკურნალოდ. ამის შესახებ CNBC წერს. კერძოდ, WHO-ს ექსპერტების თქმით, არ არსებობს დამადასტურებელი სამხილი იმისა, რომ “რემდესივირი“ აუმჯობესებს კორონავირუსით ინფიცირებულთა მდგომარეობას ან ამცირებს გამოჯანმრთელებისთვის საჭირო დროს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გზამკვლევის განვითარების ჯგუფმა, რომელიც საერთაშორისო ექსპერტებისგან დაკომპლექტებულ პანელს წარმოადგენს, გასცა რეკომენდაციები, რომელიც დაფუძნებულია ახალ მონაცემებზე. კერძოდ, მონაცემები კვლევების შედეგად მიიღეს, რომელიც ოთხ ლოკაციაზე კორონავირუსით ინფიცირებულ 7 000 პაციენტის მკურნალობის პროცესში “რემდესივირის“ გამოყენებას ითვალისწინებდა.

“მონაცემების გაანალიზების შედეგად WHO-ს ექსპერტთა პანელმა დაასკვნა, რომ “რემდესივირს“ არ აქვს არანაირი გავლენა სიკვდილიანობის პრევენციის ან პაციენტის გამოჯანმრთელების ხანგრძლივობის შემცირების კუთხით“, – განაცხადეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტებმა.

WHO-ს ექსპერტთა რეკომენდაციები ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალ The BMJ-ში გამოქვეყნდა.

პარალელურად კი “რემდესივირის“ მწარმოებელმა კომპანია Gilead-მა განაცხადა, რომ აღნიშნული პრეპარატი აღიარებულია ჰოსპიტალიზებული პაციენტების სამკურნალოდ არაერთი ქვეყნის მიერ, მათ შორის აშშ-ის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ჯანდაცვისა და ინფექციური დაავადებების უწყებების მიერ.

“ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, რომ WHO ამ მოცემულობის იგნორირებას ახდენს მაშინ, როდესაც მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევები მკვეთრად მზარდია“, – განაცხადეს კომპანიაში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *