“საქართველოში უფრო გამიჭირდა“

€44 მლნ ინვესტიცია საქართველოში და €99 მლნ სლოვაკეთში – ასეთია წარმოშობით ქართველი, სლოვაკეთში მცხოვრები ბიზნესმენის, ნოდარ გიორგაძის დღემდე შესრულებული პროექტების საინვესტიციო ღირებულება. Forbes Georgia-მ ინვესტორს კითხვები პანდემიასა და მის შედეგებზე, საქართველოსა და სლოვაკეთის საინვესტიციო გარემოზე დაუსვა.  

ტურიზმი, განახლებადი ენერგიები, სოფლის მეურნეობა – ეს მისი ბიზნესსაქმიანობისა და ინტერესის სფეროებია. ბოლომდე გაჩერებას არც პანდემიის პირობებში აპირებს. ბიზნესმენს სლოვაკეთში მომავლი ხუთი წელი აქვს გაწერილი. ის ქვეყნის ეკონომიკაში სამი პროექტით €77 მლნ-ის ჩადებას გეგმავს. რაც შეეხება საქართველოს, მომავალი რვა წლის განმავლობაში მის ანგარიშზე რვა პროექტი და €568 მლნ-ის ინვესტიცია უნდა იყოს. ნოდარ გიორგაძეს სამშობლოში სლოვაკური ინვესტიციის განხორციელება არც პანდემიისას შეუწყვეტია. ამბობს, რომ საქართველოში შეზღუდვები დეველოპერულ სექტორს ყველაზე ნაკლებად შეეხო, ამიტომაც თბილისში ორი სასტუმრო- საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას ბიზნესმენი დღესაც აგრძელებს, რითაც ქვეყნის ეკონომიკაში სამ წელიწადში დამატებით 24 მლნ ევროს ჩადებას აპირებს. საქართველოში ნოდარ გიორგაძე თბილისისა და რაბათის "ჯინო ველნეს ცენტრების“ პროექტებით არის ცნობილი. "ჯინო ჰოლდინგის“ შესახებ ჩვენს ქვეყანაში ბევრმა იცის, თუმცა შეიძლება არ იცოდეს, რომ ამ ჰოლდინგის დამფუძნებელი და მმართველი სწორედ ნოდარ გიორგაძეა.  

ბატონო ნოდარ, თქვენ სლოვაკეთსა და საქართველოში მართავთ დიდ და პოპულარულ აკვაცენტრებს, და არა მხოლოდ. პანდემიას ცხრა თვეა, რაც ვებრძვით – იყო ლოკდაუნი, ახლა შეზღუდვები, რა გავლენა იქონია ამ ყველაფერმა GINO Holding-ზე, რას უმკლავდებით და რას – ვერ?  

დიახ, ცხრა თვეა, ქვეყნები გაჩერებულია და უზარმაზარი ვარდნაა. მაგალითისთვის, სლოვაკეთში ტურიზმი და გასტროსექტორი 75%-80%- ით შემცირდა, სასტუმროები და გასტროობიექტები გაჩერებულია. კინოთეატრები, თეატრები, ფიტნესცენტრები და საცურაო აუზები ისეთი შეზღუდვებით გაიხსნა, რომ ეკონომიკის ზრდაში დიდ წვლილს ვერ შეიტანს… თუმცა ამ პირობებში ჩვენი ბიზნესები მოქმედებას აგრძელებს და ეს სლოვაკეთის მთავრობის მხარდაჭერის შედეგია.

საქართველოში უფრო გამიჭირდა, იმიტომ რომ საქართველოში ყველა ბიზნესი დაიკეტა, გარდა მშენებლობისა. დღეს სასტუმროები GINO Wellness Rabati და GINO Wellness Mtskheta, ასევე აკვაპარკი – GINO Paradise-ი დაკეტილია. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ მოგვცა ოპერირების უფლება, ზაფხულიც ძალიან სუსტი იყო, რადგან თვითონ ხალხი იყო შეშინებული. შევეცადე, რამდენიმე თვე საკუთარი ფინანსებით გადამეხურა ყველა ის ხარჯი, რაც კომპანიების შენახვას სჭირდებოდა, მათ შორის სახელფასო ფონდი, საშემოსავლო და ა.შ.. ოქტომბერ-ნოემბრიდან კი დაკეტვა მოგვიწია. დასაქმებულების დაახლოებით 35-40% შევინარჩუნეთ, ხოლო დანარჩენები, შექმნილი სიტუაციის გამო, იძულებული ვიყავი, უხელფასო შვებულებაში გამეშვა.

ფინანსურად ბიზნესაქტივობის შენარჩუნება, უბრალოდ, შეუძლებელი იყო, მაშინ სლოვაკეთში სხვა ბიზნესი უნდა გამეჩერებინა.

რა არის ის ზარალი, რაც პანდემიის გამო GINO Holding-მა მიიღო?

საქართველოში ჩემს ყველა ინვესტიციას ემოციური მხარე უფრო მეტი აქვს, ვიდრე მოგების. არსად ჩამიდია ფული ისე, რომ ამონაგები ხუთ- შვიდ წელიწადში მიმეღო. ეს უფრო გრძელვადიანი პროექტებია. დღემდე საქართველოში დაახლოებით 200 მლნ ლარის ინვესტიცია მაქვს ჩადებული და ყოველწლიურად ამ ბიზნესების შენარჩუნებისა და განვითარებისთვის 4-6 მლნ ლარის ინვესტიციას ვდებ. შესაბამისად, არც პანდემიამდე მქონია ისეთი მდგომარეობა, რომ აქედან რაღაც მოგება მიმეღო… თუმცა პანდემიამ დამატებით 1.5 – 2.0 მლნ ლარის ხარჯი მოგვიტანა. ეს ჩემი კომპანიისა და ოჯახისთვის იქნება დანახარჯი, რომლის ამოღების პოტენციალს უახლოეს პერიოდში ვერ ვხედავ.

როგორ აფასებთ საქართველოს საინვესტიციო გარემოს, თქვენ ხომ უცხოური – სლოვაკური ინვესტიციებით ქმნით საქართველოში საინტერესო პროექტებს. რამდენად მარტივია უცხოელი ინვესტორისთვის საქართველოში ბიზნესის წამოწყება?

წლების წინ, როდესაც სლოვაკეთში ჩამოვედი, მოქალაქეობა შემომთავაზეს, რადგან ჩემი მხრიდან გარკვეული აქტივობა დაინახეს. დღეს კი სახელმწიფო მაქსიმალურად მიდგას მხარში – მიწის გამოყოფა, დოკუმენტაციის გაფორმება იქნება ეს, თუ სხვა საკითხები. არსებობს სპეციალური სააგენტო, რომელიც ამაზე მუშაობს და არ გვჭირდება არავისთან სირბილი კაბინეტებში დახმარების სათხოვნელად, მიდიხარ გამზადებული პროექტით და გიჭერენ მხარს.

რაც შეეხება საქართველოს – როდესაც რაიმე პროექტის განორციელებაზე ვფიქრობ და ჩემს მეგობარ სლოვაკ, ჩეხ ან ავსტრიელ ინვესტორებს ვეუბნები – მოდი, საქართველოში ეს პროექტი გავაკეთოთ- მეთქი, ძალიან ცოტა მომყვება და ისინიც მეუბნებიან, რომ შეთავაზებას დათანხმდებიან, თუ მათ გარანტიას მე მივცემ. სერიოზული ადამიანი, როდესაც სახელმწიფოსთან გაქვს ურთიერთობა, ვერ დაუდგები სხვას გარანტორად, რადგან ეს ათეულ და ზოგჯერ ასეულ მილიონს ეხება.

საქართველოში ინვესტიციების მოზიდვისა და საჭირო საინვესტიციო გარემოს შექმნისთვის ბევრი რამ დასახვეწია. მით უმეტეს ასეთ კრიზისულ სიტუაციაში, როდესაც მთელი სამყარო განცდებშია… ყველა ეძებს ფულს და ამ დროს უზარმაზარი თავისუფალი თანხები დევს, ადამიანებს უბრალოდ ეშინიათ სადღაც ინვესტიციების ჩადების, რადგან შემდეგ, დღეს არსებული უმართავი პროცესების გამო, ეს ფული შეიძლება დაიკარგოს.

ასე მგონია, რომ საქართველოში ინვესტიციების მოზიდვისთვის პირობები უნდა გადაიხედოს და განსაკუთრებული პირობები შეუქმნან იმ ინვესტორებს, რომლებსაც საქართველოში ინვესტირება უნდათ. მაგალითისთვის, მანქანათმშენებლობის სექტორში სლოვაკეთში ბოლო ოცი წლის განმავლობაში 80 მლრდ ევრო შემოვიდა. სლოვაკეთი ოც წელიწადში ერთ სულ მოსახლეზე ავტომანქანების წარმოებით, მსოფლიოში ყველაზე დიდი სახელმწიფო გახდა. აქ აწარმოებენ პეჟოს, სიტროენს, ფოლკსვაგენს, კიას.

იგივე პირობები შევუქმნათ ინვესტორებს და ისინი ჩვენთანაც (საქართველოში) წამოვლენ. ეს ხომ მილიარდებია...

რა პირობებს გულისხმობთ?

ისევ სლოვაკეთის მაგალითზე გეტყვით – აქ ინვესტორებს მიწები მისცეს 1 ევროდ, გაათავისუფლეს დღგ-ის და მოგების გადასახადისგან - სულ არა, სხვადასხვა პერიოდით. გარდა ამისა, კომპანია იხდის საშემოსავლო გადასახადს და სახელმწიფო უბრუნებს მას ამ თანხას, და ასე გამოხატავს თანადგომას ამ კომპანიისადმი. ყველაფერმა ამან წარმოებების მომიჯნავე სექტორებში ხალხის დასაქმება გამოიწვია, რომელიც თავად სლოვაკებმა აამოქმედეს.

მიგაჩნიათ, რომ ინვესტორებსა და მთავრობას შორის ნაკლები კომუნიკაციაა და ნაკლებად გისმენენ?

ბოლო პერიოდში სახელმწიფომ გაააქტიურა ურთიერთობა ბიზნესთან – შეიქმნა ბიზნესასოციაცია, სადაც სერიოზული სახეები არიან; ბიზნესომბუდსმენის აპარატი მოქმედებს, რომელიც ჩემთანაც იყო კომუნიკაციაში. ვხედავ, რომ ეს აქტიურობა არის, მაგრამ, მე თუ მკითხავთ, თემაზე იმ ადამიანს უნდა ესაუბრო, ვინც იცის და ვისაც ფული აქვს ჩადებული, მას იმის გამოცდილება აქვს, რომ რაღაც უშენებია და გაუკეთებია... ასეთ ადამიანებს მინიმუმ კონსულტაციებზე მაინც მივიწვევდი და გარკვეულ თემებზე გავესაუბრებოდი.

სხვათა შორის, საქართველოს მთავრობასთან ეს კონსულტაციები ერთი პერიოდი იყო და ამიტომ გამიჩნდა სურვილი, დამატებითი ინვესტიციები განმეხორციელებინა, წავსულიყავი "გრინ სითის“ და "ბაკურიანის აკვაპარკის“ პროექტზე. ვხედავდი, რომ სახელმწიფოს ამ პროექტების მიმართ ინტერესი ჰქონდა, კომუნიკაციაში იყო ჩემთან და ჰოლდინგთან იმასთან დაკავშირებით, თუ რაში შეიძლებოდა მეტი ინვესტიცია ჩამედო საქართველოში. 

"12 მლნ ევროს ინვესტიციით ჩვენ 100-მდე სამუშაო ადგილს შევქმნით“.

ბოლო ხანებში ვხედავ, რომ ეს აქტიურობა აშკარად არის, მაგრამ რატომღაც არ არის დიდ პროექტებზე… "გრინ სითის“ პროექტით ანაკლიის პროექტს მე ვერ შევედრები, მაგრამ არ მგონია, საქართველოს მასშტაბით 0.5 მლრდ ევროს ინვესტიცია იყოს ცოტა, ან ბაკურიანში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ათეულობით მილიონობით ევროა ჩასადები. სათხილამურო ტრასები კარგადაა გაკეთებული და კარგად ვითარდება, მაგრამ ინფრასტრუქტურა გასაკეთებელია...

2016 წელს ბაკურიანის აკვაპარკის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ვდგავართ და წინ ვერ წავსულვართ, იმიტომ რომ რაღაც საკითხები ვერ დალაგდა. ყველაფერს დროში აქვს ფასი, მათ შორის ფულსაც – ათი წლის წინ რომ იყო დოლარის ღირებულება, ახლა მას სხვა ფასი აქვს; სამი-ოთხი წლის წინ რომ იყო რაღაც აქტუალური და იმის აშენება გარკვეულ შედეგებს მოგვიტანდა, ჩვენ ეს დრო კი არ დავკარგეთ, რეალურად სამჯერ მეტი დრო დავკარგეთ. ეს დრო იკარგება არა ჩემთვის, ნოდარ გიორგაძისთვის, არამედ საქართველოსთვის.

          

ანუ ოთხი წლის წინ საქართველოში ბიზნესის დაწყება უფრო მარტივი იყო, ვიდრე ახლა?

დიახ, დიახ, ასე იყო... იცით, ბიზნესის დაწყება მარტივი არასდროსაა. რა თქმა უნდა, ყოველთვის რთულია, მაგრამ პროგნოზირებადობის ფონზე ჩემთვის საინტერესო იყო ახალი პროექტების წამოწყება. ბიზნესი ცოცხალი არსებაა, ის არ არის მხოლოდ ფული. ფული მიდის იქ, სადაც მოთხოვნაა. იყო ეს მოტივაციები და სურვილები ირაკლი ღარიბაშვილის პერიოდში. მან თბილისის აკვაპარკის სტუმრობისას ძალიან სერიოზული მხარდაჭერა გამოხატა ჩვენი პროექტებისადმი. ამას მოჰყვა გიორგი კვირიკაშვილი... ეს იყო ძალიან სერიოზული თემა და მოტივაცია და ყველას ვუმტკიცებდი, რომ საქართველო უნიკალური ქვეყანაა და ასეც არის.

ამიტომ აუცილებელია მეტი მოქნილობა, ოპერატიულობა, ტოლერანტობა ერთმანეთის მიმართ. ერთადერთი სურვილი მაქვს: საქართველოში საქმე გაკეთდეს და მთავრობამ იამაყოს, რომ ბიზნესი ასეთ პროექტებს აკეთებს. ამასთან, ეს ხომ ბიუჯეტის შემოსავლებს, მეტ დასაქმებულსა და მოქალაქეების დამატებით შემოსავლებს ნიშნავს.

ბატონო ნოდარ, საქართველოში ძალიან ტრენდული გახდა ბიზნესმენების პოლიტიკაში წასვლა, თქვენ ბიზნესში სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის შემდეგ წახვედით. უპირველეს ყოვლისა, როგორ აფასებთ ბიზნესმენების პოლიტიკაში წასვლის საკითხს და თავად ხომ არ გიფიქრიათ ამ ნაბიჯის გადადგმაზე?

ხაზს გავუსვამ, რომ არ ვარ საქართველოს მოქალაქე… სლოვაკეთშიც ბიზნესმენები ხანდახან ცდილობენ პოლიტიკაში წასვლას, მაგრამ ეს არ ამართლებს, იმიტომ რომ წაღი მეწაღემ, ბიზნესი ბიზნესმენმა და პოლიტიკა პოლიტიკოსმა უნდა აკეთოს. მეც ვიყავი საქართველოს პარლამენტის წევრი, მანამდე – თანამდებობებზე, ელჩიც ვიყავი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბიზნესმა ბიზნესი უნდა აკეთოს. საბოლოო მასშტაბში ბიზნესიდან პოლიტიკაში წასვლა ბიზნესსაც დაეტყობა და პოლიტიკასაც. მქონდა სლოვაკეთში შემოთავაზება, მაგრამ უარი ვუთხარი.

          

ინტერვიუებში ხშირად აღნიშნავთ, რომ წამოწყებული საქმით არ კმაყოფილდებით და ყოველთვის ცდილობთ მის განვითარებას. ხომ არ შეცვალა საქმისადმი თქვენი დამოკიდებულება პანდემიამ – აგრძელებს თუ არა ნოდარ გიორგაძე საქართველოში ინვესტირებას და რა გეგმები გაქვთ დღეისთვის?

არა, გეგმები არ შემიცვლია და დაწყებული პროექტები დღესაც ხორციელდება. მაგალითისთვის გეტყვით, რომ თბილისის ზღვაზე, 220-ნომრიანი აპარტ-სასტუმროს მშენებლობა გრძელდება, რომლის გახსნას 2021 წლის მაისში ვგეგმავთ. მშენებლობის პარალელურად, მინდა გითხრათ, რომ დაახლოებით 50 აპარტამენტი უკვე გაყიდულია. ძირითადად სლოვაკები და ჩეხები ინტერესდებიან ამ პროექტით, ისინი, ვინც იცის ჩემი ბიზნესი და წლების განმავლობაში მომყვება. აპარტამენტების მფლობელები პირად სარგებლობაში გვაძლევენ ფართებს და ჩვენ სარგებლობიდან გარკვეული პროცენტი უნდა გადავუხადოთ. გარდა იმისა, რომ ისინი ფინანსურ რესურსს დებენ ამაში, ქონების შეძენის შემდეგ ისინი საქართველოს ხშირი სტუმრები და გულშემატკივრები ხდებიან და შეეცდებიან, ყოველთვის კარგი ილაპარაკონ მასზე, მე ასე მგონია.

"ჯინოს“ ბრენდის ქვეშ ამოქმედებული 4+ ვარსკვლავიანი აპარტ-სასტუმრო აკვაპარკზე იქნება მიბმული. 300-კაციანი საკონფერენციო სივრცე, რესტორანი, აუზი, რომელიც თბილისის ზღვას გადაჰყურებს, პარკინგები და კეთილმოწყობილი ეზო – ამაზე 12 მლნ ევრო დაიხარჯება და 80-120 ადამიანი დასაქმდება.

გარდა ამისა, წელს "ჯინოს“ ბრენდის ქვეშ კიდევ ერთი სასტუმროს მშენებლობის დაწყება მელიქიშვილზეც იგეგმება. 75 ნომრისგან შემდგარი სასტუმრო-საცხოვრებელი კომპლექსი მელიქიშვილისა და ვარაზისხევის კუთხეში აშენდება. მულტიფუნქციურ შენობაში აუცილებლად იქნება "ჯინოს ველნეს“ კონცეფცია. 12 მლნ ევროს ინვესტიციით ჩვენ 100- მდე სამუშაო ადგილს შევქმნით.

პროექტში GINO GRAND MELIKISHVILI გარკვეული ცვლილებები გაკეთდა. სამშენებლო ნებართვას დღე-დღეზე ველოდებით და ამის მშენებლობასაც დავიწყებთ.

          

იცით, მე გამოუსწორებელ ოპტიმისტთა კატეგორიას მივეკუთვნები, განსაკუთრებით, როდესაც თემა საქართველოს ეხება. ამიტომ მჯერა, რომ 2021 წლიდან ჩვენ შევძლებთ სერიოზული ნაბიჯების გადადგმას, იმიტომ რომ სხვანაირად შეუძლებელია. 

ჩვენ გირჩევთ

Fuckup Nights კარანტინში კიდევ ერთ საღამოს გაგვიხალისებს!

Fuckup Nights კარანტინში კიდევ ერთ საღამოს გაგვიხალისებს!

Fuckup Nights კარანტინში კიდევ ერთ საღამოს გაგვიხალისებს!

Fuckup Nights კარანტინში კიდევ ერთ საღამოს გაგვიხალისებს!

წინა სტატია

The World’s Billionaires Have Gotten $1.9 Trillion Richer In 2020
17 December, 2020

შემდეგი სტატია

პარიზის მერია წამყვან პოზიციებზე ქალების დიდი რაოდენობით დანიშვნის გამო დააჯარიმეს
17 December, 2020
უნიკალური პროექტი გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტზე - “მაუნთინ რეზორტს სოლუშანსის“ წარმატების ისტორია
ინტერვიუ | Jan, 08, 2021
2021 წლის ყველაზე ძლიერი პასპორტები მსოფლიოში - რომელ ადგილზეა საქართველო?
ახალი ამბები ქართულად | Jan, 14, 2021
Life Without Limits
Forbes Georgia in English | Jan, 14, 2021
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker