რატომ იზრდება ტარიფები?

რატომ იზრდება ტარიფები?

პირველ რიგში, მოგილოცავთ 2021 წელს, თითოეულ თქვენგანს ვუსურვებ ჯანმრთელობას, ეკონომიკურ სტაბილურობას, ფინანსურ კეთილდღეობას, ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, ბევრ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას, ლარის გამყარებასა და ეკონომიკის ორნიშნა ზრდას.

სემეკის 2021 წლის გეგმებზე სანამ გადავალ, მანამ 2020 წლის ბოლო მოვლენაზე ვისაუბრებ, მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე საუბარი ყოველთვის არაპოპულარულია – ეს არის ტარიფები. მოგეხსენებათ, ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების ტარიფები შეიცვალა ზრდის მიმართულებით და არცთუ სასიამოვნო საახალწლო გადაწყვეტილება გამოვიდა.

სემეკის მიერ მიღებული სატარიფო გადაწყვეტილებები საზოგადოებაში – როგორც მოქალაქეებში, ასევე კერძო სექტორში – კმაყოფილებას არ იწვევს, რადგანაც ტარიფების მატება მათი ხარჯების ზრდის პირდაპირპროპორციულია. განსაკუთრებით, პანდემიის პირობებში წარმოქმნილი ფინანსური პრობლემების პირობებში ტარიფების მატება არასასიამოვნო სიახლეა. სემეკის გადაწყვეტილებები ხშირად მოსახლეობასთან ერთად არც კომუნალური მომსახურების კომპანიებს მოსწონთ, რადგანაც ტარიფების მატება არასდროს არ არის ისეთი მაღალი, როგორსაც თავად კომპანიები ისურვებდნენ. მოკლედ რომ ავხსნათ სემეკის გადაწყვეტილების შინაარსი, ასეთი ფორმულირება იქნება: სემეკმა დაამტკიცა ახალი ტარიფები, რომლებშიც გაითვალისწინა მხოლოდ ის ხარჯი, რაც აუცილებელი იყო ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის მომხმარებლამდე მიტანისათვის, მათთვის მომსახურების გაწევისათვის. ტარიფში არც ერთი ზედმეტი თეთრი არ არის გათვალისწინებული. საჯაროა როგორც სატარიფო მეთოდოლოგია, ასევე კალკულაციის მექანიზმები და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია, გადახედოს და გაეცნოს მათ.

ალბათ, საინტერესოა, თუ რამ განაპირობა ტარიფების ასეთი ცვლილება.

ელექტროენერგიის ტარიფების ფორმულირებაზე გავლენა მოახდინა რამდენიმე ფაქტორმა. მათ შორის, პანდემიის პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირებულმა ელექტროენერგიის მოხმარებამ, ლარის კურსის გაუფასურებამ დოლართან მიმართებით, იმპორტირებული ელექტროენერგიის წილის ზრდამ ელექტროენერგიის შესასყიდ კალათაში, ცუდი ჰიდროლოგიის გამო ჰესების გამომუშავების შემცირებამ.

პანდემიის პერიოდში განახევრებული წყალმომარაგება იყო ერთ- ერთი განმაპირობებელი ფაქტორი სასმელი წყლის ტარიფების შემთხვევაშიც. მითია, რომ წყალი, შესაძლოა, იყოს უფასო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო წყალუხვი ქვეყანაა, წყლის რესურსები არათანაბრადაა გადანაწილებული სივრცეში. შესაბამისად, იმისათვის, რომ მომხმარებელმა ხარისხიანი სასმელი წყალი უწყვეტად მიიღოს, კომუნალური კომპანიის მხრიდან დიდი მოცულობის ინვესტიციების გაწევაა საჭირო. ტარიფებზე იმოქმედა ინვესტიციების მოცულობამაც, თუმცა ეს იმ ოდენობის აუცილებელი ინვესტიციებია, რომელთა განხორციელებაც უწყვეტი და ხარისხიანი წყალმომარაგებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. აქვე აღვნიშნავ, რომ ინვესტიციები სატარიფო პოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.

ელექტროენერგიის განაწილების ტარიფების დადგენა ხდება უფრო გრძელვადიანი პერიოდისთვის და ამ სექტორში 2021-2025 წლებში მილიარდ ლარზე მეტი მოცულობის ინვესტიცია განხორციელდება. რაც შეეხება წყალმომარაგების სექტორს, აქ ტარიფები დადგინდა 3-წლიანი პერიოდისთვის. შესაბამისად, 2021-2023 წლებში ქ. თბილისში, ქ. მცხეთასა და ქ. რუსთავში ანუ იქ, სადაც ტარიფები დავადგინეთ, 166 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებაა დაგეგმილი.

ამ სატარიფო ციებ-ცხელებაში იყო სხვა მნიშვნელოვანი პროექტებიც, რომლებიც ყურადღების მიღმა დარჩა. მათ შორის, სემეკს ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის ხარისხის მართვის სისტემის სერტიფიკატი მიენიჭა. საერთაშორისო ექსპერტების მიერ ერთი წლის განმავლობაში სემეკში განხორციელებული სამუშაოებისა და აუდიტის საფუძველზე დადგინდა, რომ კომისიის საქმიანობის ხარისხი სრულად შეესაბამება საერთაშორისოდ აღიარებულ ხარისხის მართვის მოთხოვნებს.

ენერგეტიკული ბაზრის განვითარებისათვის სემეკმა შეასრულა რეფორმების გეგმა და მიიღო ყველა ის დადგენილება, რომლებიც წლის დასაწყისში დაანონსდა:

– გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების წესები;

– ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგის წესი;

– ლიცენზირებისა და ენერგეტიკული საქმიანობის შეტყობინების წესები;

– დავების განხილვის წესი;

– ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესები;

– განაწილების სისტემის ოპერატორის განცალკევების წესები;

– ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის წესები (დღით ადრე, დღიური, დამხმარე და საბალანსო ბაზრის წესები);

– უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგია;

– საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევისა და მისი გაცემის წესი;

– ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესები;

– საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრისა და აპარატის თანამშრომლის ეთიკის კოდექსი;

– რეგულირების საფასურის ოდენობის განსაზღვრის, გაანგარიშებისა და გადახდის წესი;

– ელექტროენერგიის სექტორში განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებები.

კომისიამ გასცა ბაზრის ოპერირების ლიცენზიები “დღით ადრე და დღიური ბაზრებისა“ და “საბალანსო და დამხმარე მომსახურების ბაზრების“ ოპერირებაზე. აქვე უნდა ითქვას, რომ სემეკი 2021 წლიდან დაიწყებს მუშაობას ბუნებრივი გაზის ბაზრის ლიბერალიზაციის კუთხითაც. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდება ბუნებრივი გაზის ბაზრის კონცეფცია, რის შემდეგაც სემეკი მიიღებს დადგენილებებს, წესებს ახალი ბაზრის ფუნქციონირებისათვის.

2021 წელი, პანდემიიდან გამომდინარე, რთულად პროგნოზირებადია. როგორი იქნება მოხმარება, ამის პროგნოზირებაც რთულია, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ მეზობელ ქვეყნებთან ვახორციელებთ ექსპორტ- იმპორტს, ენერგიაზე მეტი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, მეზობელი ქვეყნებიდან ენერგიის შემოტანას და დეფიციტის თავიდან არიდებას შევძლებთ. ენერგეტიკული ბირჟის განვითარებაც ხელს შეუწყობს სისტემის მეტ მდგრადობასა და პროგნოზირებადობას, თუმცა ამავდროულად უნდა ვიფიქროთ და ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ ელექტროენერგიის ადგილობრივი წარმოების ზრდისთვის.

2021 წლიდან სემეკი იწყებს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში საზოგადოებაში განათლების, კვალიფიკაციისა და ინფორმაციის ზრდის მიზნით რამდენიმე პროექტის განხორციელებას. საგანმანათლებლო დონისა და კვალიფიკაციის ამაღლება განსაკუთრებით საჭირო და აუცილებელია ახალი ენერგეტიკული ბაზრების ჩამოყალიბების პროცესში. სემეკს დღეისათვის აქვს კვალიფიციური ცოდნა არსებული საკვანძო საკითხების შესახებ, გარდა ამისა, სემეკის თანამშრომლებისთვის ხელმისაწვდომია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისა და პროექტის ფარგლებში შემუშავებული დოკუმენტები, რომელთა გაზიარებაც მნიშვნელოვანია საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისთვის, მათ შორის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში საქმიანობის განმახორციელებელი პირებისთვის.

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის შექმნის აუცილებლობა გამოიკვეთა ენერგეტიკულ ბაზარზე არსებული სიახლეების პარალელურად. უშუალოდ მედიისა და არასამთავრობო სექტორისთვის წლებია, სემეკში მოქმედებს “მედიაკლუბი“, რომლის მიზანიცაა მონაწილეებს მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების საკითხებზე. ბოლო წლებში ასეთი ტენდენცია გამოიკვეთა, რომ „მედიაკლუბს” შემოუერთდნენ რეგულირებადი კომპანიების თანამშრომლები, სტუდენტები, სხვადასხვა დაინტერესებული პირი, რომლებიც ახალ ბაზარზე ტრეიდერის ან მიმწოდებლის საქმიანობას აპირებენ. აქედან გამომდინარე, გაჩნდა საჭიროება, რომ სემეკმა სხვადასხვა ჯგუფისთვის სასწავლო ცენტრი ჩამოაყალიბოს. სასწავლო ცენტრის ფარგლებში ყურადღებას გავამახვილებთ ელექტროენერგიის ადგილობრივი წარმოების განვითარების ხელშემწყობ საკითხებზეც. ენერგეტიკაში ყველა თანხმდება, რომ ადგილობრივი წარმოება გარდაუვალი აუცილებლობაა ჩვენი სრულყოფილი ენერგოდამოუკიდებლობისათვის.

მათ შორის, 2021 წლიდან დავიწყებთ სასკოლო პროექტების განხორციელებას, რომელთა ძირითადი მიზანია ენერგეტიკასთან, ენერგოეფექტიანობასთან, ენერგიის დაზოგვასთან, განახლებად ენერგიებთან და სხვა ენერგეტიკულ საკითხებთან დაკავშირებული ცნებების გაცნობა საქართველოს დაწყებითი და საბაზო საფეხურების მოსწავლეებისთვის, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მათი ცნობიერების ამაღლება და სათანადო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.

ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რადგანაც საკითხი აქტუალობას არ კარგავს: მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოში ელექტროენერგიის წარმოების 100-ზე მეტი წყაროა (მცირე, საშუალო, დიდი ჰიდროელექტროსადგურები, ქარის სადგური, მზის სადგურები), პანდემიის პირობებშიც კი, როდესაც მოხმარება შემცირებულია, ელექტროენერგიაზე მოთხოვნა უფრო მაღალია, ვიდრე ადგილობრივი გენერაცია.

ძალიან სამწუხაროა ის შეუთანხმებლობა, რასაც ვხედავთ უკვე ნებისმიერი ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, პირველ რიგში, საჭიროა მეტი დიალოგი მოსახლეობასთან, იმის გარკვევა, თუ საიდან მოდის მათი პროტესტი, როგორ შეიძლება მოგვარდეს საკითხი და ა.შ. შესაძლოა, ინვესტორებმა მეტი სოციალური პროექტი შესთავაზონ მოსახლეობას. თუ ელექტროსადგური გარემოსდაცვითი თვალსაზრისით გარემოს ნაკლებ ზიანს აყენებს, მაგალითად, ასეთად შეგვიძლია განვიხილოთ მცირე და საშუალო ჰესები, მათი მშენებლობა პირიქით, ენერგოსექტორის განვითარებისთვის უკეთესია, მეტი ადგილობრივი გენერაციის წყარო ჩნდება და იმპორტზე ნაკლებად ვიქნებით დამოკიდებული. ამავდროულად, შემცირდება იმპორტი და, შესაბამისად, ქვეყნიდან ვალუტის გადინებაც, რაც მაკროეკონომიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ჰესები მნიშვნელოვანია დასაქმების მხრივაც, რადგანაც როგორც მშენებლობის, ასევე ფუნქციონირების პერიოდში ხდება სხვადასხვა სპეციალისტის დასაქმება. იმ შემთხვევაში, თუ ჰესი გარემოს დაცვის თვალსაზრისით ზიანის მომტანია, გარემოზე ზემოქმედების შეფასება (გზშ) უარყოფითია, ასეთი ჰესის მშენებლობის მომხრე არც სახელმწიფოა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *