მონაცემთა ჟურნალისტიკა: სიკეთე, რომელზეც ჯერ უარს ვამბობთ

მონაცემთა ჟურნალისტიკა: სიკეთე, რომელზეც ჯერ უარს ვამბობთ

წარმოიდგინეთ, რომ ტყვიამფრქვევების ეპოქაში არმია ხმლებით გყავთ შეიარაღებული. ან უფრო მარტივი – სარეცხი მანქანის ეპოქაში ყველაფერს ხელით რეცხავთ. დაახლოებით ასეთივე დასანანია, როცა ჩვენს დროში მედიასაშუალება მონაცემთა ჟურნალისტიკის გამოყენების შანსზე უარს ამბობს.

რა არის მონაცემთა ჟურნალისტიკა? ეს არის ამბის თხრობა, როცა, ტრადიციული ჟურნალისტიკისგან განსხვავებით, ჟურნალისტი წყაროდ, ადამიანების გარდა, მონაცემებსაც იყენებს, აგროვებს, ასუფთავებს, ახარისხებს, აანალიზებს და აქვეყნებს.

რამდენიმე წლის წინ, ალბათ, ვიტყოდი, რომ მონაცემთა ჟურნალისტიკა ჟურნალისტიკის მომავალია, ახლა კი ვამბობ, რომ მონაცემთა ჟურნალისტიკა აწმყოა. მსოფლიოს ყველა დიდ გამოცემას მონაცემთა ჟურნალისტიკა უკვე ჩამოყალიბებული აქვს ცალკე დეპარტამენტად და ჰყავს სპეციალურად ამ მიმართულებით დატრენინგებული თანამშრომლები.

რატომ გახდა ეს საჭირო? ადრე ინფორმაცია ცოტა იყო და ჟურნალისტისთვის მთავარი გამოწვევა ინფორმაციის პოვნა გახლდათ. ახლა ინფორმაცია ბევრია, იმდენად ბევრი, რომ მთავარი გამოწვევა მისი დამუშავებაა. ამიტომ მონაცემთა ჟურნალისტიკა ახლა ისე აქტუალურია, როგორც არასდროს.

მაინც რა სარგებელი მოაქვს მონაცემთა ჟურნალისტიკას მედიაგამოცემებისთვის ისეთი, რასაც ტრადიციული ჟურნალისტიკა ვერ მოუტანდა? სარგებელი ბევრია, მაგრამ მთავარი ალბათ სიზუსტეა. მონაცემთა ჟურნალისტიკა საშუალებას აძლევს მედიის წარმომადგენლებს, არ იყვნენ დამოკიდებულნი მხოლოდ რესპონდენტთა განცხადებებზე და რეალურად შეძლონ ყველაფრის გადამოწმება, რასაც პოლიტიკოსები და ბიზნესმენები ამბობენ.

ამას დასავლეთში ჟურნალისტები წლებია, აკეთებენ. მაგალითად, „ასოსიეითიდ პრესმა” (AP), მონაცემთა გაანალიზების გზით, ჯერ კიდევ 2015 წელს გამოააშკარავა ერთ-ერთი კონგრესმენი გადასახადის გადამხდელთა ფულის არამიზნობრივ ხარჯვაში. მედიასაშუალებამ წყაროდ კონგრესმენის ინსტაგრამ-პოსტები გამოიყენა. შეამოწმა პოსტების გეოლოკაციები და შეადარა ისინი ოფიციალური ფრენების შესახებ საჯარო ინფორმაციას. გაირკვა, რომ კონგრესმენი თავისი საარჩევნო კამპანიის შემომწირველთა კერძო თვითმფრინავებით მოგზაურობდა, თანამშრომლები ცნობილი მომღერლების კონცერტებზე დაჰყავდა, ამ ყველაფერს კი კამპანიის ღონისძიებად აფორმებდა და ბიუჯეტის ფულით ფარავდა.

ბევრს ჰგონია, რომ ინფორმაცია, რასაც მონაცემთა ჟურნალისტიკა ეყრდნობა, წლიური ანგარიშებით, ბიუჯეტის პროექტებით, არჩევნების შედეგებითა და მსგავსი რიცხობრივი მონაცემებით შემოიფარგლება. სინამდვილეში, მონაცემებია ყველაფერი, რისი დაკვირვება და გაანალიზებაც შეიძლება. ზემოთ მოყვანილ მაგალითში, ეს იყო სოციალური მედიის პოსტები. ამას კი მივყავართ მონაცემთა ჟურნალისტიკის კიდევ ერთ უპირატესობამდე: ჟურნალისტებისთვის ის ულევი საბადოა და მონაცემებზე დაფუძნებული ამბის პოვნა ყველგან შეიძლება.

მონაცემთა ჟურნალისტის კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ რიცხვებთან მიმართებით თავს თავდაჯერებულად გრძნობს, არ უფრთხის მათ და ბრმად არ ენდობა ამბის სხვისეულ ინტერპრეტაციას. შესაბამისად, ყველა რიცხვს, რასაც მას აწვდიან, აანალიზებს და სვამს კონტექსტში, რითაც თავის აუდიტორიას ამ მონაცემების აღქმას უადვილებს.

მაგალითად, ავიღოთ თემა, რომელზეც წელს უამრავმა მედიასაშუალებამ დაწერა სტატია და გადაიღო რეპორტაჟი: ღამის 9 საათის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვის ფონზე – რის გამოც განათებებს ბევრი მნახველი, ალბათ, ვერც ეყოლებოდა – თბილისის მერიამ საახალწლო დეკორაციებზე მილიონი ლარი დახარჯა. თითქმის ყველა ჟურნალისტურ პროდუქტში, რომელშიც ამ თემაზე წერდნენ, შეხვდებოდით ერთსა და იმავე ფორმულირებას, რომ დაიხარჯა ამ მოცულობის თანხა და შემდეგ სიტყვიერად იშლებოდა, ამ თანხიდან რამდენი დაეთმო გირლანდებს, რამდენი – საახალწლო სტრინგებსა და სხვა აქსესუარებს.

ამავე თემაზე მონაცემთა ჟურნალისტს რომ დაეწერა, ამბავს უფრო საინტერესოდ წარმოაჩენდა. მაგალითად, თბილისის 2020 წლის ბიუჯეტიდან ამოარჩევდა თავისი კონკრეტული აუდიტორიისთვის სხვა სენსიტიურ თემებს და შესადარებლად გამოიყენებდა მათ. ამ გზით, საზოგადოება ნახავდა, რომ საახალწლო განათებებში ბევრად მეტი დაიხარჯა, ვიდრე, ვთქვათ, ქუჩის ძაღლების პრობლემის გადაჭრის საკითხზე, ან განვითარების დარღვევების მქონე ბავშვებისთვის შესაბამისი თერაპიების დაფინანსებისთვის და ა.შ. ამ ფორმით მიწოდებული ინფორმაციით საზოგადოება უკეთ აღიქვამდა ამბის სიმწვავეს და, შესაბამისად, ჟურნალისტური საქმიანობის გავლენაც უფრო მაღალი იქნებოდა.

საინტერესოა, რატომ არ არის მონაცემთა ჟურნალისტიკა ჩვენს მედიასივრცეში ბოლომდე დამკვიდრებული? ამას ბევრი მიზეზი აქვს და ერთ-ერთი ალბათ ის არის, რომ ჩვენთან ჯერ კიდევ იმაზეა ინდუსტრია ორიენტირებული, პირველმა გვითხრას ამბავი. მონაცემთა ჟურნალისტიკას კი ფოკუსი პირველად მთქმელისგან გადააქვს კარგად მთქმელზე. არა იმაზე, თუ რა მოხდა, არამედ იმაზე, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ამბავი ჩვენთვის.

მაგალითად, BBC ინტერაქტიული მონაცემთა პროექტით ადამიანებს საშუალებას აძლევს, ნახონ, ბიუჯეტის ცვლილებები როგორ აისახება კონკრეტულად მათ ცხოვრებაზე. მკითხველს სპეციალურ ფორმაში შეჰყავს თავისი შემოსავლის შესახებ ინფორმაცია და გარკვეული დემოგრაფიული მონაცემები, რის შემდეგაც ფორმა გამოუთვლის, ახალი ბიუჯეტი მის ჯიბეზე დადებითად აისახება თუ უარყოფითად.

ეს ყველაფერი შეიძლება, საქართველოსგან შორს ხდება, მაგრამ კარგია, რომ საქართველოს ყურადღების მიღმა არ რჩება. მაგალითად, ზემოთ ნახსენები BBC-ის მონაცემთა მიმართულების კონსულტანტი ჟურნალისტი და ბირმინგემის უნივერსიტეტის მონაცემთა ჟურნალისტიკის სამაგისტრო კურსის ხელმძღვანელი პოლ ბრედშაუ წელს DataFest Tbilisi-ის სპიკერი იყო. DataFest Tbilisi ყოველწლიური ფესტივალია, რომელიც მთლიანად მონაცემებზე ფოკუსირდება და მონაცემებზე მომუშავე სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს აერთიანებს: მონაცემთა მეცნიერებს, დიზაინერებს, ანალიტიკოსებს, ბიზნესმენებს, აქტივისტებს. მონაცემთა ჟურნალისტიკაც ამ კონფერენციის ერთ-ერთი მიმართულებაა. კონფერენციაზე პოლ ბრედშაუმ სიღრმისეული ვორკშოპი ჩაატარა, სადაც ქართველ ჟურნალისტებსა და ჟურნალისტიკის სტუდენტებს საშუალება მიეცათ, ესწავლათ მონაცემებში ამბის პოვნა და რაკურსის შერჩევა.

ბევრი იფიქრებს, რომ ბრიტანეთის მსგავს აწყობილ ქვეყანაში ყველაფერი ადვილია, მათ შორის მონაცემთა ჟურნალისტიკის კეთებაც და რომ საქართველოში ეს ყველაფერი მარტივად არ გამოდის. ამ მოსაზრების გაქარწყლება შეიძლება როდრიგო მენეგას მაგალითით, რომელიც ბრაზილიელი ჟურნალისტია და დამეთანხმებით, დიდი დემოკრატიითა და სიტყვის თავისუფლებით ვერც ბრაზილია დაიკვეხნის. მენეგამ აღწერა, როგორ მალავს ბრაზილიის მთავრობა კოვიდპანდემიასთან დაკავშირებულ მონაცემებს, მიუხედავად იმისა, რომ მსხვერპლის რაოდენობით ბრაზილია მეორეა მსოფლიოში. მან ისაუბრა, რა გზები იპოვეს ბრაზილიელმა მონაცემთა ჟურნალისტებმა ამ ყველაფერთან გასამკლავებლად და როგორ შეიძლება გამოიყენონ იგივე მეთოდები სხვებმა მსგავს სიტუაციებში.

ზოგი მედიასაშუალება კიდევ უფრო წინ წავიდა, ვიდრე უბრალოდ ამბის თხრობისთვის მონაცემთა გამოყენებაა. მაგალითად, გერმანიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სრულად ავტომატიზებული ლაბორატორია შექმნა, სადაც მონაცემებს უწყვეტ რეჟიმში მოიპოვებენ სხვადასხვა წყაროდან, აკომბინირებენ და პროგრამირების დახმარებით ისე იყენებენ, რომ ჟურნალისტებს საერთოდ აღარ უწევთ სხვადასხვა განმეორებადი ქმედების ხელით კეთება. ამბებს ალგორითმი წერს. ამ გზით უამრავი დრო იზოგება და ისეთი კომპლექსური ინფორმაცია მუშავდება, რასაც მხოლოდ ადამიანური რესურსი ვერასდროს ეყოფოდა. ამ ლაბორატორიის შემქმნელი და გუნდის ხელმძღვანელი ული კოპენიც DataFest Tbilisi 2020-ის სპიკერი იყო და გამოცდილება აუდიტორიას გაუზიარა.

ერთადერთი, რაც ქართულ მედიასივრცეს ამ ყველაფრისგან აშორებს, მონდომებაა. საკმარისია, ქართველმა რედაქტორებმა ამ ინოვაციური მიდგომებისა და მეთოდების დანერგვის საჭიროება გაიაზრონ და გაკეთება მოინდომონ, რომ სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმის დახმარებით, ცოდნისა და გამოცდილების მიღებას დასავლელი კოლეგებისგან თავისუფლად შეძლებენ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *