რკინის ქალამნების შემდგომი პერიოდი: საგადასახადო დავების გადაწყვეტა

რკინის ქალამნების შემდგომი პერიოდი: საგადასახადო დავების გადაწყვეტა

ადამიანები, თანამედროვე, ანტიკური ხანისა თუ შუა საუკუნეების, ისინიც, მარსის კოლონიზაციას რომ შეეცდებიან 2030 წელს, ხშირად არ ეთანხმებიან გარემოს, ედავებიან მეგობრებს, ოჯახის წევრებს, საქმიან პარტნიორებს, ტომს, სოფელს, სახელმწიფოს. ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეოთხე საუკუნეში ანტიკურ საბერძნეთში დავებს ასეულობით მოსამართლისგან შემდგარი სასამართლო განიხილავდა. ხუთი საუკუნით ადრე სოლომონ მეფე იყო სიბრძნით სახელგანთქმული მსაჯული, მოკლედ კი – ჩვენ მუდამ ვდაობთ და, ამასთანავე, ამ დავების გადაჭრის მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი სისტემის შექმნას ვცდილობთ. ათასწლიანი ისტორიული ექსპერიმენტების შემდეგ დღეს დავების გადაჭრის რამდენიმე მთავარი მოდელი არსებობს მსოფლიოში: სასამართლო, კერძო არბიტრაჟი, მედიაცია. ამ სისტემების ავკარგიანობა განაპირობებს, გრძნობს თუ არა ინდივიდი თუ ადამიანთა ჯგუფი თავს დაცულად გარემო საფრთხეებისგან.

რადგან დაცულობა და სანდოობა ბიზნესის წამოწყების, განვითარების საფუძველია, დავების გადაჭრის სისტემების ეფექტიანობა ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის “გლობალური კონკურენტობის ანგარიშისა” და არამხოლოდ მისი. ამ ანგარიშის მიხედვით კი საქართველოში დავების გადაჭრის სისტემის ეფექტიანობის დონე საშუალოა.

სხვა ქვეყნების მსგავსად, ჩვენთანაც ამ სისტემის ნაწილებია სასამართლო, არბიტრაჟი და მედიაცია, სადაც განიხილება სხვადასხვა დავა, მათ შორის – საგადასახადოც. თუმცა საგადასახადო დავების გადაჭრა კიდევ ერთ ინსტანციაშია შესაძლებელი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროში. პროცესი ასეთია: როდესაც კომპანია არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შემდეგ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემულ დასკვნას, მას შეუძლია დასკვნა გაასაჩივროს თავდაპირველად შემოსავლების სამსახურში არსებულ დავების განხილვის საბჭოში, ხოლო შემდეგ ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს მიმართოს. პირველი ცხრა წევრისგან შედგება, საბჭოს თავმჯდომარე კი შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელია. მეორე – ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭო, 13 წევრისგან შედგება, მათგან შვიდი ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელია, ოთხი – სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, ხოლო ორი – არასამთავრობო სექტორის. აქვე აღსანიშნავია, რომ კომპანიას ნებისმიერ დროს შეუძლია პირველი თუ მეორე საბჭოს გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება.

როგორც ციფრებიდან ვხედავთ, საბჭოები არ არის დამოუკიდებელი, რაც მიუკერძოებლობის აუცილებელი კომპონენტია. მიუხედავად ამისა, კომპანიების უმრავლესობა სწორედ აქ – კვაზისასამართლოში – ასაჩივრებს საგადასახადო შემოწმების დასკვნას. მათ არჩევანს კი სასამართლოების „საშუალოეფექტიანობა“ და არბიტრაჟისა თუ მედიაციის განუვითარებლობა განაპირობებს. სასამართლო „საშუალოდ ეფექტიანი“, უფრო სწორად კი არაეფექტიანია, რადგან არა აქვს სფეროს სათანადო ცოდნა, რომ პროფესიულად წარმართოს საგადასახადო დავები; არც საკმარისი რესურსი გააჩნია, რომ საჩივარი დროულად განიხილოს.

წარმოიდგინეთ, რომ საგადასახადო გადაწყვეტილების გასაჩივრებისას თქვენი კომპანიის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო, გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება კი ხშირად წლები გრძელდება. ცხადია, რამდენად დიდი საფრთხე ექმნება ბიზნესსაქმიანობის უწყვეტობას.

ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭო, რეალურად, სწორედ სასამართლოს არაეფექტიანობის საპასუხოდ, პრობლემის დროებით მოგვარებისთვის შეიქმნა, მანამდე, ვიდრე შესაბამისი ინსტიტუტები – სასამართლო, კერძო არბიტრაჟი და მედიაცია – არ გაძლიერდებოდა. თუმცა დღეს სურათი სხვაგვარია: სასამართლოს რეფორმა იგვიანებს, ხოლო ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭო მუდმივმოქმედი უწყების სახეს იძენს. ეს კი არასახარბიელო ტრენდია ქვეყნისთვის, რომლის განვითარებისთვისაც აუცილებელია მეორე ტალღის რეფორმების გატარება – ანუ ინსტიტუციური გაძლიერება.

კვაზისასამართლოს მუდმივმოქმედ უწყებად გადაქცევა ვერაფრით გვაახლოებს ამ მიზანს. მიზეზი რამდენიმეა. პირველი და უმთავრესია ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების საბჭოს დამოუკიდებლობა. როგორც უკვე ვთქვით, დავების საბჭოს წევრთა უმრავლესობას თავად სამინისტროს თანამშრომლები წარმოადგენენ. საბჭოს ხელმძღვანელობს ფინანსთა მინისტრი. მხოლოდ ორი წევრია არასამთავრობო სექტორიდან, თუმცა ისინიც მხარეს წარმოადგენენ – კერძო სექტორს. საბჭო, სასამართლოსგან განსხვავებით, საგადასახადო და საბაჟო საკითხების ღრმა ცოდნით გამოირჩევა, თუმცა ეს მაინც ვერ უზრუნველყოფს დავების ეფექტიანად განხილვას. რესურსის შეზღუდულობის პრობლემა აქაც თავს იჩენს – დავების განხილვა არ არის საბჭოს წევრების ძირითადი საქმიანობა, ეს მათი პარალელური მოვალეობაა. შემოსავლების სამსახურის ისედაც დატვირთულ რეჟიმში, რთულია დროის გამოყოფა დამატებითი საქმიანობისთვის, ეს კი დავების განხილვის ვადებზე პირდაპირ აისახება. დროში გაწელილი საგადასახადო გადაწყვეტილებების შედეგად, ერთი მხრივ, ინვესტორი ეკიდება მეტი სიფრთხილით ბიზნესის გაფართოებას, ხოლო მეორე მხრივ, საბანკო სექტორი იკავებს თავს სახელმწიფოსთან საგადასახადო დავაში ჩართული ბიზნესის დაფინანსებისგან. სასამართლოს არაეფექტიანობის საპასუხოდ და ბიზნესის საქმიანობის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად შექმნილი საბჭო, რეალურად, თავად ექცევა შეზღუდული რესურსების ხაფანგში. ამასთანავე, დავების გადაჭრის სისტემის არაეფექტიანობის ხელოვნურად, „ილუზიურად“ მოგვარება მასშტაბურ რეფორმასაც აყოვნებს.

მიუხედავად ნაკლებეფექტიანობისა, ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების საბჭოს აქვს შანსი, გაარღვიოს ჩაკეტილი წრე და ეს წამოწყება მაღალპროფესიული, დამოუკიდებელი საგადასახადო სასამართლოს საფუძვლად აქციოს. სპეციალიზებული საგადასახადო სასამართლოები გავრცელებული პრაქტიკაა მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში. საქართველოში ამ ტიპის დავების გადაჭრის მექანიზმის შესაქმნელად საჭიროა, რომ, პირველ ეტაპზე, ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების საბჭო გახდეს დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომლის წევრები იქნებიან არა ამა თუ იმ დაინტერესებული სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები, არამედ საგადასახადო სფეროში მდიდარი პრაქტიკული და თეორიული ცოდნის მქონე პროფესიონალები, რომელთათვისაც დავების განხილვა ძირითადი და არა დამატებითი საქმიანობა იქნება.

ამგვარი მექანიზმის არსებობა ცალსახად გააუმჯობესებს ბიზნესგარემოს საქართველოში. უფრო მეტიც, ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, ის ქვეყანას კიდევ უფრო კონკურენტულს გახდის რეგიონში. თუ საქართველოში დავების გადაჭრის სანდო, მაღალპროფესიული მექანიზმები იარსებებს, ქვეყნის რეგიონულ ჰაბად გადაქცევის იდეა კიდევ უფრო რეალური გახდება.

(ავტორები: ირინა კვახაძე, შოთა კომლაძე, საქართველოს ბიზნესასოციაცია).

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *