იოკო – ჯონის გარეშე

იოკო – ჯონის გარეშე

თუკი ქმარი საქვეყნოდ ცნობილი, პოპულარული და ყველასთვის საყვარელი ვარსკვლავია, თავისთავად იგულისხმება, რომ მისი მეუღლე მხოლოდ ერთგვარი უსახური დანამატია, ან, უკეთეს შემთხვევაში, იმით დასაფასებელი, რომ გენიოს ქმარს რუტინულ ყოფას არიდებს და კარიერულ წინსვლაში ეხმარება, ანუ ცოლია და სხვა არავინ. მეტწილად ასეც ხდება, მაგრამ – არა იოკო ონოს შემთხვევაში.

1933 წელს, ტოკიოში, არისტოკრატულ ოჯახში დაბადებული იოკო ბავშვობიდანვე სიმღერასა და ფორტეპიანოზე დაკვრას სწავლობდა და დეიდების, სანქტპეტერბურგელი მუსიკოსისა და მხატვრის ვარვარა და ანა ბუბნოვების გავლენით ხელოვნებას ეზიარა.

დაივიწყეთ კლიშედ ქცეული მოსაზრება, რომ ლენონს პიტბულივით ჩაფრენილი იოკოს მთავარი მიზანი ლეგენდარული ჯგუფი დაშლა და ლენონის დამონება იყო, რადგან თვითონ ბევრს არაფერს წარმოადგენდა. სანამ ეს წყვილი 1966 წელს ლონდონში, იოკო ონოს გამოფენაზე გაიცნობდა ერთმანეთს, ამ ექსტრაორდინარულ იაპონელს უკვე დამთავრებული ჰქონდა ჰარვარდი ლიტერატურისა და მუსიკის განხრით, ის მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი კონცეპტუალური არტისტი გახლდათ, მეგობრობდა ჯონ კეიჯთან და ნიუ-იორკის ავანგარდული ხელოვნების წრეში ცნობილი პერსონა იყო, იმდენად ცნობილი, რომ ენდი უორჰოლსაც კი არ დარჩენია შეუმჩნეველი, თუმცა კი პრეტენზიული არტ-გურუს მიერ იოკოს დახასიათება ცალსახად უარყოფითი იყო: „ის ყველას ფეხებში ედება, ის მუდამ რაღაცას აკეთებს, ის მუდამ ვიღაცის გავლენას განიცდის”. უორჰოლის ეს სიტყვები, რომელიც ამქვეყნად არავის იმჩნევდა და ასობით მისი იდეების „განმახორციელებლითა” და თაყვანისმცემლით იყო გარშემორტყმული, კონკურენტის გამოჩენით გაღიზიანებული არტისტის მოსაზრებაა მხოლოდ.

დღესაც სოციალურად და შემოქმედებითად აქტიური იოკო ონოს ალბომების, კლიპების, პერფორმანსებისა და წიგნების ჩამონათვალს ჟურნალის ერთი გვერდი არ ეყოფა, ამიტომ მიმართეთ Google-სა და YouTube-ს და გარწმუნებთ, ეს 83 წლის არტისტი სასიამოვნოდ გაგაოცებთ.

სწორედ იოკო ონოს – მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი კონცეპტუალური არტისტის ნამუშევრები დაედო საფუძვლად მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის პერფორმანსის ხელოვნებას.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *