ინტერნეტის მერი

ინტერნეტის მერი

ალექსის ოჰანიანსა და იმ 35 მილიონ აქტივისტ ინტერნეტმომხმარებელს შორის, რომლებსაც ის წარმოადგენს, ხანდახან რთულია მკვეთრი ზღვრის გავლება და იმის გარკვევა, სინამდვილეში ვინ არის ვაშინგტონზე ლაშქრობის მეთაური და ვინ – მისი მიმდევარი.

როდესაც იანვარში 29 წლის ახალგაზრდა ბიზნესმენი კონგრესში მიიწვიეს, რათა სიტყვით გამოსულიყო SOPA-სთან (აშშ-ის „კანონპროექტი ინტერნეტმეკობრეობის შესახებ”) დაკავშირებით, – მან 2005 წელს პარტნიორებთან ერთად მის მიერ დაფუძნებული Reddit-ის ინტერნეტბმულების გასაზიარებელი პოპულარული ვებგვერდის მომხმარებლებს სთხოვა ერჩიათ, რა ეთქვა კანონმდებლებისათვის. მან ასობით პასუხი მიიღო, სადაც სთავაზობდნენ იმის დამამტკიცებელ არგუმენტებს, თუ რა ნეგატიური გავლენის მოხდენა შეუძლია SOPA-ს ზოგადად ინტერნეტზე და სამუშაო ადგილების შექმნაზე. როდესაც მან სთხოვა Reddit-ს დახმარება კანონპროექტის ავტორის, კონგრესმენ ლამარ სმიტის სან-ანტონიოს ოფისის წინ დიდი ბილბორდის განთავსებაში წარწერით „ნუ ეთამაშებით ინტერნეტს”, Reddit-ის მომხმარებლებმა (რომლებიც საკუთარ თავს redditor-ებს უწოდებენ) ეს წამოწყება სულ რამდენიმე დღეში დაგეგმეს და $15 ათასით დააფინანსეს.

როდესაც ოჰანიანმა გასულ თვეს მოახერხა კონგრესმენ დარელ ისსასთან ლანჩის ორგანიზება, რათა ესაუბრა მასთან რესპუბლიკელების მიერ მხარდაჭერილი, კონფიდენციალობისათვის საფრთხის შემცველი კანონპროექტის – კიბერ-უსაფთოხების აქტის (Cyber Intelligence Sharing & Protection Act (CISPA)) – შესახებ, მან ჰკითხა თავის „კოლექტიურ გონს”, რა საკითხების წამოწევა ჯობდა წინა პლანზე. ასობით redditor-მა იმდენად ცინიკური კომენტარები განათავსა ვებ-გვერდზე (მაგალითად „ჰკითხე მას, რამდენი აიღო ქრთამის სახით, რომ ამ კანონპროექტისათვის დაჭირა მხარი” და „ჯობია ნაჯახით გაუპო თავი”), რომ დარელ ისსა იძულებული გახდა თავის დასაცავად თავადაც დაედო კომენტარების გვერდზე 1 500 სიტყვიანი კომენტარი.

შარშან, გარკვეულ ეტაპზე, Reddit-ის ექსცენტრიულმა, ახალგაზრდებით დაკომპლექტებულმა ხმაურიანმა ურდომ, რომელიც ვებ-გვერდზე ბმულებისა და გზავნილებს ათავსებდა და შემდეგ ხმას აძლევდა ინტერნეტის ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი კონტენტის გამოსავლენად, განიცადა მეტამორფოზა და თვეში დაახლოებით 3 მილიარდი გვერდის მონახულება დროის უქმად მფლანგველი, დისტრაქციული მექანიზმიდან გარდაიქმნა ნამდვილ პოლიტიკურ ძალად. სახუმარო ვიდეოთამაშების, კატების ფოტოებისა და Facebook-ზე განთავსებული ბრიყვული ქცევის ამსახველი სქრინშოტების გარდა, აღნიშნული ვებ-გვერდის ვიზიტორები სულ უფრო ხშირად ეცნობიან საჯარო და კოლექტიურ მოწოდებებს პოლიტიკურ საკითხებზე რეალური რეაგირებისაკენ, რადგან, Reddit-ის თვალსაზრისით, ვაშინგტონელი „კოსტიუმები” იჭრებიან იმ ციფრულ სამყაროში, რომელსაც ვერ აკონტროლებენ და არც არაფერი გაეგებათ მისი.

Reddit-ის მომხმარებლები ისევე აღიქვამენ თავიანთ ვებ-გვერდს, როგორც ზოგადად ინტერნეტს: ჭეშმარიტი მერიტოკრატია, რომელიც წინა პლანზე სწევს წარმატებულებს და ივიწყებს წარუმატებლებს. მაშინ, როცა პოლიტიკოსები სულ უფრო მეტად აცნობიერებენ ინტერნეტის, როგორც დესტაბილიზაციის კერის, პოტენციალს, Reddit-ის არმიას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ბოლომდე ებრძოლოს ყველა იმ კანონმდებელსა თუ ლობისტს, რომელიც ამ პლატფორმის თავისუფლების შეზღუდვას შეეცდება. ოჰანიანი კი ის ადამიანია, რომელშიც ყველაზე მეტადაა განსხეულებული Reddit-ის სული და მისი პოლიტიკური წონა რეალურ სამყაროში.

„Reddit-ს არ აქვს საშუალება ისადილოს რომელიმე პოლიტიკოსთან ან ინტერვიუ მისცეს CNN-ს. ასე რომ, მე ვაკეთებ ყვლაფერს ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში, რათა საუკეთესოდ წარმოვაჩინო მისი მომხმარებლები – ამბობს ოჰანიანი მის მშობლიურ ბრუკლინ-ჰაიტსის რაიონში ფინჯან ყავასთან საუბრისას. – მაგრამ მე არ ვარ ამ მოძრაობის ლიდერი, მას სათავეში უდგას თოთოეული ჩვენგანი, ყველა ერთად”.

2006 წელს ოჰანიანმა Reddit-ი რვანიშნა თანხად მიჰყიდა Condé Nast-ს და ახლა კაპიტალს აბანდებს სტარტაპებსა და კომპანია Breadpig-ში – ონლაინ მაღაზიაში, რომელიც მთელ მოგებას შემოწირულობებზე გასცემს. მაგრამ დღესაც კი მას აქვს შეუდარებელი უნარი გამოაღვიძოს Reddit-ის „სული”. გასულ ზამთარს, როდესაც კონგრესმა SOPA-ისა და PIPA-ის (Protect IP Act) განხილვა დაიწყო, ოჰანიანი ხშირად ჩნდებოდა ტელევიზიით, ასევე მოახერხა რამდენიმე შეხვედრის ორგანიზება ვაშინგტონში, რათა გაეპროტესტებინა ჰოლივუდის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი, ამტკიცებდა რა, რომ კანონპროექტის მოთხოვნა – ვებ-გვერდებს საკუთარი ძალებით გაეკონტროლებინათ საავტორო უფლებების დაცვა – ახალგაზრდა კომპანიების დასუსტებას გამოიწვევდა.

კონგრესში SOPA-ის კანოპროექტის მოსმენაზე სიტყვით გამოსვლამდე ერთი კვირით ადრე ოჰანიანმა Reddit-ის მომხმარებელს შემდეგი იდეა მიაწოდა: ვებ-გვერდი საკუთარი სურვილით გაეთიშათ ლოს-ანჟელესისა და ვაშინგტონის მომხმარებლებისათვის, რათა კანონპროექტის მხარდამჭერებს ნათლად დაენახათ, როგორია ცენზურას დაქვემდებარებული ინტერნეტი, როგორც ამას კანონპროექტის ლობისტები ითხოვდნენ. სხვა redditor-ები უკვე განიხილავდნენ მსგავს იდეას. გაფიცვის ეს შემოთავაზება უფრო გაფართოვდა და გადაიქცა ყველა მომხმარებლისათვის ვებ-გვერდის გათიშვის გეგმად, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო ვებ-გვერდის გამოკითხვაში.

18 იანვარს Reddit-მა გათიშა საკუთარი ვებ-გვერდი. ამ წამოწყებას
Wikipedia და Mozilla-ც შეუერთდნენ, ხოლო Google-მა საკუთარ ვებ-გვერდზე განათავსა გზავნილი, რომლითაც SOPA-ს აპროტესტებდა. კანონმდებლები საპროტესტო ტალღამ წალეკა, მათ მიიღეს 8 მილიონი სატელეფონო ზარი, 4 მილიონი ელექტრონული წერილი და პეტიცია 10 მილიონი ხელმოწერით.

„მოულოდნელად კონგრესის წევრები დაინტერესდნენ, ისინი ეკითხებოდნენ საკუთარ თანამშრომლებს: ‘რა ჯანდაბაა ეს SOPA და რატომ ვიღებ მასთან დაკავშირებით ასობით ზარს?’ და მათ დაიწყეს იმის გადაფასება, რასაც ხმის ჩამწერი ინდუსტრიის ლობისტები აქამდე ეუბნებოდნენ და უყვებოდნენ”, – ამბობს კოლორადოს შტატის კონგრესმენი ჯარედ პოლისი. ერთი დღის განმავლობაში 19-მა სენატორმა უარი თქვა SOPA-ისა და PIPA-ის მხარდაჭერაზე და ეს კანონპროექტებიც ნელ-ნელა დავიწყებას მიეცა. „Reddit-მა გადამწყვეტი როლი ითამაშა SOPA-ის დამარცხებაში”, – ამბობს პოლისი.

მომდევნო სამიზნე: CISPA. ოჰანიანის ძალისხმევა ახლა მიმართულია „მონაცემთა კოლექტიური გამოყენების შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც წარმომადგენელთა პალატამ აპრილში განიხილა და რომლის თანახმადაც, ვებ-კომპანიები უფლებამოსილი იქნებიან კერძო მომხმარებელთა შესახებ მათ ხელთ არსებული პირადი მონაცმები გადასცენ სახელმწიფო უწყებებს, მაგალითად, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს, თანაც ისე, რომ მხედველობაში არ მიიღება კანონმდებლობა კერძო და პირადი მონაცემების შესახებ. ოჰანიანმა გამოიყენა Facebook-ის მიერ აქციათა პირველი საჯარო შეთავაზება, რათა მრავალი სატელევიზიო არხის ტელეეთერით განეცხადებინა, რომ იგი არ განახორციელებდა მარკ ცუკერბერგის ან სხვა ისეთ კომპანიაში ინვესტირებას, რომელიც ამ კანონპროექტს უჭერს მხარს – ეს სია კი მოიცავს Google-ს, Intel-ს, Microsoft-ს, IBM-სა და სხვებს – და redditor-ებმა წამოიწყეს კონგრესისადმი მოწოდების კამპანია, რომელიც მათი ვებ-გვერდის მთავარ ბმულზეა განთავსებული.
თუ ცუდ ინტერნეტ-კანონმდებლობასთან ბრძოლა გულისხმობს, რომ ინტერნეტ- მომხმარებლებმა თავიანთ სენატორებს ყოველკვირა უნდა ურეკონ ტელეფონზე, დაე ასე იყოს – აცხადებს ოჰანიანი. „ეს Comcast-ში დარეკვას ჰგავს – ისინი ჩვენთვის მუშაობენ, ჩვენ უნდა გვქონდეს მათი ტელეფონის ნომრები და ყოველთვის, როცა რაიმეზე გაბრაზებულები ან განაწყენებულები ვართ, უნდა შეგვეძლოს მათთან დარეკვა. რატომაც არა? ასეთი ელემენტარული და მარტივი მიდგომის სასარგებლოდ მეტყველებს თუნდაც ის, რისი მოწმენიც SOPA და PIPA-ს შემთხვევაში გავხდით: მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონში ყველაფერი აურიეს, ჩვენ, ამერიკელმა ხალხმა, შევძელით მდგომარეობის გამოსწორება” – ამბობს ის.

ოჰანიანის ამბიციები თავიდან ასეთი დიდი არ იყო. 2005-ში, ვირჯინიის უნივერსიტეტში სწავლის ბოლო წელს, მან და მისმა პარტნიორმა სტივ ჰაფმანმა პოლ გრეჰამის ბიზნეს-ინკუბატორს შესთავაზეს მობილური ტელეფონით საკვების შეკვეთის აპლიკაციის იდეა. გრეჰემმა უარით გაისტუმრა, მაგრამ როდესაც იმედგაცრუებულები ბოსტონიდან მატარებლით ვირჯინიაში ბრუნდებოდნენ, გრეჰემმა დაურეკა და სთხოვა უკან დაბრუნებულიყვნენ, რათა ახალი იდეა მოეძებნათ. ისინი კონეკტიკუტში სხვა მატარებელზე გადასხდნენ და იმ მეორე ბრეინსტორმინგის შედეგად, რომელიც ნაწილობრივ პოპულარულ ვებ-გვერდ Del.icio.us-ით იყო შთაგონებული, შეიქმნა Reddit-ი – კონცეფცია, რომელიც გრეჰემმა მოკლედ ასე დაახასიათა „ინტერნეტის საწყისი გვერდი”.

ვებ-გვერდის არსებობის პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში მასზე განთავსებული ინფორმაციის ნახევარზე მეტი თავად ჰაფმანისა და ოჰანიანისაგან მოდიოდა, იყენებდნენ რა ათეულობით ფსევდონიმს. მაგრამ როდესაც ნამდვილი მომხმარებლების რიცხვი ნელ-ნელა გაიზარდა, ოჰანიანი საათობით იჯდა და საკუთარი ხელით წერდა შეტყობინებებს redditor-ებისათვის, ასევე ფოსტით საჩუქრებსაც უგზავნიდა. „მაშინ ხშირად ვბრაზობდი მასზე, რადგან მის ქმედებას არაეფექტიანად ვთვლიდი, მაგრამ მან მოახერხა და შექმნა მართლაც ძლიერი ურთიერთნდობის განცდა მასსა და Reddit-ის მომხმარებლებს შორის” – ამბობს ჰაფმანი, რომელმაც თავის თავზე აიღო ვებ-გვერდის ტექნიკური უზრუნველყოფა.

Reddit-ის პოლიტიკური გამოღვიძება ორი წლის წინ მოხდა, როდესაც ერთ-ერთმა redditor-მა წარმოადგინა საკუთარი ხედვა „ჩაის პარტიის” მხარდამჭერ გლენ ბეკის მიერ ორგანიზებულ „ღირსების აღდგენის” მიტინგთან დაკავშირებით სტივენ კოლბერტის საპასუხო რეაქციის თაობაზე. ამ იდეამ დაუყოვნებლივ მიიღო 13 ათასი მხარდამჭერი ხმა, რის გამოც იგი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო პოსტად ითვლება. კოლბერტის ყურადღების მისაქცევად redditor-ებმა $600 ათასი შეაგროვეს საქმელმოქმედო ორგანიზაცია Donors¬Choose-ისათვის, სადაც კოლბერტი სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო.

როგორც აღმოჩდა, კოლბერტი და ჯონ სტიუარტი Reddit-ისაგან დამოუკიდებლად უკვე მუშაობდნენ აქციის გეგმებზე. მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც „კეთილგონიერების აღდგენის” შეკრება ეროვნულ პარკში მართლაც ჩატარდა, Reddit-მა ის თავის საკუთრებად გამოაცხადა, გაზონებზე მოფენილი საკუთარი პლაკატებითა და მაისურებით, რომლებზეც Reddit-ის უცხოპლანეტელიანი ლოგო იყო გამოსახული. „ეს ვუდსტოკის შეშლილ ფესტივალს ჰგავდა” – ამბობს ოჰანიანი. მან მთელი დღე გაატარა ამ თავყრილობაზე, თავისი redditor-თაყვანისმცემლების გარემოცვაში. „მან ისაუბრა ყველასთან, ვისაც მასთან ლაპარაკი სურდა – ამბობს ჰაფმანი – ვფიქრობ, ის ტკბება ამ როლით. მოსწონს, როდესაც გრძნობს ხალხისგან სიყვარულს, ასევე უყვარს მათთვის ბედნიერების მინიჭება”.

მას შემდეგ ოჰანიანის პოლიტიკური ვარსკვლავის კაშკაში უფრო და უფრო მატულობს. „იგი შეშლილთა შეშლილია, რომელიც პუბლიკისათვის გასაგებ ენაზე საუბრობს” – ამბობს ბენ ჰუჰი, ვირუსული კონტენტის კომპანია Cheezburger Network-ის აღმასრულებელი დირექტორი – ვფიქრობ, იგი პოლიტიკაში უნდა ჩაერთოს”.

მაისში ოჰანიანმა არაკომერციულ მოძრაობა „მომავლისათვის ბრძოლასთან” ერთად შექმნა ინტერნეტის დაცვის ლიგა – ორგანიზაცია, რომელსაც ოჰანიანი უწოდებს „ბეტმენის სიგნალს ინტერნეტისათვის”. ნებისმიერი ვებ-გვერდის ადმინისტრატორს შეუძლია გახდეს ამ ორგანიზაციის წევრი და მიიღოს პროგრამული კოდი, რომელსაც საკუთარ ვებ-გვერდზე განათავსებს. როდესაც მომდევნო SOPA-ის, PIPA-ის ან CISPA-ის მსგავსი კანონპროექტის მიღება დადგება დღის წესრიგში, ლიგა გააქტიურებს ამ პროგრამულ კოდებს და შესაბამის ვებ-გვერდებზე გამოისახება სარეკლამო ბანერი ან მსგავსი საინფორმაციო ნიშანი, რომელიც სთხოვს მომხმარებლებს დაუკავშირდნენ მათ წარმომადგენლებს ბოიკოტის მოთხოვნით ან რომლებიც მთლიანად დაფარავენ მთავარ გვერდებს მომხმარებელთა ყურადღების მისაპყრობად. უამრავი ვებ-გვერდი, მათ შორის Reddit-ი, Mozilla და Cheezburger Networ-ი უკვე გახდნენ ამ ინიციატივის ხელმომწერნი.

„ჩვენი მიზანი არ ყოფილა პოლიტიკის გარდაქმნა, მაგრამ Reddit-ის ძალა სწორედ იმ ფაქტშია, რომ აქ რომელიმე კატის სიმპათიური ფოტოს გვერდით შესაძლებელია სერიოზული პოლიტიკური განაცხადის ან გზავნილი განთავსება და ადამიანებს აქვთ უნარი ორივე ობიექტს ერთნაირი ყურადღება დაუთმონ – თუ ერთ მომენტში სენატორს ურეკავენ, მეორე წუთას კატის ფოტოზე იხითხითონ, – ამბობს ოჰანიანი, – თუმცა, იმედია, ორივეს ერთდროულად არ გააკეთებენ”.

————————————-

Reddit-ის შეტევა
Reddit-ი უკვე კარნახობს თავის პირობებს. მისი 35 მილიონი მომხმარებელი კარგა ხანია იბრძვის ინტერნეტის პოლიტიკოსებისაგან დასაცავად, თუმცა ისინი ყოველგვარი ჩაგვრის წინააღმდეგნი არიან. ბრბოს შეუძლია შექმნას ან, პირიქით, დაანგრიოს კომპანიები, კარიერები და ცხოვრებები. დააწკაპუნეთ, რათა იხილოთ ხმის მიცემით განხორციელებული სამართლის მაგალითები.

GoDaddy
SOPA-ს წინააღმდეგ Reddit-ის ლაშქრობის მიმდინარეობისას, ერთ-ერთმა მომხმარებელმა განათავსა მოწოდება, ბოიკოტი გამოეცხადებინათ დომენის რეგისტრატორისათვის მისი SOPA-ს მხარდამჭერი პოზიციის გამო და მოეხდინათ ბიზნესის ტრანსფერი მისი კონკურენტების სასარგებლოდ. ამ კამპანიას ზვავის ეფექტი ჰქონდა, GoDaddy-მ ათასობით დომენი დაკარგა და ძალიან დაზარალდა მეკობრეობის წინააღმდეგ მიმართული კანონპროექტის მხარდაჭერის გამო.

ზაკ ანერი
ცერებრალური დამბლით დაავადებულმა კომედიანტმა მოსმენა გაიარა ოპრა უინფრის საკაბელო ტელეარხის შოუსათვის Yur OWN Show და მისი Youtube-ის ვიდეოები Reddit-ის ნამდვილ სენსაციად იქცა. საბოლოოდ მას შესთავაზეს შოუ ამ ქსელში (რომელიც გაუქმდა ოთხი ეპიზოდის შემდეგ).

მოსამართლე უილიამ ადამსი
მოსამართლის უნარშეზღუდულმა ქალიშვილმა Reddit-ზე განათავსა ვიდეო, რომელზეც ასახული იყო, როგორ სცემდა მამა ქამრით იმისი გამო, რომ მან ჩამოტვირთა ვიდეო და მუსიკალური ფაილები. ეს ვიდეო 7 მილიონჯერ იქნა ნანახი და ადამსს შეუჩერეს უფლებამოსილება გამოძიების დამთავრებამდე.

ანტონი ომარი
ომარს სახეზე მაჩეტე დაუსვეს, როდესაც მძარცველებისაგან იცავდა ობოლთა თავშესაფარს, რომელსაც მისი ოჯახი ხელმძღვანელობს კენიაში. Redditor-მა მისი ნაიარევი სახის ფოტო ვებ-გვერდზე განათავსა და ყველას მოუწოდა გაეღოთ შეწირულება. Reddit-ის მომხმარებლებმა $80 ათასი შეაგროვეს ამ დასახლების ირგვლივ დამცავი კედლის ასაგებად.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *