როგორ გავზარდოთ მილიარდერი

როგორ გავზარდოთ მილიარდერი

როგორი იყო Microsoft-ის დამფუძნებელი და ფილანთროპი მაშინ, როცა მისი ოპერაციული სისტემა ჯერ კიდევ შექმნის პროცესში იყო? მამამისი, ბილ გეიტს უფროსი, იხსენებს:

როგორი ბავშვი იყო ბილი?

აბსოლუტურად ყველანაირი წიგნით ინტერესდებოდა – ენციკლოპედიებით, სამეცნიერო ფანტასტიკით – თქვენ მხოლოდ თითი დაადეთ. მიხაროდა, ჩემი შვილი ასეთი გაუმაძღარი მკითხველი რომ იყო, მაგრამ იმდენს კითხულობდა, რომ ბილის დედასა და მე წესის შემოღება მოგვიხდა: არავითარი წიგნები სადილის დროს.

პირველად როდის დაინტერესდა კომპიუტერებით?

ძალიან ადრე. მის სკოლაში ასეთი შესაძლებლობა გაჩნდა: დედები აგროვებდნენ ფულს, რათა გადაეხადათ ხელსაწყოში, რომელიც სატელეფონო ხაზის საშუალებით კომპიუტერს უკავშირდებოდა. ჩანაფიქრი ის იყო, რომ მას მასწავლებლები გამოიყენებდნენ, მაგრამ ორიოდე შეცდომა დაუშვეს და შეეშინდათ. ბილი მათემატიკის შემსწავლელი ჯგუფის წევრი იყო, რომელიც ამ სისტემის მუშაობის დასაუფლებლად და მის გამოსაყენებლად მიიპატიჟეს. დაახლოებით 13 წლისა, უკვე წამოეგო ანკესზე.

კოლეჯამდე სადმე მუშაობდა?

დამამთავრებელ კლასში ბილმა სკოლაში პაუზა აიღო, რათა ნორთ-ბონევილში (ვოშინგტონი), ელექტროსადგურში, პროგრამირებაზე ემუშავა. ბილის დედა და მე სკოლის დირექტორს ველაპარაკეთ და ყველანი შევთანხმდით, რომ ეს სამუშაო მისი უნარებისა და ინტერესების რეალიზებისთვის პრაქტიკული საშუალება იყო. მახსოვს, ბილი მეუბნებოდა, რომ ისა და პოლ ალენი, რომელიც იქ მასთან ერთად მუშაობდა, ღამეებს ათენებდნენ, რომ ელექტრობადის მართვის სისტემის კოდი შეექმნათ.

რა რეაქცია გქონდათ, როცა ბილმა გითხრათ, რომ ჰარვარდიდან წამოსვლას აპირებდა?

ვერ ვიტყვი, რომ არ მინერვიულია. მაგრამ იმ დროისთვის მსგავს გადაწყვეტილებებში მე მაინცდამაინც დიდი როლი არ მიმიძღოდა. მას თავისი მოსაზრებები ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მიეღწია დასახული მიზნებისთვის, ამასთან, კომპიუტერის ბიზნესი, რომელიც პოლ ალენთან ერთად წამოიწყო, უკვე ძალიან დიდ დროსა და ენერგიას ითხოვდა. კოლეჯის მიტოვება მომავლის ის სცენარი მაინცდამაინც არ გახლდათ, რასაც მე და ჩემი ცოლი ნებისმიერი ჩვენი შვილისათვის ვინატრებდით, მაგრამ ჩანდა, რომ ბილმა იცოდა, რასაც აკეთებდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *