ამაღორძინებელი

ამაღორძინებელი

ფეშენებელური სასტუმროების შემქმნელმა, ბენ ვეპრინმა, შუა დასავლეთისა და კარიბების კლასიკურ ნაგებობს ახალი სიცოცხლე შთაბერა, ახლა კი ახალ ორლეანს უმიზნებს ახალი კონცეფციით.

განახლება ჟამთა ცვლის გამძლე ტრადიციას წარმოადგენს ახალ ორლეანში, ქალაქის უკანასკნელი რენესანსი კი ახლა Pontchartrain Hotel-ში მიმდინარეობს – გარდენ-დისტრიქტში მდებარე 106-ოთახიან, 88 წლის ნაგებობაში.

სასტუმროს ტენტებიდან ჯერაც დროშებია გადმოკიდებული, თუმცა მისმა ვენეციური სტილის მობათქაშებულმა ფასადმა ძველი დიდების სიკაშკაშე დაკარგა და გაიცრიცა. ეს ისეთი შენობაა, Realtor-ი რომ ალბათ ზედმიწევნით სახასიათო, სარემონტო შენობის კვალიფიკაციას მისცემდა გასაყიდად გამოტანისას. თავის დროზე არჩი მენინგი თავის ბიჭებს პიჯაკებსა და ჰალსტუხებში გამოაწყობდა ხოლმე და უქმეებზე Pontchartrain-ში სადილობდა ოჯახთან ერთად. ტენესი უილიამსი კი იქ მაშინ ცხოვრობდა, როცა „ტრამვაი, სახელად სურვილს“ წერდა. სხვათა შორის, ქალაქის მწვანე ტრამვაიები კვლავაც დაგრუხუნებენ სენტ-ჩარლზ-ავენიუს გასწვრივ.

კაცისთვის, რომელმაც Pontchartain-ის განახლება ითავა და რომელსაც ის 2016 წლის ივნისში გახსნის, ეს საოცრად ამაღელვებელი შესაძლებლობა იყო იქაურობის პოტენციალიდან გამომდინარე. „არა, ძმაო, ახალი ორლეანის ისტორია გასაოცარია, – ამბობს 37 წლის ბენ ვეპრინი, თან, ინტერიერით მონუსხული, შენობაში ციბრუტივით ტრიალებს. – ახალი ორლეანი ძალიან მაგარია. ლილ ვეინი გაიზარდა აქ!“

ჩიკაგოური AJ Capital Partners-ის (AJ „სათავგადასავლო მოგზაურობის“ აბრევიატურაა) დამფუძნებელი, ვეპრინი, სასტუმროების ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ახალგაზრდა დეველოპერია ამერიკაში. მისი ოსტატობა ნგრევის პირას მისული მარგალიტების ყიდვასა და მათთვის ახალი ბრწყინვალების მინიჭებაში მდგომარეობს. ამ ამოცანას უდავოდ აადვილებს მისი შუადასავლური დაუოკებელი ოპტიმიზმი. სააქციო კაპიტალის სახით $800 მილიონით შეირაღებულმა, – რომელიც ჯონ პრიცკერის მსგავსი მილიარდერების ინვესტიციათა შედეგია – ვეპრინმა წარმატებით განაახლა დასასვენებელი ადგილები და სასტუმროები კარიბებში, მაიამიში, ნაპა-ველისა და ჩიკაგოში, რა თქმა უნდა. AJ Capital-ის პორტფოლიო 18 სასტუმროსაგან შედგება, მათ შორისაა საკულტო Malliouhana ანგილიაში და უფრო რაციონალური ფასების მქონე სასტუმროები – Graduate-ი (მდიდრული სასტუმროები პოპულარულ კოლეჯის ქალაქებში). „ის აგრესიულია და იცის, რა უნდა, – ამბობს პრიცკერი, რომელიც თავისი ოჯახის Hyatt Hotels-ის დირექტორი გახლდათ, ვიდრე ბუტიკ-სასტუმროებს, Joie de Vivre-ს, tommie-ს, Alila-სა და Thompson-ს, ჩაუდგებოდა სათავეში. – ბენმა თუ რამე მოინდომა, ვეღარაფერი გააჩერებს“.

ვეპრინს სწორედ ამგვარი მიდგომა უნდა აერჩია, როცა 2008 წლის მიწურულს საქმეს შეუდგა (შემთხვევითი არაა, რომ AJ Capital-ის ოფიციალური ლოგო მოიცავს ასო-სიმბოლოებს – „Q408“). უძრავი ქონების ბროკერობისა და ჩიკაგოელ რესტორატორსა და დეველოპერთან, ლარი ლევისთან მუშაობის შემდეგ ვეპრინმა, ფეშენებელური დასასვენებელი ადგილების შეძენის მიზნით, საკუთარი კაპიტალის მოზიდვა დაიწყო და იფიქრა, რომ დაზიანებული ნაგებობები უფრო იაფი დაუჯდებოდა. იფიქრა ისიც, რომ თუ უძრავ ქონებას სათანადო ისტორია ექნებოდა, ხალხი იქაურობას, ადრე თუ გვიან, კვლავ დაუბრუნდებოდა. თანხებს ყველასგან იღებდა – „ნებისმიერისაგან, ვინც გადაწყვეტდა დაბანდებას“ ამბობს ის, რისთვისაც ბავშვობისდროინდელ დერმატოლოგსაც კი მიაკითხა (ამ უკანასკნელმა მცირედი წვლილი გაიღო).

ვეპრინს დრო, დიდწილად, ჩიკაგოში აქვს გატარებული. იქ მან სამი სასტუმრო განაახლა და გახსნა: Soho House Chicago, Hotel Lincoln-ი და Chicago Athletic Association-ი; ეს უკანასკნელი, როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს, ერთ დროს მამაკაცების კერძო კლუბი იყო. თავის საქმიანობასთან დაკავშირებით ვეპრინს ერთი სენტიმენტალური რეპლიკა აქვს: „ჩვენ არ ვართ მფლობელები, ჩვენ სტიუარდები ვართ“, – მაგრამ ახალ ნაგებობას ერთგვარად კონსერვაციონისტი არქიტექტორის თვალით უყურებს: პირველ რიგში, იმაზე ფიქრობს, რა შეიძლება, შეინარჩუნოს და მერე – რა შეიძლება, დაამატოს. ფრთხილობს, სიპრიალე უგემოვნო დოზებით რომ არ გამოიყენოს და დასცინის ინტერაქტიური ტელევიზიის Hilton-ისეულ იდეას, რომელშიც გადის ვიდეო სასტუმროს ღირსშესანიშნაობებისა და ისტორიის შესახებ.

244-ოთახიან Chicago Athletic Association-ში – ამ არაჩვეულებრივ ვენეციურ გოტიკურ ძეგლში, რომელიც Millenium Park-ს გადაჰყურებს – ვეპრინმა დიდებული სამეჯლისო დარბაზი ორიგინალური სახით შეინარჩუნა, სამაგიეროდ, სახურავზე ცოცხალი და ენერგიული რესტორანი, Cindy’s-ი, ააშენა და კიდევ – ინტერიერთან საკმაოდ კარგად შეწრყმული თამაშების ოთახი.

იგივე მიდგომა გამოიყენა Pontchartrain-ის შემთხვევაშიც. ახალ ორლეანში მოღვაწე შეფ-მზარეულმა, ჯონ ბეშმა ნოემბერში ხელი მოაწერა კონტრაქტს, რომლის თანახმადაც, მეთვალყურეობა უნდა გაუწიოს სასტუმროს ოთხ რესტორანს, მათ შორის განთქმულ Caribbean Rooms-ს. „ყველაფერს უკან ვაბრუნებთ“, – ამბობს ის და სწრაფი ნაბიჯებით ტოვებს პირველ სართულზე განთავსებულ ყოფილ საყავეს, Silver Whistle-ს, რომლის განახლებასაც აპირებს – მისი მოცვის მაფინებით გამოკვებილი პოლიტიკოსები ოდესღაც ახალ ორლეანს, ამ ნამგალა მთვარის ქალაქს, მართავდნენ (ვეპრინი იფიცება, რომ მას აქვს რეცეპტის დედანი და ეს საკონდიტრო ნაწარმიც დაუბრუნდება ქალაქს). „ზუსტად ისეთი იერსახე ექნება, როგორიც 1927-ში ჰქონდა“. Bayou Bar-ის ჰოლის იატაკზე მოთავსებული ცემენტის ტომრები აღდგენითი სამუშაოების პროგრესს მოწმობს. კედლის ფერწერას ბარის თავზე ხელს არ ახლებენ. ეს სურათები სამხრეთული შტატების ჭანჭრობის მოდუნებული ცხოვრების სცენებს ასახავს: ნავები, მეთევზეები, ქოხმახები. სახურავზე ვეპრინი სრულიად ახალ ბარს აკეთებს. ახალ ორლეანში უამრავი ადგილია, სადაც შეგიძლია, დალიო, მაგრამ შემაღლებულ ადგილებში ალკოჰოლის მიღება იშვიათობას წარმოადგენს.

„ქალაქში კიდევ ერთი-ორი ასეთი ადგილის შექმნის ბევრი მიზეზი არსებობს“, – ამბობს კუპერ მენინგი, – ელისა და პეიტონის ძმა, – რომელიც ვეპრინს დასრულებულ მისაღებ ოთახში უერთდება. ნავთობისა და გაზის ფირმის დირექტორი, მენინგი, ვეპრინის ერთ-ერთი ინვესტორი და ამავე დროს მისი ახლო მეგობარია (სასტუმრო Graduate-ის ბარს ოქსფორდში, მისისიპიში, სადაც არჩი, ელი და კუპერი Ole Miss-ს ესწრებოდნენ, კუპერის პატივსაცემად The Coop-ი ჰქვია). ვეპრინმა Pontchartrain-ის ყოველი ოთახი ისე მოაწყო, რომ მაქსიმალურად სახლის ატმოსფერო შეექმნა; ეს, მისი მხრიდან, პროტესტია მასობრივი, არაორიგინალური შიკის მიმართ. ნომრის ქათქათა თეთრეული, მწვანე ნოხი და პატარა ალისფერი ტახტი ლოგინის პირას სასიამოვნო, ცელქ კონტრასტს ქმნის, სასმელების მომსახურების პროგრამა კი სტუმრებს ნომერშივე, ინდივიდუალურად დამზადებული კოქტეილების დალევის შესაძლებლობას სთავაზობს.

„ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ვიღაცასთან სახლში რჩები“, – ამბობს მენინგი.

„ბოჰემური დეიდის სახლში“, – ერთვება ვეპრინი.

„სადაც შეგიძლია, დალიო სკოჩი“, – ამატებს მენინგი.

„ჰო, ზუსტად. დეიდასთან, რომელმაც 14 წლისას პირველად გაგასინჯა სკოჩი“.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *