მაროკოს საუცხოო ზღვისპირა ქალაქი

მაროკოს საუცხოო ზღვისპირა ქალაქი

საუკუნეების განმავლობაში ესაურა მოქმედი პორტი იყო და სწორედ ამან შესძინა ქალაქს თავისი ცოტათი უხეში ხიბლი. რომაელები აქ ძვირფასი მეწამული ფერის საღებავის შესაძენად ჩამოდიოდნენ, რომელსაც ისინი თავიანთი იმპერიული ტოგების შესაღებად იყენებდნენ. საღებავი მზადდებოდა მოლუსკებისაგან, რომლებიც ყურეში მდებარე კუნძულზე ბინადრობენ. მაგრამ ეს ადგილი პირველად პორტუგალიელებმა მონიშნეს რუკაზე, როგორც ბაზარი, სადაც შეიძლებოდა ოქროს, სპილოს ძვლის, მონებისა და სანელებლების შეძენა. დღესაც უძველეს არაბულ ბაზრობებზე უხვად არის წარმოდგენილი ფერად დახლებზე ლამაზად დაწყობილი სანელებლები. ტურისტები გამაგრილებელ სასმელებს სწორედ იმ მოკირწყლულ მოედანზე მიირთმევენ, სადაც ერთ დროს მონების ბაზრობა იყო. ვიდრე მონებს მოედანზე გასაყიდად გამოიყვანდნენ, მათ გრძელი გზა უნდა გამოევლოთ საჰარის უდაბნოს გავლით. მონებისათვის ეს იყო ბოლო შეხება აფრიკასთან, რადგან მათ წინ ახალი სამყაროსაკენ მიმავალი ძალიან დამღლელი მოგზაურობა ელოდათ.

პორტუგალიელების წასვლის შემდეგ, მე-18 საუკუნეში, ესაურა თავისუფალი პორტი გახდა. ესაურა იყო ფანჯარა, რომელიც მაროკოს დანარჩენ სამყაროსთან აკავშირებდა. აქ უამრავი უცხოელი ჩამოვიდა, განსაკუთრებით – ებრაელები. მათ დიდი წვლილი შეიტანეს ქალაქის განვითარებასა და მოსახლეობის ზრდაში.

მე-19 საუკუნისათვის ესაურაში უფრო მეტი ებრაელი ცხოვრობდა, ვიდრე არაბი. მე-20 საუკუნეში ებრაელთა უმეტესობამ ქალაქი დატოვა და ისრაელში დაბრუნდა. მაგრამ მელაჰის რაიონში დღესაც შემორჩა ერთი სინაგოგა. ეს არის უძველესი ებრაული რაიონი, სადაც უამრავი სახლის კარზე დღესაც არის ამოტვიფრული დავითის ვარსკვლავი.

ესაურას ყველაზე დიდი რელიკვია, რომელიც მას აღმავლობის პერიოდიდან შემორჩა, არის ქალაქის გარშემო შემოვლებული ქონგურებიანი კედელი. ეს კედელი მეკობრეებისა და დამპრყობლებისაგან ქალაქის დასაცავად აშენდა (ნახევარი საუკუნის წინ ორსონ უელსმა სწორედ ეს კედელი გადაიღო თავის ფილმ „ოტელოში”). ძველი ქალაქის საზღვრები დღემდე ამ ზარბაზნებით დამშვენებული მაღალი კოშკებით არის მონიშნული. კოშკებს მიღმა ახალი ქალაქი – ნუველი არის გადაჭიმული. მიუხედავად იმ აურზაურისა, რომელიც ქალაქის ცენტრში სუფევს, ნუველის გარეუბანში 100,000-ზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს.

ამ საუცხოო გალავნების წყალობით ესაურა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეყვანილი და ტურისტთა რიცხვი აქ ყოველწლიურად მატულობს. მათი უმეტესობა საფრანგეთიდან ჩამოდის (ესაურაში ფრანგული ენა, ისევე როგორც მაროკოს მსხვილი ქალაქების უმეტესობაში, საერთაშორისო ენად არის აღიარებული და მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედ ფრანგულად საუბრობს. მაროკოს ავიახაზებს – Royal Air Maroc-ს აქვს პირდაპირი რეისები პარიზიდან ესაურაში), თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ტურისტებს შორის საკმაოდ ბევრი ბრიტანელია, რომლებიც აქ ძირითადად სარფიანი შენაძენების გამო ჩამოდიან. ისინი ადგილობრივ ჰიჯაბებსა და ჯელაბასებსაც ყიდულობენ. შესაბამისად, კასბაჰის გარშემო ვიწრო ქუჩები თანდათანობით ერთმანეთს ემსგავსება და ტურისტებისათვის სავაჭროდ განკუთვნილი სუვენირების მაღაზიებით არის გადავსებული. მაგრამ ესაურა კვლავ ისეთ სავაჭრო ქალაქად რჩება, სადაც ბერბერები სოფლებიდან ჩამოდიან და თავიანთ საქონელს აბარებენ ადგილობრივ ხელოსნებს. ქალაქის ვიწრო ქუჩები სავსეა ხელოსნების ფარდულებით, სადაც ყველაფერს ამზადებენ – ურიკებით დაწყებული, საქორწილო კაბებით დამთავრებული. მთავარი ქუჩები კი სავსეა გარე გამყიდველებით, რომლებიც ყიდიან როგორც ხილსა და ბოსტნეულს, ასევე კონტრაბანდულ DVD დისკებს.

ვფიქრობ, სწორედ ასე გამოიყურებოდა ლონდონი სამრეწველო რევოლუციის გარიჟრაჟზე – უზარმაზარი ცვლილებების ზღვარზე მყოფი დაუღალავი ენერგიის მქონე ქალაქი. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ესაურას მოსახლეობის უმეტესობა ისევ ისე ცხოვრობს, როგორც ადრე. ისინი თავს თევზაობით ირჩენენ. ძველი ქალაქის განაპირას მდებარე ნავსადგომში მზისგან დამწვარი მეთევზეები ღებავენ და არემონტებენ თავიანთ ხის ნავებს ისე, როგორც ამას მათი წინაპრები აკეთებდნენ 100 წლის წინათ.

ჩემი მეგზური იყო ძალიან გულწრფელი ადგილობრივი ქალბატონი, სახელად რაჩიდა. „ესაურაში ჩამოსვლისას თქვენ რეალურ ცხოვრებას აწყდებით, – ამბობს ჩემი მეგზური, რომელსაც საკმაოდ მძაფრი სუნით გაჟღენთილი თევზის ბაზრის გავლით ვერცხლისმჭედლების სახელოსნოებისაკენ მივყავარ. – ესაურადისნეილენდი არ არის”. მედინას აურზაურის ფონზეც კი ისმის მეჩეთიდან ხმამაღალი გალობა – ისეთივე დაჟინებული და შეუპოვარი, როგორიც ოკეანის თავზე მქროლავი მუდმივი ქარი. მიუხედავად ისლამისადმი ერთგულების, ესაურა ყოველთვის მულტიკულტურული ადგილი იყო: აქ ერთად ცხოვრობდნენ ფრანგები და არაბები, ებრაელები და ბერბერები. ძველი ქალაქის კარიბჭეს ამშვენებს ისლამური ნახევარმთვარე, დავითის ვარსკვლავი და წმინდა ჯეიმსის პილიგრიმული სანტიაგოს ნიჟარა. „ნავსადგომები, როგორც წესი, თავიანთი ტოლერანტობით გამოირჩევიან, – ამბობს რაჩიდა. – როდესაც პორტში ცხოვრობ, ახალი იდეებისათვის უფრო გახსნილი ხარ”.

ამ კარიბჭის მიღმა არის უზარმაზარი ყურე, რომელსაც ველური ატლანტის ოკეანისაგან კუნძული იცავს. სწორედ აქ ჩამოდიოდნენ რომაელები მეწამული ფერის ზღვის მოლუსკების დასაჭერად. რა გასაკვირია, რომ მეზღვაურები, მათ შორის ფინიკიელები, უხსოვარი დროიდან უშვებდნენ თავიანთ ღუზებს ესაურას პორტში. ძველ ქალაქში ამდენი ტურისტის ნახვის შემდეგ ძალიან გამიკვირდა, როდესაც ქვიშიან სანაპიროზე დამსვენებელთა უმეტესობა მაროკოელი აღმოჩნდა და არა ევროპელი.მაგრამ მერე რაჩიდას სიტყვები გამახსენდა. მაროკოში ყველაზე ზომიერი კლიმატი ესაურაშია. მთელი წლის განმავლობაში ტემპერატურა აქ ცელსიუსით 20-250-ის ფარგლებშია (ესაურაში არ არსებობს სეზონები, ამბობენ ადგილობრივები). ხალხი აქ მაროკოს ყველა კუთხიდან ჩამოდის, რათა ესაურას თბილი ჰავით ისიამოვნოს. მოწმენდილი და ვარსკვლავებით გადაჭედილი ცის ქვეშ მივაბიჯებდი ჩემი სასტუმროსაკენ. გზად კიდევ ერთი რამ გამახსენდა, რაც იმ დღეს რაჩიდამ მითხრა: „ადამიანები აქ იმისთვის ჩამოდიან, რომ ისუნთქონ”. თავდაპირველად მეგონა, რომ ის ზღვიდან მოტანილ ნიავზე საუბრობდა, მაგრამ მერე დავინახე, როგორ წუწაობდნენ ესაურას არაღრმა წყალში მაროკოელები და მივხვდი, რომ რაჩიდამ უფრო მეტი იგულისხმა, ვიდრე უბრალოდ ნიავი.

მეორე დილას საუზმის შემდეგ მე სიჰამთან ერთად გავეშურე ესაურას პერიფერიების დასათვალიერებლად. სიჰამი ჩემი სასტუმროს რეგისტრატურაში მუშაობს. არაბულ ბაზრებში ნანახ, სახედამალულ ქალებთან შედარებით, სიჰამს ისეთივე უცხოელის იერი ჰქონდა, როგორიც მე. სიჰამი არის ცოლი და დედა, რომელიც მუშაობს, ფლობს რამდენიმე ენას და არის თავისი საქმის პროფესიონალი. იგი მაროკოს ახალ თაობას განასახიერებს. სიჰამი ბერბერების ტომიდანაა, რომელიც შორს ჩრდილოეთით, რიფის მთებში ცხოვრობს. აშკარა იყო, რომ სიჰამს ძალიან შეუყვარდა ესაურა და მისი ენთუზიაზმი გადამდები იყო. ჩვენ მანქანით გავემართეთ ქალაქის მიღმა მდებარე აყვავებული მწვანე გორაკებისაკენ.

ჩვენი პირველი გაჩერება იყო არგანის ფერმა. ეს უბრალო, მაგრამ ძალიან სასიამოვნო ადგილი ესაურასგან 15 კილომეტრითაა დაშორებული. გაგონილი მქონდა, რომ არგანის ზეთი დიდად ფასობს კოსმეტიკაში, მაგრამ არ ვიცოდი, რომ მისი საკვებად მოხმარებაც შეიძლება. არც ის ვიცოდი, რომ მაროკოში ეს ერთადერთი ადგილი იყო სანაპიროზე, სადაც არგანი იზრდება. არგანის ხეები თავისით, ველურად მრავლდება ამ ფერდობებზე. გამახსენდა, რომ, როდესაც მარაკეშიდან ესაურაში მივემართებოდი, არგანის ხეები ზეთისხილის ხეები მეგონა. შორიდან ისინი მართლაც ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. არგანის ხე არის ზომით პატარა, ჩამჯდარი და აქვს თხელი, ფერმკრთალი ფოთლები. მაგრამ მისი ნაყოფი სრულიად განსხვავდება ზეთისხილისაგან. არგანის ხის ნაყოფი არის პატარა კერკეტი კაკალი, რომლისგანაც ადგილობრივები ზეთს ხდიან. ეს ძალიან შრომატევადი საქმეა, რომლის ტექნოლოგია დღესაც იგივეა, რაც ათასწლეულების წინათ იყო. დაახლოებით ხუთი-ექვსი ქალი არის მოკალათებული იატაკზე არგანის კაკლების უზარმაზარი გროვით. ისინი ქვებით ტეხენ კაკლებს, იღებენ რბილობს და მისგან ზეთს წურავენ. არგანის ფერმა ქალების კოოპერატივს წარმოადგენს. ფერმის წყალობით ადგილობრივ ქალებს ფიქსირებული შემოსავალი აქვთ, რადგან არგანის მოსავალსაც ფიქსირებული ფასი ადევს. ფერმაში არის მაღაზია, სადაც ბოთლებში დაფასოებული არგანის ზეთი იყიდება, რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც თავის მოვლის საშუალება, ან საკვებად. არგანის ზეთი გემოთი არაქისის კარაქს წააგავს, მაგრამ ფერმაში მომუშავე ქალბატონებმა დამარწმუნეს, რომ იგი გაცილებით უფრო სასარგებლოა ჯანმრთელობისათვის.

ჩვენ განვაგრძეთ მოგზაურობა და ესაურადან 20 კილომეტრის მოშორებით მდებარე ვენახი მოვინახულეთ. მაროკოში ღვინოს ოდითგანვე წურავდნენ, მაგრამ ყურძნის მასშტაბური კულტივაციის კულტურას აქ სათავე 100 წლის წინ ფრანგმა კოლონისტებმა ჩაუყარეს. ვენახი სახელად Les Domaines du Val d’Argan-ი არის ყველაზე მცირე ზომის ვენახი მაროკოში, მაგრამ ის ასევე არის მაროკოს სამხრეთში მდებარე ერთადერთი ვენახი. აქ ვაზი 17 წლის წინ ერთმა ფრანგმა ჩაყარა. ამჟამად ვენახი 35 ჰექტარზეა გაშლილი და ფრანგი მევენახე წელიწადში 100,000 ბოთლ ღვინოს ასხამს. მინდორში გასეირნების შემდეგ ღვინის სარდაფში ვისადილეთ. ეს ერთადერთი ღვინის სარდაფია, რომელსაც მაროკოში წავაწყდი. აქედან სოფლის განსაცვიფრებელი ხედი იშლებოდა. ვიჯექი დაჩრდილულ ტერასაზე, ვწრუპავდი გაგრილებულ თეთრ ღვინოს და თავი სამხრეთ საფრანგეთში უფრო მეგონა, ვიდრე ჩრდილო აფრიკაში.

ჩემი მოგზაურობის ბოლო დღეს მანქანით გავემართეთ სანაპიროს სამხრეთით მდებარე ბრწყინვალე პლაჟებისაკენ – დიაბატისა და სიდი-კაუკისაკენ. დიაბატი ესაურასაგან რამდენიმე მილის დაშორებით მდებარე მიძინებული სოფელია. ხალხისაგან დაცლილ პლაჟზე ძველი მიტოვებული ვილის ქვიშაში ჩამალული ნანგრევები მოჩანს. რამდენადაც უცნაურად უნდა მოგეჩვენოთ, 1960-იან წლებში აქ ჯიმი ჰენდრიქსი იმყოფებოდა. მიტოვებული კაფეს კადლებზე ჰიპური გრაფიტი და ძველი, გახუნებული გაზეთიდან ამოჭრილი სურათები ადასტურებს ლეგენდარული მუსიკოსის ვიზიტს. დიაბატში ბევრი არაფერია სანახავი, მაგრამ ამ ადგილის ხიბლი მის მშვიდ, განმარტოებულ გარემოშია. თუმცა ეს სიმშვიდე შესაძლოა ხანმოკლე გამოდგეს, რადგან აქ ახალი გოლფის მოედნის მშენებლობა იგეგმება. მის გარშემო კი სასტუმროებისა და სანატორიუმების ვირტუალური სოფელი შენდება. დარწმუნებული ვარ, რომ ამგვარი განვითარება ძალიან სასიკეთო იქნება ესაურას ეკონომიკისათვის. უცხოური ინვესტიციების შემოდინება ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების სტანდარტების ამაღლებას. თუმცა ესაურამ შესაძლოა სხვა მრავალი ადგილის მსგავსად, რომლებიც დამოუკიდებელი მოგზაურობისა და მასიური ტურიზმის ზღვარზეა, ამასობაში დაკარგოს რაღაც ძალიან ძვირფასი.

დღის მეორე ნახევარში სიდი-კაუკის პლაჟისაკენ გავემგზავრეთ. გზად ვიხილეთ აქლემები, რომლებიც დაუმუშავებელ მდელოებზე ბალახს ძოვდნენ. ასევე ვნახეთ, როგორ ხნავდნენ მინდვრებს მოხუცები ვირებს შებმული ხის გუთნებით. სიდი-კაუკი აღმოჩნდა რელიგიური ძეგლისა და სერფერების სამოთხის ძალზე უცნაური კომბინაცია. ეს იყო ყველაზე უცნაური ადგილი, რომელიც მე ოდესმე მინახავს. პლაჟზე არის ძველი მავზოლეუმის ნანგრევები. აქ დამარხულია წმინდანი, ვის სახელსაც ეს ადგილი ატარებს. მავზოლეუმის უკან სერფერებისათვის განკუთვნილი ქოხები, კაფეები, მაღაზიები და სასტუმრო სახლებია ჩამწკრივებული. სანაპიროს ამ ერთ მონაკვეთში ორი სამყარო ერწყმის ერთმანეთს. ეს იყო ესაურასათვის და საერთოდ მაროკოსთვის შესაფერი მეტაფორა: ადგილი, რომელიც წარსულისა და აწმყოს ზღურბლზე დგას. ადგილი, რომელიც გახლეჩილია იზოლაციასა და ინტეგრაციას შორის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *