ყველაზე ძვირი და უნიკალური თოფები

ცეცხლსასროლი იარაღი პირველად ჩინეთში, მე-10 საუკუნეში შექმნეს, მას ბამბუკის ლულა ჰქონდა და საკმაოდ სახიფათო იყო გამოყენებისას. სწორედ ეს ბამბუკისლულიანი არკებუზის წინაპარი მიიჩნევა ყველა ცეცხლსასროლი იარაღის პროტოტიპად. ევროპაში ცეცხლსასროლი იარაღი ბევრად გვიან, მე-14 საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა, სწორედ მაშინ დაიწყო საბრძოლო და სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დიფერენცირება. საბრძოლო იარაღთან შედარებით, სანადირო თოფები ყოველთვის ბევრად უფრო დახვეწილი და მხატვრულად დამუშავებული იყო. ჯერ კიდევ შუა საუკუნეების მიწურულს დაედო საფუძველი სანადირო იარაღზე კვეთური გრავირებითა თუ სხვა ხერხებით ნადირობის სცენების გამოსახვას. დროთა განმავლობაში საიარაღო მხატვრობა დამოუკიდებელ მიმდინარეობად ჩამოყალიბდა, რამაც მეიარაღეობის ეს მიმართულება მხატვრული ხელოვნებისა და საინჟინრო გენიის სინთეზად აქცია, ყოველივე ამის შედეგად შეიქმნა ბევრი ულამაზესი საიარაღო მოდელი, რომელთა ღირებულება დროთა განმავლობაში მხოლოდ იზრდება.  გთავაზობთ დღეისათვის მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული სანადირო თოფების ხუთეულს.  

1. VO FALCON EDITION VAPEN $820 000  

ყველაზე უცნაური ამ იარაღში ის არის, რომ ტრადიციულად დანებისა და ხმლების დასამზადებელი ცნობილი „დამასკური“ ფოლადისაგან (damascene) არის დამზადებული, რომელსაც საკმაოდ ლამაზი, შრეებიანი ფაქტურა ახასიათებს. რვაკუთხა ლულა, გრეხილი კაკლისა და დამასკური ფოლადის ფაქტურების შეხამება, თანდართული ქორებისა და შევარდნების გამოსახულებიანი გრავიურები მართლაც საოცრად ლამაზს ხდის ამ შედევრს. 

სულ დაგეგმილია ამ სერიის 5 თოფის შექმნა. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ირწმუნებიან, მსურველები უკვე არსებობენ და სერიის სიმცირის გამო, ამ მოდელზე ფასის ზრდაა მოსალოდნელი.

2. შტუცერი HOLLAND AND HOLLAND $550 000

კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაკეთობა აშშ-ის 26-ე პრეზიდენტის, თეოდორ რუზველტის სანადირო შტუცერია. შტუცერი 1908 წელს დაამზადეს და 56 გამოჩენილი მონადირის, მსროლელისა და პოლიტიკოსის სახელით საჩუქრად გადასცეს პრეზიდენტს.

სწორედ ამ შტუცერით მიიღო მონაწილეობა თავის პირველ საფარიში პრეზიდენტმა. 1994 წლამდე შტუცერი პრეზიდენტის შთამომავლების ოჯახში ინახებოდა, შემდეგ მათ ეს უნიკალური იარაღი აუქციონზე გაიტანეს, სადაც რეკორდულ $550 000-ად გაიყიდა.

3. FABBRI OVER-UNDER $229 000

Fabbri-ის ეს მოდელი კომპანიის სხვა შედევრებისგანაც კი მკვეთრად გამორჩეულია როგორც გამოყენებული მასალებით და მხატვრული შესრულებით, ისე იმ ტექნოლოგიური პროცესებით, რასაც თოფი გადის შექმნის ეტაპებზე.

მისი კონდახი მხოლოდ თურქული კაკლის იშვიათი მერქნის ნარჩევი ნაჭრებისაგან მზადდება, რომლებიც დამუშავებამდე შრობისა და გამოყვანის რამდენიმეწლიან ციკლს გადის. თოფის შექმნისას გამოიყენება ვაკუუმ-თერმული დამუშავების ძვირად ღირებული პროცესი.

4. PURDEY $195 000

კომპანია JamesPurdey 1887 წლიდან ამზადებდა შაშხანებსა და პისტოლეტებს თითქმის ყველა ევროპული სამეფო ოჯახის- თვის. ამ ლონდონური კომპანიის მიერ შეიქმნა უიშვიათესი საიარაღო ეგზემპლარები, რომელთა მფლობელები იყვნენ ჩარლზ დარვინი, დედოფალი ვიქტორია, საბჭოთა დიქტატორები ნიკიტა ხრუშჩოვი და ლეონიდ ბრეჟნევი. დღეს კი კომპანიის ყველაზე ცნობილ კლიენტებს შორის არის გაერთიანებული სამეფოს მემკვიდრე, პრინცი ჩარლზი. Purdey-ს ყველა ეგზემპლარი მხოლოდ შეკვეთით და მხოლოდ ხელით მზადდება.

5. ІVO FABBRI 12 $189 000

IVO Fabbri 12G – ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია. ის სრულად ხელით მზადდება, ამასთან ხელით მზადდება არა მხოლოდ თოფი, არამედ მისი შესანახი კოლოფიც, რომელიც ასევე შედევრია. კლიენტს აქვს საშუალება, თავად მიიღოს მონაწილეობა შეკვეთილი თოფის შექმნაში, რაც თოფის დიზაინისა და გამოყენებული მასალების არჩევაში მონაწილეობით გამოიხატება.

IVO Fabbri 12G-ის ბედნიერი მფლობელები, სხვათა შორის, არიან კინორეჟისორი სტივენ სპილბერგი და ესპანეთის მეფე ხუან კარლოსი.

წინა სტატია

2015 წელს საქართველოში 1351 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა
10 March, 2016

შემდეგი სტატია

ქვიშის ახალი სასახლე
10 March, 2016
ილონ მასკი: ოთხი კოვიდ-ტესტი ჩავიტარე, მათგან ორი დადებითი იყო, ორი უარყოფითი
ახალი ამბები ქართულად | Nov, 13, 2020
მთელი ქალაქი შენს სმარტფონში
ინტერვიუ | Nov, 23, 2020
თუ ნატვრაა, ნატვრა იყოს!
ინტერვიუ | Nov, 16, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker